ქართული ფოლკლორის ფესტივალის „არტ-გენი 2012“ 9-დღიანი დასკვნითი ნაწილი გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს
ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში, 21 ივლისიდან გაიმართება.
ფესტივალს ჯგუფი „არტ-გენი” წარმოადგენს, რომლის ძირითადი მიზანი ქართული ფოლკლორისა და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაციაა.
„არტ-გენი“ მეცხრე წელია იმართება და წელს საზოგადოებას მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართული, ისე უცხოური ჯგუფები.
კერძოდ, ფესტივალზე გამოვლენ ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე, საქართველოში მოღვაწე ეროვნული უმცირესობები, სტუმრები კავკასიიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ლიტვიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, შოტლანდიიდან და ინგლისიდან, ასევე აფრიკასა და მადაგასკარიდან.
ფესტივალი „არტ-გენი 2012”-ის წლევანდელი დევიზია „გაუფრთხილდი ოჯახს, რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.
„არტ-გენი“ წელს 3 ივლისს კახეთში დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა.

















