ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში დღეს, ქართველი პიანისტის, ჯულიარდის სკოლის მოსწავლის დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება.
როგორც „ნიუსპრეს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, მუსიკოსმა ტურნეს ფარგლებში თელავში, რუსთავსა და გორში მასტერკლასები უკვე გამართა.
მუსიკოსის ტურნე 5 ივლისს, პიანისტის კონცერტით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში დასრულდება.
პიანისტს ვლადიმერ ნილსენის საფორტეპიანო ფესტივალსა და ავსტრიის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
პროექტის მიზანი რეგიონების მუსიკალურ სასწავლებლებში პროფესიული დონის ამაღლება და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საზღვარგარეთ წარმატებული ქართველი მუსიკოსების ტურნეს ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში, მუსიკოსები კონცერტების გარდა, სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებს მასტერკლასებსაც ჩაუტარებენ.

















