ამერიკული «RFE//RL//Радио Свобода//Эхо Кавказа»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კომენტირებულია
მოსკოვში გუშინ, 10 ივლისს გამართული მოლაპარაკება რუსეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს - სერგეი ლავროვსა და დიმიტრი მედოევს შორის (ავტორი - მურატ გუკემუხოვი).
როგორც ცნობილია, 7 ივლისს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მოლაპარაკებაც. ეს ორი მოვლენა გარკვეულწილად ერთმანეთთანაა დაკავშირებული: ორივე შეხვედრაზე ტვირთების ტრანზიტის საკითხი განიხილეს, ე.წ. „სავაჭრო დერეფნების შესახებ“ 2011 წლის საქართველო-რუსეთის შეთანხმების მიხედვით.
მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდა ცხინვალის წარმოამდგენლებს აბაშიძე-კარასინის პრაღის მოლაპარაკების თაობაზე, ტვირთების ტრანზიტთან დაკავშირებით: „სამხრეთ ოსეთის მხარემ დაადასტურა, რომ ცხინვალი მზადაა მონაწილეობა მიიღოს ტრანზიტის საქმეში. ძალიან ვაფასებთ სამხრეთ ოსეთის მზადყოფნას, რადგან მის გარეშე პროექტი ვერ განხორციელდება“.
თავის მხრივ, პრეს-კონფრენციის დროს დიმიტრი მედოევმა გაიმეორა „პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვის ნათქვამი (რომელიც მან რამდენიმე კვირის წინათ, სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის დროს განაცხადა): „მინდა ვთქვა, რომ სამხრეთ ოსეთი დაიცავს თავის იმ პოზიციას, რომელიც ანატოლი ბიბილოვმა სანკტ-პეტერბურგის ფორუმზე გააჟღერა: სამხრეთ ოსეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს პროექტში მხოლოდ თანასწორუფლებიან მხარის სახით და თუ ჩვენი მიდგომა მისაღები იქნება სხვა მხარეებისთვის, ამ შემთხვევაში პროექტის რეალიზების თვალსაზრისით ვერავითარ დაბრკოლებას ვერ ვხედავთ“.
ეს ყველაფერი საკმაოდ უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან რუსეთ-საქართველოს 2011 წლის ხელშეკრულება სავაჭრო დერეფნების შექმნაში სამხრეთ ოსეთის მონაწილეობას არ ითვალისწინებს. იბადება კითხვები: ნიშნავს თუ არა ცხინვალის პოზიცია იმას, რომ შეთანხმება ვერ შესრულდება? ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე მაინც, სანამ ცხინვალი თავის პოზიციას არ შეცვლის? და კიდევ: რამდენადაა წაქეზებული შეთანხმების ბლოკირება რუსეთის მიერ?
ამ კითხვებით მივმართეთ პოლიტოლოგ ნიკოლაი სილაევს, რომლის აზრით, პრაღის 7 ივლისის შეხვედრაზე 2011 წლის შეთანხმების რეალიზების საკითხში შესამჩნევი წინსვლა არ მომხდარა. მხარეებმა ამჯერადაც გაიმეორეს ადრინდელი პოზიციები, ანუ დაპირება, რომ ხელს მოაწერენ შეთანხმებას შვეიცარიულ კომპანიასთან:
- „ქართული მხარის პოზიცია ძალიან მარტივია: თბილისს 2011 წლის ხელშეკრულების შესრულება არ სურს, რადგან მისი რეალიზება საქართველოს ხელისუფლებას მძიმე საშინაოპოლიტიკურ ზიანს მოუტანს. ამიტომაც ამბობენ, რომ მისი შესრულება, პირიქით, რუსეთს არ უნდაო. მოსკოვი კი თბილისს ეთამაშება და ამ დროს ცხინვალს ეუბნება - ნახე, თბილისი როგორ ლაპარაკობსო. ასეთ სიტუაციაში ქართველებს ყოველთვის შეუძლიათ განაცხადონ, რომ რამდენადაც სამხრეთ ოსეთიც რაღაცას მოითხოვს, ამიტომ ტრანზიტი შეუძლებელიაო. აი, მაშია საქმე. ესე იგი, თბილისს საბაბი ჭირდება, რომ 2011 წლის შეთანხმება არ შეასრულოს, თუმცა იმავდროულად არ სურს, რომ ეს საქვეყნოდ, ყველას გასაგონად აღიაროს. ზურაბ აბაშიძე კარგი დიპლომატია და ამ ამოცანას მშვენივრად ასრულებს უკვე მერამდენე წელია.
- რატომ მიგაჩნიათ, რომ ამ შეთანხმების რეალიზება საქართველოს შიდაპოლიტიკურ ზიანს მოუტანს?
- იმიტომ, რომ თუ შეთანხმების პირობების შესრულება დაიწყება, მაშინ საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ საბაჟო ტერიტორიებად“ აღიარება მოუწევს. იმისათვის, რომ იმ ტერიტროიებზე საქართველოდან ტვირთი შევიდეს, მათ საბაჟო კონტროლი უნდა გაიარონ - ამაშია შეთანხმების მთელი აზრი. უბრალოდ, 2011 წელს ქართველებზე ზეწოლა ამერიკელებმა მოახდინეს, მათ კი ეს მომენტი „გამოეპარათ“.
ნიკოლაი სილაევის აზრით, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გავლით ტრანზიტის დაწყება არც საქართველოს და არც რუსეთს არ ჭირდებათ, ამისათვის სულაც არაა აუცილებელი პოლიტიკურ მსხვერპლზე წასვლა. ამ შემთხვევაში ყველაზე დაინტერესებული სამხრეთ ოსეთია (ცხინვალს იმედი აქვს, რომ აღიარებენ).
რაც შეეხება სომხურ ტრანზიტს: ერევანს, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გარდა, შეუძლია ბათუმი-ნოვოროსიისკის საბორნო გაზიდვებით ისარგებლოს. რუსეთში თურქული ტრანზიტი ძირითადად შავი ზღვით ხორციელდება, ირანს კი არც აფხაზური და არც სამხრეთოსური გზა არ აინტერესებს: თეირანისთვის არსებობს როგორც საზღვაო მარშრუტი (კასპიის ზღვის მეშვეობით), ასევე სახმელეთოც - აზერბაიჯანის და დაღესტნის გავლით. ეს გზა უფრო მეტად გამტარუნარიანია, ვიდრე ზემო ლარსი ან ტრანსკამი, ან აფხაზური მარშრუტი და ნაკლებადაა დამოკიდებული კლიმატურ და [პოლიტიკურ] კაპრიზებზე, - ამბობს ნიკოლაი სილაევი.
https://www.ekhokavkaza.com/a/28606851.html