logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ცეზარ ჩოჩელი: შავი პიარის მიუხედავად, სენაკში არა მარტო ამიერკავკასიის, ევროპის მასშტაბით საჩვენებელი ქარხანა აშენდება
ცეზარ ჩოჩელი: შავი პიარის მიუხედავად, სენაკში არა მარტო ამიერკავკასიის, ევროპის მასშტაბით საჩვენებელი ქარხანა აშენდება
10:41 16.09.2016
ცეზარ ჩოჩელის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად ჩაბმა მისი კონკურენტებისთვის და განსაკუთრებით მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძისთვის, როგორც აღმოჩნდა მოულოდნელი და არცთუ სასიამოვნო იყო, რადგან კონკურენტად ისეთი პიროვნების ხილვა, რომელსაც გამარჯვების ყველა რესურსი გააჩნია, ისეთი სიურპრიზია, რომელიც მოქმედი დეპუტატის ოპტიმისტურ განწყობას მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს.

ცეზარ ჩოჩელმა ბიზნესი 1990 წელს დაიწყო, მაშინ, როცა საქართველოში ყველაზე რთული პეროიდი იდგა _ ანარქია, ქაოსი, განუკითხაობა, რეკეტი, ფაქტობრივად, სახელმწიფო არ არსებობდა. მისი შრომითი საქმიანობა კი მე-9 კლასიდან იწყება, იგი ქმნიდა საამშენებლო ბრიგადებს, მუშაობდა მშენებლობაზე, ხან კი მთიბავთა ბრიგადებს. ფიზიკური შრომით მისი ორი თვის შემოსავალი უსწრებდა მისი პედაგოგი დედის წლიურ ხელფასს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სახელმწიფო სამსახურში მუშაობიდან ორი კვირის თავზე მიხვდა, რომ ჩინოვნიკი მისგან არ გამოვიდოდა, ვერ შეეგუებოდა კორუფციას და ამიტომაც გადაწყვიტა საკუთარი ძალები ბიზნესში მოესინჯა.

_ ლუდის წარმოების ბიზნესიდეა როდის გაგიჩნდათ?

_ სახელმწიფო სამსახურიდან ჩემი წამოსვლის მეორე დღეს იმართებოდა „ლომისობა“ და ჩემს მეგობრებთან ერთად ამ დიდი დღესასწაულის აღსანიშნავად წავედით, ეს დღე აღინიშნება ადგილობრივი ლუდით. სწორედ მაშინ გაგვიჩნდა იდეა, რომ პატარა წარმოება გაგვეკეთებინა, სადაც მთის ლუდს ვაწარმოებდით. „ლომისობიდან“ დაბრუნებულებმა დავაარსეთ კომპანია, ოთხი საარაყე ქვაბი დავდგით და დავიწყეთ ჩვენი პროდუქციის წარმოება. თან ლუდს ვხარშავდით და თან, მის რეალიზაციას ვეწეოდით. დღეში 100 ბოთლს რომ გავყიდიდით, ჩვენთვის ბედნიერება იყო. 24-საათიან რეჟიმში გვიწევდა შრომა და პარალელურად, ვიბრძოდით განუკითხაობის წინააღმდეგ. ამ წლებში ჩვენ ფინანსური წარმატებისთვის არ მიგვიღწევია...

როგორც კი სახელმწიფომ დაიწყო ჩამოყალიბება, დაძაბულობამ იმატა, როგორც ძლიერდებოდა ხელისუფლება, ჩვენს მიმართ იზრდებოდა წნეხი და უფრო დიდ დაპირისპირებაში მოვდიოდით ხელისუფლებასთან. რატომღაც ვერ წარმოედგინათ, რომ ახალგორის რაიონში, ქსნის ნაპირზე ახალგაზრდა ბიჭები პატარა წარმოებას აკეთებდნენ. ის ბრალდებები, რაც მე წამიყენეს 2013 წელს, კერძოდ, კონკრეტული კომპანიის მფარველობა, ფულის გათეთრება და ქრთამის აღება, ეს არის ის, რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვებრძოდი და რისთვისაც 1999 წელს თავიდან ბოლომდე გამინადგურეს ბიზნესი. იმ დროს, 20 ათას დოლარს გვთხოვდნენ სახელმწიფო მოხელეები, რაზედაც შეგნებულად უარი ვთქვი და ამას ჩვენი წარმოების დახურვა და მთლიანად გაჩანაგება მოჰყვა. ამიტომაც, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ამერიკაში წასვლა. აეროპორტში ჩვენ წასვლას აღვნიშნავდით, დავლიეთ, შევზარხოშდი და აი, მაშინ, ძალიან გავბრაზდი. ვიფიქრე, რატომ, რისი გულისთვის უნდა დავტოვო ჩემი ქვეყანა, სად უნდა გადავიხვეწო და აეროპორტიდან მოვტრიალდით. მეორე დილას მე თვითონაც გავოცდი, როცა ისევ საქართველოში გამეღვიძა. უფრო დიდი ენერგიით, ახლიდან დავიწყეთ ბიზნესი. მაშინ, ერთ-ერთმა ბანკმა გაგვიმართა ხელი, 50 ათასი დოლარი კრედიტი მოგვცა. ნულიდან დავიწყეთ ქარხნის ამუშავება. 2002 წელს ხელისუფლების მხრიდან ხელახალი შემოტევა განხორციელდა, ამ პერიოდში საქართველოს ბაზრის 22%-ზე ავედით. 2003 წელს უკვე დავიწყეთ ნატახტრის ქარხნის მშენებლობა...

