ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ურთიერთობები DAAD-ის ვიცე-
პრეზიდენტის, გისენის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ჯობრატო მუქერჯის საჯარო ლექციის მთავარი თემა იყო, რომლის ფარგლებშიც გერმანიაში გამოცემული საქართველოს პირველი ეროვნული ატლასი საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგინა.
მისი განცხადებით, საქართველო-გერმანიის სამეცნიერო თანამშრომლობა ათწლეულებს ითვლის.
„თსუ-ს დამფუძნებლებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ გერმანულ სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცესთან და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. ამის კარგი მაგალითია გერმანულ-ქართული სამეცნიერო ხიდი, რომელიც იულიხის ცენტრისა და თსუ-ს ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება“,- განაცხადა მუქერჯიმ.
მან ხაზი გაუსვა გერმანულ-ქართულ საზაფხულო სკოლას, რომელიც ახალგაზრდებისთვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს საერთაშორისო კონტაქტების დამყარებისთვის.
„საქართველოს როგორც ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის პარტნიორს, შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს აჩვენოს, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის სამეცნიერო თანამშრომლობა მაღალ დონეზეა აყვანილი და მეტიც ეს კავშირები უნივერსიტეტებს შორი უფრო მეტად ვითარდება,“- განაცხადა ჯობარტო მუქერჯიმ.
მისი თქმით, საქართველო გერმანიისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და გერმანულ-ქართული თანამშრომლობის კარგი ნიმუშია „საქართველოს ეროვნული ატლასი“. გისენის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ამავდროულად თსუ-ს საპატიო დოქტორია.
პირველ ეროვნულ ატლასში, სადაც საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშია წარმოდგენილი, 100-ზე მეტი რუკა, გრაფიკები და ფოტოებია წარმოდგენილი. გამოცემა 2012 წელს გამოცემული ქართულენოვანი ატლასის გადამუშავებულ და განახლებულ ვერსიას წარმოადგენს. მასში საზოგადოებრივი გეოგრაფიის თემატური რუკები მთლიანადაა განახლებული, რომელთა შედგენაშიც ახალი აღწერის მასალებია გამოყენებული. გამოცემა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და გერმანიის იუსტუს ლიბიხის სახელობის გისენის უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის მიერ მომზადდა. საქართველოს ეროვნული ატლასი გერმანული მხარის თანადაფინანსებით გამოიცა.
ფესტივალზე ძველი ქართული ფილოსოფიური კულტურის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა ისაუბრა. მან ფართო საზოგადოებას წიგნი „იოანე პეტრიწის პლატონური თეოლოგია“ წარუდგინა.
„მნიშვნელოვანი იყო ძველი ქართული ფილოსოფიური კულტურის წარმოჩენა. ჩვენ მეთორმეტე საუკუნეში გვქონდა ასეთი მაღალხარისხოვანი თარგმანი პროკლესი, რომელიც ლათინებმა მარტო საუკუნე ნახევრის მერე გააკეთეს და არა მარტო თარგმანი, არამედ იოანე პეტრიწის მიერ მთელი ურთულესი მეტაფიზიკური ნააზრევის კრეატიული გადამუშავება ქრისტიანულ კონტექსტში,“-აღნიშნა ლევან გიგინეიშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ფესტივალის პირველივე დღეს ძალიან დიდი იყო ინტერესი საქართველოს სტენდზე, ასევე დიდი იყო დაინტერესება ქართულ, მათ შორის თსუ-ს გამოცემებზე.
ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 50-ზე მეტი სამეცნიერო წიგნი, თარგმანი და სხვადასხვა მიმართულების სამეცნიერო პერიოდული ჟურნალი წარადგინა.

















