logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ინტერვიუ გიორგი კვირიკაშვილთან: „გაუგებარია, რატომაა რუსეთი შეშფოთებული“
ინტერვიუ გიორგი კვირიკაშვილთან: „გაუგებარია, რატომაა რუსეთი შეშფოთებული“
10:11 12.12.2016
გერმანული გაზეთის «Die Zeit»-ის კორესპონდენტი ალისა ბოტა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ესაუბრება აშშ-სთან, ევროკავშირთან, ნატოსთან, რუსეთთან ურთიერთობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტს მცირეოდენი შემოკლებით (თავისუფალი თარგმანი):

«Die Zeit»: საქართველო ორიენტირებულია დასავლეთზე, მაგრამ ევროკავშირი დასუსტებულია, აშშ-ის პრეზიდენტად კი დონალდ ტრამპი აირჩიეს. ხომ არ ღელავთ ამის გამო?

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მხარს გვიჭერს აშშ-ის სენატი და საერთოდ, კონგრესი. ორივემ არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ჩვენს რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების როლის რაიმე დიდ და მნიშვნელოვან სტრატეგიულ ცვლილებებს არ ველოდებით.

«Die Zeit»: არ ფიქრობთ, რომ საქართველოს სურვილი ნატოში გაწევრიანებაზე ახლა უკვე ჩიხშია შესული?

გიორგი კვირიკაშვილი: სულაც არა. ჩვენ ნატოს არსებითად ვუჭერთ მხარს. ჩვენი გადაწყვეტილება შეუქცევადია. ჩვენ გვსურს გავწევრიანდეთ როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში, თუმცა ზოგიერთი მოვლენა, მაგალითად, ვიზალიბერალიზების დაგვიანება, რასაკვირველია, საწყენია. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბრიუსელელი მეგობრები ყველაფერს აკეთებენ ამ პროცესის წინსვლისათვის.

«Die Zeit»: საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაყოვნებაში გერმანიას არცთუ უმნიშვნელო როლი აქვს შესრულებული, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, როცა მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს როგორც ქურდების, ჯიბგირებისა და თაღლითების ქვეყნის შესახებ...

გიორგი კვირიკაშვილი: რა თქმა უნდა, ჩვენთვის ასეთი ცნობები ძალიან მტკივნეული იყო. ამასთან, ფაქტები დამახინჯებული სახით გავრცელდა, სტატისტიკაც მაინცდამაინც ზუსტი არ იყო. თუმცა ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად მივუდექით - ბერლინში არსებულ საქართველოს საელჩოში პოლიციის ატაშე გავგზავნეთ, ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები გერმანელ კოლეგებთან ახლა ამ მიმართულებით ყველა დონეზე მჭიდროდ მუშაობენ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი რამდენჯერმე იმყოფებოდა გერმანიაში და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა მოლაპარაკება. პოლიტიკური თვალსაზრისით ჩვენ გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობისაკენ მივისწრაფვით, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ამგვარ მოვლენებზე რეაგირება მოვახდინოთ.

«Die Zeit»: ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობენ როგორც ნატოს ეგიდით მიმდინარე ავღანეთის მისიაში, ასევე ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებში. საქართველომ ევროკავშირის ყველა მოთხოვნა შეასრულა, მაგრამ ვიზალიბერალიზება ჯერ მაინც ვერ მიიღო. როგორ ფიქრობთ, ევროსტრუქტურები [დადებითად] პასუხობენ თქვენს სწრაფვას დასავლეთისაკენ?

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმები მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას არ ემსახურება. გვინდა, რომ საქართველო უფრო განვითარებულ ქვეყნად გადაიქცეს და მოსახლეობის ცხოვრების დონე ამაღლდეს. ჩვენთვის პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიზანი.

«Die Zeit»: ბოდიში, მაგრამ იქნებ განმარტოთ, როგორ ამაღლდება საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონე ქვეყნის ნატოში გაწევრიანებით?

გიორგი კვირიკაშვილი:
ჩვენ შესაძლებლობა გვექნება გავაუმჯობესოთ თავდაცვის სტრქუტურები. საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს. საქართველოსთვის დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერა [სამხრეთ კავკასიის] რეგიონში რუსეთის ამბიციების შეკავება-შეზღუდვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

«Die Zeit»: თქვენი აზრით, რა ამბიციები აქვს რუსეთს რეგიონში?

