ავსტრიული გამოცემა «Profil»-ი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს ესაუბრა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან ვერსიას თავისუფალი თარგმანით, სადაც მოცემულია მინისტრის თვალსაზრისი ევროპასთან ინტეგრირების, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზებასა და საქართველოს როგორც ევროპა-აზიის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდის შესახებ.
- ბევრ ევროპულ ქვეყანაში შეინიშნება ევროკავშირიდან გასვლის სურვილი, საქართველო კი პირიქით - ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ ისწრაფვის. რატომ?
- საქართველომ თავისი არჩევანი ჯერ კიდევ 25 წლის წინ გააკეთა, როცა ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა. მას შემდეგ ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად ბევრი რეფორმა განვახორციელეთ. გვსურს რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი. საქართველო ევროპას მიეკუთვნება და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის განაპირას მდებარეობს, იმავდროულად ის აზიასთან დამაკავშირებელი ხიდის როლსაც ასრულებს. საქართველო უზრუნველყოფს აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის ევროკავშირში ექსპორტს. გარდა ამისა, „აბრეშუმის დიდი გზის“ აღორძინების პირობებში, საქართველოს შავიზღვისპირა ნავსადგურების და რკინიგზების გამოყენება ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის გააქტიურებას.
- საქართველოს იმედი აქვს, რომ შემოდგომით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი იქნება შემოღებული. ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, ფრთხილობს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმებით ქართველი პოტენციური დამნაშავეების ნაკადი მოიმატებს...
-საქართველო ევროკომისიის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ასე რომ, ორგანიზიბული დამნაშავეობისა და უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით არანაირი რისკები არ არსებობს. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად ითვლება.
- თქვენი ქვეყნის ერთ-ერთ პრობლემად ძველებურად ისევ კორუფცია ითვლება...
- ევროკომისარმა იოჰანეს ხანმა განაცხადა, რომ საქართველომ კორუფციასთან ბრძოლაში უფრო მეტ წარმატებებს მიაღწია, ვიდრე ევროკავშირის წევრმა ზოგიერთმა ქვეყანამო. ამჟამად საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა. ამ მხრივ ჩვენ საბჭოური მემკვიდრეობა აღმოფხვრილია.
- როგორ შეაფასებთ ურთიერთობას რუსეთთან, რომელთანაც საქართველოს 2008 წელს სამხედრო კონფლიქტი ჰქონდა?
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მთელ მსოფლიოშია აღიარებული, რუსეთის ფედერაციისა და კიდევ ორიოდე ქვეყნის გამოკლებით. ჩვენს გვსურს სუვერენიტეტის აღდგენა [რუსეთის მიერ] ოკუპირებულ ნაწილებზეც, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით. რუსეთთან ჩვენ ოფიციალური და არაოფიციალურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგალითად, ვაჭრობის, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და მოქალაქეთა შორის კონტაქტების გაფართოების მიზნით. ჩვენ დაძაბულობის შენელებას ვცდილობთ.
- საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორია, ქართული იუსტიციის მიერ იძებნება. მოითხოვთ მის ექსტრადირებას უკრაინისგან?
- მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა აირჩია, თუმცა ჩვენი სამართალდამცველი ორგანოების მიერ მიღებული ზომები იგივე რჩება.
ესაუბრა ოტმარ ლაჰოდინსკი
http://www.profil.at/shortlist/ausland/mikheil-janelidze-georgien-europaeisches-land-7526795