ფესტივალ „არტ-გენის“ რეგიონულ ტურს დღეს ზუგდიდი მასპინძლობს.
როგორც „ნიუსპრესს“ „არტ-გენის“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება.
„არტ-გენის“ რეგიონული ტური 8 და 10 ივლისს წყალტუბოსა და ჩოხატაურში გადაინაცვლებს, ხოლო 12 ივლისს ფოთში – მალთაყვას ტყე–პარკში.
ტურში ფოლკლორის ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, დედაქალაქიდან ჩასული ანსამბლი „სნო“ და ქართული საბრძოლო ხელოვნება „შავფაროსნები“ მონაწილეობენ.
„არტ–გენის“ შემაჯამებელი 9-დღიანი დასკვნითი ნაწილი ტრადიციულად, თბილისში 21-დან 29 ივლისის ჩათვლით საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართება.
წლევანდელი ფესტივალის თემაა - „გაუფრთხილდი ოჯახს“, რაც ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებას ისახავს მიზნად.
ფესტივალი „არტ–გენი“ ჯგუფ „არტ-გენის“ ორგანიზებით უკვე მეცხრე წელია ტარდება და მის ძირითად მიზანს ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

















