რუსეთის სახელმწიფო-აინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის კორესპონდენტმა იულია შარიფულინამ
ინტერვიუ ჩამოართვა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს“ ლეონიდ თიბილოვს, რომელშიც იგი საუბრობს აპრილის თვეში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ცხინვალ-თბილისის ურთიერთდამოკიდებულებაზე, რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების საკითხზე და ა.შ.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- დარწმუნებული ხართ, რომ აპრილის თვეში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების დროს რესპუბლიკაში პოლიტიკურ სტაბილურობას შეინარჩუნებთ?
- რასაკვირველია, არჩევნების პერიოდი ყოველდღიური სიტუაციისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ჩნდება გარკვეული დაძაბულობა... წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია, არჩევნების თარიღიც ცნობილია: 9 აპრილს პრეზიდენტი 5 წლის ვადით უნდა იქნეს არჩეული. ცხადია, მე, როგორც მოქმედი პრეზიდენტი, ყურადღებით ვაკვირდები სიტუაციას. ვამჩნევ, რომ ზოგიერთი კანდიდატი თავშეუკავებლად იქცევა, სხვადასხვა დაუშვებელ მეთოდებს იყენებს. მე სპეციალურად მივმართე მოსახლეობას და იმ პირებს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში ბალოტირებენ: არ დავუშვებ რესპუბლიკაში იმ ამბების გამეორებას, რაც 2011 წელს იყო. იმ დროს ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილება მოხდა, სამხრეთ ოსეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფებოდა. სიტუაციის განმუხტვა დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელით. დღეს ჩვენი უპირველესი ამოცანაა მსგავსი მოვლენები აღარ დავუშვათ. ამაზეა ორიენტირებული ყველა სახელმწიფო სტრუქტურა...
- ფრთხილობთ, რომ არჩევნების წინ საქართველოს მხრიდან რაიმე პროვოკაცია იქნება?
- რა თქმა უნდა. საქართველო სამხრეთ ოსეთის ყოველ პოლიტიკურ ღონისძიებას და მოვლენას ნეგატიურად აფასებს. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჩვენს წინაშე მდგარ ამოცანებს სისტემურად ვწყვეტთ. აქედან გამომდინარე, საქართველოს თვალსაზრისს ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. დღეისათვის საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არავითარი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა არ ვითარდება. ეს იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტს არ აღიარებს. ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველო უარს აცხადებს ხელი მოაწეროს დოკუმენტს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჩვენი მეზობელი ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ ურიგდება იმ ობიექტურ რეალობას, რომელიც უკვე 25 წელია არსებობს.
- ამას წინათ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის არჩევის დღეს რეფერენდუმიც ჩატარდეს რესპუბლიკის სახელწოდების ცვლილების თაობაზე - „სამხრეთ ოსეთს“ „ალანეთის სახელმწიფო“ დაერქმევა. იწონებს თუ არა ქვეყნის მოსახლეობა ამ გეგმას?
- ეს თემა ჯერ კიდევ გასულ წელს გაჟღერდა ჩემს მიერ. შესაბამის უწყებებმა გარკვეული მუშაობა გასწიეს. ჩვენ მხარი დაგვიჭირა მთელმა მოსახლეობამ, ახალგაზრდობამ, რესპუბლიკის ინტელიგენციამ, მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთ-ალანეთის მეცნიერებმა და ისტორიკოსებმა. ეს ნიშნავს, რომ თუ საკითხი რეფერენდუმზე დადებითად გადაწყდება, სამომავლოდ, ალბათ, გამოყენებული იქნება ორი სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე დასახელება - „სამხრეთ ოსეთი“ და „ალანეთის სახელმწიფო“. მიმაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღიარება ალანური სახელმწიფოებრიობის ისტორიული ტრადიციის აღორძინებაა.
- საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენც კანდიდატის სტატუსით მონაწილეობთ. რას იტყვით კონკურენტების თაობაზე?
- დღევანდელი მონაცემებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პრეზიდენტობის უკვე შვიდი პრეტენდენტია დაფიქსირებული. მე, რასაკვირველია, ყველას პატივი უნდა ვცე, ისინი ხომ ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ ახალი ხუთწლედის ამოცანები... უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რომლის რაოდენობა 3500 უნდა იყოს. ჩამოყალიბებულია აგრეთვე ლინგვისტური კომისია, რომელიც კანდიდატთა მიერ ოსური და რუსული ენის ცოდნის დონეს შეამოწმებს.
- თქვენ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ისევ ხართ სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეის ერთგული?
- რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეა კონკრეტულ პიროვნებას კი არ ეკუთვნის, არამედ მთელი ხალხისგან მოდის. სამხრეთ ოსეთის ყველა მცხოვრები რუსეთთან დაახლოების მომხრეა. დღესვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ერთიან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო სივრცეში ვიმყოფებით. ამასთან ჩვენ, როცა ამ იდეის მხარდამჭერად გამოვდივართ, ისიც გვესმის, რომ სერიოზული საკითხები იქნება გადასაწყვეტი. ჩვენ არ უნდა შევუქმნათ რაიმე პრობლემები ჩვენს რუს კოლეგებს.
გასულ წელს ჩვენ ამ იდეის რეალიზებისათვის გარკვეული სქემა შევიმუშავეთ. ეს შიდასახელმწიფოებრივი პროცესია. მე გამოვედი ჩვენი კონსტიტუციის მე-10 მუხლის შეცვლის წინადადებით, მაგრამ შემდეგ სხვადასხვა წინააღმდეგობრივი აზრი გაჩნდა. გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე განხილულიყო, რომლის დროსაც მივიღეთ დადგენილება, რომ ამ საკითხს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დავუბრუნდებით. ასე რომ, რუს კოლეგებთან მუშაობის დრო გვაქვს, მოსკოვში ჩვენს იდეებს იცნობენ.
http://tass.ru/opinions/interviews/4011799