ავსტრალიური გამოცემა „ქენბერა თაიმსი“ პოლიტოლოგ სტივენ ჯეფრის მასალას აქვეყნებს,
სადაც საუბარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების თემას ეხება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ სტატიის რეზიუმეს გთავაზობთ:
კანბერა დიპლომატიური ბრძოლის ერთ-ერთ პუნქტად იქცა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისათვის, თავის ორ სეპარატისტულ რეგიონზე სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად.
საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან - რუსეთთან გამწვავებული მტრობის გამო ბლოკირებული აღმოჩნდა, როცა 2008 წელს ეს უკანასკნელი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიჭრა. შეიარაღებული კონფლიქტი სულ რაღაც ხუთი დღე გაგრძელდა: რუსეთმა მხარი დაუჭირა ზემოაღნიშნული ორი რეგიონის თხოვნას სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე, რომელიც კიდევ მხოლოდ გაეროს რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ სცნო, მათ შორის წყნარი ოკეანის სამმა კუნძულოვანმა ქვეყანამ - ნაურუმ, ვანუატუმ და გარკვეული ხნით - ტუვალუმ. ამ ფაქტმა საქართველო აიძულა თავისი დიპლომატიური ინტერესები წყნარი ოკეანის რეგიონშიც დაეფიქსირებინა. ასე გადაიქცა ავსტრალია და ოკეანეთი დიპლომატიური ბრძოლის არეალად, რომელიც რეალ-პოლიტიკითაა განპირობებული და თან გარკვეული ფინანსური დანახარჯებიც ახლავს.
პირველ ეტაპზე რუსეთმა წარმატებას მიაღწია: ნაურუმ და ტუვალუმ საქართველოს ორი პროვინცია დამოუკიდებლად აღიარეს - შესაბამისად, 2009 წლის დეკემბერსა და 2011 წლის მაისში. მოგვიანებით, 2013 წლის მაისში, იგივე გააკეთა ვანუატუმაც, თუმცა მან მხოლოდ აფხაზეთის სუვერენიტეტი სცნო. ამის შემდეგ ინიციატივა წყნარი ოკეანის დიპლომატიური ბრძოლის ფრონტზე ხელთ უკვე საქართველომ იგდო.
თბილისმა თავის პირველ ელჩად ავსტრალიასა და ოკეანეთში 2012 წლის დასაწყისში ვლადიმირ კონსტანტინიდი დანიშნა, რომელიც თავის უფლებამოსილებას, ავსტრალიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს დიპლომატიური დახმარებით, წყნარი ოკეანის სამხრეთ რეგიონშიც ახორციელებს.
როგორც ვლადიმირ კონსტანტინიდი ამბობს, საქართველომ კანბერაში საელჩოს გახსნა ადრეც ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ პროცესები აქტუალური გახადა და დააჩქარა რუსეთის მიერ 2010 წლიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა, რომელიც „დიპლომატიურ ვაჭრობაში“ გამოიხატა. „ეს ფაქტი ძალიან სახიფათო იყო როგორც ჩვენი საშინაო პოლიტიკისათვის, ასევე მთლიანად საერთაშორისო ურთიერთობის სისტემისათვის“, - განაცხადა ქართველმა ელჩმა და აღნიშნა, რომ „ავსტრალიის მთავრობის თანადგომით ჩვენ [რეგიონში] აქტიური საქმიანობა დავიწყეთ და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მივაღწიეთ“. ვლადიმირ კონსტანტინიდი საქართველოს ელჩის უფლებამოსილებას ახორციელებს (აკრედიტებულია) ახალ ზელანდიის, სამოას დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ფიჯის რესპუბლიკის, სოლომონის კუნძულებისა და ვანუატუს რესპუბლიკის მთავრობებთან. საელჩო მდებარეობს ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში.
საქართველოს მთავრობას ორი წელი დაჭირდა იმისთვის, რომ ტუვალუს ხელისუფლება თავის მხარეს გადაებირებინა: საკონსულო შეთანხმებაში სპეციალურად აღინიშნა, რომ ტუვალუ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ ცნობილ საზღვრებში, ანუ სადაო [სეპარატისტული] რეგიონების ჩათვლით.
ვანუატუსთან მიმართებით საკითხი ცოტა რთული გამოდგა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ვანუატუს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი არ უღიარებია, თუმცა აფხაზეთთან დაკავშირებით მან პოზიცია 2011 წლიდან რამდენჯერმე შეიცვალა: თავდაპირველად ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გააფორმა, მოგვიანებით კი, 2013 წლის დასაწყისში, იქაურმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ „აფხაზეთი არც გვიღიარებია და ფორმალურად არც დიპლომატიური კავშირები არ დაგვიმყარებიაო“. ამის შემდეგ ვანუატუმ საქართველოსთან, 2013 წლის ივლისში, დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა, 2014-ში ვლადიმირ კონსტანტინიდის როგორც ელჩის უფლებამოსილება აღიარა, მაგრამ გასული წლის დასაწყისში ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის სატო კილმანის წინააღმდეგობრივმა განცხადებამ საკითხი კვლავ გაურკვეველი გახადა.
რაც შეეხება ფიჯის რესპუბლიკას, საქართველო ძალიანაა დაინტერესებული, რათა ამ სახელმწიფომ არც აფხაზეთის და არც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიაროს.
ვლადიმირ კონსტანტინიდის თქმით, წყნარი ოკეანის სახელმწიფოებთან ურთიერთობას საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველი მათგანი გაეროს წევრები არიან და შესაბამისად, გენერალურ ასამბლეაში მათ ხმის უფლება აქვთ. „დღეისათვის [წყნარი ოკეანის] ამ ჯგუფში ათი სახელმწიფო შედის, რაც საკმაოდ ძლიერი ფაქტორია“, - ამბობს ელჩი, - ჩვენ თითქმის ყველა ქვეყანასთან დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობა, აკრედიტაციაც მიღებული გვაქვს. ვფიქრობ, ავსტრალიის დახმარების გარეშე ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნებოდა“.
ვლადიმირ კონსტანტინიდმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ კანბერაში საელჩოს დაფუძნებაც საქართველოს სტრატეგიული ნაბიჯია, რაც მსოფლიო პოლიტიკის არენაზე ავსტრალიის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს. „მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ავსტრალიის როლი და მნიშვნელობა იზრდება. ასევე ვთვლით, რომ ავსტრალია წყნარი ოკეანის რეგიონში გლობალური მოთამაშის სახითაა წარმოდგენილი. გარდა ამისა, კანბერა აქტიურობას იჩენს ჩვენი ქვეყნის რეგიონის (შავი ზღვისპირეთისა და სამხრეთ კავკასიის] სახელმწიფოების მიმართაც“.
აღსანიშნავია, რომ წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერების დიპლომატიურ ვიზიტებს ფინანსური დახმარებები მოჰყვა: მაგალითად, 2009 წელს ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრმა, როცა იგი კოპენჰაგენის კლიმატურ კონფერენციაზე მიდიოდა, გზად აფხაზეთშიც შეიარა, ამის სანაცვლოდ ამ მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანას რუსეთმა 50 მილიონი დოლარი გამოუყო - ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობისათვის; ტუვალუმ კი 2011 წელს საქართველოსაგან 12 ათასი დოლარი მიიღო მას შემდეგ, რაც გაეროში მხარი დაუჭირა საქართველოს სასარგებლო რეზოლუციას აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ლტოლვილების რეპატრიაციის საკითხში.
„წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებთან „დიპლომატიური არშიყობა“ ახალი არაა, - ამბობს სტიუარტ ფერტი, კანბერაში არსებული ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის წყნარი ოკეანის კოლეჯის მეცნიერ-თანამშრომელი, - იგივეს აკეთებენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ტაივანი. როგორც ცნობილია, ტაივანს, რომელსაც ჩინეთი თავის ნაწილად განიხილავს, წყანარი ოკეანის ზოგიერთ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს დამყარებული. ეს საკმაოდ ძველი დიპლომატიური ტრადიციაა, ამაში გასაკვირი არაფერია. კუნძულოვან სახელმწიფოებს ბევრი არაფერი აქვთ, მხოლოდ სუვერენიტეტი და ისინი ამით, აღიარების საკითხში, კარგად სარგებლობენ [ვაჭრობენ]. დღეს ყველაზე მეტად ამ საკითხით საქართველოა დაინტერესებული“. დოქტორ სტიუარტ ფერტის თქმით, წყნარი ოკეანის ქვეყნებით არის დაინტერესებული არაბთა გაერთიანებული ემირატებიც: აბუ-დაბს მათი მიმხრობა სურს, გაეროში თავისი მიზნების რეალიზებისათვის.
რუსეთის მიერ 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიის შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მიმართ მიდგომები იცვლება (იგულისხმება სამხრეთ ოსეთის გეგმები რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, რუსეთთან მიერთების მიზნით).
მოახდენს თუ არა გავლენას ეს ყველაფერი რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკაზე წყნარი ოკეანის ქვეყნების მიმართ, ჯერ-ჯერობით უცნობია.