ფესტივალი „არტ-გენის“ მეორე დღე ხვალ, ხალხური რეწვის, მხატვრობისა და მინანქრის გამოფენა–გაყიდვით გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა აცნობეს, ხვალინდელ პროგრამაში ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნები" მიიღებენ მონაწილეობას.
ხვალ დედაქალაქში ასევე, ფესტივალის მონაწილეები სამეგრელოდან, შიდა ქართლიდან და რაჭიდან ჩამოვლენ. მაყურებლის წინაშე ლიტვიდან ჯგუფი „Aisva“ წარსდგება.
10-დღიანი რეგიონული ტურის შემდეგ, ფესტივალი „არტ-გენი 2012“-ის დასკვნითი ტური თბილისში დღეს დაიწყო.
ფესტივალის 9-დღიანი დასკვნითი ნაწილი 29 ივლისის ჩათვლით ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდება.
ფესტივალი „არტ-გენი“ უკვე მეცხრე წელია ტარდება. ტრადიციულად, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ფესტივალის წლევანდელი დევიზია „გაუფრთხილდი ოჯახს“, რაც ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებას ისახავს მიზნად.
ფესტივალი 3 ივლისს კახეთში გაიხსნა. ღონისძიებები საქართველოს რამდენიმე ქალაქში – ყვარელში, ზუგდიდში, წყალტუბოში, ჩოხატაურსა და ფოთში ჩატარდა.

















