შენიშვნა: „ამერიკის ხმის“ რუსულმა სამსახურმა 5 აგვისტოს გამოქვეყნა ამერიკელი დიპლომატისა და
ანალიტიკოსის მეთიუ ბრაიზას ინტერვიუს მოკლე ვერსია, ახლა კი გთავაზობთ პუბლიკაციის სრულ ქართულ ვერსიას.
„8 წელი აგვისტოს ომიდან. როგორ შეცვალა ხუთდღიანმა ომმა საქართველო და რა გავლენა იქონია მან რეგიონის პოლიტიკაზე? ამ კითხვებით „ამერიკის ხმამ” მეთიუ ბრაიზას, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილ მეორე მოადგილეს მიმართა.
- ხანმოკლე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა - ასე მოიხსენიება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. რა შეცვალა ამ ომმა, როგორია მისი გრძელვადიანი შედეგები?
- გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ომის შედეგები უარყოფითია, ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მესიჯი გაუგზავნა, რომ მას ეპატიებოდა საქართველოში შეჭრა და რომ რუსეთს პასუხისგება არ მოუწევდა. სწორედ შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების მხრიდან სათანადო პასუხის ნაკლებობამ პირდაპირ გამოიწვია პუტინის მილიტარისტული შეჭრა უკრაინაში. ასეთია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგი.
- ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დასავლეთის სუსტმა რეაქციამ რუსეთი მაშინ წაახალისა, რამაც ერთგვარად უბიძგა უკრაინის ანექსიისკენ. ორი წლის წინ გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალში" თქვენ წერდით, რომ ამერიკამ საქართველოს მხარდაჭერა ვერ მოახერხა. ფიქრობთ, რომ ამან ხელი შეუწყო რუსეთის როგორც აგრესორის აღზევებას?
- ვფიქრობ დასავლეთის არასათანადო რეაქციასთან ერთად რუსეთის გაძლიერება აგვისტოს ომში საქართველოს სამხედრო პასუხმა გამოიწვია. დასავლეთი სათანადოდ მტკიცე არ იყო, რამაც რუსეთის ქმედებები წაახალისა. მაგრამ მტკიცე იყო საქართველოს სამხედრო პასუხი რუსეთის აგრესიაზე. რუსეთის ჯარმა სერიოზული ზარალი განიცადა, რამაც შემდგომში ვლადიმირ პუტინს რუსეთის სამხედრო სფეროს უფრო სიღრმისეული და სისტემური რეფორმისკენ, ასევე საბრძოლო შეიარაღების გაზრდისკენ უბიძგა.
- ომიდან 8 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ისევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული და რუსეთის სამხედრო დანაყოფები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე დღემდე რჩებიან. რა პოლიტიკური გავლენა იქონია ომმა საქართველოზე, როგორც პოსტ-საბჭოთა ახალგაზრდა დემოკრატიაზე?
- თვალშისაცემია ომის შემდგომ საქართველოში ქვეყნის დასავლურ ბედზე ოპტიმიზმის კლება, ნატოსადმი მხარდაჭერა საქართველოში ისევ ძლიერია, შენელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამავდროულად, უფრო ხშირად გვხვდება საქართველოს გეოგრაფიის მიღება, იმის მიღება, რომ საქართველო რუსეთის მეზობელია - იმ რუსეთისა, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ სურს. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან მიმართებით სწორი სტრატეგია შეიმუშავა, რასაც თვითონ “სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას” უწოდებენ, როცა რეინტეგრაციის პროცესს არ აჩქარებენ, არამედ ამ რეგიონების მოზიდვას კონსტრუქციულად ცდილობენ.
- აგვისტოს ომამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველოს [და უკრაინას] ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა უარი უთხრა წევრობის სამოქმედო გეგმაზე, რასაც ბევრი ასევე პუტინის აგრესიისთვის ანთებულ მწვანე შუქს უწოდებს. როგორ იმოქმედა ამ ომმა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სწრაფვებზე?
- ფართო-სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველომ შეინარჩუნა ევრო-ატლანტიკური კურსი, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური სპექტრში, მათ შორის პარლამენტსა და “ქართული ოცნების” მთავრობაში, განცხადებები, რომ საქართველოს ადგილი დასავლეთში და ტრანს-ატლანტიკურ საზოგადოებაშია. მაგრამ ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცრიდა. პერიოდულად გვესმის მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ ზოგიერთები ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებას განიხილავენ, ხშირად ამ განცხადებებს შესწორებები ახლავს, რაც კარგია. მაგრამ უნდა ითქვას, რომ აგვისტოს ომამდე, არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ იტყოდა, რომ საქართველომ დასავლეთზე მეტად რუსეთთან ურთიერთობაზე უნდა იფიქროს.
- 2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ საქართველო მარტო დარჩა, 6 წლის შემდეგ რუსეთის აგრესიას ლეტალური იარაღის გარეშე უმკლავდებოდა უკრაინა. დასავლეთის ამ თავშეკავებას ბევრი რუსეთის “გავლენათა სფეროების” აღიარებად მიიჩნევს, თქვენც ასე ფიქრობთ?
- ეს საკითხი ძალიან მაწუხებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან “გადატვირთვის” პოლიტიკის წარმოება დაიწყო. მაშინ ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამბობდნენ, რომ ამით რუსეთის გავლენების სფეროების აღიარება არ ხდებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ობამას ადმინისტრაცია ამ სფეროებს აღიარებდა. სამხრეთ კავკასიის მიმართ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკაში რუსეთს პირველი ადგილი ეჭირა.
- ამერიკაში უჩვეულო საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობს. ბოლო დროს ამ კამპანიის ეპიცენტრში უკრაინის და რუსეთის საკითხები მოექცა, როგორ ხედავთ საქართველოს მომდევნო ადმინისტრაციის საგარეო პრიორიტეტებში?
- სამწუხაროდ, სამხრეთ კავკასიას მნიშვნელოვანი ადგილი არ უჭირავს, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, როცა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა. სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს სამხრეთ კავკასიისადმი დიდი ინტერესი ჰქონდა, ჩვენ ამ თემაზე პირისპირ და ტელეფონითაც ხშირად გვისაუბრია.
დონალდ ტრამპმა წარმოუდგენელი, უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადებები გააკეთა. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა შეერთებული შტატების ვალდებულება და ნატოს მეხუთე მუხლით გარანტირებული კოლექტიური თავდაცვა. დონალდ ტრამპმა აბსურდული განცხადებები გააკეთა ვლადიმირ პუტინით აღტაცებაზე, ამავდროულად არსებობს დადასტურებული ცნობები, რომ ტრამპის ბიზნესებში რუსეთიდან კაპიტალი შემოდიოდა. [აქვე ავღნიშნავ, რომ] რასაც დონალდ ტრამპზე და ჰილარი კლინტონზე ვამბობ, მოკლებულია ყოველგვარ პოლიტიკურ გათვლებს, რადგან მე „რესპუბლიკელებთან“ უფრო ვარ ასოცირებული, ვიდრე დემოკრატებთან, ჩემი ეს შეფასებები არაა გამოწვეული პარტიული ინტერესით.
- წარსული გამოცდილებით ამერიკელი „რესპუბლიკელები“ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი და კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან, ასევე ღიად უჭერენ მხარს რუსეთის მიერ ჩაგრულ ქვეყნებს. რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი კი, როგორც ჩანს, ამ შეხედულებებს არ იზიარებს. როგორ ხედავთ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს არჩევნების შემდეგ?
- ვფიქრობ, ჰილარი კლინტონის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში რუსეთისადმი მისი პოლიტიკა “გადატვირთვისგან” განსხვავებული იქნება, ის მხარს დაუჭერს სანქციების შენარჩუნებას და შესაბამისად რუსეთ-საქართველოს თემა მისი ადმინისტრაციისთვის რელევანტური იქნება. თუ საქართველო ცალსახად ეცდება ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში უფრო მყარ ინტეგრაციას, შეასრულებს ასოცირების ხელშეკრულებას და ნატოსთან ახლო-თანამშრომლობას გააგრძელებს, მას შეუძლია იყოს რელევანტური. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში საქართველოს კარგი შეფასებები ჰქონდეს, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მყარი რეფორმები როგორც ადრე ხდებოდა, ითანამშრომლოს ამერიკასთან უსაფრთხოების და კონტრ-ტერორიზმის სფეროებში, საქართველო ისევ შეიძლება რელევანტური იყოს.
- საქართველო მთელს რეგიონში იყო რეფორმების მოდელი, მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას პატარა პოსტ-საბჭოთა ქვეყანა ევროპული ტიპის, კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფოდ, ეს იყო ამბავი, რომლითაც საქართველო საერთაშორისო არენაზე წარსდგებოდა. როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს, რა არის მისი მომდევნო ამბავი, მომდევნო ისტორია?
- საქართველოს მომავალთან დაკავშირებით ყველაზე საშიში იქნება საქართველომ ხელი ჩაიქნიოს იმ ისტორიაზე, იმ ამბავზე, რომელიც თქვენ ახლა აღწერეთ. საქართველო დასავლური ქვეყანაა, საქართველო არის ევროპა, შეხედეთ მის გეოგრაფიულ მდებარეობას, ისტორიას და კულტურას. იმედი მაქვს, ამ ისტორიის გაგრძელება არ იქნება ის, რომ საქართველო ამ ევროპულ ისტორიაზე, ევროპულ ამბავზე ხელს ჩაიქნევს. ვფიქრობ 10-15 წელიწადში საქართველოს ამბავი იქნება ის, რომ საქართველო ძლიერ შეარყია რუსეთის აგრესიამ, რომ დროებით დაკარგა ტერიტორიები, მაგრამ დროთა განმავლობაში “სტრატეგიული მოთმინების” პოლიტიკამ და დასავლეთში გამოფხიზლებამ საქართველოს ახალი შანსი მისცა, საქართველო ამ შანსს იყენებს და თავის კურსს უბრუნდება. დღეს წარმოუდგენელია იმის განჭვრეტა თუ როდის იქნება საქართველო ევროპის კავშირის ან ნატოს წევრი, მაგრამ მე არ მეეჭვება, რომ წევრობის მიუხედავად საქართველოს კავშირები ორივე ორგანიზაციასთან იქნება უფრო მყარი
http://www.amerikiskhma.com/a/interview-with-matthew-bryza/3452539.html?nocache=1