პოლონურ გაზეთ «Dzennik Opini»- ში გამოქვეყნებულია ინტერვიუ მარსელ ვან-ჰერპენთან, რომელიც
ჰოლანდიის ანალიტიკური ცენტრის Cicero Foundation-ის ხელმძღვანელი გახლავთ. იგი იკვლევს თანამედროვე რუსეთის პრობლემებს და ევროპული ინტეგრაციის საკითხებს. პოლიტოლოგს ჟურნალისტი მიხეილ სუტოვსკი ესაუბრება. მარსელ ვან-ჰერპენი ინტერვიუში ეხება რუს და დასავლელ პოლიტიკოსებს, მათ როლს ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებაში.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
შეკითხვაზე, მართლაც არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, როგორც მასზე ამბობენ, რუსული „მართვადი დემოკრატიის“ ავტორ-იდეოლოგი და მისი გამტარებელი, მარსელ ვან-ჰერპენი პასუხობს:
„პირადულად იგი აბსოლუტური ცინიკოსია, მან ვლადიმირ პუტინს „ციდან მოვლენილი ადამიანი და რუსეთის გადამრჩენელი“ უწოდა, რომლის მისია რუსეთის დიდების აღდგენაა, ანუ გამოდის, რომ მოსკოვმა კვლავ ხელში უნდა ჩაიგდოს ბელორუსია, უკრაინა, საქართველო და სომხეთი. აზერბაიჯანზე შეიძლება უარი ითქვას, რადგან ეს ქვეყანა მუსულმანური სახელმწიფოა, სამაგიეროდ არის ქრისტიანული მოლდოვა და ბალტიის ქვეყნები, რომლებიც რუსეთისაგან კალინინგრადის ოლქს „ჭრიან“. სხვათა შორის, სანამ თურქეთის რუსეთის თვითმფრინავს ჩამოაგდებდა, გაზეთ „იზვესტიაში“ დაიბეჭდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის სტატია, რომელშიც იგი წერდა, რომ თუ თურქეთი რუსეთთან კონფლიქტში ჩაებმებოდა, მაშინ მოსკოვი შურს იძიებდა და ლიტვა-ლატვა-ესტონეთს წაიღებდა: „ბალტიისპირეთი კვლავ ჩვენი გახდებაო“. ყურადღება მივაქციოთ, რომ ნიკოლაი პატრუშევმა საბჭოური ტერმინი - „ბალტიისპირეთი“ გამოიყენა. მართალია, დასავლეთში მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ ნიკოლაი პატრუშევის ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ რუსები, უბრალოდ, ეძებენ casus belli-ს („ომის მიზეზს“) და თუ მოისურვებენ, კიდეც იპოვიან.
- სამწუხაროდ, როგორც ჩანს, გერმანელები და ფრანგები კლაიპედას ნავსადგურისათვის (ლიტვის პორტი ბალტიის ზღვაზე) მაინცდამაინც თავს არ მოიკლავენ...
- ფრანსუა ოლანდი საკმაოდ რბილი პოლიტიკოსია, ამიტომ მე მისგან არ მოველოდი რუსეთთან იმ კრიტიკულ დამოკიდებულებას, რომელიც მან „მისტრალთან“ დაკავშირებით გამოავლინა (მართალია, აშშ-ის ზეწოლით, მაგრამ მაინც), თუმცა საბოლოო ჯამში მან მზერა მაინც რუსეთისაკენ მიმართა და თავის მრჩევლად რუსეთის საკითხებში ფრანსუა მიტერანის მთავრობის ექს-მინისტრი ჟან-პიერ შევენმანი დანიშნა, რომელიც ძალიან პროპუტინურადაა განწყობილი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სირიისა და საერთოდ, ახლო აღმოსავლეთის კონტექსტი: ფრანგებიი თვლიან, რომ რუსეთთან მოლაპარაკებაა საჭირო.
- ვთქვათ და ფრანსუა ოლანდმა საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, მერე რა იქნება?
- გააჩნია, ვისთან წააგებს. თუ ნიკოლა სარკოზისთან, რომელიც ფრანსუა ოლანდის პოტენციურ მემკვიდრედ ითვლება, მაშინ ეს სერიოზული პრობლემა გახდება. ნიკოლა დიდი ხანია პროპუტინურ პოზიციაზე დგას. ჯერ ვფიქრობდი, რომ იგი ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან ომის დროს მოხიბლა (2008 წლის აგვისტოში), როცა მას „მომლაპარაკებლის“ როლის შესრულების უფლება მისცა (რა თქმა უნდა, რუსეთის პირობებით), თუმცა ბოლო დროს გამოსული კვლევების თანახმად ირკვევა, რომ ნიკოლა სარკოზის ცდუნება უფო ადრე მომხდარა. დავაკვირდეთ მის ტრანსფორმაციას: ჯერ კიდევ მანამდე, სანამ საფრანგეთის პრეზიდენტი გახდებოდა, მას რუსეთში წასვლა სურდა, რათა პუტინისათვის პირდაპირ ეთქვა ჩეჩნეთისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. მოგვიანებით, უკვე პრეზიდენტობის დროს, მისი მრჩეველი ანტიპუტინელი ანდრე გლუკსმანი გახდა. მაგრამ როცა 2007 წლის ივნისში დიდი რვიანის“ სამიტი ჩატარდა და სარკოზიმ ვიწრო წრეში პუტინს „ჭკუის სწავლება“ დაუწყო, რუსმა პრეზიდენტმა უთხრა, რომ ჯობდა გაჩუმებულიყო: „რუსეთი საფრანგეთზე დიდია და თუ პარიზს მოსკოვთან საქმის დაჭერა სურს, ასეთი ტონით არ უნდა ისაუბროსო“. შემდეგ იყო უცნაური პრეს-კონფერენცია, სადაც ნიკოლა სარკოზი მთვრალივით იჯდა... ალბათ, სწორედ იმ დროიდან დაიკავა მან პროპუტინური პოზიცია, რაც დღემდე გრძელდება. ხომ გვახსოვს მისი განცხადება ყირიმის თაობაზე, რომ ეს ნახევარკუნძული ყოველთვის რუსეთს ეკუთვნოდაო... თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნიკოლა სარკოზი, როგორც ჩანს, კვლავ გახდება საფრანგეთის პრეზიდენტი, მისი ეს განცხადება სკანდალურად გამოიყურება.
http://www.krytykapolityczna.pl/artykuly/rosja/20160615/van-herpen-w-co-gra-rosja