_ ამ დროს შეიცვალა ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ფინანსურად ძლიერდებით...


_ როგორ ვძლიერდები, მაშინ, როცა 2004 წლის დასაწყისში ყველა კომპანიაში შევიდა საგადასახადო. დაახლოებით ერთი წლის მანძილზე მიდიოდა ჩვენი საქმეების შესწავლა. როგორც ახლა, მაშინაც იგივე პროცესი იყო, გვაბრალებდნენ, თითქოს შევარდნაძის ხელდასმული ბიზნესმენები ვიყავით, არადა, ყველაფერი პირიქით იყო. ხელახლა წამოვიდა ჩვენს თავზე შავი ღრუბელი და ისევ გაგვიჩერეს ყველაფერი. როცა გაერკვნენ, რომ ჩვენი შრომით ვქმნიდით ყველაფერს, 2005 წლის თებერვალში მოგვეცა საშუალება გაგვაგრძელებინა საქმიანობა და „ნატახტრის“ მშენებლობა განვაახლეთ. განვაახლე და დაახლოებით 9 თვეში დავასრულეთ. საკმაოდ წარმატებული პროექტი გამოვიდა და 2007 წელს, როდესაც დაპირისპირება მოხდა ირაკლი ოქრუაშვილსა და მაშინდელ ხელისუფლებას შორის, კვლავ პრობლემების წინაშე აღმოვჩნდი. ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ვიმყოფებოდი ორფოლოში და ვნახე, როგორ ვარჯიშობდა სპეცრაზმი. მე თვითონ თავის დროზე სპეცდანიშნულების რაზმში ვმსახურობდი და ვიცი რას ნიშნავს იყო ქვეყნის სადარაჯოზე. ორფოლოში ბიჭებს მანქანით ლიმონათს ვუგზავნიდი, ეს საბუთები ვიღაცა არამზადამ ნახა და კუდი მოაბეს, ვითომ ჩვენ ირაკლი ოქრუაშვილთან ვიყავით შეკრულები. ასე დაიწყო ხელახალი შემოტევა, ეს არ იკმარეს და მოგვიქსიეს შალვა ნათელაშვილი. დილა-საღამოს მიტინგებს გვიმართავდა, უკვე იძულებული გავხდით გვეფიქრა ამ ბიზნესიდან გასვლაზე. გარდა ამისა, პრობლემა გახლდათ ის, რომ საქართველოს ბანკის მიერ შემოყვანილი ინვესტორი ყიდულობდა „ყაზბეგის“ ქარხანას, ჩვენ გვქონდა საკმაოდ სოლიდური კრედიტები, ვფიქრობდით, რომ ერთი მხრიდან გვიტევენ და მეორე მხრიდან შემოდის საკმაოდ ძლიერი ფინანსური მოთამაშე, რის გამოც ძალიან გაგვიჭირდებოდა და ამიტომ, აქტიური ტემპით გავყიდეთ „ნატახტარი“. ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, საკმაოდ არახელსაყრელი პირობებით გაიყიდა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეც ხდება.

_ 2012 წლიდან კვლავ ახალი შემოტევის სამიზნე გახდით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასე სუფთად გამოხვიდოდით. ვინ გმფარველობდათ?

_ 2012 წლის შემოდგომიდან ძალიან ბევრი პროცესი დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ, ყველა ჩვენი ქონება დაყადაღდა, რაც კი გაგვაჩნდა, მაგრამ ვერ გამახსენებთ ერთ დღეს, როცა მე ან ჩემი ჯგუფის რომელიმე წევრი გაჩუმებული ვყოფილიყავით. ძალიან ბევრ რამეში გვდებდნენ ბრალს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვაგრძელებდით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას. დავამუშავეთ რამდენიმე ახალი პროექტი, რამდენიმეს _ ხორცი შევასხით, რამდენიმე პროექტი დასრულებულია და ოქტომბრის დასაწყისიდან საქართველოს მოსახლეობა მიიღებს ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტს ნატურალური წვენების სახით, რომელიც „ზედაზენის“ ქარხნის ტერიტორიაზე შეიქმნა. ამავე პერიოდში ჩვენ დავიწყეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში, სენაკში კლინკერის და ცემენტის ქარხანა აშენდება, რომელიც ექსპორტზეა გათვლილი.

_ სწორედ კლინკერის და ცემენტის ქარხანაზეა ერთი ამბავი ატეხილი და გარემოს დაბინძურებაში გადანაშაულებენ...

