უკრაინულ გამოცემა «Деловая столица»-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის გადასახადის
გადამხდელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გრიგოლ ქათამაძე (საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში 2009-2013 წლებში) ჟურნალისტ ტატიანა ომელჩენკოსთან უკრაინის ეკონომიკის პრობლემებზე, განვითარების გზებზე და უცხოური ინვესტიციების დაბანდებაზე საუბრობს. მისი თქმით, „უკრაინაში უცხოელ ინვესტორებს აფრთხობთ არამარტო დონბასში მიმდინარე ომი, არამედ გაუმჭვირვალე საგადასახადო და სასამართლო სისტემა, ინვესტიციების დაუცველობა. კიდევ ერთი ნეგატიური არგუმენტი უკრაინის საზიანოდ: ეროვნული კაპიტალის რეგულარული გადინება საზღვარგარეთ. ეს, ბუნებრივია, ყოველ ინვესტორს დააფიქრებს“.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან ვერსიას:
- როგორ წყვეტენ ამგვარ პრობლემას საქართველოში?
- საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ 2015 წელს გაუშვა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ჩემმა მეგობრებმა აიღეს 9%-იანი კრედიტი კომერციულ ბანკში, ბიზნესისთვის საზღვარგარეთ მოწყობილობები შეიძინეს და თავიანთი პროექტით ეკონომიკის სამინისტროში მივიდნენ. ერთ კვირაში სამინისტრომ მათი პროექტი დაამტკიცა, უფასოდ გამოუყო მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც პროექტის რეალიზების შემდეგ მათ საკუთრებაში გადავა. გარდა ამისა, პროგრამის პირობებით, 9%-იანი სესხიდან 8%-ს, პირველი ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფო იხდის, ანუ ამ ფულს მწარმოებელი ბანკს უკან არ უბრუნებს. ამიტომაც ასეთი საწარმოები საქართველოში ბევრი გაჩნდა.
კიდევ ერთი მომენტი: 2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, ეროვნულ წარმოებაში კაპიტალის რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება.
- აჰა, ახლა გასაგებია, თუ რატომ გაიმარჯვა მეორედ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“...
- დიახ, სწორედაც. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვების კიდევ ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა მხოლოდ ჩემს მიერ ჩამოთვლილის გამოც შეიძლება დღევანდელ მთავრობას ხმა მისცე. რატომ არ ღებულობენ უკრაინაში ამგვარ პროგრამებს?
- თქვენი აზრით, რა შეიძლება უკრაინამ გაიზიაროს საქართველოში განხორციელებული საგადასახადო რეფორმიდან?
- გულწრფელად გეუბნებით, რომ არავისგან არაფერია გასაზიარებელი. ამ მიმართებით თვითონ საქართველოა კარგი მაგალითი. იგივე „იუსტიციის სახლები“ მთლიანად ქართული პროექტია. ასეთი სახლები ქვეყანაში 20-ზე მეტია. მათში მოქალაქეს დაახლოებით 600 სახის მომსახურების მიღება შეუძლია. თუ საქართველოში გატარებულ საგადასახადო რეფორმის პოზიტიურ მომენტებზე ვისაუბრებთ, ეს არის დერეგულიზაცია, ლიბერალიზაცია, კერძოდ, გადასახადების რაოდენობისა და მათი განაკვეთების შემცირება. გარდა ამისა, კონსტიტუციაში იქნა დაფიქსირებული, რომ გადასახადთა მომატება მხოლოდ რეფერენდუმის მეშვეობით უნდა გადაწყდეს.
თქვენ ისე არ იფიქროთ, რომ ყველაფერი ამის განხორციელება ძალიან იოლად მოხდა. ავიღოთ სალარო აპარატების საკითხი. ქვეყანაში ლამის ბუნტი დაიწყო! მაგრამ შემოსავლების სამსახურმა ჩეკებზე ლატარიის გათამაშება გამოაცხადა. პირველი პრემია 30 ათას დოლარი იყო, სხვა ფასიანი პრიზებიც. და ამან იმუშავა! ადამიანებს, ვისაც მოგება სურდათ, იმ მოვაჭრეებთან ყიდულობდნენ საქონელს, ვისაც სალაროს აპარატები ჰქონდათ...
- ჩვენთანაც შეეცადნენ სალაროს აპარატების შემოღებას...
- უკრაინაში სხვა გზით წავიდნენ: რაღაც „მასკი-შუებისა“ და ავტომატების გზით... კარგი იქნებოდა, სალაროს აპარატები ყველგან რომ ყოფილიყო. კიდევ ერთი მაგალითი: უკრაინაში საპატრულო სამსახური შეიქმნა, მაგრამ პატრულს თან ტერმინალი და სალაროს აპარატი უნდა ჰქონდეს - ისე, როგორც საქართველოში. როცა მე ერთხელ ქართველმა პატრულმა გამაჩერა შეუკრავი ღვედების გამო, ჯარიმა სამ წუთში გამომიწერა: სალაროს აპარატის დახმარებით მომცა ჩეკი, რომელზეც აღნიშნული იყო გადახდის ვადები და საჯარიმო სანქციები გადახდის ვადების დარღვევისათვის. როცა მე კიევის საპატრულო სამსახურმა დამაჯარიმა ავტომანქანის პარკირების წესების დარღვევის გამო, 45 წუთი დაჭირდათ მსგავსი პროცედურებისათვის... მოკლედ, ხატია დეკანოიძეს ახალი საპატრულო სამსახურისათვის სალაროს აპარატების შეძენა დაავიწყდა“
http://www.dsnews.ua/economics/grigol-katamadze-segodnyashnyaya-ukraina-eto-polsha-25-let-03022017220000