ამერიკული რადიოსადგურის "Радио Свобода//Эхо Кавказа"-ს კორესპონდენტმა ვადიმ დუბნოვმა
ინტერვიუ ჩამოართვა ქართველ სოციოლოგ ზურაბ ბიგვავას.
ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
- ზოგიერთი ქართველი ანალიტიკოსი "საკმაოდ უცნაურად" მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" სიაში მხოლოდ პირველი-მეორე ადგილზეა საყოველთაოდ ცნობილი, აღიარებული ადამიანები, ხოლო ყველა დანარჩენი ახალი სახეები არიან. ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" საკადრო დეფიციტს, "საკადრო შიმშილს" განიცდისო. თქვენ როგორ მიგაჩნიათ?
- მე ვერ ვიტყვი, რომ ეს საკადრო დეფიციტითაა გამოწვეული. როგორც ნათქვამია, ეს გემოვნების საქმეა. რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთს სია თურმე "უცნაურად მოეჩვენა", მე მათ გავახსენებ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერს თავის გამოსვლებში არაერთგზის უთქვამს, რომ პარტიის საარჩევნო სიაში იქნებიან ახალგაზრდა, პროფესიული კადრები, რომლებსაც უმაღლესი განათლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აქვთ მიღებული, ანუ ისეთი ადამიანები, რომლებიც უკვე ადაპტირებულნი არიან ქართულ სტრუქტურებში და პრობლემები მათთვის ცნობილია. მე ვფიქრობ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ასეთი სიის წარდგენით ძალიან დიდი და დროული ნაბიჯი გადადგა: მასში ისეთ ადამიანებს ვხედავთ, რომლებსაც ქვეყნის "სწრაფი განვითარების" პროგრამის განხორციელებაში დიდი და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ. მათი სლოგანების თანახმად, ჩვენ უკვე მივაღწიეთ თავისუფლებას, ქვეყანაში უკვე თავისუფალი საზოგადოებაა ჩამოყალიბებული - მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ბიზნესიც გათავისუფლებულია ადმინისტრაციული გავლენისაგან... ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ განვითარებას, რაც საქართველოს მოქალაქეებს კეთილდღეობას მოუტანს.
-ბატონო ზურაბ, არ ვიცი, სწორად გავიგე თუ არა, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა სიის შედგენაში ყველაზე უშუალო და შეიძლება მონოპოლიური მონაწილეობა მიიღო?
- რამდენადაც მე ვიცი ამის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან სიისათვის სამი კანდიდატურა დაასახელა და ამ სამიდანაც მხოლოდ ერთი იქნა მოწონებული. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ყველა გადაწყვეტილებას ის სამეული იღებდა, რომელიც სიის დასაწყისშია წარმოდგენილი. საერთოდ კი, ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტი იყო გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკაში ყველაზე რეალურ ლიდერს წარმოადგენს. [ძირითადად მან შეადგინა] ის სიაც, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა.
- იქნებ ამიხსნათ თქვენ, როგორც პოლიტტექნოლოგმა, რა უნდა გავაკეთო მე, დავუშვათ, [ქართველმა] ამომრჩეველმა, რა უნდა ვიგრძნო, როცა ამ სიას შევხედავ? პირველი ორი გვარი - თავიანთი ნაკლოვანებებითა და ღირსებით - ჩემთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. დანარჩენები მედიურ სახეებს არ წარმოადგენენ, თუ მეათე ადგილზე მყოფ ირინა ფრუიძეს არ ჩავთვლით. აქ არ არიან ის ადამიანები, რომლებსაც მე [ქართველი ამომრჩეველი] ბიზნეს-საქმეებით ან პოლიტიკური საქმიანობით ვიცნობ. რატომ უნდა მივცე ხმა ამ სიას? მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა სხვა პარტიის სია უარესია? რა არგუმენტებია "ქართული ოცნების" სიის სასარგებლოდ?
- არგუმენტები წარმოდგენილი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ამ არგუმენტებზე ადრეც უკვე არაერთხელ თქმულა. დღეს სიის პირველი ათეული თუ უფრო მეტი ადამიანი მაჟორიტარულ სიაშიც შედიან, მათ სახეებს თითქმის ყველა ქართული ტელეარხი აჩვენებს. ასე რომ, მათ ექნებათ საკუთარი თავის წარდგენის შესაძლებლობა, მათ აქვთ თავიანთი ბექგრაუნდი: სად მუშაობდნენ, რით იყვნენ დაკავებულნი, რა შედეგებს მიაღწიეს... და ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ ხალხმა კარგი განათლება მიიღო, მათ აქვთ თავიანთი განსაკუთრებული ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა, პოლიტიკა და საერთოდ, საზოგადოებრივი ცხოვრება.
-ანუ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამ ადამიანების გაცნობა [გაპიარება] მოხდება...
- დიახ, მოხდება ამ ადამიანებისა და პროგრამების გაცნობა-გაპიარება. რაც მთავარია, წარმოდგენილი იქნება მკაფიო გეგმა, რომელშიც არ იქნება რეკლამირებული რაღაც არარეალური მომენტები, ხალხი კი, რომელიც უკვე უფრო კვალიფიცირებული გახდა, გაეცნობა ამ პროგრამებს და თვითონ გაერკვევა იმაში, თუ ვინ რას სთავაზობს ამომრჩეველს. ამჯერად "ქართულმა ოცნებამ" პირველად წარუდგინა მოსახლეობას პროგრამა, რომელიც მაქსიმალურად რეალისტურია და იმავდროულად, მაქსიმალურად არ არის "გაბერილი" რაღაც არარეალური დაპირებებით.
- მინდა თქვენი ოპონენტების შესახებაც გკითხოთ... ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სია წარადგინა აგრეთვე პაატა ბურჭულაძემაც, რომელიც საკმაოდ გამომხატველია... როგორ ანალიზს გააკეთებდით?
- როგორ გითხრათ... პაატა ბურჭულაძის ბლოკი უცნაურად მეჩვენება - სწორედ ასეთი სიტყვით შემიძლია გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება. მათ ჯერ ფონდით დაიწყეს, რაღაც ღონისძიებებს ატარებდნენ, მოსახლეობას ეხმარებოდნენ... მერე ეს ბლოკი იმ ადამიანებს დაუკავშირდა, რომლებიც თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობას" ჩამოშორდნენ, შემდეგ მათთან "ახალი მემარჯვენეებიც" მივიდნენ და ბოლოს, "ნაციონალების" კიდევ ერთი ნამსხვრევი... ასე რომ, ძალიან ბევრი კითხვაა: რა ორიენტაცია აქვს ამ პარტიას, რას გააკეთებენ და ხომ არ გადაიქცევიან ისინი ახალ "ნაციონალურ მოძრაობად"?
http://www.ekhokavkaza.com/a/27978091.html