საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო
თავისუფლებას. რას მიიჩნევს საქართველოს დღევანდელი მთავრობის ძირითად შეცდომებად და მიღწევებად, როგორ ხედავს ქვეყნის ეკონომიკის და საგარეო პოლიტიკის განვითარებას და როგორ აპირებს კონფრონტაციული პოლიტიკური ფონის შეცვლას - ამ და სხვა თემებზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესაუბრა „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტს ნინო როდონაიას.
- თქვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდით არცთუ მარტივ ვითარებაში, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი, როცა, როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური მასშტაბით გაზრდილი და გართულებულია ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემები და გამოწვევები. რა იყო მთავარი მიზეზი, რომლის გამოც უდიდესი პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას დათანხმდით?
- ერთადერთი ალბათ, არის ის, რომ რაღაც მომენტში ადამიანისთვის დგება დრო, როცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ყველაფერი საკუთარი ფაქტობრივად, უნდა გადადოს და ყველაფერი გააკეთოს ქვეყნისთვის. მე ასე მივიღე, რომ ალბათ, ჩემთვის მოვიდა დრო, როცა მაქსიმალურად უნდა დავიხარჯო. მგონია, რომ დამიგროვდა ისეთი გამოცდილება, როცა შემიძლია ყველაზე პროდუქტიული ვიყო. ცოდნა, გამოცდილება მაძლევს იმის საფუძველს ვთქვა, რომ ალბათ, შემიძლია მაქსიმუმი გავაკეთო და ჩემ ცხოვრებაში ყველაზე ეფექტიანი პერიოდი განვვლო. გამოწვევებს რაც შეეხება, მართლაც ძალიან დიდი შიდა და გარე გამოწვევებით აღსავსეა ეს პერიოდი. მათ შორის შიდა გამოწვევები, რომლებიც გარე პრობლემებითაც არის გამოწვეული. მხედველობაში მაქვს ყველგან რეგიონში, ეკონომიკურად არახელსაყრელი მდგომარეობა, რომლითაც ჩვენც დავზიანდით. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კუთხით გამოწვევები, პოლიტიკური გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის შიგნით არსებობს. გარე გამოწვევებიდან რომ დავიწყო, ეს არის მთლიანად რეგიონში არსებული კონფლიქტები, უსაფრთხოების კუთხით გაუარესებული მდგომარეობა. ამ სიტუაციაში ჩვენ გვიწევს მაქსიმალური ძალისხმევა, რათა ერთი მხრივ, გავაკეთოთ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერის მაქსიმალური კონსოლიდაცია და მეორე მხრივ, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დამატებითი რისკები თავიდან იყოს აცილებული და საქართველომ მინიმალური ზიანით გაიაროს ეს პერიოდი, როცა გაზრდილია რისკები ქვეყნის გარეთ. გამოწვევები არის იმ კუთხითაც, რომ ევროპას არ უდგას ყველაზე კარგი პერიოდი, მათ შორის მიგრანტების კრიზისიდან გამომდინარე. ჩვენ შარშანდელი წელი დავასრულეთ ძალიან დიდი წარმატებით, როცა ევროკომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით დასრულებაზე და ამ პერიოდში ჩვენ გვიწევს კიდევ ერთხელ მაქსიმალური მობილიზება მხარდამჭერების, რათა გავანეიტრალოთ ის წუხილები, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს გააჩნიათ მიგრანტების კრიზისიდან გამომდინარე. თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ასოცირება მიგრანტების კრიზისსა და საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის საბოლოოდ დასრულებას შორის და დადებითი დასკვნა მივიღოთ როგორც ევროკავშირის საბჭოში, ასევე ევროპარლამენტში, რათა ეს პროცესი დასრულდეს და საქართველოს მოქალაქეებს მიეცეს საშუალება, რომ თავისუფალ იმოგზაურონ ევროპაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური კუთხით, მხედველობაში მაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე პოლიტიკური კუთხით, ვინაიდან ამყარებს საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის იმიჯს და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი მოქალაქეების მოტივირებას, რომ ევროპული გზა და ევროპული ინტეგრაცია არის სწორი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება
- ბატონო გიორგი, პრემიერ-მინისტრობამდე თქვენ იყავით ჯერ ეკონომიკის, შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი. რა მიგაჩნიათ დღევანდელი მთავრობის ძირითად შეცდომებად, რაც გამოსასწორებელია და რა მიღწევებად, რაც უკვე არსებობს, ან განვითარების პროცესშია?
- ვინც შეცდომებს არ უშვებს, ის არაფერს აკეთებს. მგონია, რომ საკმაოდ აქტიური სამი წელი გავიარეთ. დღევანდელი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა საკმაოდ დაძაბული არჩევნების შედეგად. ამ კონფრონტაციულ ფონს ინერციით, ბუნებრივად გაჰყვა კონფრონტაციული ფონი გარკვეული დროის განმავლობაში. შესაძლოა, ეს პერიოდი ჩვენ ზედმეტად გავახანგრძლივეთ, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ეს შეიძლება იყოს შეცდომაც, მაგრამ მეორე მხრივ, ბუნებრივი შედეგიც იმისა, თუ საიდან მოვედით ჩვენ. ვფიქრობ, დღეს რაც არის გასაკეთებელი, ესაა საზოგადოების მაქსიმალურად დეპოლარიზაცია და გაერთიანება, კონსოლიდაცია ერთიანი პოზიტიური მიზნების ირგვლივ. ეს არის ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რომ შევძლო საერთო მიზნების გარშემო მაქსიმალურად მომხრობა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ჯერ კიდევ პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული არ აქვთ, ან ჰქონდათ და გარკვეული იმედგაცრუება ნახეს ამა, თუ იმ მიზნის სწრაფად მიუღწევლობის გამო. მე არავის დადანაშაულება არ მინდა და სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას წინა პრემიერ-მინისტრებთან ერთად ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა და ერთი წამით არ მინდა ვინმემ ჩათვალოს, რომ განზე ვდგებოდე. არავითარ შემთხვევაში! ჩვენ ერთად გავიარეთ ძალიან მძიმე პერიოდი, მათ შორის დაზარალებულ მოქალაქეებთან ურთიერთობა და მათი საკითხების გადაწყვეტა. ზოგი გადავწყვიტეთ, ზოგი ვერ გადაწყდა. ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი, როცა რთული იყო კონცენტრირება უფრო დიდი სტრატეგიული მიზნების გარშემო, რადგან მიმდინარე საქმეებს და ამოცანებს ძალიან დიდი დრო და ენერგია მიჰქონდა. ეხლა მთავარია, ყველამ მაქსიმალურად შევძლოთ კონცენტრირება პოზიტივის ირგვლივ, კიდევ უფრო გავამყაროთ ის ხედვა, რომლის გარშემოც მაქსიმალურ ძალისხმევას ვიკრებთ და წარმატებით გავატაროთ რეფორმები, რომლებიც დაანონსდა. ეს იქნება ძალიან სერიოზული, ნახტომისებური განვითარების საწინდარი. მე ამის მჯერა და თქვენ წინა შეკითხვას გავაგრძელებ, - რომ არ მჯეროდეს, რომ ამის გაკეთება ძალგვიძს, ნამდვილად არ დავთანხმდებოდი ამ თანამდებობას და ამ გამოწვევებს არ ავიღებდი საკუთარ თავზე. ჩვენ გაგვაჩნია გამოცდილება, ცოდნა და ენერგია და იმის უნარიც გვაქვს, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ. მიღწევებს რაც შეეხება, შეიძლება ეს ბევრჯერ ითქვა, მაგრამ უბრალო ამბავი არ არის, რომ დღეს არცერთი ბიზნესმენი არ იტყვის, რომ მასზე რაიმე ზეწოლა ხორციელდება, ან ვინმე რამეს აძალებს. მე არ მეგულება ასეთი ადამიანი. ეს არ არის ყველაზე მთავარი მიღწევა, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესია. მიღწევაა ის, რომ ჩვენ მოქალაქეებს უფრო მეტად მოვეფერეთ, მეტი სითბო ვაჩვენეთ თუნდაც, ჯანდაცვის პროგრამის გზით. მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ადამიანს იმისათვის, რომ იმკურნალოს, არა აქვს დასაგირავებელი საკუთარი სახლი, ან ქონება. ეს კომფორტია მოსახლეობისთვის და ამას მემგონი, ყველა აღიარებს. უდავო მიღწევაა, რომ შევძელით თანმიმდევრულად გაგვეკვალა ჩვენი გზა ევროპისაკენ და სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის წარმატებით დასრულება. მემგონი, ამაზე არავინ იდავებს, რომ ეს საქართველოსთვის რევოლუციური სახის გარღვევაა. თანაც ამას ვაკეთებთ ისე, რომ მაქსიმალურად ავიცილეთ სხვა მიმართულებებიდან მომდინარე საგარეო რისკები. ასევე, ცუდი არ არის, რომ დღეს საქართველოს აქვს დივერსიფიცირებული ექსპორტი, მათ შორის რუსეთის ბაზარზე. ეს მიღწევაა და არ მომხდარა მთავარი, ევროპული და ევროატლანტიკური ვექტორის ხარჯზე. უდავოდ დიდი მიღწევაა, რომ ჩინეთთან გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი აბრეშუმის გზის აღორძინების კონცეფციის შესახებ. ძალიან კარგია, რომ დღეს ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე. რაღა თქმა უნდა, უდიდესი მიღწევა იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი სტრატეგიული მიღწევა, რომ ჩვენ ვართ თანმიმდევრულები და ძალიან დიდი ნაბიჯებით მივიწევთ ევროპისაკენ.
- ფიქრობთ, თუ არა რომ დღეს ქვეყანაში საზოგადოება უფრო თავისუფალია?
- მოდი ასე ვთქვათ, 3-4 წლის წინ საზოგადოებას ჰქონდა განცდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ეჭვი მეპარება, რომ საზოგადოებას იგივე განცდა ჰქონდეს დღეს. ვფიქრობ, საზოგადოება გაცილებით თავისუფალია, მაგრამ არ არის სრული თავისუფლების განცდა. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვაშენოთ ეს თავისუფლება, რომელიც მოვა უპირველეს ყოვლისა, კანონის უზენაესობის განმტკიცებით. სასამართლო სისტემის თაობაზე როდესაც შედგება საზოგადოებაში კონსენსუსი, რომ ეს არის სისტემა, რომელსაც უნდა ვენდოთ, როცა სამართალდამცავი სისტემის მიმართ იქნება მაქსიმალური ნდობა და როცა ადამიანის ყველა თავისუფლება მაქსიმალურად იქნება დაცული, თავისუფლების განცდა უფრო მაღალი იქნება. ვფიქრობ, დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული წინ ამ საკითხში, მაგრამ არ ვართ იდეალურები. ამ მიმართულებით საკმაოდ თამამი ნაბიჯები დაგვრჩა გადასადგმელი.
- თქვენ საჭიროდ მიიჩნევთ ოპოზიციის და ხელისუფლების კონფრონტაციული ურთიერთობის შეცვლას ერთმანეთთან საუბრის და ერთმანეთის მოსმენის ფორმატით, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ყველა საკითხზე ვერ მიიღწევა. რა არის კონკრეტული საკითხები, რომლებზეც ოპოზიციასთან შეთანხმებას შესაძლებლად მიიჩნევთ?
- არათუ აუცილებლად მივიჩნევ, მე ვნატრობ ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, პატივისცემა. მინიმუმ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა. თუ სიყვარული იქნება ადამიანებს შორის, ეს იქნება ქვეყანა, სადაც ყველას გაუხარდება ცხოვრება. მე არ ვარ იდეალისტი. გარკვეული იდეალიზმი ალბათ, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ვფიქრობ ეს რეალისტური და მიღწევადია. ეს განწყობა უპირველეს ყოვლისა, უნდა მოდიოდეს მთავრობიდან. ჩვენ დავიწყეთ ამ კულტურის დამკვიდრება და ძალიან კარგი ნაბიჯებით მივდივართ წინ. სამწუხაროდ, ყველა ოპოზიციურმა ძალამ ვერ აღიქვა ეს ახალი რეალობა. ცოტა უხერხული სიტუაციაც კი შეექმნათ და ბევრი მათგანი აგრძელებს შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებას და კონფრონტაციულ რეჟიმში რჩებიან. მაგრამ, ვფიქრობ, ეს ალბათ, შეიცვლება. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და არანაირი რისკი არ ემუქრება იმას, რომ მთავრობის მხრიდან იქნება ასეთი თანმიმდევრული, მშვიდობისმყოფელი პოლიტიკა ყველა პოლიტიკური მოთამაშის მიმართ. რანაირადაც არ უნდა იქცეოდნენ ისინი, ჩვენ უნდა დავდგეთ ამ გრძნობებზე და ემოციებზე მაღლა, რადგან ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ამაზე. რამდენიმე შეხვედრა მქონდა წამყვანი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. წამყვანი ცოტა ისეთი სიტყვაა, ვინმემ არ იფიქროს, არ მინდა, რომ მისთვის ეს შეურაცხმყოფელი იყოს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ შეხვედრებს. მქონდა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა. მომავალ კვირაში ვაპირებ ერთ-ერთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრას. ეს არის „გირჩი,“ რომელმაც გამოთქვა ინიციატივა და სიამოვნებით შევხვდები. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრ რამეში ვერ შევთანხმდეთ, არის იდეები, რომლებზეც შეიძლება ვითანამშრომლოთ და რაღაცეები ერთად გავაკეთოთ. მე მგონია, რომ ეს კარგი იქნება. ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ იმასაც, რომ თუ ვინმემ რამე დააანონსა, დავბლოკოთ იდეა მარტო იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენს მიერ დაანონსებული. პირიქით, არავის არაფერი არ უნდა დავუკარგოთ. სხვათა შორის, უნდა ვთქვა, რომ ზურა ჯაფარიძესთან მქონია დისკუსიებიც, შეხვედრებიც ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში. რაღაცეებში ჩვენ ვთანხმდებით, რაღაცეებს შეიძლება ცოტა მეტი დრო სჭირდებოდეს, ვიდრე ზურას ჰგონია და ვიდრე ზურას წარმოუდგენია. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა ურთიერთპატივისცემა. ჩემთვის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც ელემენტარულად, ცივილიზებულ ფორმებს ირჩევენ დიალოგისთვის, სასიამოვნოა და ეს პოლემიკა ყოველთვის სასარგებლოა, თუნდაც არ სრულდებოდეს რაიმე ერთობლივი გადაწყვეტილებით. მგონია, არჩევნების საკითხში ჩვენ შეგვიძლია მოვძებნოთ ზონები, სადაც შეიძლება შეთანხმებებს მივაღწიოთ. ჩემი აზრია, ყოველ შემთხვევაში, რა არგუმენტებიც მოვისმინე, რომ ალბათ, მაჟორიტარული წესის შეცვლა ამ არჩევნებისთვის რთულად მოესწრება, მაგრამ დიალოგს კიდევ ვაგრძელებთ. შესაძლებელია რაღაც სხვა საკითხებში შევთანხმდეთ. და არა მარტო. კანონის უზენაესობის ნაწილშიც წინადადებები იყო გამოთქმული არასამთავრობო სექტორის მხრიდან და მე მაქვს ახლა გარკვეული საკითხების აქტიური განხილვა იუსტიციის მინისტრთან. ეს საინტერესო პროცესია და საჭირო. რაც შეეხება წინადადებებს, რომლებიც ოპოზიციიდან მოდის, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე. მოგების გადასახადის გაუქმება მთავრობამ დაამტკიცა და გადაგზავნილია პარლამენტში. ვმუშაობთ საბიუჯეტო ცვლილებებზე, რომლებიც თან ახლავს. ასეთ რეფორმებს აქვს გადასვლის ღირებულება, რომლის დაფარვა აუცილებლად ხდება საბიუჯეტო შეკვეცით. ის, რომ მხოლოდ განაწილებულ მოგებას დავბეგრავთ, ძალიან დადებითი ცვლილებაა და უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება ის არის, რომ ამას ახლავს საგადასახადო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი რეფორმები. ფაქტობრივად, სახტადაა დარჩენილი ზოგიერთი წარმომადგენელი ჩვენი ოპოზიციის იმიტომ, რომ მოგვიწოდებდნენ ეს სასწრაფოდ გაგვეკეთებინა. კარგია, თუნდაც ის, რომ მოგვიწოდებდნენ და ჩვენ გავაკეთეთ. საოცარი უფრო ის არის, რომ - საერთოდ, ამ 9 წლიან პერიოდს არასოდეს ვახსენებ შეგნებულად და გვარების ხსენებაც არ მინდა, - მაგრამ, როცა 300 ათასი ადამიანი გასამართლდა წინა მმართველობის პერიოდში და როცა 80% ამ ადამიანების, ან უფრო მეტი გასამართლდა ეკონომიკური დანაშაულის გამო, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ სასწრაფოდ გავაკეთოთ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. მინიმუმ ღიმილის მგვრის ხოლმე. მაგრამ კარგია, რომ მოგვიწოდებენ და ჩვენ ამას ვაკეთებთ.
- რამდენიმე კვირის წინ, როცა გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების დღეს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე საუბრობდით, აღნიშნეთ, რომ ნებისმიერი პროვოკაციის მიუხედავად, მმართველ ძალას ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არჩევნების სამართლიანად და მშვიდად ჩასატარებლად. ამ შემთხვევაში არ გკითხავთ, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. გკითხავთ პირიქით, რა არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?
- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენ ნამდვილად გვეკისრება ეს პასუხისმგებლობა. პროვოცირება ვინც არ უნდა მოახდინოს, საბოლოო ჯამში ხელისუფლებას ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თუმცა, შეგნებული პროვოცირება ალბათ, დასჯადი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, და იმიტომაც, რომ თუნდაც ჩვენმა მომხრეებმაც თავი შეიკავონ რაიმე ტიპის, მით უმეტეს, ფიზიკურ კონფრონტაციაში ჩართვისგან, მოვუწოდე იუსტიციის მინისტრს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის გაამკაცროს ზომები, რომლებიც კანონმდებლობაში გვაქვს. ასეთი პრევენციული ზომები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ ყველამ იცოდეს, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფისკენ მოუწოდებს, ან თვითონაა ჩართული, ეს აუცილებლად იქნება დასჯადი. რაც შეეხება იმას, რა არ უნდა გავაკეთო, ჩვენ არ უნდა ვიყოთ კონფრონტაციის მაპროვოცირებლები, არ უნდა მოვუწოდოთ ჩვენ თანაშემწეებს, და ამას ნამდვილად არ ვაკეთებთ, რომ დავუშვათ, გაუსწორდნენ ოპონენტებს, ან რაიმე სახით წავახალისოთ ასეთი ქმედებები. არ უნდა გავაკეთოთ კიდევ ბევრი რამ, რაც წინასაარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელი იქნებოდა, ეს არის მედია სივრცის შეზღუდვა, რაიმე ტიპის ჩარევა თუნდაც სასამართლოს გადაწყვეტილებებში და ა.შ. ჩვენ მართლა ვართ მოწოდებულნი, რომ საქართველომ აჩვენოს მნიშვნელოვანი პროგრესი 2012 წლის არჩევნების შემდეგ. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ მნიშვნელოვანი პროგრესი საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ საპარლამენტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნებს აქვს ყველაზე მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა და ჩვენ ნამდვილად ვართ მოწოდებულნი, რომ ეს იყოს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები. 2012 წლის არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაფასა როგორც სამართლიანი არჩევნები. პერიოდი, რომელიც მას წინ უძღოდა, იყო აღსავსე უამრავი დარღვევით, მათ შორის ფიზიკური, ფინანსური, თუ სხვა ზეწოლით. ამ კუთხით ჩვენ ნამდვილად ვაჩვენებთ მნიშვნელოვან პროგრესს.
- თქვენ მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, მათ შორის “სამეწარმეო სულისკვეთების წახალისების” გზით. როგორია ამ პროცესის დასაწყისი და განვითარება და შედეგად რა უნდა გამოიღოს?
- სამეწარმეო სულისკვეთება იწყება ბავშვობიდან. ჩვენ პატარა ასაკიდან ადამიანებს უნდა ჩავაგონოთ, რომ შეუძლიათ არ იყვნენ დაქირავებულნი და თვითონ იყვნენ მჭედლები საკუთარი ცხოვრების და ეკონომიკური წარმატების. ეს არის უმნიშვნელოვანესი და თავი და თავი ყველაფრის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოხდა მნიშვნელოვანი მენტალური ცვლილება ამ 25 წლის განმავლობაში, მაინც გარკვეულწილად ვართ პოსტსაბჭოთა საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში საქართველო მაინც უფრო გამოირჩეოდა სამეწარმეო სულისკვეთებით, ვიდრე სხვა ზოგიერთი რესპუბლიკა, ის მემკვიდრეობა ჯერ კიდევ მოგვდევს. ყოველთვის მიკვირს ხოლმე, როცა ახალგაზრდას, რომელიც ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, ან ჯერ კიდევ სწავლობს, აზრადაც კი არ მოსდის, რომ გახდეს მეწარმე. მეწარმე კიდევ ის სიტყვა არ არის. ენტრეპრენერი, ამის ზუსტი ქართული თარგმანი არ ვიცი, ანუ ინიციატივით აღსავსე ადამიანი, რომელსაც შეუძლია თვითონ წამოიწყოს, ბიზნეს ინიციატივა განახორციელოს და თვითონ შექმნას თავისი ეკონომიკური წარმატება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რა თქმა უნდა, მარტო ბავშვობაში სწავლება არ არის საკმარისი. სწორედ ამას ვაკეთებთ ჩვენ დღეს, რომ ახალგაზრდებისთვის შევქმნათ საფინანსო ინსტიტუტი და მექანიზმი, რათა ყველანაირი საბანკო უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე შეძლონ საწყისი კაპიტალის მოძიება და წამოიწყონ და დააფინანსონ თავისი ინოვაციური ინიციატივა, რომლითაც შეძლებენ მცირე, ან უფრო დიდი ბიზნესპროექტების განხორციელებას. ეს შეიძლება არ იყოს საწარმო და იყოს რაიმე სერვისი და ა.შ. დღესდღეობით ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს ე.წ. სტარტაპის დაფინანსების რაიმე მექანიზმი, სადაც შეიძლება მივიდეს სტუდენტი, ან შუა ხნის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ძალიან საინტერესო ინიციატივა და არ აქვს ქონება, რომ დააგირავოს და წამოიწყოს ესა, თუ ის ბიზნესი. რა თქმა უნდა, აქცენტი ახალგაზრდობაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენი მიზანია სამეწარმეო სულისკვეთება არა მარტო განვითარდეს და მენტალურად გაძლიერდეს, არამედ რეალიზება ჰპოვოს ასეთი მექანიზმების მეშვეობით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა უფრო ხშირად გააკეთონ განცხადებები, რომ ის, რაც კარგია ბიზნესისთვის, კარგია ყველასთვის. შეიძლება ვინმე ულტრა-მემარცხენისთვის იყოს გამაღიზიანებელი, რომ მთავრობის თავმჯდომარე ხვდება ბიზნესმენებს. მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ეს ხედვაა დასანგრევი, რომ ბიზნესთან შეხვედრა, ბიზნესისთვის სასარგებლო ინიციატივის წამოწყება ვინმესთვის საზიანოა. ეს ადამიანები ქმნიან სამუშაო ადგილებს, ისინი აფინანსებენ მეცნიერებას, ისინი აფინანსებენ მთავრობას და გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლოა კერძო სექტორისთვის, არის სასარგებლო ქვეყნისთვის. ამის ღრმად დანერგვა უნდა მოხდეს ადამიანების ცნობიერებაში. სხვათა შორის, პირველივე წინადადება, რომელიც მე წარმოვთქვი მსხვილ ბიზნესთან ორი დღის წინანდელ შეხვედრაზე იყო ის, რომ შემდეგი შეხვედრა იქნებოდა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან და უახლოეს დღეებში ასეთი შეხვედრა შედგება. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საკრიტიკო ველი მნიშვნელოვნად შევუმცირეთ ოპოზიციას და ამ მიმართულებით წავალთ. პირდაპირ ვიტყვი, რომ არ მივცემთ უფლებას ოპოზიციას, რომ რამეზე გაგვაკრიტიკოს. შეიძლება დარჩეს მათთვის რაღაც ნიშა, მაგრამ სულ უფრო შემცირდება. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მთავრობა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ინტერესებს დავფარავთ და მოვიცავთ.
- ბატონო გიორგი, ასე წარმოგიდგენიათ, რომ ერთ დღეს შეიძლება ოპოზიცია ამ ქვეყანაში არ არსებობდეს?
- არა, რა თქმა უნდა! არ მინდა, რომ ეს რაღაც ავტორიტარულ განცხადებად იყოს აღქმული. ჩვენ უბრალოდ, შევამცირებთ საკრიტიკო მიზეზს. სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ ობიექტური შეიძლება იყოს ესა თუ ის კრიტიკა, მაქსიმალურად შევეცდებით დროის ძალიან მცირე მონაკვეთში მოვისმინოთ კიდევაც ეს კრიტიკა და არ შეგვრცხვეს იმისი, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადავდგათ. სწორედ ამ გზით შევამცირებთ სამოქმედო ველს ოპოზიციისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება მომავალში კრიტიკა. პირიქით, განწყობილნი ვიქნებით იმისთვის, რომ მოვუსმინოთ სამოქალაქო საზოგადოებას, მოვუსმინოთ ოპოზიციასაც და ეს პროცესი გაგრძელდება.
- ბიზნესისთვის ხელსაყრელი ახალი კანონების მიღების და ბიუროკრატიული ბარიერების მინიმუმამდე დაყვანისგან განსხვავებით, რამდენად მყარია იმის გარანტია, რომ ვთქვათ, ე.წ. სტარტაპების დაფინანსება არ იქნება სახელმწიფოს მიერ ფუჭად გაწეული ხარჯი?
- არავითარ შემთხვევაში არ იქნება. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ბიზნესისთვის ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა და ბიზნესის გაიოლება, ეს არის ნაბიჯი იქითკენ, რომ ბიზნესს შევუმსუბუქოთ ბიუროკრატიული ტვირთი, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის პირდაპირ გადადგმული ნაბიჯი იქითკენ, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ცხოვრება გავუუმჯობესოთ. როცა რაიმე წარმატებებზე ვსაუბრობ, არ მინდა ერთი წამით ვინმემ ჩათვალოს, რომ ვერ ვხედავ, ან ვერ ვაცნობიერებ იმ სურათს რაც ქვეყანაშია. პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. განსაკუთრებით რეგიონებში, სოფლად, ცხოვრება არ არის საამური და შორსაა იქიდან, რომ იყოს საამური. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ხელი შევუწყოთ ბიზნესს, მოვიზიდოთ მეტი ინვესტიციები, რათა მეტი ადამიანი დასაქმდეს, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, სოფლად დავასაქმოთ ადამიანები და ინდუსტრიული მიმართულებები განვავითაროთ. აქედან მომდინარეობს ეს ინიციატივებიც. ჩვენი ინიციატივა, დავაფუძნოთ სტარტაპის დაფინანსების ინსტიტუტი და მექანიზმები შევქმნათ, ეყრდნობა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. ამის ძალიან წარმატებული პრეცედენტები არსებობს. ჩვენ ძალიან დაკვირვებით ვიზიარებთ იმ წარმატებულ გამოცდილებას, რომელიც არსებობს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ქვეყნებში და ისრაელში. ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ მათ მიერ დაშვებულ შეცდომებსაც. ეკონომიკურმა საბჭომ უკვე განიხილა პროექტის პირველადი ვერსია და ალბათ, მაისში უკვე გავუშვებთ ამ მექანიზმს და დაიწყებს ფუნქციონირებას. რაც შეეხება სხვა ასეთ მექანიზმებს, რომლებიც უკვე გვაქვს, „აწარმოე საქართველოში“ და სასოფლო-სამეურნეო პროექტების დაფინანსება, არცერთი კაპიკი არ არის გადაგდებული. ყველა ეს კაპიკი ხმარდება კონკრეტულ საწარმოებს და არავითარ შემთხვევაში არ არღვევს კონკურენტულ გარემოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ შევიმუშავეთ ისეთი მექანიზმები, რომლებიც მხოლოდ დამწყებ პერიოდს ემსახურება. მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“ პროცენტის სუბსიდირებას ახდენს მხოლოდ 2 წლის განმავლობაში, შემდეგ კი კომპანია შედის სრულ კონკურენციაში სხვა კომპანიებთან. ანუ, ჩვენ გავითვალისწინეთ საბაზრო კონიუნქტურა, გამოვიყენეთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და ამ გზით მივდივართ სტარტაპის დაფინანსების მექანიზმებშიც.
