მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი პოლიტიკაში ბრუნდება.
საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესახებ განცხადება მან უკვე საჯაროდ გააკეთა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩოჩელი სადეპუტატო მანდატისთვის მცხეთის რაიონში დამოუკიდებელ მაჟორიტარად იყრის კენჭს.
როგორც ბიზნესმენი აცხადებს, მას პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება რაიონში არსებულმა პრობლემებმა და შეჩერებულმა პროექტებმა გადააწყვეტინა და ეს არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება მისი ბიზნესის დაცვას, ვინაიდან, როგორც ჩოჩელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, „მის ბიზნესს არაფერი ემუქრება და დასაცავიც არაფერი სჭირს“.
კონკრეტულად რა პროგრამით, რა გეგმებითა და მიზნებით აპირებს ცეზარ ჩოჩელი პოლიტიკაში დაბრუნებას და რა იქნება მისთვის პრიორიტეტი გამარჯვების შემთხვევაში, ამ საკითხებზე საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატთან:
-რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში დაბრუნება, იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი ხართ და ხომ არაა თქვენი დეპუტატობის სურვილის უკან საკუთარი ბიზნესის დაცვის მიზანი?
-დასაწყისშივე მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკაში ჩემი მოსვლის სურვილი განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ მცხეთის რაიონში არსებული პრობლემების მოგვარებითა და იმ უდიდესი რესურსის გამოყენების სურვილით, რაც მცხეთას, თუნდაც, ტურიზმის მიმართულებით გააჩნია.
რაც შეეხება ჩემს ბიზნესს, მას დასაცავი არაფერი სჭირს, ნამდვილად არავინ მავიწროვებს და შესაბამისად, ჩემი გადაწყვეტილება ამ მიზეზით არაა განპირობებული.
ცოტა შორიდან დავიწყებ: 2012 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ჩვენს მიერ განხორციელებულია დაახლოებით 17 მილიონი ევროს ინვესტიცია და ეს მხოლოდ მოზიდული თანხებია. არცერთი თეთრი აქ ქართული კაპიტალი არაა. ძირითადი ნაწილი არის გერმანული ინვესტიცია. ამის გარდა დაანონსებული იყო და ალბათ ყველამ იცის, რომ დაიწყო სენაკში დიდი წარმოების მშენებლობა, სადაც დაახლეობით 100 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. უახლოეს პერიოდში კი ძირითადი სამუშაოებიც დაიწყება.
ჩემი მოტივაცია პოლიტიკაში მოსვლისთვის არის ის, რასაც ამ ბოლო პერიოდში ვხედავ. ძალიან ბევრი ის პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც თავის დროზე მცხეთაში ვაპირებდი, აბსოლუტურად უგულებელყოფილია.
-რას გულისხმობთ პრობლემებში?
-თუნდაც იგივე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, მცხეთის რეკონსტრუქცია და ის დიდი პროექტები, რომლებიც დაწყებული გვქონდა. გუბერნატორად ჩემი მუშაობის პერიოდში რაიონში 9 ახალი საწარმოს გახსნა მოვახერხეთ და თითეულის გახსნის პროცეში დაკავებული ვიყავით ინვესტიციის მოზიდვით. ძალიან ბევრს საუბრობდნენ თითქოს ეს იყო ჩემი კომპანიები, მაგრამ ეს ასე არაა. ის კომპანიები რაც ჩემია, ჩვენც შეგნებულად ავაშენეთ ამ რეგიონში იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ლტოლვილი იყო და დასაქმების პრობლემა იყო მოსახსნელი. დღეს მთელი საქართველო რომ შემოიაროთ ერთ-ერთი ყველაზე მეტად დასაქმებული ეს მხარეა.
ისევ მცხეთას რომ დავუბრუნდეთ - ჩემი მოსვლის დროს დამუშავებული და დამტკიცებული იყო მთელი მცხეთის საკანალიზაციო სისტემის მოწყობის პროექტი გამწმენდი ნაგებობით. უფრო მეტიც, ამისთვის ფულიც გამოყოფილი იყო და ტენდერიც ჩატარებული, რომელიც აღარ გაგრძელდა.
ასევე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კომუნიკაცია, - მაგისტრალური გზიდან პირდაპირი გადასასვლელი ხიდი, რომელიც მცხეთას ჰაერვით სჭირდება.
-რატომ გაჩერდა ეს პროექტები...
ამ შემთხვევაში ძირითად ნაწილში ბრალი ადგილობრივი ხელისუფლების არასწორი დამოკიდებულებისაა. აქ არაფერ შუაში არაა ცენტრალური ხელისუფლება, მათ შორის არც ძველი და არც ახალი. ეს იყო არასწორი და დაუგეგმავი მიდგომა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.
ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც რაიონებს ეყოლებათ მაჟორიტარები და მე ფიქრობ ეს პერიოდი უნდა გამოვიყენო მაქსიმალურად. იმიტომ, რომ ის დარჩენილი პრობლემები, რაც ვერ მოვაგვარე გუბერნატორობის დროს, ისევ ჩავაყენო ძველ კალაპოტში.
-არცერთ პარტიასთან არ იქნებით დაკავშირებული?
-ყველა პარტიას თავისი კანდიდატი ჰყავს. დღეს ბევრს საუბრობენ, რომ მე ვიღაცას პრობლემებს ვუქმნი. მთელი 4 წელი საუბრობდნენ, რომ მე ვიყავი ძალიან ცუდი რეპუტაციის ადამიანი. დღეს, როცა საკმაო დრომ გაიარა, ხალხმა შეაფასა ჩემი 4 წლის წინანდელი ნამოღვაწარი, ხალხი შეაფასებს დღევანდელ ნამოღვაწარსაც და იმ დაპირებებსაც, რომლებსაც ჩემი კონკურენტები გააკეთებენ. მე არცერთი ადამიანის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია. ვიღაცას მიაჩნია, რომ მცხეთა უნდა გავალამაზოთ, ხოლო ვიღაცას მიაჩნია, რომ როგორიც არის ისეთი უნდა დარჩეს. ყველას თავისი შეხედულება აქვს. ვიღაცას მიაჩნია, რომ სოფელში წყალი უნდა იყოს და ვიღაცას მიაჩნია, რომ ხალხმა ის სათლებით უნდა ზიდოს. მე ჩემი პროგრამა მაქვს. მე ჩემი პროგრამით მოვედი.
-რაც შეეხება თქვენს კონკურენტებს?
-თვალი რომ გადაავლოთ, ჩემი ნებისმიერი კონკურენტი ნებისმიერი პარტიიდან, მხოლოდ ჩემზე ლაპარაკობს.
მე მოვდივარ დამოუკიდებლად ჩემი მეგობრებით და ჩემი გაკეთებული საქმით, რისის ეშინიათ?! თუ კარგად აქვთ ნამუშევარი თავის დროზე, მე რატომ ვუქმნი პრობლემას?!
-რა რესურსი და ბერკეტი გააჩნია დეპუტატს, რომ რაიონს, თუნდაც ინფრასტრუქტურული ხასიათის დაპირებები შეუსრულოს? ეს აღმასრულებელი ხელისუფლების რგოლი არაა...
-2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში მე ახალგორის რაიონიდან ვიღებდი მონაწილეობას. მაშინ მაჟორიტარები ცოტა მეტნი იყვნენ და ახალგორი იყო პირველი რაიონი, სადაც მოასფალტებული გზა მივიდა ცენტრამდე, ზუსტად 2007 წლის მარიამობა დღეს. დუშეთში გუბერნატორი რომ გავხდი მცხეთის დიდ ნაწილში ასფალტიც არ იყო.
დღეს კი ძალიან ბევრი დაკავებულია მხოლოდ ბიძაშვილ-მამიდაშვილის და თავისი პირადი საქმით.
-ყოფილმა პრეზიდენტმაც აღნიშნა, ჩავავლებდი ბიზნესმენებს ხელს და ვეუბნებოდი ეს გააკეთეო. იძულების მექანიზმიც მუშაობდა. თქვენ იყავით ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი თუნდაც „ნაციონალების“ დროს. თქვენ იმ პერიოდში ხელისუფლება გაიძულებდათ?
- ყველაზე მეტად არ მიყვარს როცა ამბობენ, რომ „ნაციონალების“ დროს ვიყავი ძალიან წარმატებული ბიზნესმენი. მე მანამდე უკვე ვიყავი წარმატებული ბიზნესმენი. ახალგორში არსებული ქარხნით თბილისის ლუდის ბაზარზე უკვე მქონდა 17-18%. სანამ „ნაციონალები“ მოვიდოდნენ დაწყებული მქონდა ნატახტრის ქარხნის მშენებლობა. მანამდე, ახალგორში დაწყებული მქონდა მშენებლობა და დანადგარებიც შეტანილი მქონდა ღვინის ქარხნის და საკონსერვო გადამამუშავებელი ქარხნისა.