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის რთული ისტორია აქვს, მაგრამ ამ კონფლიქტების უკან რუსეთი დგას. მოსკოვის ჩარევას უდიდესი [ნეგატიური] მნიშვნელობა გააჩნია. სწორედ ახლახან გავხდით იმის მოწმე, თუ როგორ მოეწერა ხელი შეთანხმებებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან...

«Die Zeit»: ...საქართველოს რეგიონებთან, რომლებიც რუსეთმა 2008 წელს დაიკავა და რომლებიც დღემდე დამოუკიდებლად აღიარა მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ, მათ შორის რუსეთმაც...

გიორგი კვირიკაშვილი: დიახ, საქართველოს ეს რეგიონები სულ უფრო მეტად ინმტეგრირებულნი ხდებიან რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო სისტემაში.

«Die Zeit»: თქვენ მხედველობაში გაქვთ სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმება, რომელსაც რამდენიმე დღის წინათ გაფორმდა აფხაზეთსა და რუსეთს შორის?

გიორგი კვირიკაშვილი: არა მხოლოდ ის! რუსეთის მოქმედება ამ ორი რეგიონის ანექსიის მიზნით მრავალწახნაგოვანია და პროვოკაციული ხასიათი აქვს. ამის მიუხედავად, ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ დაძაბულობა და თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი მტრული და აგრესიული რიტორიკა, თუმცა, სამწუხაროდ, რუსი პოლიტიკოსებისაგან საპასუხო ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. ამასთან, მუდმივად ვიმეორებთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ რუსეთთან თანამშრომლობა გვსურს და ამაში ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავთ დასავლეთთან ინტეგრირების გზაზე.

«Die Zeit»: რუსეთი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით აცხადებს, რომ საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე ნატოს წევრი ვერ გახდება. უფრო კარგი არ იქნება, რომ საქართველომ უარი თქვას ალიანსში გაწევრიანების სურვილზე?

გიორგი კვირიკაშვილი: ნატოში გაწევრიანება ტერიტორიულ მთლიანობასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ჯერ ერთი, რომ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით გვსურს და შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო მეთოდს გამოვრიცხავთ, თანაც სამუდამოდ. მეორე მხრივ, ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენა-განმტკიცებით შეგვიძლია. ნატოში გაწევრიანებას ამასთან კავშირი არ აქვს. ალიანსთან თანამშრომლობაში ჩვენ მხოლოდ სამხედრო ფარს არ ვგულისხმობთ...

«Die Zeit»: მაშ რა გაქვთ მხედველობაში?

გიორგი კვირიკაშვილი: საქმე ფასეულობებშია! ნატოში ინტეგრირება დემოკრატიული ინსტიტუტებისათვის გვსურს! საქმე ეხება იმას, თუ რომელ კლუბს მიეკუთვნები. საქართველომ გადაწყვიტა, რომ ევროპულ და ტრანსატლანტიკურ კლუბში გაწევრიანება სურს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამის ქვეყანას ვაშენებთ. გარდა ამისა, აქ ერთგულების საკითხიც დგას: საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის ერთგული პარტნიორის პოზიცია უკავია. ერთგულება ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა. ასევე ვცდილობთ მჭიდრო ურთიერთობა დავამყაროთ აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან - ჩინეთთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, აგრეთვე ირანთან. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ ევროპელებს მათთან ურთიერთობის გაღრმავებაში.

«Die Zeit»: მოდით, რუსეთს დავუბრუნდეთ. კრემლი აცხადებს, რომ ნატოს მიახლოება რუსეთის საზღვრებთან მოსკოვისათვის საფრთხის შემცველია. თქვენ აცნობიერებთ რუსეთის შიშებს? არ თვლით ამაზე რეაგირებას საჭიროდ?

