თბილისის მერიის ხელშეწყობით, სიონის ტაძრის ეზოში დღეს ღონისძიება გაიმართება სახელწოდებით "დღე, როცა ვერ მოჰკლეს ილია".
ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით სალიტერატურო სფეროს წარმომადგენლები მიმართავენ. შემდეგ კი მოეწყობა მსვლელობა სიონის ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონისკენ, სადაც პარაკლისი აღევლინება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, წელს პირველად გაიცემა "ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული ღვაწლისათვის".
ილიას ნაწარმოებებისა და მის თემაზე შექმნილი პოეტური და პროზაული ნაწარმოებების მიხედვით, სხვადასხვა თაობის ხელოვანები და ფოლკლორისტი, მუსიკოს-შემსრულებლები თეატრალიზებულ დადგმებს წარმოადგენენ. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილია გამოფენაც.
გარდა ამისა, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ღია სცენაზე წარმოდგენილი იქნება ახალი დრამატურგიული ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი "საუკუნის მკვლელობა" (რეჟ.: გიორგი სავანელი), რომელიც ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ აღწერს. პროექტის ნებისმიერ აქტივობაზე, მსურველთათვის დასწრება თავისუფალი იქნება.
2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან 180, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი სრულდება.
ღონისძიებას დაესწრებიან შიდა ქართლიდან დევნილი, ასევე, ფრეზეთის, წეროვანის, კარალეთის და შაუმიანის დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრები მოსწავლეები.

















