გერმანიაში ვიზიტის დასრულების ჟამს, სამშობლოში გამგზავრების წინ, საქართველოს პრემიერ-
მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინტერვიუ მისცა გერმანულ საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველეს“ („გერმანულ ტალღას“) და მის კორესპონდენტ ნიკიტა ჟოლკვერს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ქართველ კრიმინალებზე, ნატოში გაწევრიანებასა და საერთოდ, გერმანია-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე ესაუბრა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ტექსტს.
- გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვენ საუბრობდით საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე, ევროკავშირთან ასოცირებაზე, რომლის შესახებაც შეთანხმება უკვე ხელმოწერილია. რას აძლევს კონკრეტულად საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის სტატუსი?
- ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვაძლებს ქვეყნის რეფორმირების, სამართლებრივი სახელმწიფოს შენების, მეტი ინვესტიციის მოზიდვის, ევროპულ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობისა და ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების საშუალებას. იზრდება საქართველოს მიმზიდველობა ინვესტორებისთვის მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიის, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან.
- ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი უკვე მოქმედებს, მაგრამ გერმანული ეკონომიკის აღმოსავლური კომიტეტის მონაცემებით, ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ვერცერთმა ქვეყანამ - ვერც საქართველომ, ვერც უკრაინამ და მოლდოვამ ვერ შეძლეს ექსპორტის გაზრდა ევროპის ბაზარზე... რატომ მოხდა ასე?
- ვფიქრობ, რაღაც სტატისტიკური შეცდომაა... რაც შეეხება საქრთველოს, ჩვენი ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში ძალიან ბევრ სახეობებში გაფართოვდა. ყველაზე მთავარაი კი ისაა, რომ გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა იმ საწარმოებში, რომლებიც ევროპულ ბაზარზე არიან ორიენტირებულნი - ევროპულ ბაზარზე გადართვა, ევროპული სტანდარტების პროდუქციის წარმოება ხომ დამატებით ინვესტიციებსა და დამატებით ძალისხმევას მოითხოვს... ასე რომ, ეს ყველაფერი დროის საკითხია.
- ბერლინში თქვენ უვიზო რეჟიმის თაობაზეც იმსჯელეთ. ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ ყველა მოთხოვნა პირნათლად შეასრულაო და ვიზების გაუქმების რეკომენდაცია გასცა, მაგრამ მოგვიანებით ახალი დაბრკოლებები წარმოიქმნა - საქართველოს იმ მოქალაქეების რეადმისიის საკითხი, რომლებიც გერმანიაში უვიზოდ ჩამოვლენ და მერე აქ თავშესაფრის მიღების მოითხოვენ. იმედგაცრუებული ხართ სავიზო რეჟიმის დაწესების გაჭიანურებით?
- საქართველომ ევროკომისიის ყველა მოთხოვნა შეასრულა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, მე მესმის, რომ ევროკავშირში უამრავი პრობლემა არსებობს, უპირველეს ყოვლისა, მიგრანტებთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის ევროკავშირის მოქალაქეების სენსიტიურობა ამ საკითხებისადმი. ასე რომ, სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის დანერგვა, რომელსაც ევროპარლამენტი მიმდინარე წლის ივლისში დაამტკიცებს, მოგვცემს არსებული საშიშროების განეიტრალების საშუალებას. ვფიქრობ, უკვე სექტემბერში, შესაძლებელი იქნება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება. იმედგაცრუებული ვარ თუ არა? პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება, იყვნენ იმედგაცრუებული ან ნაწყენი.
- კიდევ ერთი დელიკატური პრობლემა - ქართველი დამნაშავეები გერმანიაში. საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც გერმანიაში ჩამოდიან და თავშესაფარს ითხოვენ, მაინცდამაინც დიდი არაა. ასევე მცირეა პროცენტული მონაცემებიც ლტოლვილთა შორის ქართველი დამნაშავეების თაობაზე, მაგრამ საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, რომლებმაც გერმანიაში თავშესაფარზე განცხადება დაწერეს და გადაწყვეტილებას ელოდებიან, დამნაშავეთა წილი ძალიან დიდია. მათი სპეციალობა ბინების ქურდობაა. როგორ ებრძვით ამ მოვლენას?
- თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ ქართველების წილი უცხოელების მიერ გერმანიაში ჩადენილ დანაშაულების სტატისტიკაში ძალიან მცირეა - სულ 0,9%, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუყურებთ. ჩემთან ერთად გერმანიაში ჩამოვიდა ჩვენი შინაგან საქმეთა მინისტრიც. იგი ერთი თვის წინათ უკვე იყო გერმანიაში და საკმაოდ მჭიდრო სამუშაო კონტაქტები დაამყარა აქაურ უწყებასთან. გარდა ამისა, საქართველოს საელჩოში პოლიციის ატაშეც მუშაობს. ასე რომ, ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან აქტიურად მიდის. შედეგი კი ის იქნება, რომ „ქართული კრიმინალი“ საქართველო-გერმანიის ურთიერთობაში ნეგატიურ როლს აღარ შეასრულებს.
- და მაინც, როგორია თქვენი მოქალაქეების ბედი, რომლებსაც გერმანიის პოლიცია დანაშაულის ჩადენისას იჭერს და შემდეგ კი მათ დეპორტაციას ახდენს საქართველოში? რამდენია მათ შორის უკვე მსჯავრდებული?
- სასამართლო პროცესიდან, რომელიც, კანონის თანახმად, დეპორტაციას აუცილებლად მოჰყვება, თავს ვერავინ დაიძვრენს. მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის აღნიშვნაც, რომ გერმანიის მხარის მოთხოვნა რეადმისიის თაობაზე ჩვენი მხრიდან 98%-ით სრულდება. ანუ როცა გერმანიიდან საქართველოში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელს აძევებენ, ისინი ავტომატურად ხვდებიან საპყრობილეში.
- ბერლინში თქვენი მოლაპარაკების კიდევ ერთი თემა იყო საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან. აქ განსხვავება მიდგომებშია: თქვენ გსურთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია, გერმანიის კანცლერს კი სხვა თვალსაზრისი აქვს - მას აშკარად არ სურს ხელი შეუწყოს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას. როგორ ფიქრობთ ისეთი პირობების შექმნას, რომლის დროსაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება?
- საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი დროის საკითხია. ის რეფორმები, რომლებსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ, მნიშვნელოვანია ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ამავე დროს, ჩვენ ვცდილობთ, გავუგზავნოთ რუს პოლიტიკოსებს სიგნალები იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთის მტერი არ არის, ხოლო ნატო-ში წევრობა ჩვენთვის რუსეთთან კონფრონტაციის ელემენტს არ წარმოადგენს.
- ჰო, მაგრამ რუსეთში ამ საკითხს სხვაგვარად უცქერიან...
- დიახ, გასაგებია, თუმცა უნდა გავიდეს გარკვეული დრო, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის კონსტრუქციულმა პოლიტიკამ და პრაგმატულმა მიდგომამ შედეგი გამოიღოს. სამწუხაროდ, გასულ წლებში ყველა მხარის მიერ დაშვებული იყო შეცდომები. საქართველოს ორი ტერიტორია ოკუპირებულია, იქ რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული, რაც, რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დადებითი ფაქტორი არ არის.
- და როგორ ცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას?
- ამ პრობლემის მოგვარება მოხდება მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველზე. რაც შეეხება ნატოს წევრობა, ეს რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს – რომ მას ჰქონდეს სტაბილური პარტნიორი სამხრეთ საზღვართან. ჩვენ არ ვაპირებთ სამხედრო ძალის გამოყენებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს გამორიცხულია. ნატოს წევრობა ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, რეგიონში სტაბილურობის გასაძლიერებლად გვჭირდება. ამას გარდა, ნატო მხოლოდ სამხედრო ბლოკი არ არის. ეს არის სახელმწიფოთა კავშირი, რომელშიც არსებობს ადამიანის უფლებების საერთო სტანდარტები, საერთო დემოკრატიული ნორმები. საქართველომ მიზნად დაისახა, გახდეს დემოკრატიული სახელმწიფო, ააშენოს ინსტიტუციური დემოკრატია. ამიტომაც, ბუნებრივია, ჩვენ მივისწრაფვით ნატოსკენ.
- იმ დღეს, როცა თქვენ ანგელა მერკელს შეხვდით და მოლაპარაკება გამართეთ, გაზეთმა „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგმა“ მთელი გვერდი საქართველოს რეკლამას დაუთმო. რა მიზნით დახარჯეთ ამდენი ფული ასეთ რეკლამაზე?
- გერმანულმა საზოგადოებამ საქართველო დადებითი მხრიდანაც უნდა გაიცნოს. კამპანია ქართველ დამნაშავეთა შესახებ გადაჭარბებულია. ქართველებს გვაქვს ის ყველაფერი, რაც ჩვენ გერმანელ მეგობრებს შეგვიძლია შევთავაზოთ, ვაჩვენოთ.. ის მიღწევები, გარდაქმნები, რომლებსაც ჩვენ დინამიურად განვითარებად და დემოკრატიულ ქვეყანაში ვახორციელებთ, გერმანელი მეგობრებისთვისაც უნდა გახდეს ცნობილი. ამგვარი პუბლიკაციების მიზანია იმ წარმატებების კომუნიკაცია, რომლებითაც ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ.
http://www.dw.com/ru/георгий-квирикашвили-грузия-в-нато-не-будет-угрозой-для-рф/a-19336230