როგორც ცნობილია, ამ დღეებში, 11-14 აგვისტოს, ლატვიაში, რიგაში „კუბანას“ ცნობილი მუსიკალური
ფესტივალი ჩატარდა. რუსული გაზეთის „კომერსანტის“ კორესპონდენტი ბორის ბარაბანოვი „კუბანას“ სტუმარს, ქართველ მომღერალს ბუბა კიკაბიძეს ესაუბრება.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ მონაწილეობდა ვახტანგ კიკაბიძე რიგის კიდევ ერთ ცნობილ ფესტივალ „ახალ ტალღაში“, ქართველი მომღერალი პასუხობს, რომ იგი „ახალი ტალღის“ მესვეურებს არასდროს მიუწვევიათ: „ალბათ, იგორ კრუტოიმ იცოდა, რომ მაინც არ წავიდოდი... ან იმიტომ, რომ კლასიკოსად არ მთვლიან... მოკლედ, სხვა მიზეზებიც არის“.
კორესპონდენტის შენიშვნაზე, „როგორც ჩანს, თქვენი აკომპანემენტი ანსამბლი მაღალპროფესიული არაა და უფრო რესტორნის დონისას ჰგავს... არადა, იყო დრო, როცა თქვენთან ერთად ჯაზის განთქმული გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი გამოდიოდა ხოლმეო“, ვახტანგ კიკაბიძე პასუხობს: „უკვე 87 წლის ვარ. თემურ ყვითელაშვილს თვითონ მე ვურჩიე, რომ თავის საქმეს მიჰყოლოდა. იგი საერთაშორისო კლასის ძლიერი მუსიკოსია. ჩვენთან იგი ვერაფერს ვერ მიაღწევდა. რაც შეეხება აკომპანემენტ ანსამბლს, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ახალგაზრდა ხომ აღარ ვარ...“.
ქართველი მომღერალი საუბრობს აგრეთვე მემუარების წიგნზე სახელწოდებით „ისინი“, რომელიც, ავტორის ვარაუდით, ალბათ, ზამთრის დასაწყისში გამოიცემა, რუსულ ენაზე და იმედოვნებს, რომ წიგნი ჰიტი [ბესტსელერი] იქნება და სწრაფად გაიყიდება. „ისინი“ ნოველების კრებულია და მათი მიხედვით კინოფილმის გადაღებაც შეიძლება. ნაწარმოების გმირები არიან ქართველი, ლატვიელი, ებრაელი, ინგლისელი, უკრაინელი...“.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს პოლიტიკური ნაწილის ფრაგმენტს:
- თქვენ ახლო ურთიერთობა გქონდათ მიხეილ სააკაშვილთან, როცა იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო. ახლაც აგრძელებთ მასთან ურთიერთობას?
- როცა მე ოდესაში გასტროლები მქონდა, იგი კონცერტს დაესწრო. ოდესაში მიხეილ სააკაშვილი ძალიან უყვართ. როცა იგი ჯერ კიდევ კიევში სწავლობდა, ბალიშის ქვეშ პატარა მაგნიტოფონი ჰქონდა ამოდებული და ჩემს სიმღერებს უსმენდა. მიშა ძალიან განათლებული და მიმზიდველი ბიჭია. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, თუმცა თქვენ თვითონ განსაჯეთ. აი, ასეთ ამბავს მოგიყვებით: მე გონიოში, ბათუმისგან მცირე მოშორებით, თურქეთის საზღვართან, ოროთახიანი ბინა მაქვს. ვზივართ, ტელევიზორს ვუყურებთ. უცებ კარი იღება, შემოდის ვიღაც ავტომატიანი და ამბობს, „თქვენთან პრეზიდენტი მოდისო“. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. ვისხედით და ანეკდოტებს ვყვებოდით. მიშა ერთ სასაცილო ანეკდოტს მოჰყვა ყვავი თამადის თაობაზე: ყვავი თამადობს სუფრაზე. ყველას სადღეგრძელო უკვე დალეულია. თამადა ადგა, ფრთები გაისწორა და ამბობს, „აბა, გავფრინდიო“. მერე ჩაფიქრდა და თქვა, „არა, უკეთესია ფეხით წავიდეო“...
როცა ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი იყო, ქვეყანაში აღმშენებლობა დაიწყო. თუ დღეს საქართველოზე რუსეთში რაიმე კარგს ამბობენ, ეს მიხეილ სააკაშვილის წყალობითაა, მან ქვეყანაში ბევრი რამ გააკეთა. მე, საერთოდ, ასე მესმის: ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის დროს შენ შეიძლება მას ხმა არ მიეცი, მაგრამ მის თანამდებობას პატივი უნდა სცე. რაც შეეხება დღევანდელ ქართველ პოლიტიკოსებს, მათ პირადად არ ვიცნობ, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ფოტოსურათზე მინახავს. შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ძალიან მდიდარი ადამიანი ქვეყანას არ უნდა ხელმძღვანელობდეს. ეს ჩემი პირადი აზრია. ოქტომბერში ჩვენთან [პარლამენტის] არჩევნებია. ვფიქრობ, არაფერი შეიცვლება, თუმცა, ვნახოთ... ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება ხოლმე...
http://www.kommersant.ru/doc/3065342