საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინტერვიუ მისცა ამერიკული სამაუწყებლო კომპანია «CNN»-ის პროგრამა «CNN
Money»-ს კორესპონდენტს ჯონ დეფტერიოსს, რომელიც თბილისში იმყოფებოდა. პრემიერის ინტერვიუ ვიდეოჩანაწერის სახით გამოქვეყნებულია მისამართზე: http://money.cnn.com/video/news/economy/2016/03/28/georgia-prime-minister-economy.cnnmoney სათაურით „საქართველოს ეკონომიკური ზრდის დიდი გეგმები აქვს“.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტური ვერსიის მოკლე შინაარსს, რომელიც «CNN Money»-ის მიერაა გავრცელებული და მნიშვნელოვნად განსხვავდება ვიდეოვერსიისაგან:
„საქართველო, სადაც ხუთ მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ნავთობზე დაბალი ფასებისა და ამასწინანდელი სავალუტო კრიზისის მიუხედავად, მომავალ წელს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდისათვის ემზადება. გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი სამი თვის წინ, დეკემბერში დაიკავა, მაგრამ უკვე დიდი გეგმები აქვს საქართველოს განვითარებისათვის. “მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ეკონომიკის 3-3,5%-იან მატებას, მაგრამ 2017 წლისათვის ზრდა 5,5%-დან 6%-მდე იქნება“, - განუცხადა მან «CNN Money»-ს მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ, რომელზეც ახალი ეკონომიკური დღის წესრიგის შესახებ ისაუბრა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი უფრო მოკრძალებულია: საქართველოს მიმდინარე წელს 3%-იანი ზრდა ექნება, 2017 წელს კი - 5%-იანი.
გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის აღორძინების ოთხპუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, მმართველობის სისტემის რეფორმას და განათლების სისტემის გარდაქმნას.
გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ეკონომიკის მინისტრად მუშაობდა, თვითმხილველია იმისა, თუ როგორ ეცემოდა ქართული ვალუტის - ლარის კურსი ამერიკულ დოლართან შედარებით - დაახლოებით 30%-ით 2014 წლის ბოლოდან. ვალუტის კრიზისი გარკვეულწილად გამოწვეული იყო მეზობელ რუსეთსა და აზერბაიჯანში მომხდარი ეკონომიკური ვარდნით. ორივე სახელმწიფო ნავთობისა და გაზის მსხვილი მომპოვებლები არიან.
„კრიზისი, ალბათ, შეიძლებოდა უფრო უარესი და მძიმე ყოფილიყო“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი. ასეთ პირობებშიც კი, სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკამ გასულ წელს 2%-იან მატებას მიაღწია. გარდა ამისა, მიმდინარე თვეში ეროვნული ვალუტის კურსის განმტკიცებაც შეიმჩნეოდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თვითონ არ არის ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა, ის მაინც არაგაბარიტულ გეოპოლიტიკურ როლს ასრულებს - როგორც ენერგეტიკული ტრანზიტის ცენტრი. ამჟამად კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმი“ დაახლოებით ორ მილიარდ დოლარს ხარჯავს აქაური ნავთობისა და გაზსადენების, აგრეთვე საკომპრესორო სადგურების მოდერნიზებისათვის, რათა კასპიის ზღვაში მოპოვებული ენერგონედლელული, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ევროპის ბაზარზე გაიტანოს.
ქვეყანას, საბოლოო ჯამში, სურს სავაჭრო-ლოჯისტიკურ ცენტრად იქცეს, შესთავაზოს დაბალი კორპორატიული გადასახადები იმ ევროპულ და ამერიკულ კორპორაციებს, რომლებიც მზად არიან ინვესტიციები შეიტანონ სამხრეთ კავკასიის საკმაოდ არასტაბილურ რეგიონში.
რუსეთთან რამდენიმეწლიანი სასაზღვრო დავისა და კონფლიქტების შემდეგ საქართველო აქტიურ პროევროპული სახელმწიფოდ იქცა. 2014 წელს თბილისმა ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან. საქართველო ასევე ატიურად მიისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ.
"საქართველო ევროპაა. ევროპა საქართველოს სახლია. ჩვენთვის ევროპა არის სივრცე, სადაც უზრუნველყოფილია დემოკრატიის გარკვეული სტანდარტები, დაცულია ადამიანის უფლებები და სწორედ ეს არის ქართველი ხალხის მიზანი. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირი ან ნატო იყოს ვინმეს წინააღმდეგ", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 25% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველომ უნდა აჩვენოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მზადყოფნა. "მეორე მხრივ, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე, რაც გულისხმობს ჩვენს სუვერენულ არჩევანს ევროპულ თუ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.
არის თუ არა რუსეთი დღესაც ნომერ პირველი საფრთხე საქართველოსთვის“ ამ კითხვაზე პრემიერ-მინისტრი ასე პასუხობს: "ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემების მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ეს არ არის უსაფრთხო ადგილი ინვესტორებისთვის. გამოვთქვამთ იმედს, რომ შემდგომი ნაბიჯები მიმართული იქნება დაძაბულობის განმუხტვისკენ, რათა ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდეს ზრდა და განვითარება“.
http://money.cnn.com/2016/03/28/news/georgia-economy-oil-currency/index.html