რუსეთის საინფორმაციო სააგენტომ „ნოვოსტი“ (РИА «Новости») ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს
სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის პრემიერ-მინისტრ არტურ მიქვაბიას. ინტერვიუში მექვაბია საუბრობს „რესპუბლიკის“ დღევანდელ მდგომარეობაზე, აფხაზეთის დამოკიდებულებაზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რუსეთთან და ა.შ.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით.
ა) დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებასთან
„აფხაზეთი მზად არის საქართველოსთან დიალოგისთვის, მაგრამ მხოლოდ თანასწორუფლებიანობის პირობებში. თუ საუბარი ასეთ რეჟიმში წარიმართება, მაშინ ბევრის მიღწევაა შესაძლებელი, თუ არა – მაშინ საუბარი საერთოდ არ შედგება. საერთოდ, ურთიერთობების აღდგენა მარტივი პროცესი არ იქნება. ვფიქრობ, საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს იმის გადაფასება, თუ რა მოხდა აფხაზეთთან დაკავშირებით. აფხაზები იმ ტრაგედიაში დამნაშავეები არ არიან, ჩვენ ომი არ დაგვიწყია. გაიზარდა მთელი თაობა, რომელიც ქართველებს არ იცნობს, ამის გამო ნორმალური ურთიერთობების დამყარება საკმაოდ რთული იქნება... ჩვენ დაინტერესებული ვართ სარკინიზო მოძრაობის აღდგენით თბილისი-ერევნის მიმართულებით. ვფიქრობ, ეკონომიკური თვალსაზრისით ის მომგებიანია, მაგრამ ამას ეწინააღმდეგება საქართველო, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენთან შეთანხმებას არ დადებს. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენ საქართველოს შემადგენლობაში უნდა ვიყოთ, ანუ ეს საკითხი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მიმაჩნია, რომ მას საღი აზრისა და ეკონომიკური თვალსაზრისით უნდა შევხედოთ. ყველასათვის უკვე გასაგებია, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ დაბრუნდება. ამასთან, საქართველოსთან გარკვეული შეხების წერტილები გვაქვს. მაგალითად, იყო პრობლემები ენგურჰესის ერთობრივი გამოყენების საკითხში, მაგრამ ისინი პოლიტიკის გარეშე გადავწყვიტეთ. როცა მოსახლეობის ინტერესებს და საღ აზრს უპირატესობა ეძლევა, მაშინ ბევრი საკითხის მოგვარება შეიძლება“.
ბ) რუსეთთან დამოკიდებულება: ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი?
შეკითხვაზე, სამხრეთ ოსეთის მსგავსად, აფხაზეთშიც ხომ აპირებენ რუსეთტან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასო, პრემიერ-მინისტრი პასუხობს: «ცხინვალის მოტივები გასაგებია: რადგან ოსების ნაწილი რუსეთში, დანარჩენი კი სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს, ამიტომ ისინი გაერთიანებას ესწრაფვიან. ჩვენთან კი სულ სხვა სიტუაციაა - ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამავე დროს დიდი რუსეთის საიმედო და ერთგული მოკავშირე. ჩვენ ბრძოლით დავიმსახურეთ დამოუკიდებლობა და ამას ათასობით ჩვენი საუკეთესო შვილების სიცოცხლე შევწირეთ. ვფიქრობ, 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარება იყო ერთადერთი სწორი გზა აფხაზური ეთნოსის გადასარჩენად, რისთვისაც მადლობას ვუხდით რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას - პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს. იყო იმის დიდი საფრთხე, რომ საქართველოსთან ომი განახლდებოდა, რომლის შედეგებიც, დანაკარგების სახით, შეიძლება ჩვენთვის გამოუსწორებელი ყოფილიყო. აფხაზები არასდროს არავის დავნებდებით, ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, მის გარეშე სიცოცხლე და არსებობა არ შეგვიძლია, მაგრამ [ახალი ომი] ჩვენი მომავლისათვის, ჩვენი ბავშვებისათვის დიდი დარტყმა იქნებოდა. რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რაიმე დივიდენდები არ მიუღია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო ჰუმანიზმის, სამართლიანობისა და ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის გათვალისწინებით. ამით რუსეთმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილ თავის მეგობრებს დახმარების გარეშე არ მიატოვებს.
