რუსული გამოცემა «Новая газета» აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ამჟამინდელ გუბერნატორ
მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ჩაწერილია მატარებლით მგზავრობისას, როცა „ნოვაია გაზეტას“ კორესპონდენტი პავლე კონიგინი და გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დნეპროპეტროვსკში, ანტიკორუფციულ ფორუმზე ერთად მიემგზავრებოდნენ:
„ექს-პრეზიდენტი ბიზნეს-კლასის ვაგონში, ლურჯი სვიტრით, მხრებზე გასაბერი ბალიშით... იგი უხელფასო შვებულებაშია და აქტივისტებსა და ბიზნესმენებს ხვდება, მისი გუნდი კი ოდესაში მუშაობს“ - წერს კორესპონდენტი.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- თქვენ საქართველოში ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის მოდელი გქონდათ...
- საქართველოში ჩვენ ყველაფერი ნანგრევებიდან ავაშენეთ. აქაც ეგრეა გასაკეთებელი - არა ძლიერი პიროვნების ხელით, არამედ კანონის დიქტატურის ჩარჩოებში. უკრაინაში კანონები შესაცვლელია. უნდა გაძლიერდნენ ანტიკორუფციული ორგანოები. ყველა უნდა აიძულო, რომ კანონების მოთხოვნები შეასრულონ და ციხეში უნდა ჩავსვათ ისინი, რომლებიც უარს ამბობენ კანონების შესრულებაზე...
- ესე იგი, მაინც ძლიერი ხელისუფლებაა საჭირო?
- ნამდვილად და ეს ფუნქცია ხელში პრეზიდენტმა უნდა აიღოს, კონსტიტუციის თანახმად... მან უნდა შეკრიბოს ანტიკორუფციული საბჭო და მოითხოვოს კანონის შესრულება. ყველაფერი გამჭვირვალედ, მაგრამ მკაცრად უნდა განხორციელდეს.
- ანუ ხალხის დაჭერები უნდა დაიწყოს?
- უკრაინაში ოცი კაცის ციხეში ჩასმა საკმარისია, მაგრამ ისინი ცნობილები უნდა იყვნენ. ამით ყველაფერი დასრულდება.
- ვინაა დასაჭერი, თქვენი აზრით?
- მაგალითად, კივალოვი, კოლომოისკი, ავაქოვი...
- რას ამბობს მოსახლეობა? განა ისინი იმას ფიქრობენ, რომ თქვენ თუ მოხვალთ ხელისუფლებაში, საქართველოს მსგავსად, აქაც ბევრი მოხვდება ციხეში?
- მე, სხვათა შორის, ციხეში ბევრი არ ჩამიჯენია. ჩემი მიზანი იყო ხელისუფლებაში რეფორმატორები მომეყვანა...
- მთავარია, რომ უდანაშაულო ადამიანები არ იქნენ დაპატიმრებული. საერთოდ, რა არის ცუდი იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი კორუფციონერი იყოს პატიმრობაში?
- არა, მე არა ვარ მომხრე მასობრივი დაპატიმრებებისა... მე, უბრალოდ, მინდა რომ რამდენიმე ადამიანის დაჭერა სხვებისთვის გაკვეთილი იყოს. კორუფციონერებს ყველაფერს ვერ ჩამოართმევ, მაგრამ შეიძლება ისეთი სამართლებრივი გარემო შექმნა, რომ იძულებით თუ ნებაყოფლობით მათ მოპარული ფული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დაახარჯვინო... მაგალითად, ააშენონ სასტუმრო ზღვის ნაპირზე. დაე, კორუფციონერებმა ფული ქვეყნის ეკონომიკაში ჩადონ. ეს მათ კომფორტს მოუტანს, ეკონომიკისთვისაც სასარგებლო იქნება.
- სხვათა შორის, საქართველო რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობს...
- და არაფერიც არ გამოსდის...
- ამას რა აზრით ამბობთ?
- რუსეთთან არაფერი არ გამოსდის. ახლახან გრიგორი კარასინმა ხომ ისევ განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ მოთმინების ძაფი გვიწყდებაო. რუსეთი საქართველოს ვიზების გაუქმებას დაპირდა, მაგრამ არ გააუქმა. ქართველებს დაპირდა, რომ თავის ბაზარზე შეუშვებდა - ამ საკითხშიც თითქმის სერიოზული არაფერი მომხდარა... ინვესტიციების დაბანდებას რაც შეეხება, ჩემს დროს უფრო მეტი [რუსული] ინვესტიციები იყო საქართველოში, ვიდრე დღეს. ამიტომაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რუსეთის მიმართ რიტორიკის შეცვლის მაგივრად, არაფერი არ მიუღია.
- თქვენ ხომ მოგიშორათ თავიდან...
- ჰო, ეს [მოსკოვის] მთავარი მოთხოვნა იყო. შემდეგ - ქვეყნის გაქრობა დასავლეთის რადარებიდან, ანუ საქართველოს სულ დასავლეთში რომ არ ერბინა. ამ თვალსაზრისით დასავლეთი მოსკოვის პოზიციას გაგებით მოეკიდა, რადგან თბილისის საჩივრების მოსმენა დასავლეთსაც ყელში ამოუვიდა. დღეს საქართველოს ახალი ხელისუფლება დასავლეთს ეუბნება, რომ მეტად აღარ შეგაწუხებთ, რუსეთთან ჩვენ თვითონვე მოვაგვარებთ პრობლემებსო. რუსეთის მესამე მოთხოვნა იყო სომხეთისაკენ მიმავალი რკინიგზის გახსნა და „გაზპრომის“ შეშვება საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი [ამ მოთხოვნების] შესრულებას შეეცადა, მაგრამ ქვეყანაში პროტესტები დაიწყო და ამიტომ არაფერი გამოუვიდა. პრინციპში, ივანიშვილი პატიოსნად ცდილობდა, მაგრამ რა მისცა სამაგიეროდ რუსეთმა? არ დახმარებია ეკონომიკურად, აგრძელებს სიტუაციის დესტაბილიზებას სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებით. ქართველები ყოველდღიურად ისმენენ, რომ საზღვარმა გადმოიწიაო... ერთმანეთს კი იმით ამშვიდებენ, რომ „მთავარია, ომი არ იყოსო“.
- ადრე თუ გვიან რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაც მოგვარდება, თუმცა ისე გამოდის, რომ თქვენ ამის წინააღმდეგი ხართ...
- თუ უკრაინაში სერიოზული რეფორმები არ გატარდება, მაშინ ერთი წლის შემდეგ ჩვენ რუსეთზე დამოკიდებული ვასალური მთავრობა გვეყოლება - ისეთი, როგორიც საქართველოშია ბიძინა ივანიშვილის გამოისობით. ასე იქნება, რა თქმა უნდა, თუ თვითონ მოსკოვშიც არაფერი შეიცვლება. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ვლადიმირ პუტინი როგორც მინიმუმი, კიდევ ორი წელი იქნება, ჩემი სცენარი რეალური გამოდის. საქართველოშიც ხომ ამბობდნენ, რომ უკრაინაში მსგავსი რამის განმეორება შეუძლებელიაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიანაც შესაძლებელია.
- თქვენი აზრით, როგორი პოლიტიკა უნდა გატარდეს რუსეთთან?
- ამჟამად არანაირი. უკრაინა თვითონ უნდა განვითარდეს. დღეს ყველა იმაზე მსჯელობს, გააუქმებენ თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დადგენილ სანქციებს, გაცვლიან თუ არა უკრაინას სირიაზე [ბაშარ ასადზე]. ასე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ უკრაინა პოლიტიკურად სირიაზე უკეთეს მდგომარეობაში არ არის.
- თუ აქ არაფერი გამოგივათ, მერე სად წახვალთ?
- არსადაც არ წავალ, აქ დავრჩები.
- და თუ, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი გახდებით?
- აბა, რას მეუბნები, თუ გახდებიო... უკრაინის ყოველი ნორმალური მთავრობის ამოცანა აშკარაა: სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება, ლიცენზიებისა და ნებართვების გაუქმება 80%-ით, დაიხუროს ის სამთავრობო სამსახურები და სამინისტროები, რომლებიც საჭირო არ არის, გაუქმდეს გუბერნატორებად დანიშვნის ინსტიტუტი, გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები, მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება, შემცირდეს გადასახადების რაოდენობა და ბოლოს, ციხეში ჩავყაროთ „ხელშეუხებლები“... მორჩა, ამით დამყარდება წესრიგი. ამის გაკეთება ყველას შეუძლია. ამის შემდეგ ბიუჯეტის შემოსავლებიც გაიზრდება. მერე ვეღარც საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვერ გაბედავს აღშფოთებას და რაღც პირობების წამოყენებას.
- დასავლეთმა რომ უკმაყოფილობა გამოხატოს?
- გარედან ვერაფერს ვერ გააკეთებენ. კი, აღშფოთდებიან, ხელების ქნევას დაიწყებენ, მაგრამ ყველაფერი მაინც ჩვენი შესაცველელია და უკეთესი იქნება ეს დასავლელი მრჩევლების გარეშე გავაკეთოთ. მრჩევლები მხოლოდ იმისთვის არიან მრჩევლები, რომ პრობლემა არ მოაგვარონ და შეინარჩუნონ - ეს ხომ მათი არსებობისა და შემოსავლების წყაროა. ჩვენ თავს ვიტყუებთ, რომ რეფორმებს ვახორციელებთ, ისინიც თავს გვაჩვენებენ, რომ გვეხმარებიან. ვის სჭირდება ეს? ჩვენ არ გვჭირდება.
- თქვენი კრიტიკა დასავლელ მრჩეველ-თანაშემწეთა მიმართ რუსული პროპაგანდისათვის მოულოდნელი იქნება...
- მე ამას წინათ ერთმა რუსმა მითხრა: ჩვენ ტელეარხებზე შენს ნათქვამს ქართულიდან რუსულად რომ გვითარგმნიდნენ, დარწმუნებულნი ვიყავით, რომ არანორმალური ხარ, ახლა კი [უკრაინაში] რუსულად რომ ლაპარაკობ, ვხედავთ, რომ არც ისე ცუდი კაცი ყოფილხარო...
- კიევში ბევრს ლაპარაკობენ თქვენს საპრეზიდენტო ამბიციებზე...
- ვინ ლაპარაკობს? რომელი ქვეყნის პრეზიდენტად? უკრაინაში ეს გამორიცხულია. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ...
- მოიცათ, მოიცათ... არ გინდათ პრეზიდენტობა?
- არა.
- მაგრამ ეს ხომ ყველაზე სწრაფი გზაა ქვეყნის ისე შესაცვლელად, როგორც თქვენ გსურთ...
- არა, უკრაინაში ერთი კაცი ყველაფერს ვერ გააკეთებს, ასეთი რამ შეუძლებელია. აქ სულ სხვა ფსიქოლოგიაა. უკრაინა რუსეთი არაა და მით უმეტეს, არც საქართველო. თუმცა მე კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ პროცესებზე გავლენის მოხდენა შემეძლოს, ამ სურვილზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი. ამასთან, გავიხსენოთ, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა, მაგრამ სწორედ მის დროს განხორციელდა რეფორმები.
- რაში გამოიხატება უკრაინაში რეფორმების გატარების პრობლემა?
- რეალურად უკრაინა პატარ-პატარა ნაწილაკებადაა დაშლილი. აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ შემორჩენილია საბჭოური ყაიდის ხელისუფლების სისტემა. აქ ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებაა. აქ უბრალო სოფლსაბჭო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კიევის მთავრობა.
- და რას ერჩი უკრაინას, განა სწორედ ეს არაა დეცენტრალიზება?
- არა, ეს სოფლის საბჭოები და ქალაქის საბჭოები თავის არსით კორუმპირებულ კლანებს წარმოადგენენ და დემოკრატიასთან არაფერი საერთო არ აქვთ.
http://www.novayagazeta.ru/politics/72365.html