კიევის ნაციონალური ავიაციური უნივერსიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ქართული
კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის „იბერიას“ კონცერტი გაიმართა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინაში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა ირაკლი როგავამ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ, რომელიც ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.
საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელს, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100 - ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატია. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების მიერ მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყობა პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.

