შეკითხვას, რომელიც „როსნეფტის“ აფხაზეთში საქმიანობის პერსპექტივას ეხება, არტურ მიქვაბია პასუხობს: „ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება ნავთობის მოპოვების საკითხთან ერთმნიშვნელოვანი არ არის. მიგვაჩნია, რომ ნავთობის მოპოვებას შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდინოს ეკოლოგიაზე, თუმცა ვალდებულნი ვართ „როსნეფთთან“ დადებული კონტრაქტის პირობები შევასრულოთ. ჩვენ ახლა თვითონ „როსნეფტის“ ნაბიჯს ველოდებით, როდის დაიწყებს ეს კომპანია თავისი პროექტის განხორციელებას. ვადები უკვე გადის და ამიტომ ჩვენ გვსურს ახსნა-განმარტება მივიროთ ამ საკითხზე. თუ „როსნეფტი“ არაფერს გააკეთებს, მაშინ ჩვენ [შავი ზღვის შელფის დაზვერვას] სხვა კომპანიას შევთავაზებთ. აბა, რა, თუ საქართველო ნავთობის მოპოვებას დაიწყებს, თუ სოჭთანაც იგივე მოხდება, ჩვენ გულზე ხელდაკრეფილები ხომ არ ვისხდებით? აგერ, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთიც იღებს ნავთობს... ამ დროს, რასაკვირველია, ნდა გვქონდეს მტკიცე გარანრიები იმისა, რომ ჩვენს უნიკალურ ეკოლოგიას რაიმე ზიანი არ მიადგება“.
გ) თურქეთთან დამოკიდებულება: ეკონომიკური სანქციები
„აფხაზეთმა რუსეთის მიმართ თავისი სამოკავშირეო ვალდებულება შესრულა და თურქეთის წინააღმდეგ დაწესებულ სავაჭრო-ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდა. ამ ქვეყანასთან საქონელთბრუნვა ჩვენი მთლიანი საქონელთბრუნვის 20%-ს შეადგენდა, რაც ფულადი სახით დაახლოებით 1,5 მილიარდ რუბლს უდრიდა. ჩვენთვის ეს დიდი რიცხვია. თუმცა კავშირები მთლიანად არ გამწყდარა, რადგანაც თურქეთში საკმაოდ დიდი აფხაზური დიასპორა არსებობს, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში ისტორიული ნათესაური კავშირები თანდათან აღდგა, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, რომ აფხაზური წარმოშობის თურქმა ბიზნესმენებმა აფხაზეთში დიდი ინვესტიციები შემოიტანეს. დიახ, ამბობენ, რომ დიდი ინვესტიციები მაგრამ ასე არაა. მარაზიები, კაფეები, მინი-სასტუმროები, სათბურები - აი, სულ ამაში გამოიხატება თურქული ინვესტიციები. არანაირი თურქული ქარხნები და პანსიონატები ჩვენთან არ აშენებულა. თურქული კაპიტალი დიდი რაოდენობით აფხაზეთში მაშინაც არ შემდიოდა,როცა ანკარა-მოსკოვის ურთიერთობა ნორმალური იყო. მით უმეტეს, თურქეთთან ჩვენს ურთიერთობას ქართველები ეჭვის თვალით უყურებენ და ხელს გვიშლიან, ბარიერებს ქმნიან. რა თქმა უნდა, აფხაზეთში ყველაზე მეტად რუსული ბიზნესია წარმოდგენილი, თუმცა თურქ პარტნიორებთან, საქმიან წრეებთან, დიასპორასთან ურთიერთობის და კონტაქტების გაწყვეტას არ ვაპირებთ. სხვათა შორის, ჩვენი დიასპორა გაგებით მოეკიდა იმ შემზღუდავი ზომების დაწესებას, რაც ჩვენ ანკარასთან მიმართებით განვახორციელეთ“.
დ) უძრავი ქონების გაყიდვის საკითხი
შეკითხვაზე, „აფხაზეთში დღემდე მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვით, უცხოელებზე (მათ შორის, რუსებზეც) უძრავი ქონების მიყიდვა იკრძალება. როგორ მიგაჩნიათ, ეს სერიოზული დაბრკოლებაა რუსული ინვესტიციების მიღების თვალსაზრისით“, არტურ მიქვაბია პასუხობს: „აფხაზეთში რუსული კომპანიების წარმომადგენლებს არასაცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების შეძენა შეუძლიათ. რაც შეეხება საცხოვრებელ ბინებს, აფხაზები ძალიან მგრძნობიარედ უდგებიან დემოგრაფიულ საკითხს, ისინი ხომ ისტორიულად იჩაგრებოდნენ საკუთარ ტერიტორიაზე განხორციელებული ძალადობრივი დემოგრაფიული ცვლილებებით. ეს გენეტიკური ხსოვნაა. თუმცა ვფიქრობ, რომ ამგვარი საკითხების მოგვარება შეიძლება, შევისწავლით ყველა პლუსს და მინუსს და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ. მთავარია, რომ ისეთი კანონმდებლობა მივიღოთ, რომ აფხაზებს შიში გაუქრეთ, საფრთხე აღარ არსებობდეს. ეს ჩვენ ეკონომიკის განვითარებაშიც დაგვეხმარება, განსაკუთრებით სამშენებლო ინდუსტრიაში, საცხოვრებელი ბინების მშენებლობის ჩათვლით. ალბათ, კანონპროექტის შემუშავება-განხილვის დროს იქნება კამათი, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს ნორმალურია“.
ე) ტურიზმი: როგორ ემზადება აფხაზეთი
„ამ ზაფხულს აფხაზეთში დასასვენებლად ჩასულთა აოდენობა 30%-ით გაიზრდება. თუ 2015 წელს დამსვენებლთა რაოდენობა მილიონნახევარი იყო, ახლა თითქმის 2 მილიონს მიაღწევს. ვითარდება აფხაზეთის ტურისტული ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, სასტუმროებსა და პანსიონატებში იქმნება დამატებითი ადგილები, რაც 10%-იან მატებას შეადგენს. არაა გამორიცხული, რომ ტურისტთა ასეთი დიდი ნაკადის დროს საზღვარზე გადასვლა შეყოვნდეს, თუმცა შარშანდელი გამოცდილების გათვალისწინებით, როცა ტურისტი პროცედურებისთვის რიგში დგომით ხუთ-ექვს საათს კარგავდა, ახლა ლოდინი საათნახევრამდე შემცირდება. „ფსოუს“ საკონტროლო-გამშვები პუნქტს დღე-ღამეში 28 ათასი ადამიანისა და 2 ათასამდე სატრანსპორტო საშუალების გატარება შეუძლია, თუმცა რადგანაც ტურისტები აფხაზეთში სოჭი-გაგრის ელექტრომატარებლითაც შემოდიან, გასული წლის ზაფხულის პერიოდში დღე-ღამეში საერთო ნაკადი 60 ათას ადამიანს აღწევდა. ჯერ-ჯერობით, საზღვაო-სატრანსპორტო საშუალებები გამოყენებული არ არის, თუმცა სამომავლოდ გაგრაში, ახალ ათონსა და სოხუმში სპეციალური ნავმისადგომები აიგება დიდი ტურისტული გემებისათვის“.
http://ria.ru/interview/20160610/1445373669.html