_ ეს არის შავი პიარი, ამას აკეთებს ის ხალხი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება არ სურს. 120-მილიონიანი პროექტია, ეს იქნება ულტრათანამედროვე საჩვენებელი ქარხანა, არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ, ევროპის მასშტაბით. სამშენებლო ტერიტორია 20 ჰექტარზე მეტს მოიცავს, მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანა წლიურად 900 ათას ტონა კლინკერის ცემენტს და 1,5 მილიონ ტონა მაღალი ხარისხის ცემენტს გამოუშვებს. დასაქმდება 500-მდე ადგილობრივი მუშახელი, ზედმიწევნით დაცული იქნება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნა. პროექტი დაეყრდნობა მაღალი ეფექტიანობის უსაფრთხოების გარემოს დაცვის ნარჩენების გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების პრინციპებს. დამონტაჟდება ხმაურის ჩამხშობი დანადგარები, რაც უზრუნველყოფს ხმაურის მინიმალურ დონეს და მოსახლეობას მაქსიმალურად დაიცავს საწარმოო ხმაურისგან.

_ კი მაგრამ, სულ ახლახან, პასპორტი ჩამორთმეული გქონდათ, ბიზნესი დაყადაღებული და როგორ მოახერხეთ 120-მილიონიანი ინვესტიციის შემოტანა?

_ დიახ, იყო პერიოდი, როცა პასპორტი ჩამორთმეული მქონდა და ქვეყნის დატოვების უფლება არ გამაჩნდა, ვერ მივდიოდი უცხოეთში მოლაპარაკებებზე და უცხოელი პარტნიორები ჩამოდიონენ, აქ ფორმდებოდა ხელშეკრულებები, აი, მაშინ, გერმანელებმა გვანდეს 12 მილიონი ევროს მოწყობილობა-დანადგარები „ზედაზენის“ ლუდის ბიზნესის გასაძლიერებლად. მათ ჩვენ ვერ წარვუდგინეთ საბანკო გარანტიები, რადგან არცერთი ბანკი არ გვაძლევდა, თან ეს იყო უმსხვილესი კომპანია „კაჰაესის“ სახით, რომელმაც სერიოზული მხარდაჭერა აღმოგვიჩინა მაშინ. ამას დაწვრილებით იმიტომ გიყვებით, რომ ის წინა პერიოდი, 2002 წლიდან 2007 წლის ჩათვლით, გითხარით რა წნეხის ქვეშ ვიყავი და არანაკლებ წნეხის ქვეშ აღმოვჩნდით მე და ჩემი ჯგუფი ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ არ დავნებებულვარ წინააღმდეგობებს, თუ ჩვენ არ გავაკეთებთ, ჩვენს მაგივრად ამ ქვეყანაში არავინ მოვა და არავინ არაფერს აგვიშენებს, 2007 წელს გავყიდეთ კომპანია და მიუხედავად იმისა მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, ეს თანხა ახალი კომპანიების შექმნაში ჩავდეთ. შეგვეძლო სხვებივით გვეყიდა თბილისის ცენტრალურ უბნებში კომერციული ფართები, დავმსხდარიყავით წყნარად და ორჯერ მეტი შემოსავალი გვექნებოდა, ვერც ვერავინ გაიგებდა, თუ ვინ იდგა ამ ქონების მიღმა, მაგრამ ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი წარმატებული კომპანიები, დავასაქმოთ ხალხი, გავხსენი „ბარამბო“, „მიქსორი“, „ბერტა“, „ინტერპლასტი“, რკინა-ბეტონის, შპალის ქარხანა, „ზედაზენი“, მთლიანობაში ძალიან ბევრი წარმოება გვაქვს შექმნილი და არცერთ ეტაპზე დალხენილი არ ვყოფილვარ, მუდამ ვიყავით გარკვეული წნეხის ქვეშ. იცით, როგორ ფორსმაჟორში გვიწევდა მუშაობა? წარმოიდგინეთ, ადამიანი, როდესაც ომში მიდის იცის ან უნდა მოკვდეს, ან გადარჩეს. დაახლოებით, ამ რეჟიმში ვიყავით. ასეა ცხოვრება, როცა ქმნი რაღაცას, მზად უნდა იყო, ამ პროცესში ან „მოკვდები“, ან გადარჩები. ჩემი ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა და ჩვეულებრივ ომში ვიმყოფები.

_ ვინ გფარველობდათ სააკაშვილის რეჟიმის დროს და ვინ არის თქვენი ახალი მფარველი?

_ ჩემი მფარველი არასდროს არავინ ყოფილა, ერთი რამ უნდა იცოდეთ. ვინც მიცნობს, ყველა გეტყვით, რომ ვცდილობ ადამიანებს გვერდით დავუდგე და რას მიქვია მფარველობა? განა რა უნდა გაეკეთებინათ ჩემთვის, რითი დამიფარეს? რითი შემიწყეს ხელი?

