ინტერვიუ ირაკლი კოპლატაძესთან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თურქეთის
რესპუბლიკაში, ალბანეთის რესპუბლიკასა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში
-როგორ აფასებთ ამ ეტაპზე საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს?
თანამედროვე ეტაპზე საქართველო-თურქეთის 24–წლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ერთგვარი დაგვირგვინება და ახალი ეტაპის დასაწყისი იყო 19 ივლისს ანკარაში გამართული მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა უხელმძღვანელეს. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ფორმატი გულისხმობს ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტების ერთობლივი სხდომის ჩატარებას, რომელიც წელიწადში ერთხელ მონაცვლეობით თურქეთსა და საქართველოში გაიმართება. ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ ეს ვიზიტი გაიმართა თურქეთში სისხლიანი სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან 4 დღეში, რაც თურქეთის დემოკრატიისა და საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენისადმი საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერის დემონსტრირება იყო. აღნიშნული სათანადოდ იქნა დაფასებული თურქეთის ხელისუფლებისა და ფართო საზოგადოებრის მიერ.
19 ივლისის სტრატეგიული საბჭოს ფარგლებში ხელი მოეწერა ისეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, როგორიცაა:
1. ანკარის ერთობლივი განცხადება საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ;
2. „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმება;
3. „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ“ ჩარჩო შეთანხმება, რაც განსაკუთრებულ საერთაშორისო და რეგიონალურ მნიშვნელობას იძენს ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მშენებლობის დასრულების ფონზე;
4. „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო კომბინირებული ტვირთების გადაზიდვის შესახებ“ შეთანხმება;
5. „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება;
6. „ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის“.
გარდა ამისა, სტრატეგიული საბჭოს ფარგლებში გაიმართა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, შრომის, სოციალურ საკითხთა და ჯანდაცვის, სასჯელაღსრულების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრებს შორის, სადაც განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები და სამოქმედო პროგრამები პოლიტიკის, ვაჭრობისა და ექსპორტის წახალისების, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, კულტურისა და სხვა სფეროებში.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სწორედ ამიტომაც უწოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ბ–ნმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნულ ვიზიტს ანკარაში „უპრეცედენტოდ წარმატებული ვიზიტი“.
-როგორ შეაფასებდით თურქეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებს პოლიტიკურ განზომილებაში?
პოლიტიკური თანამშრომლობის ჭრილში აღსანიშნავია შემდეგი პრიორიტეტები:
1. ბოლო 3 წლის განმავლობაში თურქეთი არის საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქეთის აქტიური მხარდაჭერით ნატოს ვარშავის სამიტზე. ამასთან, ოფიციალური ანკარა ყოველთვის მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით;
2. თურქეთი ცალსახად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მეტიც, 2015-2016 წლებში თურქეთმა პირველად დაუჭირა მხარი რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ“, რომელიც გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ხაზს უსვამს დევნილთა საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობას ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ყურადღებას ამახვილებს მათი საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვაზე;
3. 2016 წლის 1-5 ივლისს, თბილისში გამართული ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციამ მხარი დაუჭირა საქართველოს შესახებ უმნიშვნელოვანეს რეზოლუციას;
4. 2016 წლის 10-20 ივლისს ქ. სტამბოლში გაიმართა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიის სხდომა, სადაც თურქეთის, როგორც მასპინძელი მხარისა და სხვა ქვეყნების აქტიური მხარდაჭერით, მცხეთა ამოღებულ იქნა „საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა“ სიიდან და დაუბრუნდა მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას.
ეს არის, არასრული ჩამონათვალი იმ პრიორიტეტებისა, სადაც სულ ახლახან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ორმხრივი თანამშრომლობის მაღალი ხარისხი საქართველოსა და თურქეთს შორის.
ამასთან, ცალკე აღნიშვნის ღირსია ის მზარდი თანამშრომლობა, რომელიც ვითარდება აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივ ფორმატში პრეზიდენტების, მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და საპარლამენტო ურთიერთობების დონეზე. 2016 წლის 19 თებერვალს, თბილისში გაიმართა აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი სამმხრივი შეხვედრა, სადაც მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.
თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს N1 სავაჭრო პარტნიორად. საინტერესოა როგორ ვითარდება ურთიერთობები ეკონომიკისა და ენერგეტიკის კუთხით?
ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ თავის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია 2014 წელს და შეადგინა 2 მლრდ აშშ დოლარამდე, თუმცა, -ეკონომიკური კრიზისისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რომელმაც თავისი უარყოფითი გავლენა იქონია თურქეთის ეკონომიკაზე, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 1.5 მლრდ-მდე დაეცა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევით, 2016 წლის 5 თვის მონაცემებით, ადგილი აქვს სავაჭრო ბრუნვის დადებით დინამიკას. კერძოდ, 2016 წლის 5 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 1,5%-ით და 620,74 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა:
ცალკე აღნიშვნის ღირსია თურქეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები, რომელმაც უკვე 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 2015 წლის მონაცემებით, თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 77,29 მლნ. აშშ დოლარია, რაც 23%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე და საქართველოში შემოსული ინვესტიციების 6%-ს შეადგენს.
2016 წლის I კვარტლის მონაცემებით კი თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობამ 56,51 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 113%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე და საქართველოში შემოსული ინვესტიციების 15%-ს შეადგენს:
რაც შეეხება ვიზიტორთა რაოდენობას, 2005-2015 წლებში თურქეთიდან საქართველოში სულ შემოსულია 8 479 180 ვიზიტორი, საიდანაც 2016 წლის 5 თვის მონაცემებით, შემოსულია 524 071 ვიზიტორი, რაც 7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით:
ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის შესანიშნავი გამოცდილება ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. გაერთიანებული ძალისხმევით უკვე განხორციელებულია ისტორიული მნიშვნელობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტები. ვიმედოვნებთ, რომ თურქი კოლეგები სულ მალე დაამთავრებენ ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის თავიანთი ნაწილის მშენებლობას. უკვე წარმატებით განხორციელდა რკინიგზის ქართული მონაკვეთის ტესტირება. აქტიურად განვაგრძობთ თანამშრომლობას სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის რეალიზაციისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენების პროექტების მშენებლობას.
ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ფურცელი გადაიშალა 2014 წლიდან, როდესაც გაიხსნა ახალციხე-ბორჩხას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, ელექტროენერგიით ტრანს–სასაზღვრო ვაჭრობის (ექსპორტ–იმპორტი) მიზნით. როგორც ამის შემდგომი ეტაპი, უკვე მზად არის შეთანხმება ახალციხე–თორთუმის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ.
განვაგრძობთ თანამშრომლობას საბაჟო-გამშვები პუნქტების ეფექტიანობის გაზრდისათვის. ამ კუთხით, მისასალმებელია, რომ თურქული მხარე გეგმავს სარფის სგპ–ის გაფართოებას და ვალე–ფოსოვის სგპ–ის 24 საათიან რეჟიმში ამუშავებას. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს შარშან გახსნილი კარწახი-ჩილდირ/აქთაშის სგპ–ის ამოქმედებას.
-საქართველოსა და თურქეთს გააჩნია ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობა. როგორ ვითარდება თანამშრომლობა ამ მიმართულებით?
პირველად თურქეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში საფუძველი ჩაეყარა თურქეთში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ეს შეეხო ისეთ მნიშვნელოვან ძეგლს, როგორიც იშხანია. ქართველი ექსპერტების ჩართულობით უკვე დასრულდა ძეგლის აღდგენითი და ფრესკების სარესტავრაციო სამუშაოები. ამჟამად დაწყებულია არქეოლოგიური გათხრები, რასთან დაკავშირებითაც თურქულ მხარეს მიემართა თხოვნით ქართველი ექსპერტების ჩართვის თაობაზე.
ამასთან, მიმდინარეობს ხანგრძლივი მოლაპარაკებები ოშკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ამ და სხვა ძეგლების რეაბილიტაციის პრინციპების შესახებ ორმხრივი მოლაპარაკებები კულტურის სამინისტროებს შორის აქტიურ ფაზაშია შესული.
-რას იტყვით თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის შესახებ?
თურქეთში ქართული დიასპორის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილება თურქულ საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებში საქარიას რეგიონის გეივეს რაიონის სოფელ ნურუოსმანიესა და სოფ. მურღულის საშუალო სკოლებში გაიხსნა ქართული ენის შემსწავლელი კლასები. იმედი გვაქვს, რომ მათი რიცხვი წლიდან წლამდე გაიზრდება.
ასევე, ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა თურქეთის ქ. დუზჯეს, არდაჰანისა, ყარსისა და სტამბოლის ბოღაზიჩის უნივერსიტეტებში. ქვეყნის მასშტაბით არსებულ ქართული კულტურის ასოციაციებში ფუნქციონირებს საკვირაო სკოლები და ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამჯერ ჩატარდა დედაენის დღისადმი (14 აპრილი) მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, ხოლო 4-ჯერ – ქართული სახალხო ზეიმი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრება.
-დაბოლოს, როგორ შეაფასებთ თურქეთში არსებულ მდგომარეობას და რას ურჩევთ საქართველოს მოქალაქეებს?
უკანასკნელ პერიოდში თურქეთმა მძიმე ქარტეხილები გამოიარა, რაც დაკავშირებული იყო გახშირებულ ტერორისტულ აქტებთან, რომლის დროსაც ასობით ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობას 250 ადამიანი ემსხვერპლა. 21 ივლისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა 90 დღიანი საგანგებო მდგომარეობა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ ფორს–მაჟორულ ვითარებაში გამოვლენილი პროფესიონალიზმისა და პრემიერ–მინისტრების თავმჯდომარეობით პირველი სტრატეგიული საბჭოს მაღალ დონეზე ჩატარებისათვის მადლობა გადავუხადო საელჩოს თანამშრომლებს. ეს პერიოდი ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი თითოეული ჩვენგანის დიპლომატიურ კარიერაში.
როგორც ცნობილია, თურქეთში 3–თვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ გააკეთა სპეციალური განცხადება, რომლითაც მათ უნდა იხელმძღვანელონ ამ პერიოდში თურქეთში მგზავრობისას, ხოლო თურქეთში გამგზავრებამდე თვალყური მიადევნონ მედიაში გავრცელებულ განახლებულ ინფორმაციას.
თურქეთი არის საქართველოს მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. შესაბამისად, ჩვენ სისხლ-ხორცეულად ვართ დაინტერესებული თურქეთის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში, რაც ასევე არის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ვუსურვო თურქეთს გრძელვადიანი სტაბილურობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა!
მარიამ ჩუბინიძე