logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: ქართველებისადმი აფხაზების დამოკიდებულება იცვლება და იცვლება სიკეთისკენ
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: ქართველებისადმი აფხაზების დამოკიდებულება იცვლება და იცვლება სიკეთისკენ
11:27 16.08.2016
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 24 წელი გავიდა. რა ხდებოდა იმ პერიოდში ავტონომიურ რესპუბლიკაში, როგორ და ვინ უწყობდა ხელს კონფლიქტის მომწიფებას, როგორია 24 წლის წინანდელი მოვლენების შეფასება დღევანდელი გადასახედიდან და რა კეთდება იმისთვის, რომ ხიდი, რომელიც 1992 წლის შემდეგ ჩაინგრა, დღეს აღდგეს და ქართველმა და აფხაზმა ხალხმა თანაცხოვრება ისევ ძველებურად შეძლონ, - ამ თემებზე საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესაუბრება:


-ბატონო ვახტანგ, როგორი იყო ვითარება ომის წინ აფხაზეთში, როგორ მწიფდებოდა კონფლიქტი?

-ყოველი გახსენება ომის დაწყებისა, ძალიან დიდ ტკივილის მაყენებს არა მხოლოდ მე, არამედ ყველას, ვინც იქიდან გამოვედით. აფხაზეთის ომი არ არის ცარიელ ადგილზე აღმოცენებული მოვლენა. ამას დიდი წინარე ისტორია აქვს და ეს ისტორია მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მოდის. ჩვენ ხშირად ვამბობთ და ბუნებრივიცაა, რომ თანაცხოვრების დიდი გამოცდილება გვაქვს.

მართალია ეთნოპრობლემაც ახლავს ამ კონფლიქტის მიზეზების ჩამონათვალს, თუმცა ძირითადი მაინც პოლიტიკური მომენტი იყო. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნამ ავტონომიურ რესპუბლიკას თავისი დაღი დასვა. შემდეგ კი, საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის გეოპოლიტიკური მდგომარეობით, ასევე მოსახლეობის მრავალფეროვნებით ბევრმა ისარგებლა, პირველ რიგში კი რუსეთის ჩრდილოეთის ნაწილმა. ბუნებრივია, როდესაც საბჭოთა კავშირის ნგრევის პროცესი დაიწყო, რუსეთი არ გაუშვებდა ხელსაყრელ მომენტს სიტუაციის ასარევად, მითუმეტეს, რომ მთლიანად საქართველოშიც საკმაოდ არეული ვითარება იყო.

ომის დაწყებიდან 24 წელი გავიდა და დღეს ცოტა სხვა თვალით და განწყობით ვუყურებ მოვლენებს. ხშირ შემთხვევაში ვფიქრობ, ცოტა მეტი წინდახედულობა რომ ყოფილიყო თბილისიდან და მეტი მოთმინების უნარი ადგილობრივი მოსახლეობიდან, რაღაც მომენტების შერბილება შესაძლებელი იყო. ძაფი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში რუსეთის პოლიტიკა ქსოვდა, ჯერ სამაჩაბლოში, შემდეგ კი აფხაზეთში გაწყდა.
არადა სამზადისი თვალნათლივ ჩანდა: შეიქმნა მთიელ ხალხთა კონფედერაცია, მათ დედაქალაქად სოხუმი გამოაცხადეს. მანამდე, საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა ღონისძიებებზე ტურისტული ლაშქრობების სახით და სხვადასხვა კონფერენციების საბაბით ჩამოდიოდნენ ჩრდილოელ კავკასიელთა ჯგუფები. მოსახლეობაში იარაღი ინახებოდა და ამ ომისათვის ემზადებოდნენ. ყველამ იცოდა, რომ რუსეთში მოხდებოდა სოციალისტური სისტემის ნგრევა და ამისთვის აფხაზები უფრო მომზადებულები იყვნენ ვიდრე ჩვენ. ყველამ ყველაფერი იცოდა ჩვენს გარდა.

ომმა აჩვენა, რომ ქართული მხარე მოუმზადებელი აღმოჩნდა. აფხაზურ მხარეს იყო იდეოლოგიური მზადების ეტაპები, რომელსაც კრემლი უწყობდა ხელს. სხვათა შორის, არასდროს არ მეგონა, რომ შესაძლო იყო აფხაზებში ასეთი ანტიქართული განწყობის შექმნა.

