საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს აღმასრულებელ დირექტორთან ეკა გიგაურთან
-გამომდინარე იქედან, რომ 2015 წელი იწურება, პირველი კითხვა ერთგვარად ზოგადი ხასიათის მინდა დაგისვათ, რით იყო განსაკუთრებული 2015 წელი თქვენი ორგანიზაციისთვის და რა ძირითადი ცვლილებები მოხდა ქვეყანაში?
-ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც წელს მოხდა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ფაქტობრივად უვიზო მიმოსვლის მინიჭება იყო. მესმის, რომ ფორმალური პროცედურები გასავლელია, რასაც კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება. თუმცა ეს ცვლილება საქართველოს მოსახლეობას ძალიან ბევრ პოზიტიურ შედეგს მოუტანს. ასეთი შედეგისთვის ბრძოლა მხოლოდ 2 და 3 წლის წინ არ დაწყებულა და დამსახურება არა მარტო მოქმედმა მინისტრთა კაბინეტმა, არამედ ყველა იმ ადამიანმა და მათ შორის პირველ რიგში ყველა კეთილსინდისიერმა საჯარო მოხელემ უნდა გადაინაწილოს, ვინც წლებია ატარებდა ქვეყანაში რეფორმებს, ებრძოდნენ კორუფციას, ატარებდნენ რეფორმებს სამოქალაქო რეესტრში, მიგრაციისა და სასაზღვრო უსაფრთხოებისა და სხვა ძალიან ბევრი მიმართულებებით. არ იქნებოდა სწორი, გვეთქვა, რომ აქამდე ერთი მინისტრთა კაბინეტის შრომამ მოგვიყვანა.
რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს”, წელს ჩვენი ორგანიზაციის 15 წლის იუბილე აღვნიშნეთ. დეკემბერში ჩემი ორგანიზაციაში მისვლის 5 წელიც გახდა. ამდენი მთავრობის ცვლილების მიუხედავად, ჩვენ რომ მაინც ვარსებობთ და მნიშვნელოვანი როლი გვაქვს საზოგადოებაში, ბევრის მთქმელია.
მახსოვს, როცა ორგანიზაციაში სამუშაოდ მივედი, გვქონდა ერთი ოფისი, რომელშიც 15 კაცი მუშაობდა. ახლა გვაქვს ოფისები თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. ასევე საპარლამენტო ოფისი საქართველოს პარლამენტში. ჩვენი გუნდი 50-დე პროფესიონალისგან შედგება. თუკი აქამდე ჩვენი საქმიანობა ორი სფეროთი შემოიფარგლებოდა, დღეს ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ბევრ მიმართულებით: ანტიკორუფციული რეფორმა, არჩევნები, მართლმსაჯულების რეფორმა, ჯანდაცვის რეფორმა, მედიკამენტების ფასები და სადაზღვეო მომსახურება, კონკურენციის გარემო, სახელმწიფო შესყიდვები, პარლამენტის ანგარიშვალდებულება, საკუთრების უფლება, ადგილობრივი თვითმმართველობების გამჭვირვალობა, საჯარო მოხელეების ტრეინინგები და რაც მთავარია ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს. კიდევ ერთი მთავარი მიღწევა ისაა, რომ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან და მოსახლეობასთან რეგიონებში ადგილებზე მათი პრობლემების მოგვარების მიზნით.
-თქვენი გვარი უკვე კრებით ფორმასთან ასოცირდება. როდესაც არასამთავრობოების მოხსენიება უნდათ, მათ ერთი სახელით - გიგაურით იხსენიებენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც, როგორ უყურებთ ამ ფაქტს?
-ასე თქმა არასწორი იქნება. სამოქალაქო სექტორი გაერთიანებული ძალისხმევით აღწევს წარმატებას. ყველა ორგანიზაციას აქვს თავის როლი, მიუხედავად სიდიდისა და პრიორიტეტებისა. ამიტომ გიგაური სამოქალაქო სექტორში იქნება თუ არა, ეს სექტორი იარსებებს და ისევე მწვავედ შეაფასებს ყველა იმ პრობლემას, რომელიც არსებობს ქვეყანაში,
- როგორც ახლა აფასებს. და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომელი მთავრობა იქნება სათავეში, რადგან ამ ადამიანების მიზანი რომელიმე პოლიტიკური პარტიის სამსახური კი არ არის, არამედ საზოგადოების ინტერესების დაცვაა. ჩვენი მიზანია, მონაწილეობა მივიღოთ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ძლიერი სახელმწიფოს შენებაში, სადაც სასამართლოო დამოუკიდებელია, არ არსებობს კორუფცია და ნეპოტიზმი საჯარო სექტორში; სადაც მედია თავისუფალია, მთავრობა ზრუნავს სოციალურად დაუცველებზე და იმაზე, რომ მათი ყოფა უკეთესი გახდეს. როგორც კი მთავრობა ყურადღებას მოადუნებს და კონკრეტული პოლიტიკოსები საკუთარ გამორჩენაზე იწყებენ ზრუნვას, მედია და არასამთავრობო სექტორი განსაკუთრებით აქტიურდება. ეს არის სამოქალაქო კონტროლის ის მექანიზმი, რომელიც ყველა მმართველ გუნდს უფრო ანგარიშვალდებულს ხდის.
-გიშლით თუ არა საქმიანობაში ხელს დრო და დრო თქვენს მიმართ აგორებული შავი პიარი?
-არა, არ მიშლის. პირიქით, მიქმნის განცდას, რომ ყველაფერი რასაც ვაკეთებ, სწორია. ვისურვებდი მმართველ კოალიციასთან ურთიერთობები კორექტულობის ფარგლებს არ სცდებოდეს. მე სულ ვცდილობ დავიცვა ეს ზღვარი. თუმცა მმართველი გუნდის მხრიდან ხშირია ჩემი და ჩემი ორგანიზაციის მისამართით არაკორექტული და ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი ბრალდებები. თუ პირადად ჩემს ან ჩემი ორგანიზაციის აზრს ვინმე არ იზიარებს, კარგი იქნებოდა არგუმენტებით დაგვიპირისპირდნენ და არა შავი პიარით, ან საზოგადოებაში შელახული რეპუტაციის ადამიანების გამოყენებით.
-სულ ცოტა ხნის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ საკმაოდ მაღალ თანამდებობას გთავაზობდნენ ერთ-ერთ სამინისტროში, რა იყო მიზეზი, რომ უარი თქვით აღნიშნულ შემოთავაზებაზე?
-არ მეშინია პასუხისმგებლობის აღების და ბედნიერი ვიქნები გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩვენ ხალხს გამოადგება. მაგრამ მგონია, რომ ვერ ვიმუშავებდი იმ გუნდში, სადაც გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია არაფორმალური გავლენის მქონე ერთ ადამიანზე და არა კონკრეტულ სახელმწიფო სისტემაზე. ამას უკვე არავინ მალავს. მე მქონდა საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება და როგორც კი დავინახე ის, რომ არ ვიზიარებ იმ მიდგომებს, რომლებიც მათ ჰქონდათ და მაშინდელი გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის განსხვავებული აზრი მიუღებელი იყო, მაშინვე წამოვედი. ძალიან დიდ წნეხს გავუძელით მაშინ მეც, ჩემი ოჯახის წევრებმაც და მეგობრებმაც და მე ვიცი რას ნიშნავს, როდესაც ადამიანს სახელმწიფო უპირისპირდება. რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ შემოთავაზებისთვის. ჩემთვის თანამდებობა არაფერს ნიშნავს. მგონია, რომ სადაც ვარ იქაც ბევრი რამის გაკეთება შემიძლია ჩვენი საზოგადოებისთვის. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ წინა მთავრობის დროს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს თანამდებობას არ სთავაზობდნენ და ეს ფაქტია.
-თქვენ ასევე არ გამორიცხავთ პოლიტიკაში მოსვლას, თუმცა თქვენი პოლიტიკაში მოსვლა კიდევ უფრო ადრე ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა. ვიხილავთ თუ არა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელს ახლო მომავალში პოლიტიკაში?