_ მეტი რაღა უნდა გაეკეთებინათ ბიზნესის საკეთებლად კარტ-ბლანში მოგცეს, როცა თქვენ ბიზნესს აკეთებდით, თქვენს კოლეგებს იჭერდნენ, ფულს ახევდნენ, მათ ქონებებს ნოტარიუსით იფორმებდნენ.

_ მომისმინეთ ჩემო კარგო... იცით, რას გეტყვით. ჩვენ არ ვიყავით ვიღაც ბიზნესმენები, ვინც მაქინაციაში იყვნენ გარეულები. ჩვენ გავდივართ იმ ბიზნესმენების კატეგორიაში, ვინც სუფთად აწარმოებს ბიზნესს. რას მიქვია არ დაგვიჭირეს, არ გაგვანადგურეს, აქამდე რაც მოგიყევით, ნაკლები პრობლემები შეგვიქმნეს? განა ეს საკმარისი არ იყო?!.. თუ მასეა, მაშინ ჩამოგითვლით 200-300 ბიზნესმენს, რომელიც არ დაუჭერიათ. ეს ბანკები, რომლებიც არსებობს, ვის დროს არის შექმნილი? რომელი იყო დაჭერილი მსხვილი ბიზნესიდან, ან რატომ უნდა დაეჭირათ? ჩვენ არავისგან არაფერი წაგვიღია, ვქმნიდით ახალ წარმოებას. მეტი შეზღუდვა რაღა გინდათ, როცა „ბარამბოს“ წარმოება შევქმენით და ამხელა ინვესტიცია განვახორციელეთ, კანფეტები რუსეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან შემოგვდიოდა 18%-ში ბაჟდებოდა და ჩვენ, რომ შაქარი ნედლეულის სახით შემოგვეტანა, 35%-ში ვაბაჟებდით და დღეს იმის თქმა, რომ არ გვეხებოდნენ, სწორი არ არის. მაშინ, მოდით, ასე ვთქვათ, ჩვენზე მეტად ვის შეეხნენ? როცა ამბობთ ხელს გიწყობდნენო, რაში გვიწყობდნენ ხელს? პროექტები დაგვიმუშავეს, ფინანსები გამოგვიყვეს, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა მიგვაღებინეს და მოგვაგებინეს, თუ რა?!.. რასაც ლაპარაკობენ, ეს არის მითები და სხვა არაფერი. აუჩემებიათ შპალის ქარხანა ჩოჩელმა იაფად ჩაიგდო ხელშიო. რეალურად, შპალის ქარხანა იმაზე ბევრად ძვირად ვიყიდე, ვიდრე მისი რეალური ღირებულება იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიდიოდა, როდესაც შპალის ქარხნის შეფასება გააკეთეს, 2013 წელში დასკვნა დადეს, რომ 1999 წელს შეძენილი დანადგარი, რომელშიც რკინიგზას გადახდილი ჰქონდა მილიონი დოლარი, 2013 წელში, ანუ 14 წლის შემდეგ ეს დანადგარი ააფასეს 5 მილიონად. ვერ გავიგე კონიაკი იყო, ანტიკვარი, რომ სიძველის გამო აფასებულიყო, აი, ასეთ გაუგებრობებთან გვაქვს საქმე. მინდა ეს მითქმა-მოთქმები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს.

_ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამოჩნდით, მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კანდიდატი ხართ, უბრალოდ, ამის გაკეთება „ოცნებამ“ ვერ გაბედა, რადგან თქვენი სახელი „ნაცმოძრაობას“ და მათ ლიდერებთან მეგობრობას უკავშირდება.

_ პრესაში იბეჭდება, რომ ივანიშვილის ხელშეწყობით ხვდება ჩოჩელი კვირიკაშვილსო, თქვენ ხომ ნახეთ რა პირობებში მოვდიოდი 2012 წლამდე და მას შემდეგ სულ ბრძოლებში ვარ. ახლა გეკითხებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში ამხელა მასშტაბის პროექტი არ განხორციელება საქართველოში, 120 მილიონი დოლარი იდება, ეს იმ დროს, როცა პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ყველაფერს აკეთებენ დამწყებ და საშუალო ბიზნესებს შეხვდნენ, უცხოეთში დადიან რამენაირად ინვესტიცია მოიზიდონ და როცა მე, ამხელა ძალისხმევით ქვეყანაში შემომაქვს 120-მილიონიანი უცხოური ინვესტიცია და ქართული ინვესტიცია არცერთი თეთრი არ არის, ვსვამ კითხვას, _ რა, პრემიერ-მინისტრი კარგად არ უნდა შემხვედროდა?!..

_ ბატონო ცეზარ, ვიცი ხალხი, ვისაც სურს საქართველოში მრავალმილიონიანი ინვესტიციის განხორციელება, მაგრამ პრემიერამდე ვერ მიდიან, რადგან დიდი ბარიკადებია.

