საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ვაჟა- ფშაველას ბიუსტთან, მინისტრის ნიკოლოზ რურუას ინიციატივით წიგნის მაღაზიებს სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები საჩუქრად გადაეცემათ.
როგორც „ნიუსპრესს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები დღეიდან, მაღაზიებში - „წიგნები ვაკეში“, „სანტა-ესპერანსა“, „ლატერნა“, „ლატერნა+“, „ლიბრა“, „პრიმა 2“ დაბალ ფასად გაიყიდება.
წიგნების გადაცემასთან ერთად, კულტურის სამინისტროში ვაჟა-ფშაველას ბიუსტის გახსნის ცერემონია გაიმართება. ბიუსტის ავტორი მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილია. ცერემონიას მოქანდაკის შვილიშვილი მანანა ავალიშვილი დაესწრება.
ღონისძიებას, ასევე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა და წიგნის მაღაზიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოცემებია - გრიშაშვილის “ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა”, ჟურნალი „კავკასიონი“ (ორტომეული), ნუგზარ შატაიძის რჩეული მოთხრობის კრებული „შეხვედრა“, DVD დისკები - „გალობის რაინდები“, იგორ ობოლენსკის "ღირსების ფასი - ქართველი ქმრების ისტორიები" (ინგლისური და რუსული გამოცემები), გიგი სულაკაურის ლექსების კრებული "ხეტიალი", დევიდ თოროს "უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება", როლან ბარტის "მითოლოგიები", ზურაბ სამადაშვილის რომანი "ხმაურიანი დღეები", გივი შახნაზარის თარგმანი "ას ერთი ჰაირენი -ნაჰაპეტ ქუჩაკი“, კატალოგები „ფერწერა“ და „მაგნუმი“, ვაჟა-ფშაველას ფოტოალბომი, ვაჟა-ფშაველას სამტომეული, მიქელ თამარაშვილის „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“, გრიგოლ ტატიშვილის 4 წიგნის რეპრინტი, მერაბ ოძელაშვილის „სახელმძღვანელო-ჯაზის თეორიისა და პრაქტიკის სისტემური კურსი“.

















