რუსული გამოცემა «Независимая газета» საქართველოს პარლამენტის საგარეო
ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის წერილს აქვეყნებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
როგორც ცნობილია, რუსეთის დელეგაცია მიმდინარე წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. დიდი ხანს არ გაუვლია საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოსვლის შემდეგ, როცა მე ჩემს კოლეგას, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს საპარლამენტო ასამბლეაში - ალექსეი პუშკოვს სტრასბურგში არაფორმალურ გარემოში შევხვდი, ასე ვთქვათ, „ფინჯან ყავაზე“. განვიხილეთ ზოგადი სახის საკითხები და შევთანხმდით, რომ სასურველი იქნებოდა ასეთი კონტაქტები სამომავლოდაც გვქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია. მაგრამ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო პარლამენტართა შორის ამ დიალოგის განვითარება ვერ მოხერხდა. როგორც ჩანს, ამისათვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩარჩოებს ვერც მიმდინარე წელსაც ვერ გამოვიყენებთ. მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ მასზე უარი ვთქვათ? ვფქირობ, რომ არა. ამას წინათ მე ქართულ-რუსული ურთიერთობის საკითხებზე შუამავალი ქვეყნის - შვეიცარიის წარმომადგენელთან ვისაუბრე. იმ თემებს შორის, რომლებსაც ჩვენ შევეხეთ, იყო ისიც, თუ რამდენად შესაძლებელია საპარლამენტო კონტაქტები ნეიტრალურ ტერიტორიაზე განხორციელდეს. არ ვიცი, მოხერხდება თუ არა [შეხვედრა], ამიტომაც მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, თუმცა აშკარაა, რომ დღეს ძალიან აქტუალურია საკითხი - ამოვწურეთ თუ არა მოლაპარაკებების პოტენციალი? და თუ არ ამოწურულა, მაშინ როგორი იქნება სამომავლო გადაწყვეტილებები?
„ქართულმა ოცნებამ“ ბევრი რამის გაკეთება შეძლო რუსეთის მიმართულებით - შექმნილია რეგულარული მოლაპარაკების ფორმატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შორის, მოხსნილია რიგი ეკონომიკური დაბრკოლებები, ასობით ათასმა რუსმა ტურისტმა გაიცნო ახალი საქართველო და ა.შ. ეს ყველასათვის ცნობილია. მაგრამ რა იქნება შემდეგ? სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, რა პოზიტივი შეიძლება შემოგვთავაზოს რუსეთმა, რადგან მოსკოვიდან გაგონილ ფორმულირებებს ჩვენ, თბილისში, ასე აღვიქვამთ: „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მოწინააღმდეგეა“. ჩვენ არ ვიცით, თუ რას საფრთხეებს უქმნის საქართველო რუსეთს, მოსკოვური გაგებით. არ ვიცით, რუსეთს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ ჩვენი სწრაფვა აშინებთ თუ სხვა რამე? ჩვენ ვერ ვგრძნობთ რაიმე ადრესულობას რუსეთის მოქმედებაში. ამის ნათელი მაგალითია რუსეთის პრეზიდენტის განცხადება 2015 წლის ბოლო პრეს-კონფერენციაზე, როცა ვლადიმირ პუტინმა თქვა - ქართველებმა და აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა ერთმანეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა აწარმოონ და რუსეთი ამას მხოლოდ მიესალმებაო. მაგრამ დიდ ხანს არ გაუვლია [პრეზიდენტის განცხადებიდან] და ჩვენ რას ვხედავთ? რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ჩაწერილია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოსკოვის ერთგული მოკავშირეები არიან. გარდა ამისა, მათთან უკვე გაფორმებულია ხელშეკრულებები სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რაც რეალობაში სამხედრო ღერძის შექმნას ნიშნავს, რომელიც საქართველოს გულშია გატარებული.
სხვათა შორის, როცა ჩვენ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, რუსეთისა და საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების ურთიერთობების გარიჟრაჟზე კითხვას ვსვამდით, თუ რა ინტერესები აქვს რუსეთს საქართველოში, ან ბიზანტიურ სტილში გვპასუხობდნენ - „შეეკითხეთ ამერიკელებს, ისინი გეტყვიანო“, ან მოლოტოვ-გრომიკოს ტრადიციებით - „რაღაც-რაღაცეები არ გვინდაო“. ასე რომ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა დღემდე ვერ მოვისმინეთ რუსეთისაგან რაიმე კონკრეტული და დადებითი. მაგრამ ხომ ცხადია, რომ უსაფრთხო და სტაბილური საქართველო თვითონ რუსეთის სამხრეთის სტაბილურობის კომპონენტია? ეს მშვენივრად ესმოდათ რუსეთის მმართველებს ჯერ კიდევ საუკუნეების წინათ.
ევროკავშირი და ნატო გვეუბნებიან, რომ მათ რიგებში ჩვენი გაწევრიანების გზა იოლი არ არის. ამასთან ჩვენ, პრაგმატიკოსები, ვაცნობიერებთ, რომ არ შეგვიძლია პროცესებზე გავლენა მოვახდინოთ. ასევე ვაცნობიერებთ და გვესმის, რომ რუსეთს და დასავლეთს გლობალური ამოცანების გადასაწყვეტად ერთმანეთი ჭირდებათ. დიახ, ჩვენ შორის „სიყვარულით ქორწინება“ კი არაა, არამედ „ქორწინება ანგარიშით“. ეს უკეთესია ტურბულენტობასა და ნერვიულობაზე, რადგან ასეთ კონტექსტში შეიძლება ჩვენთან დაკავშირებული პრობლემები შედარებით კარგად მოგვარდეს (თუმცა ასპროცენტიანი გარანტია მაინ არ არსებობს). ვაშინგტონში, ბრიუსელში და სხვა პოლიტიკურ ცენტრებში ერთმნიშვნელოვანი აზრი აქვთ: საქართველო უფრო მოგებული დარჩება, თუ ახალ პრობლემებს არ შექმნის და თავის საკუთარ პრობლემებს დიდი გლობალური პრობლემების გადაჭრით მოაგვარებს. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ ვეკითხებით მოსკოვს და დასავლეთს: ვაცნობიერებთ რა დასავლეთის ქვეყნების ინტერესებს რუსეთთან მიმართებით და პირიქით - რუსეთის ინტერესებს დასავლეთის მიმართ, ჩვენ გვსურს უფრო მკაფიოდ დავინახოთ საკუთარი პერსპექტივები (მოდით, გულახდილები ვიყოთ: დასავლეთში არ მოსწონთ ასეთი პირდაპირი კითხვები, რომლებიც ზოგიერთ ჩინოვნიკს აღიზიანებს).
მოსკოვთან ჩვენ ურთიერთობაში არსებობენ „წითელი ხაზები“, რომლებთაც ვერც ჩვენ ვერ გადავაბიჯებთ და ვერც რუსი პოლიტიკოსები. არადა, სწორედ ამ ხაზებს მიღმაა ის საჭირბოროტო პრობლემები, რომელთა გადაჭრის პერსპექტივა ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ანუ რუსეთს არ სურს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევა [ანუ იურიდიული აქტის გაუქმება]. როცა მოსკოვი მოგვიწოდებს, მათ პირდაპირ ელაპარაკეთო, ეტყობა, თავის თავს მოლაპარაკების მესამე მონაწილედ გულისხმობს, განსაკუთრებული სტატუსით. თავის მხრივ, საქართველო არასოდეს არ შეურიგდება სოხუმისა და ცხინვალის წართმევას. როგორ უნდა ვიმუშაოთ ასეთ პირობებში, რისი იმედი უნდა გვქონდეს? მოდით, ერთად ვიფიქროთ.
ჩვენი აზრით, საჭიროა პრობლემების კომპლექსურად მოგვარება: დასავლეთი და საქართველო, რუსეთი და საქართველო, დასავლეთი და რუსეთი - ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ჩვენ როგორც ახალგაზრდა სახელმწიფო, ამას საკუთარ ტყავზე ვგრძნობთ. ვაცნობიერებთ იმას, რომ „დანაღმულ მინდორზე“ ძალიან ფრთხილად და წინდახედულად უნდა ვიაროთ. აი, ამისთვის გვჭირდება მეტი გარკვეულობა დასავლეთისაგან და რუსეთისაგან, ჩვენი ინტერესების მეტი გაგება მათი მხრიდან. „ჰაერში ჩამოკიდებული“ მდგომარეობა უსასრულოდ არ შეიძლება გაგრძელდეს. ზოგიერთი რუსი პოლიტოლოგი ამბობს, რომ რუსეთმა თანდათანობით უარი უნდა თქვას საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკის ინერციულ მოდელზე პრინციპით „ისინი ჩვენგან მაინც ვერსად წავლენ“. მაგრამ იგივე ზოგიერთი რუსი ანალიტიკოსის დასკვნა, რომ საქართველო რუსეთისათვის ჯერ კიდევ დაკარგული არ არისო, მე არასრულად მეჩვენება. დიახ, დღეს რუსები საქართველოში ისვენებენ ანდა რუსეთში, საკუთარ სახლებში სვამენ „ბორჯომსა“ და „ქინძმარაულს“... დიახ, მოსკოვი, როგორც იქნა, დათმობებზე მოდის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხში საქართველოს მოქალაქეებისათვის, მაგრამ ამით ყველაფერს ვერ დაარეგულირებ. ჩვენი კავშირები ხაფანგში აღმოჩნდა. რუსეთი და საქართველო საბედისწერო პოლიტიკური თუ პირადი ამბიციების მძევლები აღმოჩნნენ. რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობას ხერხემალი აქვს გადატეხილი - ის სტრატეგიული ღერო, რომელიც ორმხრივ ურთიერთობას იმაგრებს. ამის გარეშე მწვავე საკითხების გადაჭრა (ისინი კი მუდმივად წარმოიქმნება) შეუძლებელია. ალბათ, ჩვენ იმ პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების ბოლო თაობას წარმოვადგენთ, რომლებთაც ჩვენი ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანა ძალგვიძს... დიახ, რუსეთი საქართველოზე ძლიერია. დიახ, საქართველო დასუსტებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორებით, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული... მაგრამ განა ამით რუსეთი უფრო ძლიერი გახდა?
აშკარაა, რომ გაჩერება არ შეიძლება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ნათქვამის ციტირებას მოვახდენ: „ჩვენ გვყოფნის ჭკუა, რათა ვიცოდეთ: ჩვენ არავინ არ უნდა მოვიწვიოთ ჩვენს ქვეყანაში მორიგი ომის გასაჩაღებლად - არც რუსეთი და არც ნატო... ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები კმაყოფილნი არიან იმით, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთთან მიმართებით რაციონალურ და გააზრებულ პოლიტიკას ატარებს. ჩვენ სტრატეგიული პროდასავლური მიმართულებიდან არ გადაგვიხვევია, მაგრამ იმავდროულად ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ დამატებითი პრობლემები რუსეთთან. ჩვენც და ჩვენს დასავლელ მეგობრებს ახსოვთ, რომ მსგავს სიტუაციაში ჩვენი წინამორბედები სხვაგვარად მოქმედებდნენ. ასეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკა საბოლოო ჯამში არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემა ხდებოდა“.
ჩვენ თბილისში უპასუხისმგებლო პოლიტიკა არქივს ჩავაბარეთ და პრინციპულობას, გონიერებას და პრაგმატიზმს ვიჩენთ. ამიტომაც გვაქვს უფლება იგივეს ველოდოთ ჩვენთან ურთიერთობაში.