ამერიკის შეერთებული შტატების რადიო „თავისუფალი ევროპა//თავისუფლების“ ქართულმა რედაქციამ
(პროგრამა „"წითელი ზონა“) გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუს სრული ვიდეოჩანაწერი თურქეთის ელჩთან საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან, რომელსაც გიორგი გვახარია უძღვებოდა.
ელჩმა ისაუბრა დღევანდელი თურქეთის საშინაო პოლიტიკაზე, ევროკავშირთან და ნატოსთან დამოკიდებულებაზე... მისი თქმით, თურქეთი დიდი ხანია მიილტვის ევროპისაკენ, ნატოს წევრ ქვეყნებთან არავითარი პრობლემები არ არსებობს, მაგრამ არის გაურკვევლობა ევროკავშირთან. ევროპელი ლიდერები თურქეთს დემოკრატიის პრინციპების დარღვევებს საყვედურობენ, ხშირადაა ანტითურქული კრიტიკული სტატიები ევროპულ პრესაში, ევროკავსირის ლიდერების განცხადებებში. არადა, ეს ყველაფერი სინამდვილეს არ შეეესაბამება, ევროპული პრესა არასწორად აშუქებს თურქულ რეალობას...
ზექი გუმრუქჩუმ აღნიშნა, რომ თურქეთსაც აქვს ევროპისადმი პრეტენზიები, რადგან ევროპელები დაპირებებს არ ასრულებენ, ისინი ბევრ საკითხში რეალობას არასწორად აღიქვამენ, მაგალითად, დემოკრატიის დაცვის სფეროში. თურქეთში დამოუკიდებელი სასამართლო მოქმედებს და თუ რომელიმე ჟურნალისტს აპატიმრებენ და ციხეში გზავნიან, მას პროფესიულობისთვის კი არ სჯიან, არამედ კონკრეტული დანაშაულის ჩადენისათვის, მაგალითად, ტერორიზმის პროპაგანდისათვის.
თურქეთში ისლამიზმის „გაძლიერების“ შესახებ შეკითხვის პასუხად ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი სეკულარული სახელმწიფოა (ანუ მთავრობა და რელიგია ერთმანეთისაგან ცალკე არსებობენ). რაც შეეხება მუსტაფა ქემალის იდეებს, მისი მოძღვრება თურქეთისათვის წმიდათა წმინდაა. „მუსტაფა ქემალი თურქებს უფალმა გამოუგზავნა. მის იდეებს არავინ ეხება, უბრალოდ, მიმდინარეობს დისკუსია სხვადასხვა საკითხებზე“. სასკოლო სახელმძღვანელოებში მუსტაფა ქემალის შესახებ შეტანილი ცვლილებები პრინციპული არაა, უბრალოდ, „თუ ადრე მის ყოველდღიურ ცხოვრებას სწავლობდნენ, ახლა უფრო მეტი ყურადღება ანალიტიკურ ხედვებს ეთმობა...“.
-----------
რაც შეეხება კითხვებს და პასუხებს საქართველო-თურქეთის ურთიერთობის თაობაზე, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს სტენოგრამას:
გიორგი გვახარია: 1990-იან წლებში საქართველოში თურქეთს „ევროპულ ფანჯარას“ უწოდებდნენ, რადგანაც ქართველებმა ევროპაში მოგზაურობა სტამბოლის გავლით დაიწყეს და მარტო ევროპაში კი არა, არამედ მთელ მსოფლიოში. შეიცვალა თუ არა რამე სამხედრო გადატრიალების [მცდელობის] შემდეგ? პრინციპში ესაა ის მთავარი კითხვა, რომელიც მინდა დაგისვათ.
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ: სულაც არ შეცვლილა. ვფიქრობ, საქართველო-თურქეთის ურთიერთობა ყოველდღიურად მყარდება და ძლიერდება. გასული წლის 19 ივლისს გადატრიალების მცდელობის შემდეგ ბატონი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინისტრი, პირველი სახელმწიფო მეთაური იყო, რომელიც ჩამოვიდა და მხარდაჭერა გამოუხატა თურქეთის მთავრობასა და ხალხს. ამას ჩვენ არ ვივიწყებთ და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენი ურთიერთობა უფრო მყარი და უფრო ღრმა, უფრო მტკიცეა. ფაქტობრივად, ეს ვიზიტი იყო პირველი შეხვედრა უმაღლესი სტარტეგიული თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ არა მხოლოდ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ძალას არ დავიშურებთ საიმისოდ, რომ ეს ინტეგრაცია წარმატებით დასრულდეს - ეს იქნება ნატოში გაწევრიანება, რომლის წევრები ჩვენს ვართ თუ ევროკავშირთან ინტეგრაცია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ საქართველოს მუდამ მხარდაჭერას ვუცხადებთ, მომავალი წევრობის პერსპექტივის გათვალისწინებით. მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, ვითანამშრომლოთ საქართველოსთან. თურქეთი გახლავთ არამხოლოდ ფიზიკური ხიდი ევროპასა და საქართველოს შორის, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკურიც.
გიორგი გვახარია: მე ვიცი, რომ ნამდვილად არაფერი ემუქრება ქართულ-თურქულ ურთიერთობას, მაგრამ მე ვთქვი ის, რომ „ფანჯარა ევროპაში“ იყო-თქო და ამაში პირველ რიგში ევროპისა და დასავლეთის თურქეთთან ურთიერთობა ვიგულისხმე...
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ: მე კი საქართველოთი დავიწყე...
გიორგი გვახარია: კი, ბატონო, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობას [ინტერვიუს] ბოლოში დავუბრუნდებით... [საერთოდ], ქართველმა ხალხმა კარგად იცის, თუ რა ხდება საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში, მაგრამ არ იციან, თვით თურქეთში რა ხდება. მე მგონი დამეთანხმებით, რომ ინფორმაცია ცოტა აქვს საზოგადოებას. ეს, ალბათ, მედიის ბრალიც არის.
(...)
გიორგი გვახარია: ჩვენ სულ სამი წუთი დაგვრჩა და არ შეიძლება, რომ არ დავამთავროთ ქართულ-თურქული ურთიერთობებით. თქვენ იცით, ალბათ, რომ არჩევნების წინ [საქართველოს] ზოგიერთი ნაციონალისტური პარტია და, პირდაპირ შეიძლება ითქვას - ქსენოფიობიური პოლიტიკური ძალები საუბრობდნენ თურქეთის ისლამიზაციაზე და საშიშროებაზე, რომ ისლამიზაცია, ასე ვთქვათ, გადმოვა საქართველოს საზღვრებზეო. მე მინდა, რომ ამ ხალხს უპასუხოთ...
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ: სამწუხაროდ, ჩვენ ამის მოწმენი ვართ. საბედნიეროდ, ბრძენი ქართველი ხალხი ასეთ იდეებს ყურადღებას არ უთმობს - ის, ხალხი, ვისაც საღი აზრი აქვს. თურქეთში ისლამიზაცია არ მიმდინარეობს, ეს არის სეკულარული დემოკრატიული ქვეყანა, აგებული და დამყარებული კანონის უზენაესობაზე და ამას საქართველოშიც ყველა ხედავს. ასევე ყველა დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და თურქეთის ურთირთობა მეტად მყარ საფუძველზე დგას. ეს ზეპოლიტიკური რამ არის. ვინც უნდა მოვიდეს საქართველოს თუ თურქეთის ხელისუფლებაში, ორივე გააგრძელებს მეზობლობას, მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩვენ მრავალი საკითხი გვაერთიანებს ჩვენი ღირებულებების, კულტურის და სტრატეგიული პროექტების თვალსაზრისით, როგორიც არის ენერგეტიკა, სატრანსპორტო საკითხები. ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ სადღაც აღმოვჩნდეთ და ვფიქრობ, ეს ქართველ ხალხსაც ესმის, ქართველი ხალხი ამას აცნობიერებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენს წინაშე, რომ არაფერი ხდება ისეთი, რის გამოც აღელვება ღირდეს.
რაც შეეხება ძირითად ორიენტირებს, ძირითად ღირებულებებს და უფლებებს და ისევ და ისევ რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას მაქსიმალური საშუალებებით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ეკონომიკური ზრდის საკითხებში. 2007 წლიდან თურქეთი საქართველოს პირველი პარტნიორი იყო, ახლა კანადამ გაგვასწრო სამედიცინო იმპორტის ხარჯზე, მაგრამ თურქეთი მაინც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. თურქი ინვესტორები ყველგან აბანდებენ თანხებს, ყველა სექტორში. ეს მართლაც ჩვენი ურთიერთობის უნიკალური მახასიათებელი ნიშნებია. თურქები და ქართველები არა მხოლოდ უვიზოდ, არამედ უპასპორტოდაც კვეთენ ერთმანეთის საზღვარს. ეს არის სიმწიფისა და ნდობის დონე ორ ქვეყანას შორის. ეს გაგრძელდება. ამას ვადასტურებ, როგორც სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში“.
http://www.radiotavisupleba.ge/a/tsiteli-zona/28279296.html