- სხვადასხვა, მათ შორის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა სამინისტროების კოორდინაციის მიზნით პრემიერის ადმინისტრაციაში სპეციალური ერთეულის ამოქმედებას. რის გაანალიზების საფუძველზე მიიჩნიეთ საჭიროდ ასეთი ერთეულის ამუშავება?
- ასეთი ერთეული არსებობს. ეს არის მონიტორინგის და ანალიზის დეპარტამენტი, უბრალოდ, მისი გააქტიურებაა საჭირო და იქნება ზუსტად ის ერთეული, რომელიც გააუმჯობესებს და დააჩქარებს გადაწყვეტილებების მიღებას. ბიზნესმენებთან საუბრისას მათი ერთ-ერთი უმთავრესი ჩივილი არის გადაწყვეტილებების დროში გაწელვა. ამისთვის არის სწორედ პრემიერის ადმინისტრაცია, რომ უკეთესი კოორდინაცია უზრუნველყოს სხვადასხვა უწყებას შორის. არის გადაწყვეტილებები, რომლებშიც ჩართულია რამდენიმე უწყება, მათ შორის საუბარია ადგილობრივ ხელისუფლებაზე, ანუ გადაწყვეტილებები მუნიციპალურ დონეზეა მისაღები. სწორედ აქ არის საჭირო კარგი კოორდინაცია, რათა არ გაიწელოს მიღება იმ გადაწყვეტილებებისა, რომლებმაც საბოლოო ჯამში შედეგად უნდა მოიტანოს ეკონომიკური ზრდა.
- მთავრობის პრიორიტეტებს შორის რჩება რეგიონების განვითარება, თუმცა, შედეგი ჯერჯერობით არცთუ საგრძნობია. რა არის შესაცვლელი, მთლიანად მიდგომა, თუ კონკრეტული კომპონენტები?
- კომპლექსურ პასუხს საჭიროებს თქვენი შეკითხვა. ბევრი რამ არის საჭირო. უპირველესი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის ქვეყნის მთავარი ინფრასტრუქტურის შექმნის გეგმის მომზადება და არსებული პროექტების დაჩქარება. მოგეხსენებათ, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება გვიწევს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით და მათი დაფინანსებით. აქ არის გათვალისწინებული კონკრეტული პროცედურები, რომელთა დაჩქარება შესაძლებელია თუ ჩვენ მასშტაბურად, ერთდროულად წამოვიწყებთ მსხვილ პროექტებს, შევქმნით მათი მართვის ჰორიზონტალურ სისტემას, მეტ დელეგირებას გავაკეთებთ კერძო კომპანიებზე და გავაუმჯობესებთ ზედამხედველობის მექანიზმებს იმ კომპანიებზე, რომლებიც ჩართულნი არიან ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მე ჩავედი ამ პროცესების დეტალებში უპირველეს ყოვლისა, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, მაქვს დიალოგი პროექტებში ჩართულ მსხვილ კომპანიებთან და გამოიკვეთა არაერთი ნაკლოვანება იმ პროცედურებში, რომლითაც ამ პროექტებს ვახორციელებთ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმ 35-40%-ით შევძლებთ რომ დავაჩქაროთ ეს პროექტები. ჩვენი მიზანია, რომ მთავარი ინფრასტრუქტურა, რომელმაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შესრულება უნდა უზრუნველყოს, 2020 წლამდე შეიქმნას და ამას აუცილებლად მოვახერხებთ იმ გეგმით, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. უკვე ცხადად გამოიკვეთა, რომ 2020 წელს შევძლებთ დავასრულოთ მთელი ავტობანი სარფიდან დაწყებული სადახლოს და წითელი ხიდის ჩათვლით. ასევე, კახეთის გავლით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი გზა. ამ პერიოდისთვის დასამთავრებელ პროექტებში უნდა შევიტანოთ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გზა, ეს არის მცხეთა-ლარსის მონაკვეთი, ქუთაისი-მესტიის გზა, ასევე, ქუთაისი-აბასთუმანი, რომელიც ქუთაისს მოკლე გზით დააკავშირებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან და გომსა და რაჭას შორის შემაერთებელი გზა. ეს იქნება მასშტაბური, კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელებისთვისაც დაგვჭირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქტიური დიალოგი, რათა უკვე დღეიდან ყოველწლიურად დასახარჯი თანხის რაოდენობა გავზარდოთ. არავითარ შემთხვევაში ეს არ იქნება დანახარჯების ზრდა ბიუროკრატიის შენახვაზე, ან სოციალური მიმართულებით. სოციალური მიმართულებით ხარჯებს არანაირი ზიანი არ მიადგება, მაგრამ ნებისმიერი დამატებითი დოლარი, თუ ევრო, რომელიც დაიხარჯება უკვე ინფრასტრუქტურის მიმართულებით, განკუთვნილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ კაპიტალურ დანახარჯებზე და იმაზე, რომ შევქმნათ აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელმაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი უნდა განავითაროს და უზრუნველყოს კავშირი ძირითად ტურისტულ მიმართულებებს შორის. არ მინდა გამომრჩეს ანაკლიასთან დამაკავშირებელი ახალი ავტობანი, რომელიც აშენდება. ასევე აშენდება მთიან რეგიონებთან დამაკავშირებელი რამდენიმე გზა. ეს მასშტაბური პროექტი ძალიან დიდ ძალისხმევას და კონსოლიდირებას მოითხოვს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან და საფინანსო ინსტიტუტების მაქსიმალურ ჩართულობას.
- მთავრობის პრიორიტეტებზე საუბრისას თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას როგორც წესი, ამახვილებთ განათლების რეფორმაზე და ახლახან გამოთქვით გერმანული მოდელის დანერგვის ინიციატივა. ფიქრობთ, თუ არა რომ აქტიური და ფართო საზოგადოებრივი დისკუსია უკვე დასაწყებია, რადგან საქართველოში იყო შემთხვევები, როცა ამა თუ იმ რეფორმას, მათ შორის ყველაზე სასიკეთოსაც, საზოგადოებას არ განუმარტავდნენ და შესაბამისად, მოჰყვებოდა ხოლმე მწვავე რეაქციები. აპირებთ თუ არა ფართო განხილვის დაწყებას და რა იქნება მთავარი, რასაც ამ დისკუსიისას მთავრობა განუმარტავს საზოგადოებას?
- აბსოლუტურად გეთანხმებით, კომუნიკაცია არის უმთავრესი, რამაც ეს რეფორმა წინ უნდა წასწიოს და მისი წარმატება უზრუნველყოს. პირველ განცხადებაში, როცა ვთქვი გერმანული მოდელი, სამწუხაროდ, შემდგომში კარგად არ განვმარტე და ამან გამოიწვია ამ განცხადების გარკვეული ინტერპრეტაცია. ალბათ, ჩემი ბრალიც იყო, ბოლომდე უნდა განმემარტა ეს საკითხი. გერმანულ მოდელში მე არ მიგულისხმია უმაღლესი განათლების გერმანული მოდელი. მე ვიგულისხმე პროფესიული განათლების გერმანული, დუალური სისტემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რათქმა უნდა, თან უნდა ახლდეს უმაღლესი განათლების არსებული მოდელის მნიშვნელოვანი რეფორმაც, რადგან სხვა შემთხვევაში ვერ შევძლებთ იმ რესურსის გამოთავისუფლებას, რაც აუცილებელია პროფესიული განათლების გერმანული სისტემის შესაქმნელად. შეიძლება ვიღაც ამას არ დაეთანხმოს, მაგრამ ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ მთავრობა ხარჯავს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს იმისთვის, რომ ყოველწლიურად გამოვუშვათ უმაღლეს დამთავრებული ახალგაზრდების ის რაოდენობა, რომელიც სრულად ვერ საქმდება. ბოლო მონაცემებით, რომელიც განათლების სამინისტროსგან მაქვს, 40%-ზე ნაკლებია დასაქმების განაკვთი იმ ახალგაზრდებისა, რომლებმაც უმაღლესი სასწავლებლები დაამთავრეს. ეს ძალიან დაბალი განაკვეთია, რადგან ნიშნავს, რომ 60% იმ ადამიანებიდან, რომლებსაც განათლება მთლიანად მთავრობამ დაუფინანსა, ან თანადაფინანსება გასწია და მათ თავისი ჯიბიდანაც, ხშირად დიდი გაჭირვების ფასად დააფინანსეს უმაღლესი განათლება, ვერ დასაქმდნენ. უფრო მეტსაც გეტყვით, უმაღლეს დამთავრებულები დასაქმებასაც თავისი პროფესიით ყოველთვის ვერ ახერხებენ. ეს რომ შესაცვლელია, არ მგონია, რომ ვინმეს კითხვა უჩნდებოდეს. ანუ, ჩვენ ყოველწლიურად ვაწარმოებთ უმაღლეს დამთავრებულ ადამიანებს, რომლებიც პოულობენ იმედგაცრუებას, რადგან ვერ საქმდებიან, ან უწევთ სხვა პროფილით დასაქმება და შემდეგ გადამზადება, რომელშიც ხშირადაა ჩართული კერძო სექტორი. მე შემიძლია მოგიყვანოთ უამრავი მაგალითი, როცა კერძო კომპანიებს მოუწიათ ფულის გადახდა იმაში, რომ საზღვარგარეთ გაეგზავნათ ჩვენი თანამოქალაქეები, რათა მათ ესწავლათ მაგალითად, მეცხოველეობის კვების ტექნოლოგია, ან ვეტერინარია, ოღონდ რათქმა უნდა, თანამედროვე მიმართულებით. ჩრდილს არავის ვაყენებ, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად საქართველოში ვერ ვამზადებთ საერთაშორისო სტანდარტის სპეციალისტს. ამ დროს, ჩვენ ვიხდით ფულს იმაში, რომ ყოველწლიურად გვყავდეს ხუთჯერ მეტი ბანკირი, ან დიპლომატი, როცა თითქმის ზუსტად ვიცით, რამდენი დიპლომატი გვჭირდება, რამდენი ბანკირი, ბუღალტერი, ფინანსისტი და ა.შ. ამაზეა ლაპარაკი, რომ რეალურ მოთხოვნაზე დაფუძნებული დაფინანსების სისტემა შევქმნათ და დავაფინანსოთ პროფესიები, რომლებიც რეალურად გვჭირდება. ჩვენ უნდა ავამაღლოთ პროფესიული განათლების პრესტიჟი. როცა გერმანია ვახსენე, იქ პროპორცია უმაღლეს დამთავრებულებს და პროფესიულ განათლება გავლილებს შორის დიამეტრულად განსხვავდება საქართველოში არსებული პროპორციისგან. გერმანიაში გაცილებით მეტი ადამიანი სწორედ პროფესიულ განათლებაშია ჩართული. ამ მხრივ, ჩვენ უნდა დავაფინანსოთ კერძო სასწავლებლებიც, კერძო ბიზნესი ჩავრთოთ თანადაფინანსების სისტემაში და გაცილებით ეფექტიანად დავხარჯოთ ის რესურსი, რაც გაგვაჩნია. გარკვეული რესურსის გადამისამართება მოგვიწევს უმაღლესი განათლებიდან პროფესიულ, დუალურ განათლებაზე და გარკვეულ უმაღლეს სასწავლებლებს რა თქმა უნდა, მოუწევთ რეპოზიციონირება, რათა შეძლონ დაფინანსების ახალ სისტემაზე რეაგირება, პროფილის შეცვლა და სპეციალისტების მოწვევა, რათა მომავალშიც მიიღონ დაფინანსება, მაგრამ უკვე სხვა პროფილით. რა თქმა უნდა, ჩვენ საზოგადოებასთან ამაზე დიალოგი გვექნება.
- საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მოლოდინშია და მუშაობას განაგრძობს ასოცირების შეთანხმების შესასრულებლად. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ვალდებულებების შესრულებისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ პროცესშია ასოცირების, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელება. რამდენად კმაყოფილი ხართ ამ ეტაპზე არსებული ტემპით და რაც მთავარია, სამუშაოს ხარისხით?
- ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმას მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენი მხრიდან არცერთი ჩამორჩენა არ გვაქვს. ეს გეგმა შეთანხმებულია ბრიუსელთან და უკვე ვმუშაობთ ახალ დღის წესრიგზე, რომელიც 2016 წლის შემდეგ გვექნება. არსებული ასოცირების დღის წესრიგი 2016 წელს იწურება და ჩვენ ახალ გეგმაზე შევთანხმდებით. რათქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ამბიციური გეგმა და ამბიციური რეფორმები გვექნება გასატარებელი. თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმებით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმაც აბსულუტურად იდენტურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ვადებს. პატარა შეფერხებები იყო სურსათის უვნებლობის მიმართულებით, მაგრამ უკვე გამოსწორებულია და აქაც წინ ვართ გეგმაზე. ასე, რომ არანაირი შეფერხება ჩვენ არ გაგვაჩნია. ეს არის უმაღლესი პრიორიტეტი. პროცესი კოორდინირდება უშუალოდ პრემიერ-მინისტრის მიერ. კონკრეტულად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს კი კოორდინაციას უწევს ეკონომიკის სამინისტრო.
- საქართველოს მოქალაქეებს კარგ შესაძლებლობას უქმნის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, თუმცა, ინფორმირების დონე ჯერჯერობით არცთუ მაღალია მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის გასავრცელებლად სხვადასხვა აქტივობაა როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ამ მიმართულებით მთავრობა აპირებს კამპანიის დაწყებას. რით იქნება განსხვავებული ეს კამპანია უკვე არსებული მცდელობებისგან თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ განსაკუთრებით ქვეყნის რეგიონებში პერიოდულად საკმაოდ აქტიურობენ ევროპული ინტეგრაციის მოწინააღმდეგე ძალები, რომლებიც მოსახლეობას საკმაოდ მუქ ფერებში უხატავენ მაგალითად, ევროკავშირის ბაზარზე გასვლის პერსპექტივას?
- დიახ, ნამდვილად ასეა. განსხვავება წინა კამპანიებსა და ამ კამპანიას შორის იქნება ის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული, წარმატებული შემთხვევები, როცა საქართველოში მეწარმეებმა მოახერხეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის მიეღწიათ და თავისი პროდუქცია გაიტანეს ევროპულ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როცა საქართველოში შეიქმნა სრულიად ახალი ტიპის, ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული პროდუქცია. მაგალითად, ეს არის კივი, ეს არის მოცვი, რომელიც გაცილებით უფრო მაღალ მომგებიანობას იძლევა, ვიდრე ზოგიერთი ტრადიციული კულტურა. ამიტომ, კონკრეტულად ასეთი შემთხვევების პრომოციას მოვახდენთ და მივიტანთ ამ ინფორმაციას რეგიონებში ყველა ადამიანთან. გეთანხმებით, რომ ევროპული ინტეგრაციის მოწინააღმდეგე ძალები გააქტიურებულები არიან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ინფორმაციას ევროპული ინტეგრაციის და მისი სარგებლის შესახებ, გაეცნოს საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა ბიზნეს-სუბიექტი, ყველა მცირე მეწარმე, რათა მათ ჰქონდეთ კარგი ინფორმაცია, თუ რა გზით უნდა იარონ და რა ხერხებს უნდა მიმართონ, რომ საკუთარი წარმოების სტანდარტები შეუსაბამონ ევროპულს და თავად მიიღონ სარგებელი, რომელიც ნამდვილად არსებობს და ჩადებულია ამ ხელშეკრულებაში. იმ პროგრამებით, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს, ჩვენ გვაქვს გათვალისწინებული დაფინანსება იმისათვის, რომ ევროპელი ექსპერტები ჩამოვიყვანოთ და მათ ადგილზე ასწავლონ ჩვენს მეწარმეებს, თუ როგორ უნდა შეუსაბამონ თავისი წარმოების სტანდარტები ევროპულს, რათა გავიდნენ ევროკავშირის ბაზარზე
- მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლისას თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველო ითხოვს აღიარებას იმ ძალისხმევისა, რომელიც გასწია ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. რა არის საქართველოს მთავრობის ძირითადი არგუმენტები, როცა ამ ძალისხმევის აღიარების აუცილებლობაზე ესაუბრება ევროპელ პარტნიორებს და რა საფრთხეებზე მიუთითებს მათ?
- თქვენ წინა შეკითხვაში ახსენეთ ევროპული ინტეგრაციის მოწინააღმდეგე ძალების აქტივობა. სწორედ ეს არის საფრთხე. საქართველომ გააკეთა აბსოლუტურად ყველაფერი იმისათვის, რომ წარმატებით დაესრულებინა სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ჩვენ მივიღეთ დადებითი დასკვნა ევროკომიისგან და მოლოდინები ამ კუთხით არის მაქსიმუმზე აწეული. ამ მიმართულებით ნებისმიერი წარუმატებლობა იქნება პირდაპირი საკვები ევროპული ინტეგრაციის მოწინააღმდეგე ძალებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ ვთხოვთ ევროპელ მეგობრებს, პარტნიორებს რომ თუ არსებობს რაიმე სკეპტიკური შეხედულებები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ, მაქსიმალურად იქნას განეიტრალებული, ვინაიდან ჩვენ ყველა ტექნიკური პირობა უკვე დაკმაყოფილებული გვაქვს, ყველა სისტემა გვაქვს ადგილზე, სასაზღვრო კონტროლი ერთ-ერთი საუკეთესოა. საქართველოს აქვს ყველა საშუალება, რომ იყოს პასუხისმგებლობიანი პარტნიორი ევროპისთვის. ეს ინფორმაცია უნდა მივიტანოთ ყველა ჩვენს კოლეგამდე ევროპაში იმიტომ, რომ თუ არსებობს დღეს რაიმე ასოცირება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებასა და მიგრანტების კრიზისს შორის, ეს უნდა გავფანტოთ და უნდა ვაჩვენოთ ჩვენი, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურების მზაობაც კოოპერაციისა და პარტნიორობისთვის. პოლიტიკური რისკები საკმაოდ მაღალია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მოლოდინი მაღალია და სწორედ ამას ემსახურებოდა მიუნხენის კონფერენციაზე ჩემი თხოვნა ევროპელი კოლეგებისადმი, რომ მაქსიმალურად დააფასონ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ტრადიციულ საზოგადოებაში ზოგიერთი არაპოპულარული ნაბიჯიც, რომელიც შეგნებულად გადავდგით. როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ მივდივართ ევროპისაკენ, ჩვენ არ მივდივართ ევროპისაკენ, ჩვენ ვართ ევროპა. საქართველო ტრადიციულად, კულტურულად, ისტორიულად საუკუნეების განმავლობაში იყო ევროპული კულტურის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამ რეგიონში. ჩვენ არსად არ მივდივართ, ჩვენ ევროპაში ვართ. ეს ხედვა, ეს აღქმა უნდა გავამყაროთ ჩვენს პარტნიორებში, რომ ჩვენ ვართ ევროპის განუყოფელი ნაწილი.
- აშშ-თან ამჟამინდელი ურთიერთობის დონე რამდენად გაკმაყოფილებთ? მთავრობას პერიოდულად საყვედურობენ, რომ ბოლო ხანს საქართველო აშშ-ის „რადარებიდან გაქრა“...
- პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არსად არ გამქრალა საქართველო რადარებიდან. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ურთიერთობა, რომელიც დღეს უმაღლეს დონეზეა აყვანილი. აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან მყარი მხარდამჭერია. ამერიკა მუდმივად ახდენდა და დღესაც ახდენს ჩვენი მეგობარი სხვა ქვეყნების მხარადჭერის კონსოლიდაციასაც. ბოლო პერიოდში მოხდა რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ამტკიცებს, რომ აშშ-ის მთავრობის დღის წესრიგში საქართველოს ენიჭება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ეს იყო სტრატეგიული თანამშრომლობის მაღალი დონის კომისიის შეხვედრა, ომნიბუსის კომისიის ჩატარება, სადაც 4 ძირითადი მიმართულება იქნა განხილული. ეს იყო პირველად ჩატარებული მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგი, სადაც კონკრეტული ნაბიჯები დავგეგმეთ. ეს არის, რა თქმა უნდა, სამხედრო სფეროში უდიდესი თანამშრომლობა და დახმარება, რომელსაც ჩვენ გვიწევს აშშ. ის, რომ საქართველოს შესახებ შესაძლოა, ყველა განცხადებაში არ იყოს საუბარი, არამც და არამც არ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო გაქრა რადარებიდან. უბრალოდ, შეიძლება სხვა ქვეყნებში იყოს უსაფრთხოების კუთხით გაცილებით უფრო მწვავე სიტუაცია, ვიდრე დღეს საქართველოშია. მინდა ვუთხრა იმ ოპონენტებს, რომლებიც მუდმივად აპელირებენ ამ ფაქტორით და საერთოდ ყველას, ვინც მოგვისმენს, რომ საქართველოს აქვს ძალიან რთული ფუნქცია. ერთი მხრივ, შეინარჩუნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპაციის ფაქტის აქტუალობა ჩვენი მეგობრების დღის წესრიგში, მაგრამ მეორე მხრივ, ქვეყანაში შექმნას ის საკმარისი სტაბილურობა, რომელიც აუცილებელია ინვესტიციების მიზიდვისათვის და საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. არ შეიძლება ყოველი გამოსვლის დროს ისტერიული კივილით გავაუმჯობესოთ დავუშვათ, ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ საქართველოს თემა შევინარჩუნოთ ჩვენი მეგობრების და პარტნიორების პოლიტიკურ დღის წესრიგში, რათა მათ ერთი წუთით არ მოადუნონ ყურადღება საქართველოსთვის დახმარების კუთხით, მაგრამ არ შეიძლება პოტენციურ ინვესტორებს მუდმივად შევახსენებდეთ, რომ საქართველოში ხდება დიდი უბედურება და ინვესტიციების ჩადება სახიფათოა. რა თქმა უნდა, არა. ჩვენ დღეს გვაქვს ის სტაბილურობა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვისაა აუცილებელი. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი წარმატება ჩვენ მთავრობის, რომ ერთი მხრივ, შევინარჩუნეთ და გავზარდეთ დინამიკა საქართველოს უმთავრესი, პროდასავლური ვექტორით და გაცილებით უფრო თამამი და დიდი ნაბიჯებით მივდივართ საქართველოსთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი პროდასავლური მიმართულებით. იგივე ნატოსთან მიმართებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა და ვარშავის სამიტისთვის ვამზადებთ „არსებითი პაკეტისთვის“ ახალ ელემენტებს. ამავე დროს, ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში შეგვექმნა იმდენი სტაბილურობა, რამდენიც საქართველოს ეკონომიკის დინამიურ ზრდას განაპრობებს.
- საქართველოს მთავრობა პრაგმატულს უწოდებს რუსეთთან დღეს არსებულ ურთიერთობას. რა მოაქვს ასეთ პრაგმატიზმს ქვეყნისთვის, რომლის დასავლური ორიენტაცია რუსეთისთვის მიუღებელია, ორი რეგიონის ოკუპაციის შემდგომი მოქმედებები რუსეთის მხრიდან მცოცავ ანექსიადაა შეფასებული და პრაქტიკულად, ყოველდღე ირღვევა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არაერთი ფუნდამენტური უფლება?
- უპირველეს ყოვლისა, ყველანაირად ვცდილობთ მოვახდინოთ იმ გზავნილის მიტანა რუსეთში პოლიტიკოსებისადმი, რომ საქართველო თავისი დასავლური ღირებულებებით, დასავლური ვექტორით და დასავლური ინტეგრაციის სურვილით, არ ეწინააღმდეგება რუსეთს და არ ქმნის კონფრონტაციას რუსეთთან. ჩვენ გამოვრიცხეთ მტრული რიტორიკა, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, რომელიც გვქონდა და სამწუხაროდ, ვერანაირ დადებით შედეგს ვერ გვაძლევდა. რუსეთთან ფუნდამენტური პრობლემები რჩება. უმთავრესი პრობლემა გვაქვს ოკუპაციის სახით და ვხედავთ, რომ არანაირი დადებითი დინამიკა არ გვაქვს. არ გვაქვს იმ მიმართულებითაც, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებებს დასავლური ინტეგრაციის თაობაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ რისკები და რაიმე სახის გართულება ამ ურთიერთობის და სიტუაციის, რომელშიც დღეს ვართ და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით, ჟენევის მნიშვნელოვანი ფორმატით მივაღწიოთ პოზიტიურ დინამიკას. თუნდაც ის, რომ ჩვენ დღეს გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობები გაგვაჩნია და ტურიზმის მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, გარკვეული წინაპირობაა იმისა, რომ ასე, თუ ისე, რუსეთის მხრიდან რისკები თავიდან ავიცილოთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, პოლიტიკურ განზომილებებში დინამიკა არ გვაქვს. ვერანაირი დინამიკა ვერ იქნება საქართველოს სტრატეგიული გადაწყვეტილებების კუთხით რაიმე კომპრომისის ფონზე იმიტომ, რომ ასეთი კომპრომისი ჩვენი მხრიდან გამორიცხულია. ჩვენმა მოსახლეობამ გააკეთა არჩევანი და ეს არჩევანი უნდა იქნას პატივცემული ყველა მთავრობის მიერ. ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, მაგრამ ასევე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ კონფრონტაციული მესიჯები არ გავაგზავნოთ რუსეთში და გამოვიყენოთ ყველანაირი შესაძლებლობა დიალოგისათვის, რათა რისკები ამ მიმართულებით შევამციროთ და ჩვენს ქვეყანას მივცეთ განვითარების საშუალება.
- ირანთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე რა იქნება საქართველოსთვის ყველაზე გონივრული პოლიტიკა? სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობების დადებით მხარესთან ერთად, რაიმე რისკსაც ხომ არ ხედავთ?
- ირანი რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები. საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი მიღწევაა ირანსა და დასავლეთს შორის ხელშეკრულება, რომლის შედეგად საქნციები იქნა გაუქმებული. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეკონომიკური კავშირები ირანთან გავაღრმავოთ, გვყავდეს უფრო მეტი ვიზიტორი, უფრო მეტი ბიზნესმენი ჩამოვიდეს საქართველოში, რათა მეტი ინვესტიციები იქნას მოზიდული. არსებობს ბევრი მიმართულება, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს და ამ მხრივ, ბუნებრივია, ვმუშაობთ. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ჩემი ვიზიტი ირანში, სადაც ამ პერსპექტივებს განვიხილავთ. საფრთხეებს რაც შეეხება, საფრთხეებისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა დღესდღეობით ირანი მიჰყვება დასავლეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რაც ჩვენი მხრიდან ნამდვილად მისასალმებელია. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებობა, რომელიც გვექნება ორი ქვეყნის ურთიერთობების კუთხით.