აზერბაიჯანულ გამოცემა «Азербайджанские известия»-სთან ინტერვიუში ცნობილი რუსი ჟურნალისტი,
მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, წარსულში კი საბჭოთა „კაგებე“-სა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანი, პროფესორი იური კობალაძე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემებზეც საუბრობს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- თქვენ ცნობილი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ ალბათ, დამეთანხმებით, რომ პირველ რიგში მაინც ქართველი ხართ. როგორია თქვენი დამოკიდებულება რუსეთ-საქართველოს პრობლემების მიმართ?
- დიახ, მე ქართველი ვარ და ასაკის მომატების კვალობაზე, ამას სულ უფრო მეტად ვგრძნობ. ძალიან ვდარდობ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული პრობლემების გამო. ძალიან მძიმედ გადავიტანე 2008 წლის აგვისტოს ომიც. მე რუსეთის მიერ დაშვებულ ძალიან დიდ შეცდომად ვთვლი სავიზო რეჟიმის დაწესებასაც საქართველოსთან, რადგან ამით ქართველი ახალგაზრდების მთელი თაობა რუსეთს ჩამოშორდა. წლების განმავლობაში არ იყო ავიარეისები, არ იყო ვიზის თავისუფლად მიღების შესაძლებლობა. ქართველი ახალგაზრდების დღევანდელმა თაობამ რუსული ენა პრაქტიკულად არ იცის, მათ რუსული ენა აღარ ჭირდებათ, ისინი ყველა დასავლურ ენებზე, ინგლისურად ლაპარაკობენ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. იმედი მაქვს, რომ საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს და ახლო მომავალში თბილის-მოსკოვის ურთიერთობა ისეთ კალაპოტში ჩადგება, როგორიც უნდა იყოს. მე არ მინდა ახლა ორივე მხარის მოქმედება შევაფასო - ვინაა მართალი და ვინ - მტყუანი, ცხადია, რომ ორივე მხარემ შეცდომები დაუშვა. ამასთან ფაქტია ის, რომ დღეს რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შესვლა უვიზოდ შეუძლიათ, ქართველებისთვის კი რუსეთში შესასვლელად სავიზო რეჟიმი მოქმედებს, რაც, ჩემი აზრით, არასწორია“.
კორესპონდენტის კითხვაზე, „როგორია თქვენი აზრი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შესახებო“, იური კობალაძე პასუხობს: „მე, როგორც ქართველი, ამ კონფლიქტის გარჩევაში არ ჩავერევი... ზოგადად კი ვიტყვი, რომ ყოველ მხარეს პასუხისმგებლობა ეკისრება და მათ შორის დიალოგია აუცილებელი“.
http://www.azerizv.az/news/a-23308.html