_ ეს არის დემაგოგია, რომელიც გათვლილია ხალხზე გათვლილი ხალხისთვის. სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ დადიან, რამენაირად ინვესტორები დააინტერესონ. ვიდრე გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო, წვრილ და საშუალო ბიზნესმენებთან ისევე ჰქონდა შეხვედრები, როგორც მსხვილ ბიზნესმენებთან. ასე რომ, სიცრუეა, ვითომ ვიღაცას უნდა ინვესტიციის განხორციელება და მთავრობის წევრები არ ხვდებიან. ამას გარდა, როცა ჩვენ ჯგუფს დასაქმებული ჰყავს 5000-ზე მეტი ადამიანი და ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხები შეგვაქვს, არ ვიმსახურებთ რომ თუნდაც ერთხელ შეგვხვდეს სახელმწიფოს მეთაური ან ეკონომიკის მინისტრი?!..

_ მაინც ვერ გავიგე, ის ქარიშხალი და ცეცხლი, რაც თქვენ გარშემო ტრიალებდა როგორ ჩააქრეთ. 200 ათასი ლარი გირაოს ფული, გადაგახდევინეს, ქონება დაგიყადაღეს, მძიმე ბრალდებები აგკიდეს, მაგრამ გამართლდით, როგორ?

_ დიახ, გავმართლდი და გირაოს თანხაც დამიბრუნეს. გაინტერესებთ, ეს ცეცხლი და ქარიშხალი როგორ ჩავაქრე? როგორ და, ყველაფერი იყო შეთითხნილი, როდესაც ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი იყო ხელისუფლებაში, ამოიღეთ ჩემი ინტერვიუები და ნახეთ, რომ ვამბობდი¬ _ როცა ივანიშვილი სიმართლეს გაიგებს, ყველა ის თავი დაგორდება, რომელიც ამ სიბინძურეში იყო გარეული. სიმართლე გაირკვა და ყველა ის ადამიანი დაგორებულია და საბედნიეროდ, არცერთი მათგანი, ვინც პარაზიტობდა თანამდებობებზე აღარ არის. საქმეც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. პირადად ივანიშვილს არ შევხვედრივარ, ჩვენ ვაქტიურობდით მედიით, სოციალურ ქსელებში და ვამტკიცებდით ჩვენ სიმართლეს. მინდა გითხრათ, რომ ამ პროცესების სამართლიანად დასრულებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ბიზნესომბუდსმენმა გახარიამ, არ მეგულება მეორე ადამიანი, რომელიც ასე ენერგიით იქნებოდა აღჭურვილი სხვა ადამიანის დასაცავად. ძალიან პოზიტიური როლი ითამაშ გიორგი კვირიკაშვილმა, როცა ეკონომიკის მინისტრი იყო, დღეს უკვე დიდ დახმარებას გვიწევს ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი, მთავრობაში ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც რეალურად აფასებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიმართულებას, ყველამ კარგად იცოდა, რომ ასეთი მდგომარეობით მარტო ჩვენი ჯგუფი კი არ დაზარალდებოდა, არამედ ზოგადად, ქვეყნის საინვესტიციო გარემო. ამიტომაც, ჩვენი ჯგუფის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ლოგიკური დასასრული ჰქონდა. ჩვენ ამ ბრძოლებში დავკარგეთ ინვესტიციები, ბიუჯეტმა დაკარგა ფული, ის ხალხი, ვინც ეს პროცესები წამოიწყო, არიან ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნენი. ქვეყანას მათ დააკარგინეს ბევრი სამუშაო ადგილი, ბიუჯეტს კი ფული. გული მწყდება, რომ ამ პერიოდში მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი, თუმცა სირთულეების მიუხედავად, ჩვენ მაინც მაქსიმალური გავაკეთეთ. რას იზამთ, მარტივად არაფერი მოდის. ადამიანი ბრძოლაში ფარ-ხმალს არ უნდა ყრიდე და ყოველთვის უნდა ფიქრობდე, რომ შენს უკან დგას ოჯახი. ამ შემთხვევაში, ჩვენს უკან ბევრი ოჯახი იდგა და არ გვქონდა მორალური უფლება არ გვებრძოლა ამ ოჯახების და წარმოების გადასარჩენად. მოდით, ალალად ვთქვათ, ეს კომპანიები რომ გაჩერებულიყო, აქ დასაქმებული ხალხი სად უნდა წასულიყო? რა პასუხი უნდა გაეცათ მათთვის, ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანებისთვის. განსაკუთრებულად გვიყვთარს ჩვენი ქვეყანა და ამიტომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ჩვენ კიდევ შევქმნით ძლიერ წარმოებებს, არ გავჩერდებით. თუ დღეს მომხმარებელი ქვეყანა ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ დავაბალანსოთ ექსპორტ-იმპორტი.

_ გაჩნდა ეჭვი, რომ თქვენ „ქართული ოცნების“ ფარული კანდიდატი ხართ მცხეთის საარჩევნო ოლქში. თქვენ გარშემო მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს დიმიტრი ხუნდაძეს ადგილობრივ თვითმმართველობაც კი აუჯანყდა. რა ხდება? ამდენი ხმა იყიდეთ?

