ბელგიური გამოცემა «New Europe» აქვეყნებს ინტერვიუს პოლონეთის თავდაცვის მინისტრ ანტონ
მაცარევიჩთან, სადაც მინისტრი საქართველოს შესახებაც საუბრობს.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:
ვარშავაში, პოლონეთის დედაქალაქში, სულ მალე, 8-9 ივლისს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტი უნდა ჩატარდეს. ამ ფონზე აღმოსავლეთის ფლანგზე სიტუაცია, როგორც არასდროს, ისეთი „ცხელია“: ნატოს იქ ოთხი ახალი ბრიგადის განლაგება სურს, შავ ზღვაზე კი, რუმინეთის ინიციატივით, შესაძლოა ერთობლივი ნატოს ფლოტი შეიქმნას, რუსეთის ამბიციების საწინააღმდეგოდ. მაშინ როცა ევროპის მზერა ვარშავისკენაა მიპყრობილი, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ანტონ მაცარევიჩი ბრიუსელში იმყოფება.
„ნიუ ეუროპას“ რედაქციამ ისარგებლა შემთხვევით და მინისტრს ინტერვიუ ჩამოართვა“, - წერს გამოცემის მთავარი რედაქტორი თეოდოროს ბანაკისი და პოლონეთის სამხედრო უწყების მეთაურს საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ბალტიისა და შავ ზღვებს შორის არსებულ სივრცეზე ესაუბრება. ერთ-ერთი შეკითხვა საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებას ეხება:
- ბატონო მინისტრო, როგორია თქვენი თვალსაზრისი - აიღებს თუ არა ვალდებულებას ნატოს ვარშავის სამიტი საქართველოსა და უკრაინის მიმართ? როგორია ნატოს მზადყოფნის დონე მათი უსაფრთხოების დაცვაში და როგორია პოლონეთის დამოკიდებულება შავი ზღვის მიმართ - ზღვებშორისი სივრცის გეგმების გათვალისწინებით?
- 2008 წელს ნატოს ნუქარესტის სამიტზე პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკიმ ნატოს ქვეყნების ლიდერები დაარწმუნა იმაში, რომ ალიანსმა კარი უნდა გაუღოს საქართველოსა და უკრაინას. პრეზიდენტმა მოახერხა და ნატოს ლიდერები საქართველოსა და უკრაინის პირდაპირ გაწევრიანებში დაითანხმა. ეს ყველაფერი შაბათ საღამოს მოხდა. სამწუხაროდ, კვირა დილით ვიღაცამ ნატოს ლიდერების გადაბირება შეძლო და მათ თავიანთი აზრი შეიცვალეს.
საქართველო და უკრაინა მაშინ რომ ნატოს წევრები გამხდარიყვნენ, დღეს რუსეთს ყირიმი დაკავებული არ ექნებოდა. მოსკოვი ვერ გააკონტროლებდა დონბასს და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვერ გაბედავდა იმის თქმას, რომ ჩვენ ახლა რაკეტები, სირიის ნაცვლად, ვარშავაზე გვაქვს დამიზნებულიო.
როცა კი საქართველოსა და უკრაინის დახმარებაზე ვფიქრობ, მე ყოველთვის ვიხსენებ ბუქარესტში დაშვებულ შეცდომას და ვცდილობ, როგორმე შევუმსუბუქო მათ რუსული აგრესიით გამოწვეული სიძნელეები. საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის მიზნით, ნატოს სამიტზე ორივეს მიმართ გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. რა თქმა უნდა, დეტალებში მათ შორის განსხვავება იქნება, რადგან თითოეულ ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს.
https://www.neweurope.eu/article/effective-defence/