გიორგი კვირიკაშვილი:
ჩვენ ვხედავთ რუსეთის შეშფოთებას, მაგრამ მიზეზებს ვერ ვხვდებით. თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რუსეთისათვის ეს საფრთხის მომტანი არ იქნება. ჩვენ ყოველდღიურად ვანიშნებთ რუს პოლიტიკოსებს, რომ საქართველოს რუსეთის მიმართ არავითარი მტრული გრძნობები არ აქვს. მიმდინარე წელს ჩვენ მილიონზე მეტი რუსი ტურისტი მივიღეთ და მათ მიმართ არანაირი სერიოზული ინცინდენტი არ მომხდარა. ქართველებბსა და რუსებს შორის არ არსებობს არავითარი ფუნდამენტური მტრობა და ჩვენი ლტოლვა ნატოში გაწევრიანებისაკენ [ანტირუსულ ქმედებად] არ უნდა იყოს მიჩნეული. ჩვენ ვცდილობთ ამის ახსნას რუს პოლიტიკოსებისათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ვერ ხვდებიან.

«Die Zeit»: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიმართ ძალიან აგრესიულად გამოდიოდა, თქვენ კი [დაძაბულობის] დეესკალაციას ცდილობთ, თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია მაინცდამაინც დიდად არ შეცვლილა...

გიორგი კვირიკაშვილი: მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენმა სტრატეგიამ არ გაამართლა. პოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლოა ნაკლები პროგრესია, თუმცა ცვლილებები აშკარაა. ჩვენ ერთმანეთთან ეკონომიკური ურთიერთობა დავიწყეთ, რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისათვის ღიაა. მთლიანობაში ჩვენ ბოლო წლების მანძილზე სტაბილურობის მნიშვნელოვან დონეს მივაღწიეთ. ცხადია, ეს ყველაფერი ჯერ ყოვლისმომცველ სტაბილურობას არ ნიშნავს, რადგან ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ისევ ოკუპირებულია, თუმცა სიტუაცია ისეთი აღარაა, რომ ყოველდღიურად [რუსეთის] თავდასხმას ველოდოთ.

«Die Zeit»: ანუ, გამოდის, რომ ამჟამად საქართველო თავს უსაფრთხოდ გრძნობს?

გიორგი კვირიკაშვილი: როგორ შეიძლება თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ, როცა ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული? როცა ჩვენს მოქალაქეებს იმ ე.წ. „საზღვრის“ გადაკვეთის გამო აკავებენ, რომელსაც ჩვენ საზღვრად არ ვაღიარებთ? მართალია, სამხედრო მოქმედების განახლებას ამჟამად არ ველოდებით, მაგრამ იმის თქმა, რომ თავს უკვე უსაფრთხოდ ვგრძნოთ, ეს გადაჭარბებული იქნებოდა. კი, გარკვეული სტაბილურობის პირობებში ვცხოვრობთ, მაგრამ სიტუაცია კვლავ რთული რჩება. ჩვენ ოკუპირებული სახელმწიფო ვართ, რომელიც ნატოსა და ევროკავშირთან სიახლოვისაკენ ისწრაფვის და იმავდროულად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზეც ზრუნავს. ეს ჩვენი გადარჩენის სტრატეგიაა. ეს ისაა, რაც ჩვენს მოსახლეობას სურს.

«Die Zeit»: ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს მთავრობის პროდასავლურ კურსს, მაგრამ სულ უფრო მეტად ისმის მოთხოვნა რუსეთთან მჭიდრო კავშირების შესახებ. გამოდის, რომ ქართველებმა მოთმინება დაკარგეს?

გიორგი კვირიკაშვილი:
ის, რომ ქართველებს რუსეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობა, სულ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლა სურთ, სულაც არ ნიშნავს ჩვენი საგარეოპოლიტიკური კურსისა და უსაფრთხოების სტრატეგიის შეცვლის მოთხოვნას. ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს ქართველების 75%, ხოლო ევროკავშირში შეასვლას - 80%-ზე მეტი.

«Die Zeit»: თურქეთი ევროკავშირში შესვლის მიზნით ათეული წლების განმავლობაში უშედეგო მოლაპარაკებებს აწარმოებს. საქართველოს ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობასაც არავინ სერიოზულად არ განიხილავს...