_ არა გენაცვალე, ადგილობრივი ხელისუფლება ხუნდაძის მხარესაა, საკრებულოს თავმჯდომარე მისი ოჯახის წევრია. გამგებლები სამეგობრო წრიდან ჰყავს შერჩეული, თითოეული ადამიანის სამსახურში მოწყობა მასთან თანხმდება, იქმნება დამატებითი, უაზრო სამსახურები. მაგალითად, სპორტის განყოფილებაში დაამატეს შტატები და თან, მოიყვანეს ხალხი, ვისაც სპორტთან კი არა აქვს შეხება, არამედ, ჩქარი ნაბიჯითაც კი არასდროს უვლია. ამ დროს, ჩვენ გვაქვს სპორტული დარბაზები, სადაც ფინანსური კრიზისის გამო გათბობასაც ვერ რთავენ, რომ ბავშვებმა ივარჯიშონ. რაც შეეხება ჩემ მხარდამჭერას, ესენი არიან დეპუტატები, რომლებმაც ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მოქმედ დეპუტატთან, რომ მას ხალხის საკეთილდღეოდ ემოღვაწევა. მთელი ამ ხნის განმავლობაში დაკავებულია ადგილობრივ ხელისუფლებასთან, თანამდებობის გადანაწილებით, „კლიაოზნიკობით“, ცილისწამებით, შუღლის ჩათესვით, იმის მაგივრად, რომ გავერთიანდეთ ყველა ერთად დავდგეთ, რომ ჩვენს რაიონს რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოვუტანოთ, ხალხმა მეტი სარგებელი ნახოს, ხდება პირიქით, ხალხი ერთმანეთთან დააპირისპირეს. როდესაც თითქმის ყველა თემი გიპირისპირდება, უნდა დაფიქრდე, რომ პრობლემა შენშია. ახლა ქუჩაში რომ გაიაროთ, ხუნდაძე ბელმონდო გეგონებათ, ქუჩებში სულ მისი პლაკატებია გამოჭიმული, რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. სარეკლამო დროს ხუნდაძეს უთმობენ, ამომრჩეველთან შეხვედრებზე მინისტრებს დაჰყავს ხელჩაკიდებული, რა გამოდის, ადგილობრივი ხელისუფლება მისია, მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებენ. მაინცდამაინც ხელახლა უნდა დამიჭირონ, ან ქარხანა დამიკეტონ, რომ მაშინ აღიაროს ხუნდაძე, რომ ხელისუფლება მას უჭერს მხარს? ხანდახან მგონია არჩევნები მხოლოდ მცხეთაში მიმდინარეობს, იმხელა აჟიოტაჟია ატეხილი. ვითომ რაღაც ჭორებს ვავრცელებ, თითქოს მე ვარ ხელისუფლების კანდიდატი. ეს ხომ სისულელეა? ასეც რომ ყოფილიყო, წამგებიან პოზიციაში ვიქნებოდი, იმიტომ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანებულია ჩემს გარშემო, მათ შორის ის ხალხიც, ვინც ადგილზე პარტია „ოცნებას“ უჭერს მხარს. რა გავაკეთო, კარდაკარ ვიარო და ვამტკიცო, რომ ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი კანდიდატი არ ვარ?!.. თვითონ ადამიანებმა შეაფასეს ჩემი სამწლიანი მოღვაწეობა, ასევე შეაფასეს დიმიტრი ხუნდაძის მოღვაწეობა, მინდა გითხრათ, რომ ჩემი მოღვაწეობის დროს გაცილებით ნაკლები მხარდაჭერა მქონდა ცენტრალური ხელისუფლებიდან, ვიდრე დღევანდელ ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს, ეს იქნება პროექტების თვალსაზრისით თუ გნებავთ, სხვა მიმართულებით. დღესაც დაეშროთ ჭაობები, ვინ უშლიდათ ხელს. გაერემონტებინათ სახლები, რესტავრაცია გაეკეთებინათ უბნებისთვის, მცხეთაში ჩვენ დავტოვეთ ორი სტრატეგიული პროექტი, ეს იყო მცხეთის საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობა და კოლექტორი და ძველი მცხეთაში გადმოსასვლელი მაგისტრალი, ხიდი, რომლის დაფინანსებაც მოძებნილი იყო. ფული იდო, ეს მსოფლიო ბანკის პროექტია, რომელიც დაიკარგა ადგილობრივი ხელისუფლების უგუნური დამოკიდებულების გამო. მათივე უგუნურების გამო მოსახლეობას წყალი გაუძვირდა, თითქმის 100%-ით, გაჩერდა მცხეთის რეაბილიტაცია. ცენტრალური ხელისუფლება კი ყველანაირად იყო მოწადინებული, რომ 4 წლის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელებულიყო ადგილებზე, კონკრეტულად მცხეთის რაიონში, მაგრამ აბა, მანახეთ, რა გაკეთდა. ვერ მანახებთ, რადგან არაფერი გაკეთებულა.

_ გამარჯვების შემთხვევაში რომელ პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებთ?

_ ვითანამშრომლებ ყველა იმ ადამიანთან, ვინც მცხეთის და მცხეთელების ინტერესების დაცვაში დამეხმარება. ჩემი მიზანია ყველა ის დაგეგმილი პროექტი განხორციელდეს. არ უნდა დარჩეს სოფელი, სადაც არ გვექნება წყალი, გზები, განათება, საბავშვო ბაღები, გარემონტებული სკოლები, ეს პრობლემები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს. მაქსიმალურად უნდა ვიმუშაო საერთაშორისო ფონდებთან, ინვესტორებთან, რომლებიც შექმნიან რეგიონში მეტი წარმატების გარანტიას, უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ახალგაზრდებს, ხელი შევუწყოთ რაიონში დამწყებ ბიზნესმენებს, რაც შეიძლება მეტი დასაქმებული უნდა გვყავდეს და ნაკლები, სოციალურად დაუცველი.

_ თქვენ უკვე იყავით მაჟორიტარი დეპუტატი, იყავით ხელისუფლების წევრი, პარლამენტის გარეთ უფრო პროდუქტიული ხართ, როგორც ბიზნესმენი და გამაგებინეთ, რაღა გინდათ. შექმენით საწარმოები, დაასაქმეთ ხალხი, ეს ხომ თქვენთვის ზედმეტი ნერვების შლა იქნება, წამოგაძახებენ, რომ იყავით „ნაცისტური რეჟიმის“ ბიზნესმენი, არ გამოთქვამდით პროტესტს, როცა ისინი ხალხს ხოცავდნენ, იჭერდნენ, აუპატიურებდნენ...

_ ამას მე ვერავინ წამოაძახებს, როდესაც ზოგიერთები ჩირგვებში ისხდნენ, ზუსტად მაშინ, ყოფილი ხელისუფლების წევრებთან მქონდა მძიმე საუბრები იმ პრობლემებზე, რაც არსებობდა. ქვეყნის პირველ პირთან პირადად რამდენჯერმე ვარ შეხვედრილი პროექტებთან დაკავშირებით და მასთან ასეთი საუბარი არ მქონია, მაგრამ დანარჩენებთან, გეუბნებით, რომ მძიმე საუბარი მქონდა. მაგრამ მე არც მოსამართლე ვიყავი და არც პროკურორი, რისი გაკეთებაც შემეძლო, ვაკეთებდი. ბევრი ხმის ამოღებას რომ ვერ ბედავდა, მე ხმალამოღებული ვიბრძოდი იმისთვის, რომ ბევრი ადამიანი დაგამერჩინა ზედმეტი გართულებებისა და წნეხისგან. რადგან არ მიყვარს ამ საკითხზე ლაპარაკი, მაგრამ თქვენ გეტყვით, რომ მარტო მცხეთა-მთიანეთში 382 ადამიანისთვის გვაქვს მე და ჩემს მეგობრებს პირადი ფული გადახდილი საპროცესებში. ერთი ადამიანი მაინც მაჩვენე, ვინც ჩემამდე მოვიდა და მისი პრობლემა გულთან ახლოს არ მივიტანე. ჩემი რეგიონისთვის იმაზე მეტი მაქვს გაკეთებული, ვიდრე ყველას ერთად აღებული ვინც დღეს ჩვენ გვლანძღავს. მაგალითად თიანეთის რაიონი ავიღოთ, რაიონს არ ჰქონდა წყალი, გაზი, გზა, არცერთი სკოლა არ იყო გარემონტებული, არ ჰქონდათ კულტურის სახლი, არ იყო სპორტული დარბაზები, დღეს ეს ყველაფერი მათ აქვთ. ბიუჯეტს არ ჰქონდა ამდენი საშუალება და პირადად ჩემი და ჩემი მეგობრების ფული დაიხარჯა სპორტული დარბაზების და კულტურის სახლის გარემონტებაში და ინვენტარით აღჭურვაში.

_ აგვისტოს ომის დროს, როცა წითელ ხიდთან იდგა და ხელისუფლება გარბოდა, თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც ბოლომდე მშვიდობიანი მოსახლეობის გვერდით იდგა და მათ გადმოყვანას უზრუნველყოფდით. თქვენ სახელთანაა დაკავშირებული ახალგორიდან დევნილი 2800 ოჯახის დაბინავება. ისე კი ერთს გეტყვით, თქვენ შესახებ იმდენი ცუდი რამ იწერებოდა, რეკორდი გაქვთ მოხსნილი...

_ მიჩვეული ვარ, თუ ჩემი ხალხისთვის სიკეთე არ გავაკეთე, რად მინდა ასეთი სიცოცხლე. აგვისტოს ომზე, ბევრს არ ვილაპარაკებ, რამდენიმე ხნით ადრე ვხვდებოდი, რომ ომი გარდაუვალი იქნებოდა, რადგან ხშირად გადავდიოდი ე.წ. წინაგრის ზონა სამხრეთ ოსეთის მხარეს და ვგრძნობდი საომარ განწყობას. ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია, ამ ხალხს მიხედვა და პატრონობა სჭირდებოდა, ჩემი ამოცანა იყო, ახალგორელები არ უნდა დაქსაქსულიყვნენ, მაქსიმალურად კომპაქტურად უნდა ჩასახლებულიყვნენ და ნათესავებს ერთმანეთი არ უნდა დაეკარგათ. როგორ წარმოგიდგენიათ, სამ თვეში 2800 ოჯახის დაბინავება, ეს მარტივი საქმე არ იყო. ჩვენ წეროვანში შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ, რომ ამ ხალხს ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონოდათ. პირადად მე ვუკეთებდი ორგანიზებას წეროვანში გზის და სხვა კომუნიკაციის საშუალებების გაყვანას, 2800 სახლის მშენებლობას, ავად თუ კარგად, მე და ჩემმა მეგობრებმა ეს გავაკეთეთ. ახლა კი, იცით რატომ მინდა დეპუტატობა? მინდა ვაჩვენო მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს მაჟორიტარი დეპუტატი, რას უნდა აკეთებდეს და როგორ უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ყველა ის დაწყებული გეგმა ბოლომდე უნდა მივიყვანო, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ვაპირებ პარლამენტში რამდენიმე მიმართულებით მუშაობას, პირველი _ მცხეთის რაიონი უნდა ვაქციოთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ ცენტრად, მეორე _ მცხეთის რაიონს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მოსახლეობის მაქსიმალური დასაქმება მოხდეს, სწორი განვითარებულის შემთხვევაში, მცხეთის მოსახლეობას ექნება საშუალება, ქალაქიდან გაუსვლელად, ადგილზე გამოიმუშაოს 1000 და 3000 ლარი, ამის პერსპექტივა არსებობს. მოდით, გავიაროთ რეკონსტრუირებული უბნებში და ხალხს ვკითხოთ, რა შემოსავალი აქვთ იქ მცხოვრებ ადამიანებს. სხვათა შორის დაახლოებით 35 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს, სვეტიცხოვლის გალავნის გარეთ რაც არის, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. სწორედ ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვქონდა პროექტი, რომელსაც მთლიანად მცხეთა უნდა მოეცვა და მომხდარიყო რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. ეს არის აუცილებელი, რომ გავზარდოთ ტურისტული ნაკადი, მოვიზიდოთ ინვესტიციები, ორი რეაბილიტირებული უბანი ძალიან ცოტაა საიმისოდ, რომ ტურისტებისრაოდენობა გაიზარდოს. არ შეიძლება არჩევნებიდან არჩევნებამდე ხალხი დაპირებებით ვკვებოთ. მათ უნდა მივცეთ იმის რეალური შანსი, რომ 4 წლის მერე უკვე სხვა პრობლემებზე ვისაუბროთ და არა ისევ წყალზე, გაზზე, გზებზე, ინფრასტრუქტურაზე. წილკანი-მცხეთის მონაკვეთზე 12 ქარხანაა აშენებული, ინვესტორების აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი შემოყვანილია. ამდენი სამუშაო ადგილი შევქმენით და ახლა, შევადაროთ სხვა მხარეს, რა გაკეთდა და რამდენი ადამიანი დასაქმდა ბოლო 4 წლის მანძილზე. დღეს სახელმწიფოს აქვს საუკუნის პროექტი, როცა ადამიანს სტარტაპიდან შეუძლია მიიღოს დაფინანსება უფასოდ. არის 10%-იანი, 30%-იანი თანადაფინანსების პროექტები. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ რაიონში ხალხს ხელი, რომ ჩაერთონ პროექტებში. სოფლად მოსახლეობა აზრზე არაა, რა პროექტებს ახორციელებს სახელმწიფო. ზუსტად ერთ-ერთი მიზეზი რატომაც საუბრობენ, რომ ცეზარ ჩოჩელს ხელისუფლებიდან მხარს უჭერენ, არის ის, რომ მე ვლაპარაკობ მათ ნაცვლად, ვისაც ეს ევალება. ადგილობრივ ხელისუფლებას საკოორდინაციო ჯგუფები უნდა შეექმნა, რომელიც მოსახლეობის გათვითცნობიერებაში დაეხმარებოდა. მათ უნდა აეხსნათ, თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის პროექტი და რა სარგებელი შეიძლება ნახოს სოფელმა თუ ქალაქმა, მაგრამ ამაზე არავინ მუშაობს. მინდა გარდატეხა მოვახდინო, შევცვალო ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ, ჩემი მიზანია რაც შეიძლება ნაკლები გაჭირვებული გვყავდეს ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი დოვლათი შეიქმნას. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე. ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ოჯახების საწინდარია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა