ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იმ სამხედრო დანაშაულთა
გამოძიებას იწყებს, რომლებიც, სავარაუდოდ, 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ქართულ-რუსული სამხედრო კონფლიქტის დროს იქნა ჩადენილი. პროკურორმა ფატუ ბენსუდამ უკვე განაცხადა, რომ არის ფაქტები, რომლებითაც ორივე მხარის მიერ ჩადენილი დანაშაულობები დასტურდება, მათ შორის წამება, მკვლელობები, ადამიანთა იძულებით გაძევება მშობლიური ადგილებიდან, ძარცვა და მშვიდობისმყოფლებზე თავდასხმა.
ამავე დროს ექსპერტმა დავით გამცემლიძემ „რადიო ფრანსე ინტერნასიონალე“-სთან ინტერვიუში განმარტა, თუ რატომ შეიძლება საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილი სარჩელი თბილისს ისევ უკან შემოუბრუნდეს.
ფრანგული რადიოს მიერ გაშუქებული მასალის რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
დავით გამცემლიძე: საერთაშორისო სამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტის დროს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულობათა გამოძიება დაევალა, ისტორიულ, მაგრამ იმავდროულად სახიფათო გადაწყვეტილებადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან არაა გამორიცხული, რომ სარჩელის წარმდგენ სახელმწიფოს, ანუ საქართველოს, ბრალდებები უკან შემოუბრუნდეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ საქართველომ არა მარტო ხელი მოაწერა რომის სტატუტს (ხელშეკრულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნის შესახებ), არამედ ამ სტატუტის რატიფიცირებაც მოახდინა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე და მის მოქალაქეებზე, რომლებიც ჩაიდენენ დანაშაულს, ან ეჭვმიტანილნი იქნებიან დანაშაულის ჩადენაში, უმაღლესი მთავარსარდლიდან (პრეზიდენტიდან) დაწყებული, რიგითი კაპრალით დამთავრებული, ამ სასამართლოს იურისდიქცია გავრცელდება.
რუსეთმა, მართალია, ხელი მოაწერა რომის სტატუტს, მაგრამ მისი რატიფიცირება არ განუხორციელებია. გამოდის, რომ რუსეთს ჰააგის სასამართლოს წინაშე არავითარი ვალდებულება არ აქვს აღებული და თანამშრომლობას მხოლოდ ნებაყოფლობითი ხასიათი ექნება, ანუ სასამართლოს უფლება არ აქვს მოითხოვოს რუსეთის მოქალაქეების დაკითხვა. საქართველო კი, რუსეთისაგან განსხვავებით, ვალდებულია განუხრელად შეასრულოს ჰააგის სასამართლოს ყველა მოთხოვნა და თავისი მოქალაქეების [იძულებითი] ექსტრადირებაც კი მოახდინოს ჰააგაში, სხდომაზე დასწრების მიზნით.
როცა საქართველომ სარჩელების შეტანა დაიწყო, იმედი ჰქონდა, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც ჰააგაში იქნებოდა წარდგენილი, საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ რუსეთის გენერალიტეტი სამხრეთ ოსეთის ქართული მოსახლეობის ეთნიკურ წმენდაში დადანაშაულებულიყო. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ჰააგის სასამართლო რუსულ მხარეს პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებს, რადგან რუსეთი ვალდებული არ არის მონაწილეობა მიიღოს ამ გამოძიებაში და მხოლოდ მის სურვილზეა დამოკიდებული, ითანამშრომლებს მასთან თუ არა. საქართველო კი ვალდებულია, საერთაშორისო სამართლისა და რომის სტატუტის თანახმად, პროკურორს და გამომძიებლებს, მოთხოვნის შესაბამისად, ყველა სახის ინფორმაცია მისცეს და მათი განკარგულებები შეასრულოს.
სხვათა შორის, ამის მანიშნებელია ერთ-ერთი ქართველი პროდასავლელი პოლიტიკოსის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებაც: როგორც სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა უთხრა ჟურნალისტებს ამ დღეებში, იგი გაკვირვებული კითხულობდა ჰააგის სასამართლოს ბოლო განცხადების ტექსტს, რადგან იქ საუბარია ორივე მხარის პასუხისმგებლობაზე და რაც უფრო საკვირველია, ამ ორივე მხარეში საქართველო და რუსეთი კი არ იგულისხმება, არამედ საქართველო და სამხრეთ ოსეთი. არადა, სამხრეთ ოსეთი როგორც სახელმწიფო საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ რუკაზე არ არსებობს. ასე რომ, ჰააგის სასამართლომ, საეჭვოა, რომ სამხრეთ ოსეთიდან ვინმე პასუხგებაში მისცეს და სასჯელი დააკისროს.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა იმასაც, რომ ყველა დანაშაული, მათ შორის ეთნიკური წმენდებიც მოხდა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე და ისინი, ქართული მხარის ინტერპრეტაციით, რუსეთის ჯარებმა ჩაიდინეს და რომ ჰააგის სასამართლო გამონახავს ინსტრუმენტებს რუსული მხარის პასუხგებაში მიცემის მიზნით. მაგრამ, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ რუსეთი რომის სტატუტს არაა მიეერთებული და მასზე ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება, ამიტომ სასამართლომ თავის განცხადებაში გადაწყვიტა მხოლოდ ის მხარე (ანუ სამხრეთ ოსეთი) მოეხსენებინა, რომლის მიმართაც პასუხისმგებლობის დაკისრება შეუძლია - სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელები ხომ ფორმალურად საქართველოს მოქალაქეებად ითვლებიან...
- რაში გამოიხატება რუსული და ქართული მხარის ბრალდებები?
- რუსეთი საქართველოს ბრალს სდებს რუს მშვიდობისმყოფლებზე თავდასხმაში 2008 წლის 10 აგვისტოს. დადგენილია, რომ ამ თავდასხმის და ცხინვალის დაბომბვის შედეგად, სადაც შერეული საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ბაზა მდებარეობდა (იურიდიულად მასში რუსი, ქართველი და ოსი სამხედრო კონტინგენტები შედიოდა, მაგრამ იმ მომენტისათვის ბაზაზე ფაქტიურად მხოლოდ რუსი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ), ათი რუსი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. რუსეთი მიიჩნევს, რომ ეს საერთაშორისო დანაშაულის ფაქტს წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა. შესაბამისად, მოსკოვი აცხადებს, რომ სასამართლოს ყველა მასალას აწვდის ქართული მხარისადმი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.
თავის მხრივ, ქართული მხარე ამტკიცებს, რომ შვიდ აგვისტოს ქართველი მშვიდობის-მყოფლების პოზიცის წინააღმდეგ ოსი შეიარაღებული ფორმირებების მიერ განხორციელებული სროლის შედეგად ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. გარდა ამისა, ქართული მხარის მტკიცებით, რუსული მხარის ხელშეწყობით თუ მისი უშუალო მონაწილეობით, სამხრეთ ოსეთში არსებული ქართული სოფლების მოსახლეობის ეთნიკური წმენდა განხორციელდა. როგორც ფატუ ბენსუდამ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში აღნიშნა, დადგენილია, რომ ქართული მოსახლეობის დაახლოებით ხუთი ათასამდე სახლია განადგურებული, ხოლო ათი ათასობით ადამიანი იძულებით გააძევეს მშობლიური ადგილებიდან. აქედან გამომდინარე, სახეზეა ეთნიკური წმენდის ჩატარების ფაქტები.