აშშ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე, საქართველოში სენატორების ჯონ
მაკკეინის, ლინდსი გრემის და ემა კლობუჩარის ვიზიტის მნიშვნელობასა და აშშ-ის პოლიტიკის სხვა პერიპეტიებზე, ამერიკული რადიოსადგურის „Radio Voice of America“-ს კორესპონდენტი პორტალ "ევრაზიანეტის" კავკასიის რედაქციის მთავარ რედაქტორს ჯოშუა კუჩერას ესაუბრა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან ვერსიას:
- როგორ შეაფასებდით სამი სენატორის (ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი, ემა კლობუჩარი) ორპარტიულ დელეგაციას საქართველოში და რა გზავნილი მიიღეს ამ ვიზიტით მოსკოვსა და ვაშინგტონში?
- ცხადია, მათ იმის ჩვენება სურდათ, რომ დღევანდელი გაურკვევლობის მიუხედავად, თუ როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა რუსეთისა და მისი მეზობლების მიმართ, შეერთებული შტატების მთავრობის ერთი ნაწილი კვლავ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი და რუსეთის მოწინააღმდეგეა. მოგზაურობის მარშრუტიც - ბალტიისპირეთი, უკრაინა და საქართველო - ცხადყოფს დელეგაციის გზავნილებს, რომელიც რუსეთისა და ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპისათვის იყო განკუთვნილი: თუ დონალდ ტრამპი აპირებს, რომ რუსეთისა და საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკა კარდინალურად შეცვალოს, კონგრესი მას წინ აღუდგება.
-შეძლებენ თუ არა აღნიშნული სენატორები აშშ-ის მომავალ ადმინისტრაციაზე გავლენის მოხდენას საკუთარი პოზიციების დასაცავად და რეგიონის ქვეყნების გვერდში დგომას?
- ვფიქრობ, თუ დონალდ ტრამპმა პოლიტიკის შეცვლა ისურვა, ბევრ წინააღმდეგობას შეხვდება კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, პენტაგონსა და სხვა სამთავრობო უწყებებში. შესაძლოა, სენატორების ვიზიტი არჩეულ პრეზიდენტთან საჯარო ოპონირების მცდელობა იყო.
-რისი თქმა მოახერხეს მათ ოფიციალური თბილისისთვის და რა იყო აქ ყველაზე საყურადღებო?
ჯოშუა კუჩერა: მე რომ ქართველი ვიყო, ჩემ თავს ვკითხავდი, რითაა დღევანდელი ვითარება განსხვავებული იმისაგან, რასაც უკანასკნელი ათი წელია ვხედავთ. კვლავ გვესმის გზავნილები საქართველოს მიმართ ამერიკის მადლიერებისა და ორი ქვეყნის მტკიცე მეგობრობის შესახებ, მაგრამ იცავს ეს გზავნილები საქართველოს რუსეთისაგან? არა. ჩვენ ეს 2008 წელსაც ვნახეთ. არა მგონია, მას შემდეგ თვისობრივად რაიმე შეცვლილიყოს. ამგვარად, ქართველი რომ ვიყო, ამ ყველაფერს ეჭვით შევხედავდი. მეჩვენება, რომ ეს სტუმრობა სენატორებისათვის კამერებთან პოზირების საშუალება იყო, რაც სინამდვილეში ბევრს არაფერს ნიშნავს. ამაში დასარწმუნებლად საკმარისია ამერიკის პოლიტიკის წვრილმანებს გადავავლოთ თვალი.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად მტკიცედ შეეცდება აშშ-ის მომავალი ადმინისტრაცია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას და მისი ინტერესების დაცვას რუსეთთან დიალოგის თუ ოკუპაციონისტური ხელისუფლების ჰიბრიდული ზრახვების, მოქმედებების გასანეიტრალებლად?
- ჯონ მაკკეინს, ლინდსი გრემსა და ემა კლობუჩარს პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად ბევრი ბერკეტი არ გააჩნიათ. გასულ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის ახალი შეთანხმება გააფორმა. ეს შეთანხმება უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის დახმარების მიმართულებას ცვლის. აქამდე აშშ საქართველოს ავღანეთში გასაგზავნი კონტიგენტის მომზადებაში ეხმარებოდა. ამიერიდან აქცენტი გაკეთდება ტერიტორიულ თავდაცვაზე, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა უკეთ დაიცვან ქვეყნის ტერიტორია. ქართველებს ყოველთვის ეს სურდათ. საქართველო სამშვიდობო მისიებში იმიტომ მონაწილეობდა, რომ მისიები მისთვის ერთადერთი ამერიკული სამხედრო დახმარება იყო. ამგვარად, საქართველოსათვის უსაფრთხოების სფეროში ამერიკის დახმარების ტრაექტორია პოზიტიურად შეიცვალა, მაგრამ არავინ იცის, ასევე გაგრძელდება თუ არა 20 იანვრის შემდეგ. ზოგადად, სხვა თუ არაფერი, სამხედრო თვალსაზრისით მაინც ამერიკა საქართველოს ასე აქტიურად არასოდეს დახმარებია.
- უშუალოდ ორმხრივი ურთიერთობების [საქართველო-აშშ] პოტენციაზე რას გვეტყვით?
-ეს ის თემაა, რომელზეც ჯერჯერობით წარმოდგენა არგვაქვს. მოვლენები, შეიძლება, ორივე მიმართულებით განვითარდეს. დონალდ ტრამპმა ნატოსთან დაკავშირებით ეჭვები უკვე გამოთქვა. ახალი ადმინისტრაცია ნატოს გაფართოებას, ალბათ, ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს. სიმართლე ითქვას, ნატოში შეერთებული შტატების გავლენა არასოდეს ყოფილა ისეთი უსაზღვრო, რომ საქართველო ალიანსში შეეყვანა. ამ მიმართულებით ბევრი არაფერი შეიცვლება. ასე ვიტყოდი: ჯერჯერობით ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. ნათელია, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთზე ბევრი არაფერი იცის. ნათელია, რომ მას მოსწონს ვლადიმირ პუტინის, როგორც ძლიერი ტიპის იმიჯი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დონალდ ტრამპსა და რუსეთს საერთო პოლიტიკური ინტერესები აქვთ? ვეჭვობ. არა მგონია, თავად დონალდ ტრამპმა იცოდეს. ჩვენ, მით უმეტეს, წარმოდგენაც კი არა გვაქვს.
-აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის გარდამავალ გუნდს, რუსეთთან მიმართებაში მათ განცხადებებს და არჩეული პრეზიდენტის ნომინაციების დამტკიცების პერსპექტივას როგორ უყურებთ სენატში?
- არ ვიცი, რა გავლენა აქვს ჯონ მაკკეინს ვაშინგტონში. მეჩვენება, რომ დონალდ ტრამპისა და რუსეთის თემამ მას ენერგია შემატა. ჯონ მაკკეინი ძალიანაა გააქტიურებული. პრესა მას დიდ ყურადღებას უთმობს. მაგრამ მე ყურადღებას [ტრამპის] კაბინეტის წევრებზე უფრო გავამახვილებდი. ბევრი განხილვა და სპეკულაცია მოვისმინეთ. არა მგონია, [კაბინეტის წევრების შესახებ] ვინმეს ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეს. ზოგიერთი მათგანი რუსეთის მიმართ უფრო შემრიგებლურია, ზოგიერთი - ნაკლებად. ვვარაუდობ, რომ მათი ხმა იქნება გადამწყვეტი და არა ჯონ მაკკეინის, რომელსაც დონალდ ტრამპთან ცუდი ურთიერთობა აქვს. არ მესმის, როგორ შეიძლება, მან დონალდ ტრამპს აზრი შეაცვლევინოს. ვნახავთ, შეძლებს თუ არა ჯონ მაკკეინი რუსეთის მიმართ პოლიტიკის შეცვლის საწინააღმდეგოდ კონგრესის დარაზმვას, მათ შორის, დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისაკენ გადადგმული ნაბიჯების წინ აღდგომას.
და ბოლოს, მოკლედ ისევ ჯონ მაკკეინოს ვიზიტზე საქართველოსა და უკრაინაში:
არ ვიტყოდი, რომ ვიზიტი უმნიშვნელო იყო, მაგრამ თითქმის უმნიშვნელო. ისინი გზავნილის გაგზავნას შეეცადნენ. ამ წუთისათვის ყველაფერი ძალიან სათუოა, მაგრამ თუ დონალდ ტრამპი შეეცდება საქართველოსა და რუსეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკის დრამატულად შეცვლას, მთავრობის სხვა შტოებისაგან მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდება. ვფიქრობ, სწორედ ეს შეტყობინება გაეგზავნა მას. რას მოიმოქმედებს ჯონ მაკკეინი, რა გავლენას მოახდენს სენატორების ვიზიტი, არ ვიცი, მაგრამ ვხედავთ ნიშნებს, რომ პოლიტიკის შეცვლა ყველას არ მოეწონება.
http://www.amerikiskhma.com/a/joshua-kucera-interview/3670284.html