14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ
თარიღთან დაკავშირებით გმირთა მოედანზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მურმან ფარფალიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა გვირგვინით შეამკეს გმირთა მემორიალი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
14 აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა:
„დიახ, აფხაზეთი და სამაჩაბლო-საქართველოა, ეს სიტყვები რაც შეიძლება ხშირად უნდა წარმოთქვან აფხაზებმა, ოსებმა, ქართველებმა და სხვა ერების წარმომადგენლებმა. ჩვენმა მეგობრებმა და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რომ საქართველო არასოდეს შეელევა და არ დათმობს საკუთარ ტერიტორიებს. ეს ჩვენი ისტორია, კულტურა, ჩვენი წარსული და მომავალია“.
„ჩვენი ვალია, ახალგაზრდა თაობებს ერთიანი და განუყოფელი საქართველო ჩავაბაროთ. ამიტომაც, არასოდეს უნდა დავივიწყოთ ომის საზარელი დღეები. მხოლოდ მშვიდობა და მშვიდობიანი გარემო გახლავთ ჩვენი მომავალი დაახლოების გარანტი“.
-ბატონო ვახტანგ, ყოველს წელს 14 აგვისტოს გვიხდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის უმძიმეს მოვლენებზე საუბარი, დაღუპული გმირი მეომრების მემორიალთან განვლილი ტრაგიკული ომის ქრონიკების გახსენება.
-25 წლის წინ ქართულ-აფხაზური ერთიანობის ქრონოლოგია და თანმიმდევრობა დაირღვა. 14-მა აგვისტომ გამიჯნა ყველაფერი, რაც ორ ერს შორის დიდი ქართველებისა და აფხაზების დაუღალავი მეცადინეობით საუკუნეების მანძილზე იწრთობოდა. მუდმივად თავს დაგვტრიალებს კრემლის მიერ ომით გაღვივებული სეპარატისტული მანქანა, რომელსაც თითქოს ეგრეთწოდებული აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება უნდა უზრუნველეყო. ქართველებმა და აფხაზებმა კი სიბეცე გამოვიჩინეთ, ვერ ავიცილეთ ომი საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სახლში. გამოუსწორებელ და ტრაგიკულ შედეგებს კი დღესაც ვიმკით ადამიანური, მორალური, ჰუმანური, ჰუმანიტარული, სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური და მრავალი კუთხით. 25 წელი ისტორიისთვის მცირე მონაკვეთია, ჭრილობების მოსაშუშებლად, ადამიანების ხელახალი დაახლოებისთვის, ურთიერთპატიებისა და ნდობის აღდგენისთვის კი ძალიან მცირე. მეოთხედი საუკუნის მანძილზე კრემლის სამხედრო მანქანამ სამაჩაბლოში მეორე ომიც გვაგემა და საქართველოს ძირძველი ტერიტორიები აფხაზეთი და სამაჩაბლო ეგრეთწოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. პროგრესული მსოფლიო ამ უსამართლობას ერთიანი ძალით წინ აღუდგა. აფხაზეთს და სამაჩაბლოს დასავლეთი მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაში განიხილავს. სეპარატიზმის აღორძინებას მსოფლიო თანამეგობრობა არ დაუშვებს, ვინაიდან ის მცირე ერების დაღუპვის და გადაშენების იარაღია კრემლისა და მსგავსი სახელმწიფოების ხელში, რომლის შედეგებსაც ყოველდღიურად ვიმკით აფხაზეთში და სამაჩაბლოში. სადამდე მიიყვანა პოლიტიკური ილუზიებით ტკბობამ სოხუმის და ცხინვალის ეგრეთწოდებული დე-ფაქტო პოლიტიკური ხელმძღვანელობა და აფხაზეთის საზოგადოება, ამას ყველა ხედავს. ვინ იფიქრებდა, რომ საქართველოს საამაყო და აყვავებული რეგიონების რუსეთის სამხედრო ბაზებად ქცევას, აფხაზური და ოსური მხარე კვერს დაუკრავდა და საკუთარ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა.
-ბატონო ვახტანგ, რა განწყობებია სოხუმში, თავად ხალხი და აფხაზური საზოგადოება თუ არის მიდრეკილი შერიგებისა დაურთიერთობების აღდგენისკენ?
