ინტერვიუში, რომელიც რუსული გამოცემა «Известия»-ს კორესპონდენტმა ტატიანა ბაიკოვამ, რუსეთში
დიპლომატიური მუშაკის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ჩამოართვა, განხილულია მსოფლიო პოლიტიკის ტენდენციები, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, გადმოცემულია მინისტრის თვალსაზრისი საერთაშორისო მოვლენებზე, უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობებზე და ა.შ. კორესპონდენტმა რუსული დიპლომატიური უწყების მეთაურს კითხვა საქართველოსთან ურთიერთობის შესახებაც დაუსვა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
----------
- რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ვიზები არ მოეთხოვებათ. მზადაა თუ არა მოსკოვი თვითონაც გააუქმოს ვიზები საქართველოს მოქალაქეებისათვის?
- საქართველო ვიზები გაუქმებული აქვს არა მარტო რუსებისათვის, არამედ მსოფლიოს დაახლოებით 100 ქვეყნის მოქალაქეებისათვის, თანაც უმეტესი ნაწილი - ცალმხრივი წესით. ჩვეულებრივ, ასეთია იმ ქვეყნების პოლიტიკა, რომლებიც უცხოელი ტურისტების მიზიდვას ცდილობენ. მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში, როცა სწრაფად მატულობს ტერორისტული თუ სხვა საფრთხეები, სავიზო საკითხებში ავტომატური გაზიარების იმედი არ უნდა არსებობდეს. მაგალითად, ევროკავშირის მოსახლეობამ ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღო საქართველოში უვიზოდ შესვლის უფლება, მაგრამ თვითონ ბრიუსელი მხოლოდ 2012 წელს დათანხმდა მოლაპარაკება დაეწყო საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო ლიბერალიზების შესახებ. ევროკავშირმა საქართველოს მიმართ შეადგინა ფართო სამოქმედო გეგმა, რაც სხვა რიგ საკითხებთან ერთად, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შეცვლას ითვალისწინებდა, რის შესრულებაზეც თბილისი ბრიუსელს ანგარიშს რეგულარულად აბარებდა. რამდენიმე წელი ევროკავშირი საქართველოსთან სისტემატურად და მუხლჩაუხრელად მუშაობდა, ეკონტაქტებოდა სხვადასხვა სტრუქტურებს - საკანონმდებლო ორგანოს, საგარეოპოლიტიკურ უწყებას, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა პროფილურ ორგანოებს. [ვიზალიბერალიზების] პროცესი მხოლოდ ახლა [დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ] მთავრდება. რუსეთსა და საქართველოს შორის მსგავსი მასშტაბური მუშაობა ვერანაირად ვერ დაიწყება, თუ დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა გაწყვიტა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობა თანაბარ საწყისებზე გამორიცხული არ არის. ჩვენ მზად ვართ ამ საკითხის ღიად, ერთობლივი და ყოველმხრივი განხილვისათვის. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის დეკემბერში ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივეთ საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთში შემოსვლის წესები. დღეს მათ ჩვენს ქვეყანაში მოსვლა შეუძლიათ კერძო პირის, ორგანიზაციის ან მუდმივად მცხოვრები უცხოელის მიწვევით. გასული წლის მონაცემებით, თბილისში [შვეიცარიის საელჩოში მოქმედი] ჩვენი ინტერესების სექციისაგან გაცემული ვიზების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ამჟამად ვამზადებთ სავიზო გამარტივებას თვითმფრინავების ეკიპაჟების იმ წევრებისათვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნებს შორის ავიარეისებს ასრულებენ“.
http://izvestia.ru/news/663576