რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა „ლევადა-ცენტრმა“ გამოაქვეყნა
გამოკვლევა საქართველოსა და უკრაინისადმი რუსეთის მოქალაქეების დამოკიდებულების თაობაზე. დოკუმენტის მიხედვით, რუსები უკრაინას ნადეჟდა სავჩენკოს პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ შედარებით უფრო კარგად უყურებენ, ხოლო საქართველოსთან მიმართებით რუსების ნეგატიურმა დამოკიდებულებამ ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაიკლო, 2005 წლიდან.
კვლევის ავტორმა, „ლევადა-ცენტრის“ სოციოლოგმა სტეპან გონჩაროვმა „სობესედნიკის“ კორესპონდენტთან საუბრისას უკრაინასა და საქართველოსთან რუსების დამოკიდებულების გაუმჯობესების მიზეზებზე ისაუბრა.
- რატომ იკლო რუსების მხრიდან საქართველოსადმი ნეგატიურმა განწყობამ?
- ქართველებს და რუსებს ერთმანეთისადმი ყველაზე ცუდი განწყობა 2008 წელს ჰქონდათ. გაუმჯობესების მიზეზი ისაა, რომ ორივე მხარე კონფლიქტს თანდათან ივიწყებს. გარდა ამისა, დადებითი როლი შეასრულა იმ ფაქტმაც, რომ შეიცვალა საქართველოს პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილი რუსების უმეტესობას ძალიან აღიზიანებდა. საერთოდ, ამ პიროვნების [არაადექვატურ მოქმედებაზე] იმდენი რამ იწერებოდა მასმედიაში, რომ მის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება არც იქნებოდა - არათუ დადებითი, ნეიტრალურიც კი. მიხეილ სააკაშვილისადმი ირონიული, დამცინავი განწყობა იყო. საქართველოს დღევანდელ ლიდერს კი ბევრი რუსი არც იცნობს, რადგან რუსეთ-საქართველოს თემა მასმედიაში ძველებურად აქტუალური აღარაა, შედარებით ნაკლები იწერება.
საერთოდ კი, რუსების საბაზო ურთიერთობა დღეს ყველა ქვეყანასთან მეტ-ნაკლებად ნეიტრალურია, ზოგჯერ კი კეთილგანწყობილიც. ასე ხდება ხოლმე, როცა კონფლიქტის მწვავე ფაზა გადის - ურთიერთობა თანაბრდება.
საქართველოს შემთხვევაში ამას ემატება გარკვეული ერთობლივი ისტორიული წარსული, საერთო პოზიტიური მოგონებები, უპირველესად უფროსი თაობისაგან, რომელმაც [რუსებისა და ქართველების თანაცხოვრებაზე] ბევრი რამ იცის და ახსოვს. არის ინტერესი საქართველოს მიმართ რუსი ახალგაზრდობის მხრიდანაც, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ქართველ ახალგაზრდებზე.
რუსეთი საქართველოსთვის დიდ და მნიშვნელოვან მეზობლად ითვლება როგორც ეკონომიკის თვალსაზრისით, ასევე ოჯახური კავშირების მხრივაც: თავის დროზე რუსეთისაკენ ბევრი ქართველი წამოვიდა, ისინი აქ დაოჯახდნენ, ინარჩუნებენ სამშობლოსთანაც კავშირებს და ეს ყველაფერი პოზიტიურ გავლენას ახდენს ქართველების დამოკიდებულებაზე რუსების მიმართ. ასევე პოზიტიური ფაქტორია რუსეთში ჩამოსვლა დასაქმების მიზნით. დავუბრუნდები ისევ რუსი ახალგაზრდების განწყობას: ისინი საქართველოს არ განიხილავენ ისეთ ქვეყნად, სადაც მათ ცხოვრება, სწავლა ან მუშაობა სურთ, თუმცა აშკარაა, რომ ამ ქვეყნისადმი დამოკიდებულება ნეიტრალურიდან პოზიტიურობისაკენ იხრება.
- როგორ გგონიათ, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია თუ არა გამოიყენოს მასმედია ან სოციოლოგიური სამსახურები რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით და ამ მეთოდით იმ ქვეყნის მოსახლეობაზე რაიმე გავლენა მოახდინოს?
- ჩემი აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია, თუ ამაში რაიმე აზრი იქნება ჩადებული. თუ [რუსეთის ხელისუფლება] დაინახავს, რომ საქართველოსთან [ან უკრაინასთან] ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესება აუცილებელია, მაშინ მოკოვი შეეცდება, რომ რუსულ მასმედიაში ამ ქვეყნების სახე პოზიტიურად წარმოჩნდეს. თუმცა, როგორც ჩანს, დღეს ამგვარი ამოცანა ხელისუფლების წინაშე არ დგას, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. აშკარაა, რომ მოსკოვისათვის უმჯობესია მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის შენარჩუნება, ამიტომაც ვერ ვხედავთ ამ ქვეყნებან ურთიერთობის გაუმჯობესების ვერანაირ სახელმწიფო პროგრამას.
ამავე დროს, მიმაჩნია, რომ პერსპექტივაში საქართველოსა და რუსეთს შორის, ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები მაინც დარეგულირდება. მოსახლეობის განწყობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. პრობლემები არის, მაგრამ იმედი უნდა გვქონდეს, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება“.
http://sobesednik.ru/obshchestvo/20160619-pochemu-rossiyane-stali-luchshe-otnositsya-k-ukraine-i-gruzi