წინასამზადისი განსაკუთრებით არძინბას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამწვავდა. ამან ყველა დინება გამოააშკარავა. როგორც აღვნიშნე, რუსეთში უკვე გადაწყვეტილი იყო სისტემის ნგრევა და პარალელურად, საჭირო იყო სათანადო კადრის გამოგზავნა აფხაზეთში.

არძინბამდე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კობახია იყო. ვერ ვიტყოდი, რომ ის პროქართულად იყო განწყობილი, მაგრამ უფრო ზომიერებით გამოირჩეოდა ვიდრე არძინბა. კობახიას იქ ყოფნა უკვე აფხაზებსაც არ აწყობდათ, რადგან მოსკოვში არძინბა უკვე ეგულებოდათ, რომელსაც იმ დროისთვის 9 აპრილის მოვლენების შეფასებით და ანტიქართული დამოკიდებულებით „თავი გამოჩენილი ჰქონდა“.
როგორც ვთქვით, კობახიას წასვლა აფხაზებსაც უნდოდათ. თბილისიც ფიქრობდა, რომ ის ქართველების ყველაზე დიდი მტერი იყო. ჩვენ ხელი შევუწყვეთ იმას, რომ კობახია წასულიყო. უმაღლეს საბჭოზე, რომელიც ივნისის მოვლენების შემდეგ არ მოწვეულა, ავირჩიეთ არძინბა. მისი ყველა მოქმედება მიუთითებდა იმაზე, თითქოს აფხაზეთში მზადდებოდა გადატრიალება. ის თვითნებურად აუქმებდა ყველა იმ კანონს, რაც სოხუმს თბილისთან აკავშირებდა. რა თქმა უნდა, თავის მხრივ მის მიღებულ კანონებს თბილისიც აუქმებდა, მაგრამ რეალურად თბილისის გადაწყვეტილება სოხუმში ვერ ხორციელდებოდა, რადგან ძალაუფლება არძინბას ხელში იყო. მან შეძლო იმის გათვალისწინებაც, რომ ქართველები აფხაზეთშიც დაქსაქსულნი იყვნენ პარტიებად. იმ პერიოდში თბილისში მიმდინარე მოვლენებმა კი მათი განწყობა გაამაგრა.

-როგორი იყო აფხაზების დამოკიდებულება ქართველების მიმართ ომამდე?

-აფხაზებისა და ქართველების დამოკიდებულება 1989 წლის ივნისის მოვლენების შემდეგ დაიძაბა, როცა აფხაზებსა და ქართველებს შორის შეტაკება მოხდა და სისხლის დაიღვარა. მაშინ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი ვოვა ვეკუა მუხანათურად მოკლეს. ამას მოჰყვა მღელვარების დიდი ტალღა და შეტაკება. რუსეთიდან მაშინდელი შსს-ს სპეციალური დანაყოფებიც კი ჩამოვიდნენ, რომლებმაც კონფლიქტის ესკალაცია შეაჩერეს. ამ პროცესების დროს 20-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ამის შემდეგ სიტუაცია მართალია გარეგნულად იმდენად არა, მაგრამ შინაგანად კვლავ დაძაბული დარჩა.
ჩვენ დავდიოდით სოხუმში შეხვედრებზე, მაგრამ ყველაფერი ძალიან უხალისოდ მიმდინარეობდა, ერთმანეთს დაძაბული ვუყურებდით და აშკარა იყო, რომ მანამდე არსებული კეთილგანწყობა ცივდებოდა. ახალი თაობა ვცდილობდით ძველის მივიწყებას ( 1947, 1956, 1967 წლების დაძაბულობას აფხაზებსა და ქართველებს შორის), მაგრამ უკვე 1989 წელს ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს შორისაც გაჩნდა ბზარი. მე გალში ვცხოვრობდი და იქ ის ანტაგონიზმი, რომელსაც თურმე ადგილი ჰქონდა აფხაზებსა და ქართველებს შორის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა კუთხეებში, ჩვენთვის უცნობი იყო. ეს მანამდე არ გვიგვრძვნია. გალის რაიონში პოლიტიკაში ნაკლებად ერეოდნენ. გალი, ასე რომ ვთქვათ, ბუფერული ზონა იყო და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში თავისი დადებითი ადგილი ჰქონდა. ეს ომშიც გამოვლინდა.

აფხაზეთში ხშირად ჩამოდიოდნენ ზურაბ ჭავჭავაძე, კოსტავა და სხვები, რომლებიც სულ მეგობრობაზე იყვნენ ორიენტირებული აფხაზებსა და ქართველებს შორის, ურთიერთობის დათბობაზე საუბრობდნენ, თუმცა იყვნენ სხვა ჯგუფები, რომლებსაც სხვა ტონალობა შემოჰქონდათ და აფხაზებს ამაზე რეაქცია ჰქონდათ.

-ომის დასაწყისში უპირატესობა თითქოს ჩვენ მხარეს იყო, რა გახდა გადანაცვლების მიზეზი?-არსებობს ვარაუდი, რომ პროცესებში გარკვეულ ღალატს ჰქონდა ადგილი

-ეს თემა ძალიან მტკივნეულია. 24 წელი გავიდა და დღესაც არაერთგვაროვანი შეფასებები ისმის იმდროინდელი მოვლენების შესახებ. ომში ბიჭებმა საოცარი სიმამაცე გამოიჩინეს. იყო გმირობის საოცარი მაგალითები. თუმცა, რა თქმა უნდა იყო საბრძოლო ოპერაციაში გამოუცდელობა, მეთაურთა გამოუცდელობა, ოპერაციების დაგეგმარების არცოდნა, ტექნიკის და იარაღის არქონა. რუსებმა კი ბოლოს ისეთ რამეზე მოგვაწერინეს ხელი, ქართველები იძულებულნი გავხდით ყველა ქვემეხი და მძიმე ტექნიკა გამოგვეტანა კონფლიქტის ზონიდან. ჩვენ პრაქტიკულად ომის ბოლოს შიშველი ხელებით დავრჩით. ეს ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა ჩვენი მხრიდან, თუმცა შეცდომები არა ერთი იყო ომის მიმდინარეობისას. მე არა ვარ სამხედრო ექსპერტი, მაგრამ დღემდე პასუხგაუცემელი რჩება კითხვა- რა მოხდა 1993 წლის მარტის თვეში? იმ მოვლენების შემდეგაც წელიწადზე მეტი იბრძოლეს ჩვენმა ბიჭებმა გმირულად. იმ ფონზე, როცა დანარჩენ საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, აფხაზეთში გულანთებული ბიჭები ომობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

თუ ომში შეტევა არ არის და წინ არ მიდიხარ, მოტივაცია გეკარგება. ბუნებრივია, ასეთი სიტუაციაში მოხვედრილი ჩვენი ჯარი დაუძლურდა და აღარ იყო ისეთი, როგორც დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ ტყვარჩელისა და ოჩამჩირის მიმართულებით აქტივობები იყო, ეს მაინც არ იყო საკმარისი გარდატეხის შესატანად ჩვენ სასარგებლოდ. საბოლოო ჯამში სიტუაცია შეტრიალდა და შექმნილმა ვითარებამ ერთიანობაში განაპირობა ის, რომ აფხაზეთი დავტოვეთ.
დღევანდელი გადასახედიდან, აღსანიშნავია, რომ უკვე დაწყებული ომის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.
-თქვენ მთელი ომის განმავლობაში აფხაზეთში იყავით. რომელი იყო ყველაზე რთული და მძიმე პერიოდი?
-ყველაზე გადამწყვეტი მომენტი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, 15-16 მარტი იყო. იყო ლოკალური საბრძოლო მოქმედებები ოჩამჩირეში, ვრცელდებოდი ხმები ტყვარჩელის აღებაზე. ამბობდნენ, რომ აფხაზები თვითონვე ხსნიდნენ „აფხაზურ დროშებს“ და ქართულის აღმართვაზე იყო საუბარი. დღემდე გაუგებარია რა მოხდა, რატომ გაჩერდა ჯარი და არ გადავიდა შეტევაზე.

შესაძლოა ელცინის გაფრთხილებამ შევარდნაძისადმი, რომელიც მაშინდელმა მთავარსარდალმა მერე გაახმოვანა - „კიდევ თუ წამოხვალთ წინ, დაგბომბავთ და გაგანდგურებთო“, მართლა იქონია გავლენა.
მე მაშინ ჟიული შარტავას მოადგილე ვიყავი და პარალელურად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახლდით. ომის დროს აეროპორტში ვიყავით მე და გია გვაზავა მიმაგრებული. თავს უამრავი რამ გადაგვხდა. ჩვენს თვალწინ დაიღუპა ლევან თედიაშვილის ვაჟი ვახტანგ თედიაშვილი. ასაფრენ ზოლს ვათავისუფლებდით და ის დასახმარებლად მოვიდა, დაიწყო დაბომბვა და ბომბის ნამსხვრევმა ადგილზევე იმსხვერპლა. რა თქმა უნდა ვერასდროს ვერ დაივიწყებს ხალხი რა დღეები გადაიტანეს ჩვენმა მეომრებმა. მათი პატივმიგება მხოლოდ წარწერები არაა. მათი პატივმიგება ცოცხლების, მშობლების, ნათესავების, შვილების პატივისცემაში უნდა გამოიხატოს. სახელმწიფოს მხრიდან შეძლებისდაგვარად ყველაფერი კეთდება, მაგრამ მათზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

-როგორ ფიქრობთ, ამდენი წლის შემდეგ, მიდის თუ არა ურთიერთობები დათბობისაკენ?

-რა თქმა უნდა ვითარება იცვლება და მე ვთვლი, რომ იცვლება სიკეთისკენ. ეს შეიძლება ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ, რამდენდაც მე ვმონაწილეობ სხვადასხვა შეხვედრებში, ამ ყველაფერს ვგრძნობ გამოხედვებში, ტონალობაში და მოქმედებაში. თუნდაც როგორ იცვლება სიტუაცია ენგურზე... გაზეთებში ვკითხულობთ, რას წერენ აფხაზეთში ჩვენს რეფორმებზე... რა თქმა უნდა, დამოკიდებულება ყველა ამ პროცესისადმი ერთგვაროვანი არ არის, მაგრამ იგივე ხურჩაში მომხდარი ფაქტი რომ გავიხსენოთ, რომელსაც გამართლება არ აქვს, - მას შეფასება მოჰყვა აფხაზური მხრიდანაც. მართალია, შეფასებები სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ ასეთი შეფასებებიც რომ გაჩნდა, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცაშია საქმე . სოხუმშიც ხვდებიან- არ შეიძლება არ დაინახო ის, რასაც დანარჩენი საქართველო აკეთებს. ჩვენ არ ვმალავთ, რომ აფხაზებისათვის ხელის გაწვდენა და ურთიერთობების დათბობა გვინდა. ეს კეთდება ჩვენთვის, მათთვის და ყველასთვის, ვისთვისაც ხვლინდელი დღე ფასეულია.

-თქვენი უწყება რამდენადაა ჩართული ამ პროცესებში?

-ჩვენი უწყება აფხაზეთში მაინცდამაინც დიდი სიყვარულით არ სარგებლობს. ეს ბუნებრივიცაა. ვცდილობ სიტუაცია არ დავძაბო და ჩვენი მოქმედებებით ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას ხელი არ შევუშალოთ. იქ, სადაც ზედმეტად ვთვლით თავს, არ გვინდა რომ „ცხვირი ჩავყოთ“. სადაც საჭიროა ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ არა აფიშირებულად. ამას ჩუმად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე ვაკეთებთ. ყველაზე დიდი უკუგება კი სიტუაციის დარეგულირება და დაძაბულობის მოლბობა იქნება.
ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოძმეების დაბრუნების სამომავლო იმედი ხვალინდელი დღეა. სწორედ აქ გამოდის წინა პლანზე ქართული სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა დავანახოთ ის სიკეთე, რასაც ერთიან ქართულ სახელმწიფოში მშვიდობიანად ცხოვრება მოგვიტანს. მოლაპარაკება, შერიგება, ნდობის აღდგენა, ერთად ცხოვრება, საერთო ჭირ-ვარამის გაზიარება მხოლოდ მშვიდობიან გარემოშია შესაძლებელი. ისტორიული სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ქართველებს არ სჭირდებათ, აუცილებელია ის აფხაზებისა და ოსებისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო ძმობისა და ნათესაობის კვალს ვერც წლები და ვერ საუკუნეები ვერ წაშლის.

-ახალგაზრდების ჩართულობა რამდენად დიდია მსგავს პროცესებში?


