შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, უფროსი ლეიტენატი და სამხედრო ბლოგერი დავით
ნემსაძე „ნიუსპრესს“ თავდაცვის სამინისტროში არსებულ ნეპოტიზმზე ესაუბრა.
ნემსაძემ სიაც წარმოადგინა, რომელის თანახმადაც, მისივე თქმით, 111 კაციანი შემადგენლობის ნახევარი, სხვადასხვა პიროვნებებისა თუ უწყებების შუამდგომლობითაა მიღებული.
-კონკრეტულად ნეპოტიზმის რა ფაქტებზე საუბრობთ?
-ცოტა შორიდან დავიწყებ. მე 2008 წლის ომის მონაწილე ვარ, რომელმაც ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა - მაიორი ლეკვეიშვილი და პოლკოვნიკი მოსეშვილი, რომლებმაც უამრავი ტექნიკა გადაარჩინეს და ადამიანების სიცოცხლე იხსნეს, ვანდალურად გაყარეს ახალაიამ და მერაბიშვილმა სამინისტროდან. ამ ხალხის დაბრუნება არ მოხდა. სამაგიეროდ, თავდაცვის სამინისტროში მუშაობს ლექს-სენი და ღამის შოუს სხვადასხვა ვარსკვლავი.
მე მოვითხოვე ინფორმაცია, თუ რა თანამდებობაზე მუშაობს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის ბატონი ბეგოიძის ძმა და თუ რა წვლილი აქვს ბეგოიძეს მის კარიერაში. მაშინ, როცა ასეთი პროფესიონალები ქუჩაში არიან გამოყრილები, ჯარში „დაკრიშვა“ მიდის ნეპოტიზმის სიით. ფაქტობრივად, დანაშაული იმართება დანაშაულით და ამას ახალისებს ის ანა დოლიძე, რომელიც ჩაძირული გემიდან სადღაც გაიპარა და გარდა დოლიძისა, ნეპოტიზმს ახალისებენ ქალბატონ ხიდაშელის კადრები -მოლოდინი, შაიშმელაშვილი, რომლებსაც ერთი დღეც კი არ უცხოვრიათ შეიარაღებული ძალების ყაზარმაში და „ბათინკი“ არ ცმიათ. აი, ასეთი ადამიანები წყვეტენ სამხედრო მოსამსახურეების ბედს.
-როგორც მითხარით, ნეპოტიზმის ფაქტების შესახებ კონკრეტული მტკიცებულებები გაქვთ...
-დიახ, მე ხელზე მაქვს სია, რომელშიც 111 კაციანი პირადი შემადგენლობიდან გამოირჩა 55 კაცი. ამაზე სისხლის სამართლის გამოძიებაა დაწყებული. (იხ. ფოტოები)
სამწუხაროდ, სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, რომელსაც 7 ნოემბრის პროკურორი ირაკლი იმერლიშვილი ხელმძღვანელობს, ამას ყურადღება არ მიაქცია. მან ეს ჩვეულებრივ მოვლენად ჩათვალა. ის არც სხვა დანაშაულებებზე არ რეაგირებს. თვითონ მისი ყოფნა გენერალურ ინსპექციაში სამარცხვინოა. არ შეიძლება პროკურორი მართავდეს ჯარს. პროკურორმა არ შეიძლება იცოდეს ჯარის პრობლემატიკა. შეიარაღებულ ჯარებში დანაშაულის პრევენცია რომ მოახდინო სულ მცირე ჯარისკაცის ფსიქოლოგიას უნდა იცნობდე და პროკურორი ამას ვერ გააკეთებს. საერთოდ არის ჯარში ნამყოფი? თუ აქვს ნამსახურები ბოდიშს მოვუხდი.
ამასთან, მას დასაქმებული ყავს ისეთი ხალხი, რომლებიც არიან ტიპიური ზონდერები. იბარებენ ოფიცრებს, აშანტაჟებენ...
-ნეპოტიზმი მხოლოდ დაბალ დონეზეა თავდაცვის სამინისტროში თუ მაღალ ეშელონებშიც?
-აღნიშნული სია წარმოაჩენს ნეპოტიზმს დაბალ რგოლში. ეს დოკუმენტი არის პროკურატურაში. რა ეტაპზეა გამოძიება არ ვიცი. მაიორი გლოველი ხელმძღვანელობს სამხედრო პოლიციაში ამ პროცესებს. ვფიქრობ ის საქმის მიმართ საკმაოდ ობიექტურადაა განწყობილი.
სამინისტროს უფრო მაღალ რგოლებში კი უფრო დიდი დოზითაა ნეპოტიზმი. თავად სამინისტრო სადაცაა, იქ ამოცანის შესასრულებლად 500 კაცზე მეტი საჭირო არაა. დღეს კი სულ 2500 კაცამდე მუშაობს. მათგან სამხედრო პირი 600-ია, დანარჩენები კი სამოქალაქო პირები არიან.
საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ჩვენს ბრძოლისუნარიანობაზე, საბრძოლო სულის არარსებობაზე, საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების შემცირებასა და უფრო უარესზე აისახება, ვიდრე 2008 წელს იყო. საბრძოლო სულის მიზანმიმართულად დაკნინება ხდება.
ისინი, ვინც 2008 წელს თავიანთი პირადი შემადგენლობა მიატოვეს და მიზანმიმარულად დაწვეს სამხედრო ტექნიკა, ან რუსებს გადააბარეს, დაწინაურებულ პოზიციებზე მუშაობენ, მაგალითად შალვა კაჭარავა, თემურ ფერაძე.
მე მაქვს განცდა, რომ თავდაცვის სამინისტრო გარე ძალების მიერ, ვიღაცის ხელით იმართება. ვიღაცას ეს ყველაფერი აწყობს. ვიღაცა ამ ყველაფერს ახალისებს.
p.s. საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ მზადაა დააფიქსიროს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია მათი სურვილის შემთხვევაში.
იხილეთ ფოტოები: