საქართველოს საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, კოპენჰაგენში
განლაგებულ გაერო-ს ქალაქში (UN City) საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ერთობლივი პროექტი - ფოტო-გამოფენა ‘’50 ქალი საქართველოდან’’ გაიხსნა. გამოფენის გახსნაზე მოწვეულნი იყვნენ დანიის ხელისუფლების, საკანონმდებლო ორგანოს, არასამთავრობო სექტორის და მედია საშუალებების წარმომადგენლები, კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, აგრეთვე დანიაში მცხოვრები ქართველები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპოზიცია „50 ქალი საქართველოდან" IXX და XX საუკუნეების ქართველ და ევროპელ საზოგადო მოღვაწე ქალებს ეძღვნება, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. ფოტოსურათებთან ერთად გამოფენა საარქივო - ბიოგრაფიულ მასალასაც აერთიანებს და უნიკალურ ინფორმაციას მოგვითხრობს 50 გამოჩენილი ქართველი ქალბატონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
გამოფენის გახსნაზე სიტყვით დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, გიგი გიგიაძე და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის სკანდინავიის ოფისის ხელმძღვანელი, ასგერ რილი გამოვიდნენ. გამოსვლაში, ელჩმა ისაუბრა საქართველოს ისტორიაში ქალთა როლზე, აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის იდეას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს და ის ქართული ცნობიერებისთვის სრულიად ორგანულია. ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გატარებულ რეფორმებზე, რომლებიც გენდერული უთანასწორობის სრულად აღმოფხვრისკენაა მიმართული
ექსპოზიციის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს საელჩო ქართული ღვინითა და ქართული კერძებით გაუმასპინძლდა.
ფოტო-გამოფენის „50 ქალი საქართველოდან" დათვალიერება გაერო-ს ქალაქის ცენტრალურ დარბაზში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 11 რეგიონული ოფისის 1500-ზე მეტ თანამშრომელს და UN City-ს სტუმრებს მომავალი 8 დღის განმავლობაში - 20 სექტემბრამდე შეეძლებათ.

