-ძალიან კარგი კითხვაა. მე ვცდილობ ჩემი თაობა კი არა, უკვე ახალგაზრდა თაობა უფრო აქტიურად ჩაერთოს პროცესებში. არ მინდა დაკონკრეტება, მაგრამ ზოგიერთზე შეიძლება თქმა: ფლორენციის პროექტი, რომელშიც მონაწილეობენ ქართველი და აფხაზი სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, აფხაზეთის მთავრობის პირველი თავმჯდომარის არზაყან ემუხვარისა და საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავსა სახელობითი სტიპენდიები უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, სასტიპენდიო კვლევები მიძღვნილია აფხაზეთის თემატიკის, კონფლიქტის მოგვარებისადმი. ნაშრომებში არის წარსულის შეცდომების ანალიზის მცდელობა, ორიენტირებულია პროცეში საკუთარ ჩართულობაზე და ასე შემდეგ. პირველი კონკურსი უკვე ჩატარდა და შარტავას სახელობის სტიპენდიაში 2 გამარჯვებულიც გამოვლინდა. ამ პროექტის პროპაგანდას კიდევ უფრო გავააქტიურებთ. ახალგაზრდებს ეს თემა აინტერესებთ. კარგი პროექტია აფხაზური ენის სწავლება ჩვენს სკოლებში, სასკოლო ოლიმპიადები აფხაზეთის თამატიკაზე, ახალგარზდული კონფერენციები, დისპუტები კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე და ა.შ.... 20 წლის უკან ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი თაობა ამ კონფლიქტის მოგვარებას ვერ მოახერხებდა. სულ ვფიქრობდი, რომ ეს პრობლემა მომავალ თაობას არ უნდა დავუტოვოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ თაობასაც მოუწევს აქტიური ჩართვა ამ პროცესში. დაინტერესებაც არის. ბევრია ახალგაზრდა, რომელსაც ეს თემა აინტერესებს. ის, რომ აფხაზი და ქართველი ჭაბუკები ხვდებიან ერთმანეთს და ინტერესი აქვთ ერთმანეთისადმი, მშვიდობიან გარემოს ქმნიან, მარწმუნებს-ისინი იარაღს არ აიღებენ ხელში ერთმანეთის საწინააღმდეგოდ და იქნებიან ერთ-ერთი მთავარი ფიგურები კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხში.

-აფხაზეთის მთავრობის სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ....

-გეგმები საკმაოდ დიდი გვაქვს. ჩვენ შევქმენით ნდობისა და შერიგების სამინისტრო, მას ძალიან აქტიური ხელძღვანელობა ჰყავს. მიმდინარე წელს ჩავატარეთ ახალგაზრდების რესპუბლიკური შეკრება. ვემზადებით ისევ ფლორენციაში გასამგზავრებლად. პროექტებში ჩართული გვყავს აფხაზები, სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებიც. მიმდინარე წელს ბევრი რამაა დაგეგმილი. თუნდაც აფხაზეთისადმი მიძღვნილი დღეები, რომლებიც ასახავს ჩვენ დამოკიდებულებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარებაში. ბათუმში სექტემბრის თვეში შარტავას ძეგლი გაიხსნება, რომელიც აჭარის მთავრობამ დააფინანსა. გვინდა ასევე აჭარაში გავხსნათ აფხაზურ-ქართული კულტურის ცენტრი. არის საკვირაო სკოლა, ამასთან სრულფასოვანი სკოლის გახსნის მოთხოვნილებაა. დაგეგმილი გვაქვს აფხაზეთის კულტურის ცენტრის გახსნა თბილისში და ამ საკითხზე ვმუშაობთ.

გარდა ამისა, სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ აფხაზური ენის გაძლიერების მხრივ. განათლების სამინისტროსთან შესაბამისი ლიტერატურისა და მეთოდოლოგიის შექმნაზე ვმუშაობთ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით ვეწვიეთ ოქროყანას და დავათვალიერეთ ტექნოლოგიური პარკი. სხვებსაც, მათ შორის, ახალგარზდებსაც მოვუწოდებ - ნახონ იქაურობა, გარწმუნებთ -არ ინანებთ!. შესანიშნავი შესაძლებლობაა- ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ცოდნის შეძენა და გავრცელება. ჩვენ გვინდა ისეთი რამ გავაკეთოთ, რომ მსურველებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ისწავლონ ის, რაც მათ სურთ. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალულია ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია და გეოგრაფია. ამას უნდა დავუპირისპირდეთ. სიტყვის კარგი გაგებით. ეს არ უნდა იყოს და არც იქნება აფხაზურის საწინააღმდეგო.

ძალიან მახარებს, რომ ჩვენი ბავშვები აფხაზურად ლაპარაკობენ.

ძალიან საინტერესო, ჩვენი აზრით, გეგმები გვაქვს სოხუმის უნივერსიტეტთან დაკავშირებითაც, სადაც ახალგაზრდების ძალიან სერიოზული პოტენციალია. ამ პოტენციალის გამოყენება ჯერ ისეთ დონეზე არ ხდება, როგორც გვესახება.

ბევრი და ამბიციური ამოცანა გვაქვს აფხაზეთთან დაკავშირებით და ყველაფერი ეს მიმართულია კონფლიქტის მოგვარებისკენ მშვიდობიანი გზით და იმ პროცესში ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეების აქტიური ჩართვით.

ესაუბრა თათია ტუხაშვილი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა