ინტერვიუ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიდ ბრიტანეთში თამარ
ბერუჩაშვილთან:
-როგორ დაიწყო „უორდროპის დიალოგი“ დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის და რას ითვალისწინებს თანამშრომლობის ეს ფორმატი?
-საქართველოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლების აღდგენის შემდეგ, 1992 წელს, დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი წამყვანი დასავლური სახელმწიფო იყო, რომელმაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა, ხოლო 1995 წელს თბილისში ბრიტანეთის საელჩო გაიხსნა. მას შემდეგ ბრიტანეთი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ (გაერო, ევროპის საბჭო, ევროკავშირი, ნატო, ეუთო და სხვ.) ფორმატებში. ასევე აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პოლიტიკას. ამჟამად ჩვენ ღირსეული პარტნიორები ვართ მრავალ სფეროში, იქნება ეს მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა ნატოსა და სხვა საერთაშორისო მისიების ფარგლებში, თანამშრომლობა ევროპის ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობისათვის, თუ აქტიური კავშირები ბიზნესის, კულტურისა და განათლების დარგში.
2014 წელს ჩამოყალიბდა დიალოგის ახალი ფორმატი, რომელსაც ცნობილი დიპლომატის, სერ ოლივერ უორდროპის პატივსაცემად „უორდროპის დიალოგი“ ვუწოდეთ. პატივი მერგო ამ პროცესში, როგორც მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს, საკუთარი წვლილი შემეტანა დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ევროპის სახელმწიფო მინისტრ დევიდ ლიდინგტონთან ერთად. ასევე მინდა აღვნიშნო ამ მიმართულებით საქართველოში ბრიტანეთის ელჩს, ალექსანდრა ჰოლ ჰოლის ძალისხმევა.
„უორდროპის დიალოგი“ ტრადიციული მაღალი დონის ყოველწლიური შეხვედრაა, რომელიც ორმხრივი ურთიერთობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. მათ შორისაა: პოლიტიკური დიალოგი, თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში.
-რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ „უორდროპის დიალოგის“ ამ რაუნდისგან?
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც „უორდროპის დიალოგის“ შეხვედრა ტარდება თბილისში დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხვადასხვა სამინისტროების მაღალი დონის წარმომადგენლების მონაწილეობით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ დელეგაციას ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი. ეს ფაქტი, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბრიტანული მხარე საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.
ამ ინტერესისა და კეთილგანწყობის კიდევ ერთ გამოვლინებად შეიძლება განვიხილოთ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება, რომ თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეზე გადავიდეთ, რაც გაჟღერდება კიდეც წლევანდელი დიალოგის ფარგლებში. ეს იმის მანიშნებელია, რომ გაერთიანებული სამეფო სამომავლოდ სერიოზულად განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას პოლიტიკის, თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში.
ჩვენი ასევე შევთანხმდით, რომ პარალელურად ჩამოყალიბდება „უორდროპის დიალოგის“ საპარლამენტო და საექსპერტო განზომილებები და უკვე ა.წ. 4-8 დეკემბერს თბილისს ვიზიტით ესტუმრება „დიდი ბრიტანეთის პარლამენტის პარტიათაშორისი ჯგუფის დელეგაცია“, რომელსაც უმასპინძლებს საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტი. ასევე უახლოეს მომავალში ჩატარდება მრგვალი მაგიდა ბრიტანელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე.
-ბრიტანეთთან არსებული თანამშრომლობიდან რომელ წარმატებულ სფეროებს გამოყოფდით?
ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა წარმატებულია მრავალი მიმართულებით: აქტიური პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარება და გაფართოება: 2015 წლის მონაცემით, გაერთიანებული სამეფო სიდიდით მეორე ინვესტორია საქართველოში. უმსხვილესი ბრიტანული კომპანია British Petroleum-ი უკვე 20 წელია საქმიანობს საქართველოში და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართოვდება ახალი რეგიონალური ენერგეტიკული პროექტების წარმატებით განხორციელების ფონზე. დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს საქართველოს პოტენციალის წარმოსაჩენად. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის საქმიანი ურთიერთობების გააქტიურება. ამასთან, საქართველოში ბრიტანელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2016 წლის 9 თვის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა 7%-ით გაიზარდა.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო მზარდი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. 2014 წელს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოვლინებულია სპეციალური მრჩეველი ქართველ კოლეგებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით. გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების 160-ე ბრიგადის ხელმძღვანელი მარტინ გემბლი 2014 წელს ეწვია საქართველოს და მას შემდეგ, ეს ბრიგადა ჩართულია საქართველოში გამართულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში. 2016 წლის მაისში 150-მა ბრიტანელმა სამხედრომ მონაწილეობა მიიღო აშშ-საქართველოს ერთობლივ წვრთნებში „ღირსეული პარტნიორობა“. ამ წვრთნების მთავარი ამოცანაა წარმატებით გადავჭრათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემები.
ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, ასევე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფორმაციის გაცვლა საერთაშორისო ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში და კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
კრიზისების მართვის სფეროში ქართულ-ბრიტანულ თანამშრომლობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში წლების განმავლობაში აქტიურად საქმიანობს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველი სერ გარი ჯონსონი, ხოლო „ეროვნული სიტუაციური ოთახი“ ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის თვალსაჩინო პროექტია.
საქართველოს და გაერთიანებულ სამეფოს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ კულტურულ, განათლების, მეცნიერებისა და სახელოვნებო მიმართულებით. ამ საქმეში „ბრიტანეთის საბჭო“ ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორია, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია შექსპირისა და რუსთაველის საიუბილეო წლებისადმი მიძღვნილი პროექტი, რომელიც წარმატებით ჩატარდა საქართველოში და 28 ნოემბერს ლონდონში დაგეგმილია სპეციალური ღონისძიება „შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან ლონდონში“.
მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ყოველწლიურად იზრდება ბრიტანული ე.წ. ჩივენინგის სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისათვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდა ქართველი ლიდერებისთვის გაიღრმავონ ცოდნა და გამოცდილება.
როგორ გესახებათ საქართველო დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა „ბრექსიტის“ ფონზე?
ა.წ. ივნისში ბრიტანელმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი ევროკავშირის დატოვების შესახებ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ქალბატონმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გამოსვლით, დიდი ბრიტანეთი არ ტოვებს ევროპას. შესაბამისად, საქართველო მზადაა, ერთის მხრივ, აქტიურად ითანამშრომლოს დიდ ბრიტანეთთან ერთიანი ევროპის მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებზე და ამასთან ერთად, გამოიყენოს ახალი შესაძლებლობები ორმხრივი ურთიერთობების ყველა მიმართულებით გაღრმავებისა და გაფართოებისათვის.
სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. საქართველო, რომელიც თანმიმდევრულად მისდევს პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკას, შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ბრიტანეთთან, მისი ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ, გააფორმებს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.
ჩვენ წინ გველის დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ძალიან საინტერესო ეტაპი, რომლის ეფექტურად გამოყენება ჩვენი ქვეყნისათვის, მათ შორის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ გათვალისწინებით, ქართული დიპლომატიის უპირველესი ამოცანა იქნება.
ესაუბრა მარიამ ჩუბინიძე