მიუხედავად იმისა რომ მეტრო სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე აგრარული ბაზარი და
ბაზრობა ფუნქციონირებს, აქ გარემოვაჭრეები მრავლად არიან. ისინი პირდაპირ ქუჩაში ყიდიან ყველაფერს - ჰიგიენური საშუალებებით დაწყებული მალფუჭებადი პროდუქტებით დამთავრებული. საქონელი პირდაპირ მიწაზე აწყვია. ერთადერთი რასაც ხელისუფლებამ მათთან ბრძოლაში მიაღწია, ისაა რომ ქუჩაში ხორცის გაყიდვა აუკრძალა, თუმცა არცთუ იშვიათად, იქ სახელდახელოდ მოწყობილ დახლებზე ხორციც იყიდება ხოლმე. პროდუქტი არც ხარისხზე თუ ვარგისიანობაზეა შემოწმებული. გამყიდველს სიტყვაზე უნდა ენდო.
გარემოვაჭრეებს ბაზრების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არაერთხელ შესთავაზეს ბაზარში შესვლა, მაგრამ ისინი უარს ამბობენ. მიზეზად იმას ასახელებნ რომ გადასახადის გადახდა არ შეუძლიათ.
მათი წყალობით, გადასახადების გადახდა აგრარულ ბაზრებსაც აღარ შეუძლიათ. როგორც ბაზრების წარმომადგენლები ამბობენ, ხალხი ბაზარში ფაქტიურად ვეღარ შედის, შესაბამისად არც ვაჭრობაა და არც შემოსავალი.
მათ დახმარებისთვის გასული წელს ისნის რაიონის გამგეობასაც მიმართეს. გამგეობამ მათი საქმე მერიაში გადააგზავნა. ბაზრის წარმომადგენლებს თბილისის მერიც შეხვდა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. დაპირების მიცემიდან საკმაო დრო გავიდა, მაგრამ კანონით აკრძალული გარევაჭრობა ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
გარევაჭრობით სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებიც შეწუხებული არიან. მათი ფანჯრების თუ სადარბაზოების წინ ვაჭრობა სისხამ დილით იწყება.
ხმაურის გარდა მოსახლეობას ანტისანიტარიაც აწუხებს. გარემოვაჭრეები საყოფაცხოვრებო ნარჩნების გატანაზე არც ფიქრობენ და ყველაფერს იქვე ყრიან. როგორც მოსახლეობა ამბობს, მათ ნაგვის სუნი აწუხებს. ხშირად ისინი საკუთარ სადარბაზოში შესვლას, ან იქედან გამოსვლასაც კი ვერ ახერხებენ.
ადრე მოვაჭრეებს საქონელი თან მიჰქონდათ, ახლა საქმე გაიმარტივეს და ყველაფერს ადგილზე ტოვებენ. მათ დაქირავებული ყავთ დაცვა და საქონელს ღამით ის იცავს. ადრე ღამე მაინც შეიძლებოდა გავლა, ახლა ესაც შეიძლებელია. ტროტუარებზე სასიარულოდ საცალფეხო ბილიკებია დატოვებული.
ბაზრების ადმინისტრაციების მსგავსად მათაც არაერთხელ მიმართეს დახმარებისთვის ხელისუფლებას, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ერთჯერადად მიღებული ზომებით, მხოლოდ რამდენიმე საათით წყდება გარევაჭრობა, პოლიციის წასვლიდან რამდენიმე წუთში კი ყველაფერი თავიდან იწყება.
პრობლემები აქვთ მძღოლებსაც. გარემოვაჭრეები საავტომობილო გზის სიახლოვესაც სხედან. ქეთევან წამებულის გამზირის ეს მონაკვეთი ისედაც გადატვირთულია და მათი წყალობით, ხშირად გაუვალი საცობებია.
გამოსავლის მოსაძებნად ბაზრების ადმინისტრაციების წარმომადგენლები კიდევ აპირებენ მერიაში მისვლას. დავით ნარმანიას უწყებას ეს პრობლემა კარგა ხნის წინ უნდა გადაეწყვიტა. მათ ამას კანონიც ავალდებულებს. თბილისის საკრებულოს მიერ გამოცემული დადგენილებით გარევაჭრობა აკრძალულია.
არჩევნების წინ ხელისუფლება გარემოვაჭრეების გაღიზიანებას ერიდება, მაგრამ მათთვის თავზე ხელის გადასმამ შესაძლოა კიდევ უფრო ბევრი ადამიანი გააღიზიანოს როგორც უკვე ავღნიშნეთ ისინი ბაზრების გარდა მოსახლეობასაც უქმნიან პრობლემებს.
ამ პრობლემის მოგვარებით დედაქალაქის ხელისუფლება სხვა მიზეზითაც უნდა იყოს დაინტერესებული. გარემოვაჭრეები ბიუჯეტის სასარგებლოდ არცერთ თეთრს არ იხდიან. ბიუჯეტს კი შევსება სჭირდება.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ გარევაჭრობის პრობლემა საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში მოგვარდა. გამონაკლისი მხოლოდ თბილისი დარჩა. სადაც ამ პრობლემის გამო რიგ ადგილებზე გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელია.
სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბაზრები და ბაზრობები ფაქტიურად დახურვის წინაშე დგანან. აპრილის თვეში ისინი შეხვდნენ დედაქალაქის მერს დავიით ნარმანიას. დავით ნარმანია მათ პრობლემის მოგვარებას დაპირდა. მერი ამბობდა რომ ამ საქმეს აღდგომის შემდეგ მიხედავდა. აღდგომაც გავიდა და ამაღლებაც, მაგრამ პრობლემა გადაუჭრელია.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ისიც არავინ იცის თუ ვინუნდა მოაგვაროს ეს პრობლემა.მერიის ზედამხედველობის სამსახური პოლიციისკენ იშვერს ხელს, პოლიცია-მერიისკენ. ამასობაში ზარალდება მოსახლეობა და ზარალდება ბიუჯეტი. არსებობს სერიოზული ეჭვი რომ მოვაჭრეებს ვიღაც მფარველობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ასე თავისუფლად ვერ იმოქმედებნენ.
იმედია მერია უკვე დაიწყებს ამ პრობლემის მოგვარებას. ბაზრების დახურვის შემთხვევაში ბევრი ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე. რაც არჩევნების წინ ხელისუფლების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.
თამარ კაპანაძე