გიორგი კვირიკაშვილი: ვერავინ ვერ განჭვრეტს იმას, თუ რა იქნება ხუთი ან ათი წლის შემდეგ. ჩვენ საკუთარი „საშინაო დავალება“ უნდა შევასრულოთ. ამჟამად საქართველოს დღის წესრიგში ოთხი მთავარი პუნქტია: პირველ რიგში, ჩვენ გვსურს, რომ განათლების სიტემის რეფორმირება მოვახდინოთ და თავიდან მოვიშოროთ საბჭოური გადმონაშთები ამ სფეროში; მეორე - გვინდა მთავრობის ყველა დონეზე მართვის ისეთი სისტემა შევქმნათ, რომელიც მოქალაქეთა მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული; მესამე - გვსურს იმპულსი მივცეთ ეკონომიკისათვის მატებას, ამისათვის განზრახული გვაქვს მოგების გადასახადის გაუქმება რეინვესტირების შემთხვევაში და მეოთხე - დაგეგმილი გვაქვს ქვეყნის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, განსაკუთრებით ავტოსტრადების მშენებლობა. ჩვენ ქვეყნის მოკლე დროში შეცვლა გვინდა. ეს ყველაფერი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

«Die Zeit»: „ბრექსითი“, მთავრობების უთანხმოება მიგრანტებზე... რატომ გიზიდავთ ასეთი ევროკავშირი?


გიორგი კვირიკაშვილი:
მოდით, ოპტიმისტები ვიყოთ! [ევროკავშირში] ძალიან ბევრი კარგიც არის, უბრალოდ, თვალები მეტად უნდა გავახილოთ.

«Die Zeit»: და რას ხედავთ თქვენ ისეთს, რასაც მე ვერ ვამჩნევ?

გიორგი კვირიკაშვილი: მაგალითად, ქართველი სტუდენტების შესაძლებლობებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში სწავლობენ. იფიქრეთ აგრეთვე იმ უფრო მჭიდრო საქმიან ურთიერთობებზეც, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგადაა შესაძლებელი... გაიხსენეთ მესამე ქვეყნები, რომლებთაც ევროკავშირთან ასოცირების მსგავსი შეთანხმება არ აქვთ დადებული, მაგრამ საქართველოს [ევროინტეგრირების გამო] ჩვენს ეკონომიკაში ინვესტიციების დაბანდებას ესწრაფვიან....

«Die Zeit»: კი, ისინი მოხიბლული არიან თავისუფალი ბაზრით, მაგრამ ამჟამად ევროპაში ისეთი ძალები აქტიურდებიან, რომლებიც ასეთ ბაზრებს ხურავენ და საზღვრების აღდგენას გეგმავენ...


გიორგი კვირიკაშვილი: მე დარწმუნებული ვარ, რომ ლიბერალური ეკონომიკა გაიმარჯვებს. ჩვენ მაინც სხვა არჩევანი არ გვაქვს. 3,7 მილიონიანი საქართველო ღია უნდა იყოს, რათა წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ განუმეორებელი მდებარეობა გვაქვს და თუ უფრო მოქნილები ვიქნებით, ტიპიური ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველო საერთაშორისო ეკონომიკისათვის იდეალური ადგილი გახდება.

«Die Zeit»: მაგრამ ევროპა...


გიორგი კვირიკაშვილი:
ევროპა ძალიან კარგ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ჩვენ, რომლებიც ევროპული ფასეულობებისა და სტანდარტებისაკენ მივისწრაფვით, უფრო მეტად ვგრძნობთ მათ [დადებით] მნიშვნელობას, ვიდრე ტიპიური ევროპელები.

«Die Zeit»: ისინი ისეთ ნეროლიბერალურ იდეებს აქებენ, რომლებმაც, ზოგიერთის აზრით, ევროპას კრიზისი მოუტანა...

გიორგი კვირიკაშვილი:
მე ამას კრიზისს არ ვუწოდებდი. განწყობები იცვლება ხოლმე. ასეთი შეხედულებების მიზეზი მიგრანტები არიან. ჩვენ გვესმის იმ პრობლემების მნიშვნელობა, რომლებიც დღეს ევროპის წინაშე დგას და იმასაც ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ ღრმა პრობლემებია ისინი. მაგრამ სწორედ ამიტომაც არ გვეპარება ეჭვი ევროპის მომავლის საკითხში. ევროპას ნათელი მომავალი აქვს. ვიყოთ უფრო ოპტიმისტები!

http://www.zeit.de/politik/ausland/2016-12/georgien-giorgi-kwirikaschwili-russland-nato-beitritt


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა