logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ინტერვიუ საფრანგეთში საქართველოს ელჩთან, ეკატერინე სირაძე-დელონესთან
ინტერვიუ საფრანგეთში საქართველოს ელჩთან, ეკატერინე სირაძე-დელონესთან
14:11 21.06.2016
საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების შესახებ, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, ეკატერინე სირაზე-დელონე ესაუბრება:

-როგორ შეაფასებდით საფრანგეთის, როგორც პარტნიორი ქვეყნის როლს?

-საქართველო და საფრანგეთი ტრადიციულად პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნები არიან. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საფრანგეთი განუხრელად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საფრანგეთი ასევე ჩვენი ერთგული მოკავშირეა ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის საკითხში. ეს მხარდაჭერა გამოიხატება როგორც ორმხრივი ურთიერთობის, ისე მრავალმხრივ ფორმატში.

-თუ შეგიძლიათ მოკლედ მიმოიხილოთ ერთი წლის განმავლობაში ორმხრივ ურთიერთობებში მომხდარი ძირითადი მოვლენები.

-ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ორმხრივ ურთიერთობაში. განვითარდა და გაღრმავდა ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში. შედგა საგარეო საქმეთა, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების სამუშაო ვიზიტები. მიმდინარე წელს შედგა ასევე საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური და პრემიერ მინისტრის სამუშაო ვიზიტები.

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალური ვიზიტის მიზანი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი დაფინანსებით, ლევილის ქართულ მამულში აღდგენილი ბიბლიოთეკის მონახულების გარდა, საფრანგეთის ხელისუფლებისათვის ყველა იმ რეფორმის, გატარებული ღონისძიებებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საფრანგეთის მხრიდან ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერის მოპოვება იყო.

ვითარდება ჩვენს ქვეყნებს შორის ე. წ. დეცენტრალიზებული ურთიერთობებიც. თბილისსა და ნანტს შორის, კახეთის რეგიონსა და იონის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობა მეტად ინტენსიურია და მოაქვს კონკრეტული შედეგები. იკვეთება შამონისა და მესტიას შორის თანამშრომლობისა და შემდგომი დაძმობილების პერსპექტივები, რასაც ხელი შეუწყო მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანისა და მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ზაურ ჩართოლანის ვიზიტმა ქალაქ შამონიში მიმდინარე წლის მარტის თვეში. ამასთანავე, მჭიდრო კონტაქტები დამყარდა საფრანგეთის ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის ეროვნულ სკოლასთან (ENSA), რომელიც შამონიში მდებარეობს. ჩვენი მიზანია ალპინიზმისა და სამთო-სათხილამურო სპორტის სწავლების სფეროში ფრანგული გამოცდილების საქართველოში გადმოტანა. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ სკოლას ეწვია საქართველოს გიდების ასოციაციის, მთის კურორტების განვითარებისა და მესტიის საკრებულოს წარმომადგენლობითი დელეგაცია. სკოლის გენერალურ დირექტორთან ერვე ჟოსერონთან შეხვედრისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ შამონის სკოლა საქართველოს მთის გიდების გაწვრთნის ცენტრის ჩამოყალიბებასა და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას.
პარალელურად, მიმდინარეობს მცხეთისა და სუვინის (ბურბონების დინასტიის აკვანი) მდიდარი ისტორიული წარსულისა და მემკვიდრეობის მქონე ქალაქების დაახლოების პროცესი. მიმდინარე წლის ივლისში სუვინის დელეგაცია ეწვევა მცხეთას, სადაც შედგება მცხეთისა და სუვინის დაძმობილება.

-საქართველოში დიდი ინტერესით შეხვდნენ ბორდოს „ღვინის ქალაქთან“ მომავალ თანამშრომლობას. რაში მდგომარეობს ამ პროექტის ინტერესი საქართველოსთვის?

-ქ. ბორდოს « ღვინის ქალაქის » (Cité du Vin) პროექტი წარმოადგენს ქალაქ ბორდოს, საფრანგეთის, ევროკავშირის, აკვიტანიის რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბორდოს ღვინის ინტერ პროფესიული საბჭოს ერთობლივ ძალისხმევათა შედეგს და მისი ინაუგურაცია აღიქმება როგორც წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საფრანგეთში. საელჩომ 2014 წლიდან დაამყარა კავშირი ფონდთან და აწარმოებდა მასთან კონსულტაციებს, რათა საქართველო და ქართული ღვინო სათანადოდ ყოფილიყო წარმოდგენილი „ღვინის ქალაქის“ როგორც მუდმივ, ასევე დროებითი გამოფენების პროგრამირებაში. ამდენად, ბედნიერები ვართ რომ ჩვენმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და 2017 წლის ივლისსა და აგვისტოში, ბორდოს „ღვინის ქალაქის“ გამოფენათა ციკლის „მოწვეული ვენახი“ პირველი გამოფენა საქართველოს მიეძღვნება. ამ მიზნით, 25 თებერვალს, ქალაქ ბორდოში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბ-ნმა ოთარ დანელიამ და საფრანგეთის ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის თავმჯდომარემ, ქალბატონმა სილვი კაზმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას გამოფენის „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ თანა ორგანიზების შესახებ. საქართველოს მხრიდან პროექტს სათავეში ბ-ნი ოთარ დანელია ჩაუდგება სათავეში, ხოლო გამოფენის კომისარი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ამ გამოფენას ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან შესაძლებლობა გვეძლევა 6 კვირის მანძილზე ტურისტებსა და ღვინის მოყვარულებს წარვუდგინოთ არამარტო კულტურული, ეთნოლოგიური და ისტორიული არტეფაქტები, არამედ ასევე შევთავაზოთ ქართული ღვინის დეგუსტაციები, კონფერენციათა და კულტურულ ღონისძიებათა ციკლი საქართველოსა და მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ. თავად ის ფაქტი, რომ ბორდო, მსოფლიო ღვინის კულტურის დედაქალაქი, საქართველოს განიხილავს, როგორც „მეღვინეობის აკვანს“, წარმოადგენს ღვინისა და ვენახის კულტით გამსჭვალული ქართული კულტურის აღიარებას და უნიკალურ შესაძლებლობას ქართული ღვინის სავაჭრო ბრენდის დამკვიდრების თვალსაზრისით.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფონდის გათვლებით, გამოფენას დაათვალიერებს დაახლოებით 100 000 სტუმარი, რომელთა 50 % უცხოელი იქნება. თვენახევრის განმავლობაში საქართველო და ქართული ღვინო იქნება საფრანგეთის მეღვინეობის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისა და ღვინის ხილვადობის გაზრდას.

-როგორ შეაფასებდით ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს საფრანგეთსა და საქართველოს შორის?


-საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურმა და სტრუქტურულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა არსებული ბიზნესგარემო და მიმზიდველი გახადა ის საფრანგეთის საქმიანი წრეებისათვის. ფრანგული ინვესტიციები განხორციელდა საბანკო, ტრანსპორტის, კომერციულ, სასტუმრო და სასოფლო-სამეურნეო სფეროებში. მიუხედავად ამისა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა კვლავაც საკმაოდ დაბალ დონეზეა. საფრანგეთი ჩვენთვის მხოლოდ მე-17 კლიენტია (საქართველოს ექსპორტის 1 %) და მას მხოლოდ მე-15 ადგილი უკავია საქართველოს იმპორტში (1.5%). ამდენად, ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით დიდი პოტენციალი არსებობს და ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ამ შესაძლებლობების სრულ გამოყენებაზე. ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა რამდენიმე წელიწადში საგრძნობ შედეგებს მოგვიტანს ამ მიმართულებით.

კმაყოფილებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ უკვე რამდენიმე წელია კომპანია coface -მა საკრედიტო დაზღვევა საქართველოზეც განავრცო. პროექტების დაფინანსებაში მონაწილეობს საფრანგეთის განვითარების სააგენტოც (AFD). 2014 წლის 13 მაისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხელი მოეწერა მთავრობათაშორის ხელშეკრულებას თბილისში, AFD-ს წარმომადგენლობის დაფუძნების შესახებ. ეს დადებითი ტენდენციები ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

ჩვენს მთავარ გამოწვევად რჩება საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი საფრანგეთთან. ამდენად, საელჩოს მთავარი ძალისხმევა კონცენტრირებულია საფრანგეთის ბაზარზე საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ხილვადობისას და საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე.

-ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი რა ეტაპზეა და როდის დასრულდება?

-როგორც უკვე მოგეხსენებათ 2011 წელს მაისში ხელი მოეწერა მემორანდუმს, მამულის მფლობელ ოჯახებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ამ მემორანდუმით ჩამოყალიბდა ქართულ-ფრანგული პარიტეტული კომისია, განისაზღვრა კონკრეტული პირობები, რომელიც ერთი მხრივ უნდა შეასრულონ მესაკუთრეებმა, მეორეს მხრივ შესასრულებელია საქართველოს მიერ, რათა დაიწყოს მამულის გადმოცემის საჭირო იურიდიული პროცედურები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ 2015 წლის ზაფხულში გამოყო შესაბამისი თანხა (107 000 ევრო), რათა მამულში ჩატარებულიყო ტექნიკურ-დიაგნოსტიკური კვლევა, რომელიც სავალდებულოა მამულის გადმოცემისას საჭირო იურიდიული პროცედურების განსახორციელებლად. ამ ყველაფრისათვის საელჩო დაუკავშირდა საფრანგეთის კულტურის სამინისტროს, მოვიწვიეთ მსოფლიო მასშტაბით მაღალი დონის ექსპერტები, არქიტექტორები, კულტურული მემკვიდრეობის განხრით, აგრონომები, ფილოსოფოსები, შადრევნებისა და არქივების პროფესორები და 2015 წლის მეორე ნახევარში დავიწყეთ აქტიური მუშაობა. აქედან გამომდინარე, თანხის ერთი ნაწილი დაიხარჯა დიაგნოსტიკური ხასიათის სამუშაოებზე, ხოლო მეორე ნაწილი მამულის მომავალი ფუნქციონირების/პროგრამირების ანუ კონცეფციის ჩამოყალიბებაზე. ამა წლის 19 იანვარს კი, საელჩომ მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ოფიციალურად წარუდგინა ლევილის მამულის მომავალი ფუნქციონირების კონცეფცია პარიტეტული კომისიის ქართული კოლეგიის ხელმძღვანელებს.
ის თუ კონკრეტულად როგორი იქნება ლევილი მას შემდეგ რაც იგი გადმოეცემა საქართველოს, დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია ზოგადი ხედვა წარმოგიდგინოთ. ალბათ უკვე იცით, ლევილის მამული, მას შემდეგ რაც იგი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა შეიძინეს ყოველთვის იყო სტუმარ-მასპინძლობის კერა, - იგი იყო ადგილი, სადაც იქმნებოდა რაღაც სიახლე. იქ იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს უფლებებისთვის, აღიარებისთვის. იქ იქმნებოდა ლიტერატურა, იწერებოდა სტატიები, გამოიცემოდა გაზეთები. ეს იყო ადგილი, რომელიც დამუხტული იყო საქართველოს სამსახურში დგომის სურვილით. ვთვლით, რომ მამულის ეს ისტორიული მნიშვნელობა აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, ეს მუხტი არ უნდა დაიკარგოს. ამიტომ ლევილის მამულში გაკეთდება ქართული აკადემია თავისი ისტორიული, მეცნიერული, კულტურული მიმართულებებით. აკადემიის ფარგლევში, ლევილის მამულში იფუნქციონირებს ისტორიულ კულტურული ცენტრი, რომელიც კულტურული ღონისძიებების შენარჩუნება/განვითარებით, მუზეუმში გამოფენების ორგანიზებითა და სხვა მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებებით იქნება დაკავებული. და ამავდროულად ლევილის ისტორიულ ფუნქციას დაემატება ახალი განზომილება - რეზიდენცია. ქართული აკადემია საშაულებას მისცემს საქართველოს მოქალაქე ახალგაზრდა ისტორიკოსეჩვენი წლევანდელიბს, ხელოვანებსა და მეცნიერებეს გაატარონ რამოდენიმე თვე ლევილის მამულში.

ბევრ განვითარებულ, კულტურაზე ორიენტირებულ ქვეყანას აქვს ასეთი აკადემია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ჩვენ ინსპირაცია ფრანგული აკადემია - „ვილა მედიჩიდან » მივიღეთ, რომელიც იტალიაში 1666 წელს დაარსდა. ვილა მედიჩი შემოქმედებითი ინსტიტუტია, რომელიც განსაზღვრული პერიოდით მასპინძლობს ახალგაზრდა შემოქმედებს, რათა ხელი შეუწყოს მათი პირადი არტისტული პროექტების განხორციელებას. ჩვენ კი, კულტურას დავუმატეთ კვლევის (ისტორიული) განზომილება, ბუნებრივია სხვანაირად ვერც იქნებოდა.

2016 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა რამდენიმე შთამომავალმა ხელი მოაწერა ლევილის შატოსა და მამულის საქართველოსთვის გადმოცემის წინასწარ განზრახულებათა დოკუმენტს. აღნიშნული დოკუმენტის ხელმომწერები, ქალბატონები ირენ ციციშვილი და თამარ ჩხენკელი, ბატონები მიშელ რამიშვილი და ტიერი ბერიშვილი, აღიარებენ რა მიღწეულ პროგრესსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ადასტურებენ მათ სურვილს და მზადყოფნას ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საბოლოო ოქმი ხელმოწერილ იქნას უახლოეს მომავალში. ვიმედოვნებ რომ მამულის გადმოცემის პროცესი დასრულდება 2016 წელს.

-ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში, როგორია საფრანგეთის პოზიცია და როგორი იყო

-ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ერთერთი პირველი დამფუძნებელი და წამყვანი ქვეყანა აქტიურადაა ჩართული. ბუნებრივია, საფრანგეთის პოლიტიკური პოზიცია გადამწყვეტი იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. ამ მიზნით საელჩომ ფართოდ გაშალა მუშაობა და სტრატეგიული გეგმის მიხედვით ჩაატარა შეხვედრები ყველა იმ უწყებასთან, ვინც მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფრანგეთის პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბებაში. ვუმასპინძლეთ საქართველოს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომლებმაც ყველა დონეზე გამართეს კონსულტაციები.

ქართული კრიმინალის აღმოფხვრის მიზნით, პარიზის საელჩოში 2014 წლიდან მუშაობს პოლიციის ატაშე და შესაბამისად უსაფრთხოების სფეროში არის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა. საფრანგეთის შსს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2014 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ქართველი კრიმინალების რაოდენობა 17 პროცენტით შემციდრა.

ყველა ამ ნაბიჯმა შედეგი გამოიღო : საფრანგეთში ბევრი კითხვის ნიშანი მოიხსნა, რომელიც მანამდე არსებობდა. უკლებლივ ყველა უწყებაში აღნიშნავენ იმ დიდ პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო პროგრამის ფარგლებში.

თქვენ ასევე წარმოდგენთ საქართველოს ელჩს იუნესკოში....


-იუნესკო თავის საქმიანობას ხუთი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს, ესენია: განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანური მეცნიერებები, კულტურა და კომუნიკაციები. საქართველო მეტნაკლებად ჩართულია ყველა ამ დისციპლინაში. უნდა აღინიშნოს, რომ იუნესკოსთან ურთიერთობები ბოლო წლებში განსაკუთრებულად გააქტიურდა, ისევე როგორც იუნესკოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ დელეგაციებთან. ბუნებრივია, ჩვენ ვმონაწილეობთ ორგანიზაციის მიერ გამართულ ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაში.

ჩვენი წლევანდელი თანამშრომლობიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი სამი ქართული დამწერლობის იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე ოფიციალურ წარდგენას. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენცია იუნესკომ 2003 წელს მიიღო და საქართველო მას 2007 წელს მიუერთდა. 2008 წელს, მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერ „ქართულ პოლიფონიურ სიმღერას“, ხოლო 2013 წელს, „ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციულ მეთოდს“ მიენიჭა.]

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურისთვის“- ასომთავრული, მხედრული და ნუსხური, არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მიღების შემთხვევაში საქართველო არამატერიალური ძეგლის სტატუსის მქონე დამწერლობის სამი თანაბრად მოქმედი ანბანის მფლობელი პირველი ქვეყანა იქნება. საკითხს იუნესკო 2016 წლის ბოლოსკენ განიხილავს.

ბუნებრივია უმნიშვნელოვანესია ქართული კულტურის თვალსაჩინო ძეგლების დაცვის (მცხეთის ძეგლების კომპლექსი და სხვა) საკითხებზე იუნესკოსთან თანამშრომლობა, რაც მოიცავს იუნესკოს მატერიალური ძეგლების ნუსხაში ჩვენი ისტორიული ძეგლების ყოფნისა და მოვლა-პატრონობის საკითხებს.

იუნესკოსთან ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას ხელს უწყობენ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და უშუალოდ ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო, განათლების სამინისტრო და სხვა უწყებები.

-ქართული კულტურის წარმოჩენის თვალსაზრისით რა კეთდება საელჩოს მიერ?

-2014 წელს საელჩო გაწევრიანდა კულტურულ ინსტიტუციაში FICEP, რომელიც წარმოადგენს კულტურული ინსტიტუტების ფორუმს პარიზში. ამ ინსტიტუციის წევრები არიან 51-მდე პარიზში წარმოდგენილი ქვეყნების კულტურული ცენტრები ან საელჩოები; ფორუმის მიზანია წაახალისოს მრავალმხრივი კულტურული დიალოგი, წარმოაჩინოს პარიზში წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნები და ასევე გააერთიანოს და დააკავშიროს ისინი ერთმანეთთან. უნდა აღინიშნოს, რომ ფორუმის პარტნიორები არიან საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების სამინისტრო და პარიზის მერია, რაც ფისეპის ნებისმიერ ღონისძიებას მნიშვნელოვანი ხილვადობით უზრუნველყოფს: მისი ღონისძიებების შესახებ საუბრობს პრესა და სარეკლამო ბანერები და აფიშები თავსდება მთელს პარიზში.

ფორუმი წელიწადში ოთხ დიდი ღონისძიებას ატარებს, რომლებში მონაწილეობაც საელჩოს საშუალებას აძლევს საქართველოს სახელი გააჟღეროს მსოფლიო კონტექსტში, სხვა ქვეყნების გვერდით. ფისეპის ფარგლებში შესაძლებელი გახდა ქართველი მწერლების : ზაზა ბურჭულაძის, ლაშა ბუღაძისა და ნინო ხარატიშვილის მონაწილეობა პარიზის « ლიტერატურულ ღამეში ». ნაჩვენები იქნა ზაზა ურუშაძისა და ლევან კოღუაშვილის ფილმები, მოეწყო ქართული ენისა და კულინარიის სახელოსნო, ხოლო პატარა პუბლიკისთვის - ქართული ზღაპრების კითხვა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც შევძლებთ პარიზის ფორუმში საქართველოს ღირსეულ წარმოჩენას.


მარიამ ჩუბინიძე




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა