უკრაინული გამოცემა „გლავკომ“-ის კორესპონდენტმა მიხაილო გლუხოვსკიმ ინტერვიუ
ჩამოართვა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მიხეილ უკლებას.საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან:
- როცა უკრაინელები საქართველოში ჩადიან, ქართველები მათ მეგობრულად ხვდებიან. სხვა საქმეა ხელისუფლების დამოკიდებულება - იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინის მიმართ მაინცდამაინც თბილ გრძნობებს არ ამჟღავნებს. საიდან ასეთი დისონანსი?
- აბსოლუტურად ვერ დაგეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინის წინაშე ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა დგას, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები მაინც აქტიურად ვითარდება. ბოლო ორ წელიწადში, ყირიმის ანექსიისა და დონბასში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინას ორჯერ ეწვია. აქ ჩამოსული იყო პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც... ფაქტიურად, კიევში ჩვენი მთავრობის თითქმის ყველა წევრია ნამყოფი - მინისტრების უმრავლესობა, მათ შორის ორი ვიცე-პრემიერი, გენერალური შტაბის უფროსი... ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგიენკო თავის ქართველ კოლეგას - ალექსანდრე კვიტაშვილს შეხვდა. ბოლო ორ თვეში თბილისში იმყოფებოდა უკრაინის გენშტაბის უფროსი ვიქტორ მუჟენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნატალია გალიბარენკო, ხოლო ახალი წლის წინ, დეკემბრის ბოლოს თბილისში ვერხოვნა რადას დელეგაცია ჩავიდა...
ამასთან, მიწვევის მიუხედავად, თქვენი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საპასუხო ვიზიტი არ განხორციელებულა, არც თქვენი პარლამენტის - ვერხოვნა რადას სპიკერიც არ წასულა თბილისში. ალბათ, მათ ვერ შეძლეს, რადგან უკრაინაში რთული სიტუაციაა და ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით. ყველა შემთხვევაში, ჩვენი ურთიერთობა აქტიურად ვითარდება, მთელი საქართველო სოლიდარობას გიცხადებთ. წაიკითხეთ ჩვენი პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის სპიკერის, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები. უკრაინას ყველა მხარს უჭერს. გარდა ამისა, ჩვენ უკრაინას ჰუმანიტარულადაც ვეხმარებით, ვაწვდით მედიკამენტებს, ჩვენს სამხედრ-სარეაბილიტაციო ცენტრში, წეროვანში, დაჭრილი უკრაინელი მეომრები მკურნალობენ, საქართველოში ისვენებენ უკრაინელი ბავშვებიც. ასე რომ, რითაც შეგვიძლია, იმით გეხმარებით. არ დაგავიწყდეთ, რომ თბილისიდან 40 კმ-ში რუსული სამხედრო ბაზებია, ჩვენი ტერიტორიის 20% კი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, გვყავს 300 ათასი დევნილი...
უკრაინა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. დიახ, თქვენთან ვაჭრობაში ჩავარდნა გვაქვს, მაგრამ ეს კრიზისის გამო ხდება - ყველა სახელმწიფოსთან მიმართებით ასეა და უკრაინა გამონაკლისი არ არის. ამის მიუხედავად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებში უკრაინას მეათე ადგილი უკავია.
- რუსეთი საქართველოს ბაზარზე ხორბლის უდიდეს მიმწოდებლად ითვლება. შეუძლია თუ არა უკრაინას რუსეთის ჩანაცვლება?
- ჩვენ უკრაინული ხორბალის იმპორტსაც ვახდენთ. იცით, რომ 2006 წელს რუსეთმა საქართველოს პროდუქციას ემბარგო დაუწესა - ღვინოს, მინერალურ წყალს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. ასეთ შემთხვევაში იტყვიან ხოლმე - „ზოგი ჭირი მარგებელიაო“. როცა მე ჩინეთში ელჩად ვმუშაობდი, იმ დროს ქართველი ღვინისმწარმოებლები ჩინეთში ჩამოვიდნენ და იქ, პეკინსა და შანხაიში, ორი დიდი ბიზნეს-ფორუმი გავმართეთ, ახალი ბაზრის ძიების მიზნით. თავდაპირველად ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ შემდეგ თანდათანობით წინ წავედით, დღეს კი ქართული ღვინის ექსპორტს მსოფლიოს 42 ქვეყანაში ვახდენთ. სავაჭრო ურიერთობის განახლება მიმდინარეობს რუსეთთანაც. თუ ჩვენი კომპანიები ჩათვლიან, რომ მათთვის უკრაინაში ხორბლის შესყიდვა უფრო მომგებიანი იქნება, ისინი იყიდიან. ეს ხომ ბიზნესის კანონია. უკრაინა თუ პროდუქტს რუსეთზე იაფად შემოგვთავაზებს, რასაკვირველია, თქვენი ხორბლის იმპორტი გაიზრდება. ამჯამად ჩვენი ბაზარი სრულდაა დივერსიფიცირებული. თუ რუსეთი პოლიტიკური მიზეზებით თავის ბაზარს ისევ დაგვიხურავს, როგორც ადრე გააკეთა, ჩვენ დაცულები ვართ, რადგან გვაქვს ევროკავშირის ბაზარი, მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის ზონა ევროკავშირთან. ჩვენთვის ორივე ბაზარი - ევროკავშირის (606 მილიონი მოსახლეობით) და რუსულიც (140 მილიონით) ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, რასაკვირველია, ისინი მოცულობით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან. ზოგადად კი, ჩვენ უზარმაზარი შესაძლებლობები გაგვიჩნდა. ბუნებრივია, ჩვენი პროდუქცია ევროპულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, ამისათვის დრო არის საჭირო - ორი, სამი, ან ხუთი წელი.
- თქვენი აზრით, რამდენად კარგად აცნობიერებს ქართული საზოგადოება უკრაინაში მომხდარ მოვლენებს - ვინ ვისთან ომობს და საერთოდ, ვინაა მთავარი დამნაშავე მომხდარში?
- საქართველო ყველაზე უკეთ აცნობიერებს უკრაინაში მომხდარ ამბებს. თქვენთან იგივე კოლაფსი მოხდა, რაც საქართველოში იყო 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა ჩვენი ქვეყანა სრულ ბანკროტად იქცა, როცა საერთაშორისო ინსტიტუტებმა დახმარება შეგვიწყვიტეს.. იმ დროს შექმნილმა ვითარებამ ე.წ. „ვარდების რევოლუცია“ გამოიწვია... გარდა ამისა, თქვენთან ამ ყველაფერს საბჭოთა მძიმე წარსულიც ემატება: საქართველოში 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ვერსად ვეღარ ნახავთ საბჭოურ ძეგლებს, იოსებ სტალინის ძეგლის გარდა, რომელიც დღეს მხოლოდ მუზეუმშიღა დგას. მე რომ უკრაინაში ჩამოვედი 2013 წელს, გამიკვირდა, რომ კრეშჩატიკზე (კიევის მთვარ ქუჩაზე) ვლადიმირ ლენინი კვლავ გაწვდილი ხელით დგას... თქვენთან ძალიან ბევრ ქალაქში კვლავ არსებობს მარქსის, ენგელსის, ძერჟინსკის ძეგლები... და რაც ახლა თქვენთან ხდება, ჩვენთან უფრო ადრე მოხდა.
იცით, რა გვაერთიანებს ყველაზე მეტად? თავისუფლებისმოყვარე ქართველები და უკრაინელები უკვე თავისუფალნი არიან. მხოლოდ თავისუფალი ადამიანები აღწევენ წარმატებას. ჩვენ ერთად გავიარეთ გზა ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმებამდე... ამასთან, თქვენ იცით, რომ საქართველოსა და რუსეთს ეერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვთ 2008 წლის შემდეგ, ჩვენ დსთ-დანაც გამოსულნი ვართ. საქართველოს სტრატეგიული მიზანს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია წარმოადგენს - ამ საკითხში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთისადმი სოლიდარულია.
- ერთი მხრივ, საქართველო გმობს ყირიმის ანექსიას და რუსულ აგრესიას დონბასში, მეორე მხრივ კი თქვენ მხარს არ უჭერთ იმ განსაზღვრულ სანქციებს, რომლებიც დასავლეთმა - ევროკავშირმა და ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ შემოიღო. რა შემთხვევაშია მზად თქვენი ქვეყანა ამ სანქციებს მიუერთდეს?
- დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს განსაზღვრული სანქციებია... საქართველო თავისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, უკრაინას მხარს უჭერს. ჩვენი ქვეყანა, სხვათა შორის, ყირიმის ანექსიის გამო დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს შეუერთდა. მაგრამ საქართველო და ამერიკა სხვადასხვა წონის სახელმწიფოებია. რასაკვირველია, ჩვენ გვინდა, რომ ეს სანქციები უფრო მკაცრი იყოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ასე არ ხდება. გარდა ამისა, დასავლეთის მხრიდან თქვენდამი მხარდაჭერა უფრო მეტია იმ მხარდაჭერასთან შედარებით, რომელიც ჩვენ რუსული აგრესიის დროს გვქონდა... სამწუხაროდ, რუსეთი არ ასრულებს იმ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც თვითონვე აიღო თავის თავზე. რუსეთმა თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს ოკუპირებუოლი ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, მაგრამ ამას არ აკეთებს, მოსკოვი იქ შესვლის ნებას არ აძლევს საერთაშორისო დამკვირვებლებს. იგივე ხდება ყირმთან მიმართებით...
საქართველოსა და უკრაინის მდგომარეობა ამ თვალსაზრისით ერთნაირია - ჩვენ ერთი აგრესორი გვყავს - რუსეთი. 2008 წელს მე არ ვფიქრობდი, რომ თქვენთან ის განმეორდებოდა, რაც ჩვენთან მოხდა, მაგრამ როცა 2013 წელს აქ ჩამოვედი, მივხვდი, რომ ეს შესაძლებელი იყო.... საქართველო მეგობრების მოყვარული ქვეყანაა, მას არცერთ მეზობელთან პრობლემები არ აქვს, რუსეთის გარდა. როცა მე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი, რუსეთთან მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას ვამზადებდი, ასევე ვამზადებდი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ევროპასთან მიმართებით ყოველთვის ვხედავდი ჩემი შრომის ნაყოფს, მაგრამ რუსეთთან მიმართებით კი - ვერა. ხელშეკრულებას ხელი კი მოვაწერეთ, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ მისი რატიფიცირება არ მოახდინა, ანუ არ დათანხმდა დამოუკიდებელი საქართველოს არსებობას. ასე მოხდა უკრაინასთან მიმართებითაც - მოსკოვმა არ მიიღო თავისუფალი უკრაინელი ხალხის არჩევანი. არის ჩვენს შორის განსხვავებაც, რაც ყირიმის მიტაცების ფორმაში გამოიხატა: ჰიბრიდული ომები სიახლეს წარმოადგენს. გარდა ამისა, ჩვენგან განსხვავებით, დღეს თქვენ საერთაშორისო თანამეგობრობა უპრეცედენტო დახმარებას გიწევთ.
- ამას წინათ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისადმი საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. ერთი მხრივ, საქართველოსა და უკრაინის კონსტიტუციები ორმაგ მოქალაქეობას არ უშვებენ, მეორე მხრივ კი არიან სხვა ქართველებიც, რომლებთაც უკრაინაში მაღალი პოსტები უკავიათ და მათთვის მოქალაქეობა არავის არ ჩამოურთმევია. რატომაა ასეთი არათანმიმდევრულობა?
- საქართველოს კონსტიტუციაში ნათლადაა ჩაწერილი, რომ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქე არ უნდა იყოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეს განსაკუთრებული დამსახურების გამო ენიჭება. მოქალაქეობის დაკარგვის (ჩამორთმევის) პროცედურა ჩვენთან კანონში ზუსტადაა გაწერილი... საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნა ზუსტად შესრულდა: გუბერნატორად მისი დანიშვნის შემდეგ ჩვენ უკრაინულ მხარეს მივმართეთ, უკრაინამ ოფიციალურად გვაცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და სწორედ ამის შემდეგ ჩამოვართვით მას საქართველოს მოაქალაქეობა. დღეს იგივე პროცედურა მიდის სხვა პირებთან მიმართებითაც.
- ანუ საქართველოს პრეზიდენტის იგივე ბრძანებულებები იქნება უკრაინის ხელისუფლებაში დასაქმებული სხვა ქართველების მიმართაც?
- რასაკვირველია.
- მოგვიანებით მათ შეუძლიათ ისევ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა?
- დიახ, თუ ისინი პრეზიდენტს შესაბამისი თხოვნით მიმართავენ. პრეზიდენტი მათ მიმართვებს განიხილავს.
- მიხეილ სააკაშვილი საქართველოში აღძრული ოთხი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტად ითვლება. საქართველოს პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სულ ცოტა ხნის წინათ, უკვე მიხეილ სააკაშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, განაცხადა, რომ საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ყოფილი პრეზიდენტი უკვე უკრაინის მოქალაქეა, მაინც მოითხოვს მის ექსტრადიციას...
- მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება არ გამორიცხავს მისი ექსტრადიციის შესაძლებლობას იმ სხვა სახელმწიფოდან, რომლის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი არ არის, რადგან მოქმედი საერთაშორისო შეთანხმებები და ბევრი ქვეყნის შიდა კანონმდებლობა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების ექსტრადიციას კრძალავს.
- უკრაინის გენპროკურატურამ ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში განუცხადა უარი ქართველ კოლეგებს ბატონი მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე. უარი იმით აიხსნა, რომ მიხეილ სააკაშვილს შეიძლება საქართველოში პოლიტიკური დევნა დაუწყონო, მაგრამ თქვენი პროკურატურა ექს-პრეზიდენტს ბრალდებებს სერიოზული დანაშაულის ჩადენაში უყენებს... რომელი მხარე უფრო მეტად ხელმძღვანელობს პოლიტიკური მიზანშეწონილობით და არა კანონით?
- ჩვენმა პროკურატურამ უკრაინის გენპროკურატურას საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მიმართა. რაც შეეხება ჩვენი მიმართვის დაკმაყოფილებას, ეს უკრაინის სუვერენული უფლებაა.
- გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილის პერსონა უკრაინისა და საქართველოს უთიერთობის გამწვავების კატალიზატორს წარმოადგენს
- ჩვენს სახელმწიფოებისა და ხალხებს შორის ურთიერთობა იმდენად მნიშვნელოვანი და ახლოა, რომ მე ვერ წარმომიდგენია, რამ შეიძლება მას ხელი შეუშალოს.