-ამ კითხვაზე ჩემი პასუხი აფხაზი ქალბატონის სიტყვებით მინდა ჩავანაცვლო, რომელიც დიდი ქართულ-აფხაზური ოჯახის წარმომადგენელია. გულით ვატარებ მის სიტყვებს და ხშირად ვკითხულობ, ვინაიდან ჩემი და მთელი ჩვენი საზოგადოების სათქმელს გამოხატავს. არ შეიძლება არ აგაღელვოს გულში ჩამწვდომმა სიტყვებმა, რომელიც აფხაზმა ქალბატონმა „თბილისი-24-ის“ ჟურნალისტს ჯერ კიდევ 2015 წელს განუცხადა: „შვილები დავზარდეთ, შვილიშვილებიც მოგვესწრნენ, ჯანმრთელობას არ ვუჩივით, შემოსავალიც იმდენი გვაქვს, რომ შეგვიძლია ერთი თეფში საჭმელი სხვასაც ვუწილადოთ, თითქოს ბედნიერები და კმაყოფილები უნდა ვიყოთ, მაგრამ გულს ლოდი ადევს და ეს ლოდი ქართველებთან ჩატეხილი ხიდია. სულს ქართველებთან სიახლოვე აკლია, თითქოს ჟანგბადი გვაქვს გადაკეტილი და ძალით ვსუნთქავთ“ - თქვა ქალბატონმა და მისი სიტყვების ქართველებთან მიტანა ითხოვა. „თქვენ რა გგონიათ, არ ნანობენ ახლა აფხაზები? რუსებს უნდათ ყველაფერი კონტროლზე აიყვანონ, აფხაზი ერი ამაყი ერია და ვერ ეგუება საკუთარ სახლში სხვის ბატონობას. მას მერე, რაც ჩვენმა პატრიარქმა აფხაზეთში ჩასვლის სურვილი გამოთქვა, ქართველი და, წარმოიდგინეთ, აფხაზი ხალხის უმეტესი ნაწილი იმედით აივსო. მეგობარი მყავს, სოხუმში ცხოვრობს და მან მითხრა, იქნებ, მართლა იყოს შესაძლებელი ახალი ურთიერთობების დაწყებაო. სწორედ მისგან ვიცი, რომ აფხაზების უმეტესი ნაწილი თავად ეძებს ქართველებთან მისასვლელ გზებს. მე,როგორც ერთი მოქალაქე აშკარად ვგრძნობ შერბილებას ურთიერთობებში. ადრე ვერ დაელაპარაკებოდი აფხაზებს, ქართველების გაგონება არ უნდოდათ. ბევრი მეგობარი დავკარგე, მაგრამ ბოლო ხანებში თვითონ დამიკავშირდნენ და ისე მოგვნატრებია ერთმანეთი, წარსულ წყენაზე ერთი სიტყვაც კი არ დაგვცდენია. მერე კიდევ, იცით, რამდენი ახალი ქართულ-აფხაზური ოჯახი შეიქმნა? ჩემო ძვირფასო ქართველებო, მე დედა ვარ და სწორედ ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ მოგიწოდოთ-ჩვენი შვილები ერთიან საქართველოში უნდა გაზრდილიყვნენ, იქნებ შვილიშვილები მაინც გაიზარდონ ერთმანეთის გვერდით ერთმანეთის სიყვარულში. კარგი დაფიქრებაა საჭირო, ყველა სიტყვის აწონ-დაწონვა. მთავარია, ნდობა აღდგეს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ; მთავარია, სახალხო დიპლომატიით დავიწყოთ ეს ყველაფერი და არა აგრესიის, მოწოდების და ბრძანების კილოთი. ხომ გითხარით, მე დამიბრუნდნენ მეგობრები, ასევე უნდა დაბრუნება ბევრ სხვასაც, მაგრამ ხალხს გვაცალონ. მე ნამდვილად მჯერა, რომ მალე დადგება ეს დრო. აი, მერეა ყველაზე სათუთი პერიოდი. ჩვენ უნდა შევძლოთ მიტევება, ძველის დავიწყება. თქვენ, მედიის წარმომადგენლებმა დიდი როლი უნდა შეასრულოთ ამ ყველაფერში. მე მჯერა, რომ აფხაზური საზოგადოება უკვე ხედავს სიახლეებს. ვიცი, უკვე ბევრი აფხაზი ამბობს - „აფხაზეთი საქართველოა“. - „სოხუმში მიტინგზე გამოტანილი ლოზუნგიც გექნებათ ნანახი. აი, ეს უნდა გაგეშუქებინათ, აი ეს ლოზუნგი უნდა დადებულიყო ყველა საინფორმაციო საშუალებებზე და ტელევიზიით. ეს პირველი ნაბიჯია, ეს არის ის ჩასაჭიდი ძაფის ბოლო, რომელსაც მაგრად უნდა მოვკიდოთ ხელი და ნელ-ნელა მივყვეთ ბოლომდე“.
დიახ, აფხაზეთი და სამაჩაბლო-საქართველოა, ეს სიტყვები რაც შეიძლება ხშირად უნდა წარმოთქვან აფხაზებმა, ოსებმა, ქართველებმა დასხვა ერების წარმომადგენლებმა. ჩვენმა მეგობრებმა და მტრებმაც უნდა იცოდნენ, რომ საქართველო არასოდეს შეელევა და არ დათმობს საკუთარ ტერიტორიებს. ეს ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი წარსული და მომავალია.
გარდა ამისა, მეამაყება ისიც, რომ აფხაზები თავისუფლად ჩამოდიან ჩვენთან, ესწრებიან სპორტულ და სხვა ღონისძიებებს. სამკურნალოდაც ხშირად აკითხავენ თბილისს, სადაც ჩვენი საექიმო პერსონალისგან მაღალი დონის მკურნალობა გარანტირებული აქვთ. აქ მათ, როგორც ძალიან ახლობელ ადამიანებს ისე ხვდებიან, ეს კი ძალიან სასიხარულოა.
-ბატონო ვახტანგ, სჯერათ თუ არა აფხაზებს ჩვენი სამშვიდობო ინიციატივების და აქვს თუ არა ალტერნატივა სამშვიდობო პროცესს?
-დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზური საზოგადოება ამ მხრივ გულდინჯად არის. ამდენი ხნის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, თბილისს თავისი სიტყვისა და მოქმედებისგან გადაეხვიოს. აქედან გამომდინარე სამშვიდობო პროცესს ალტერნატივა არა აქვს. საქართველო ამ პროცესს კიდევ უფრო გააღრმავებს და განავითარებს.
როგორც წეღან ვთქვი, 25 წელი გავიდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებიდან. ერთწლიანმა ომმა ორ მოძმე ერს ისეთი იარები გაგვიჩინა, რომელსაც ალბათ ვერასოდეს მოვიშუშებთ. აუნაზღაურებელმა ადამიანურმა მსხვერპლმა, უამრავი ახალგაზრდის დაღუპვამ სერიოზულად შეარყია დემოგრაფიული მდგრადობა როგორც აფხაზების, ისე ქართველების მხარეს. პატარა ერების ცხოვრებაში ომის შემზრავი ქაოსი ისეთ ტრაგიკულ სიტუაციებს ქმნის, ძნელად, რომ ცოცხლად დარჩენილმა ადამიანმა ამ ემოციებს გაუძლოს. ჩვენც, აფხაზებიც და ოსებიც ომმა გაგვყარა, მაგრამ დგება დრო, როცა მშვიდობამ უნდა გაგვაერთიანოს, რომ მომავალ თაობას სწორი განვითარების გზა მივცეთ. დღეს ჩვენ მშვიდობის ხიდებს ვაგებთ იმისთვის, რომ აფხაზებს და ოსებს დავანახოთ, რამდენად სასარგელოა ჩვენთვის ყველასთვის, ერთიან ქართულ სახელმწიფოში ცხოვრება ჩვენი საერთო მომავლის სასარგებლოდ.
ჩვენი ვალია, ახალგაზრდა თაობებს ერთიანი და განუყოფელი საქართველო ჩავაბაროთ. ამიტომაც, არასოდეს უნდა დავივიწყოთ ომის საზარელი დღეები, მისი კატასტროფული შედეგები. მხოლოდ მშვიდობა და მშვიდობიანი გარემო გახლავთ ჩვენი მომავალი დაახლოების გარანტი. დღეს კი ჩვენ ვიხსენებთ სამშობლოსთვის თავდადებულ, გმირულად დაღუპულ მეომრებს, მუხლს ვიდრეკთ ჩვენი ჯარისკაცების ნათელი სახელების, აფხაზი, ოსი და ომში მონაწილე სხვა ერის წარმომადგენლების დედების მწუხარების წინაშე. სამარადჟამო ხსოვნა მათ დიად სახელებს.
ლიკა რუაძე