- რამდენად მოიცლით პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთს შეუთავსოთ? და რა არის თქვენი ძირითადი მესიჯი ამომრჩევლის მიმართ?
-ჩემს ყველა კომპანიას ყავს მენეჯერები, რომლებიც მას მართავენ. მე, უბრალოდ რომ ვთქვათ, ვარ იდეების გენერატორი და მათ ვერავინ წამართმევს ვერც პარლამენტში და ვერც ბიზნესში. დღესაც, ყველა ფონდში, ყველა ბანკში ნათქვამი მაქვს - გამზადებულია 5-6 პროექტი, რომელზეც ჯერჯერობით ვერ მოვიძიე ინვესტიცია. მე შემიძლია ეს პროექტები ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ გადავცე. არ მაქვს გართულება, რომ მაინცადამაინც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. სხვამ გააკეთოს. ჩვენ იდეებს მივცემთ.
ზოგადად, ბიზნეს და წარმოების განვითარებაზე საჭიროა საკანონმდებლო მუშაობა. ძალიან კარგია, როდესაც პარლამენტში არის ყველა მიმართულების ადამიანი. საქართველოში თუ ვინმეს უკეთებია წარმოება, მიკეთებია მე. ყველა ის პრობლემა, რომლებიც წარმოების შექმნას, მის გაშვებას უკავშირდება, სხვაზე უკეთესად თუ არა ცუდად არ ვიცი.
რაც შეეხება ჩემს ძირითად მესიჯს, ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის: თითოეული სოფლისთვის და ზოგადად რაიონისთვის პირველ რიგში უნდა შეიქმნას მეტი დასაქმების ადგილი, რაც შეიძლება სწრაფად მოეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა. მე არც ძველ ხელისუფლებას ვეთანხმებოდი, რომ ყველგან ურტყამდნენ წრეს მცხეთის გარდა. მცხეთა არის ქართული სულიერების ცენტრი და აქ შეგვიძლია ბევრად მეტი ვიზიტორი მოვიძიოთ, ვიდრე სხვაგან.
-კონკრეტულად თქვენ რას სთავაზობთ, რა უნდა გაკეთდეს?
-ყველა ის პროექტი, რაც წეღან ჩამოგითვალეთ. თუნდაც ხიდი. ჩვენ გვქონდა ასეთი გადაწყვტილება და პროექტიც არსებობდა ამ ხიდის აშენების.
თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, რომ ზოგადად უცხოელებს ძალიან აინტერესებთ ჩვენი ხელსაქმე. ჩვენ ვაპირებდით, რომ გაკეთებულიყო ძალიან ლამაზი ადგილი, სადაც იქნებოდა დაახლოებით 30 სალონი, სადაც იქნებოდა ფარდაგი, ხალიჩა, ოქრომჭედლობა, თექა და ასე შემდეგ. ამ სალონების უკანა მხარეს მოეწყობოდა პატარა წარმოება თუ როგორ იჭედება მაგალითად ხმალი, როგორ იქსოვება ხალიჩა. უცხოელი როცა მიდის და ყიდულობს, ვერ ხედავს მის უკან რა შრომაა. როცა მათ დავანახებთ იმას, როგორ კეთდება ესა თუ ის პროდუქტი, ეს ტურისტისთვის ძალიან კარგი იქნება.
ამასთან, რაიონში ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერია. მთლიანად რეგიონის მასშტაბით შეიძლება შეიკრას ძალიან კარგი ტურისტული მარშტრუტები. ვფიქრობ, მცხეთაც, მცხეთელებიც და სრულიად საქართველო ღირსია, რომ ეს ყველაფერი მივიღოთ იმ სახით რა სახითაც ვიმსახურებთ.
-თქვენ რამდენად შეძლებთ თუნდაც ამ ხელისუფლებას დაანახოთ ეს საჭიროებები და რამდენად შესაძლებელია იქიდან შემხვედრი წინადადებები წამოვიდეს?
-ინიციატივები უნდა მოდიოდეს ადგილიდან. სანამ მე მოვიდოდი, მცხეთა-მთიანეთმა 2 თუ 3 გუბერნატორი გამოიცვალა. არავის აზრად არ მოსვლია, რომ მცხეთა მისახედი იყო. ეს ინიციატივები ადგილიდან უნდა მოდიოდეს. როდესაც მთელი ქვეყანა გვაქვს ასაშენებელი - აქ ლაპარაკია ვინ უფრო ჭკვიანურად და მალე დააყენებს ამ პრიორიტეტებს და ხელისუფლება უკვე მერე იღებს გადაწყვეტილებას.
აქ არაა ლაპარაკი არც კვირიკაშვილზე და არც ღარიბაშვილზე. ცენტრში ერთი ადამიანი იჯდეს და ხედავდეს მცხეთის პრობლემასაც, ყაზბეგსაც, თიანეთსაც და ხულოსაც, ეს ხომ წარმოუდგენელია.
სწორედ ამიტომაა რეგიონალური მმართველობები. აბა რისთვის ვირჩევთ მაჟორიტარ დეპუტატს თუ მარტო საკანონმდებლო მიმართულებაზე უნდა იმუშაოს და არ უნდა ანაღვლებდეს ის პრობლემები, რომლებიც რაიონშია?
-ხელისუფლებიდან რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ თქვენ ინიციატივებზე, თანამშრომლობაზე წამოიყვანთ ?
-მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც დღესაა თუ ხვალ იქნება, თუკი მისთვის იქნება საღი აზრი მიწოდებული და დავამტკიცებთ, რომ ეს პრიორიტეტია, აუცილებლად იქნება თანამშრომლობა და მხარდაჭერა. აქ არაა საუბარი დეპუტატი ჩოჩელი იქნება თუ სხვა ვინმე. აქ საუბარია იმაზე, იდეა სწორია თუ არა.
რატომ დავაყენეთ თავის დროზე საკითხი, რომ ახალგორის გზა პრიორიტეტი იყო? მე მაშინდელ ხელისუფლებას ვეუბნებოდი, რომ ახალგორი თბილისიდან 56 კილომეტრშია და მოსახლეობას თბილისამდე მგზავრობისთვის 3 საათზე მეტი სჭირდებოდა.
თანაც იქ იყო კონფლიქტის ზონა. თუ გვინდოდა, რომ ოსები ჩვენკენ შემოგვებრუნებინა, მათთვის უნდა დაგვენახვებინა, რომ აქეთ უკვე ვითარდება ქვეყანა.
ჩემი ფულითაც ვაფინანსებდი ბევრ რამეს და რაიმე პირად ინტერსზე არ ვფიქრობდი. ახალგორის გზა თვითონ მოელანდებოდათ, რომ პრიორიტეტი იყო? ვიღაცამ უნდა „იძალადოს“ და ვიღაცამ ეს უნდა დაუმტკიცოს.
-რა ურთიერთობა გაქვთ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მითუმეტეს არის ხმები იქ არსებულ უთანხმოებაზე, მაგალითად საუბრობენ კალაძე-კვირიკაშვილს შორის უთანხმოებაზე..
-რასაც მე ტელევიზიით ვუყურებ, ვხედავ ორ მაღალი თანამდებობის პირს, რომლებსაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ. რაც არ უნდა წერონ და ილაპარაკონ, შიგნით რა ხდება მე არ ვიცი. მე ერთი ვიცი, რომ კვირიკაშვილი გავიცანი 2003 ან 2004 წელს. იმის შემდეგ სულ რამდენიმე პროფესიული შეხვედრა გვქონდა. როდესაც ეკონომიკის მინისტრი გახდა, მივედი და ჩემი პრობლემების შესახებ ვუთხარი.
-თქვენ გქონდათ პრობლემები 2012 წლიდან. როგორ გადაწყდა ისინი?
- სასამართლოების გზით.
- „ქართულ ოცნებას“ რომ შემოეთავაზებინა მაჟორიტარობა დათანხმდებოდით?
-მე მინდოდა პოლიტიკურად დამოუკიდებელი ვყოფილიყავი და ანგარიშვალდებული ვყოფილიყავი ხალხთან. არ მინდა გულმოსული კაცივით გამომივიდეს, რომ არ შემომთავაზეს ასე იმიტომ ამბობსო.... შეიძლებოდა რომ შემოეთავაზებინათ, მაგრამ ჩემი შინაგანი დამოკიდებულება თუ გაინტერესებთ, მე მინდოდა ვყოფილიყავი დამოუკიდებელი, რომ პრობლემატიკაზე მეტი ვიფიქრო, ვიდრე აღებულ პარტიულ ვალდებულებებზე.
თამარ მაჩაიძე