-არა, არ მგონია. მომავალში რა იქნება არ ვიცი. ახლა მგონია, რომ არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მივიღებ მონაწილეობას. ეს იქნება საუკეთესო, რაც შეიძლება გავაკეთო ამ ეტაპზე. ზოგიერთი პარტია მეც და არასამათავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც გვთავაზობდა მათ გუნდში გაერთიანებას და მე ამას არასოდეს ვმალავდი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სადმე მივდივარ. „ქართული ოცნებაც” ცდილობს სიის განახლებას და ძალიან ბევრ ადამიანთან მოლაპარაკებებს პირადად ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს. თუმცა არ მგონია, რომ ამ გუნდს ბევრი პრინციპების მქონე, ცნობილი და წარმატებული ადამიანი შეუერთდეს. პრინციპულ ხალხს აუცილებლად დასჭირდება გარანტიები, რომ ივანიშვილი მათ გადაწყვეტილებების მიღებაში არ ჩაერევა. ეს კი არარეალისტური მგონია. ცხადია შეიძლება ვცდებოდე კიდეც. ვნახოთ, დრო გვანახებს ყველაფერს.
ვთვლი, რომ ამ ქვეყანას ახალი პოლიტიკური ძალა სჭირდება, სადაც შეიძლება პოლიტიკაში გამოუცდელი, თუმცა სუფთა წარსულის მქონე ადამიანები იქნებიან და რიგითი ადამიანების ნდობის მოპოვებას შეძლებენ. ცხადია, არ ვამბობ, რომ ყველა მოქმედი პოლიტიკოსის წარსული აჩენს კითხვებს. თუმცა, დღეს არენაზე მყოფ პოლიტიკურ გუნდებს ასეთი სიახლის შეთავაზება საზოგადოებისთვის, ვთვლი, რომ არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ხალხს გაუჭირდება არჩევანის გაკეთება.
-პოლიტიკიდან ისევ თქვენს ორგანიზაციაზე გადმოვინაცვლოთ, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ხელმძღვანელი, როგორ შეაფასებდით 2015 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებების, საბიუჯეტო ხარჯების გამჭვირვალობისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით?
-მედია სივრცე 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაიხსნა და მეტად პლურალისტური გახდა. მე მახსენდება 2012 წლამდე მხოლოდ ორ ეთერში მეძახდნენ - „კავკასიაზე” და „მაესტროზე”. შემდეგ უკვე მათ „მე-9 არხი” დაემატათ. დღეს ასე არ არის, განსხვავებული აზრისთვის ეთერები ღიაა. თუმცა თვალს ვერ დავხუჭავთ არასასიამოვნო ტენდენციებზე, როგორიცაა სხვადასხვა ტელევიზიებში თოქშოუების დახურვა. ასევე ცხადია, რომ არსებობს „რუსთავი 2”-ის მფლობელების შეცვლაში ხელისუფლების ინტერესი. აღმაშფოთებელია ჟურნალისტების წინააღმდეგ პირადი ინფორმაციის გამოყენების ფაქტები. ჩვენ, სამოქალაქო სექტორი ყოველთვის ვაფიქსირებთ ამ პრობლემებს. რა თქმა უნდა, ვამბობთ, რომ დღეს არსებული მედია გარემო უკეთესია ვიდრე გვქონდა 2012 წლამდე, თუმცა თუ ეს ტენდენციები გაგრძელდა, მარტივია ისევ წარსულთან დაბრუნება რადგან გვახსოვს რა ხდებოდა. საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მედიის მრავალფეროვნების თვალსაზრისით ჩვენი მონაპოვარი დავიცვათ. განსხვავებული აზრის დახშობა დემოკრატიულ სახემწიფოში მიუღებელია და ამას ყველა უნდა შევეგუოთ. მანამ, სანამ მედიის თვითრეგულირების მექანიზმები გაძლიერდება, ერთი გზა გვრჩება - თუ არ მოგწონს არხი არ უყურო და გადართე. ეს არის მაქსიმუმი რაც შეიძლება, რომ გაკეთდეს.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ცხადია, რომ რიგი მიმართულებებით გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები. მაგალითად, სასამართლოს რეფორმიერების მიმართულებით გვაქვს გარკვეული წინსვლა, თუმცა „რუსთავი 2”-ის საქმემ გვაჩვენა რამდენად მყიფეა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა. როგორი კანონებიც არ უნდა მივიღოთ, თუ ხელისუფლება ცდილობს, რომ მოახდინოს გავლენა მოსამართლეზე, ის ამას დიდი ალბათობით ახერხებს. ასევე პრობლემატურია მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების საკითხები. სასამართლოს სისტემაში შესაძლებელია დაწინაურდეს ის მოსამართლეც, რომლის გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ იქნა გაკრიტიკებული და არ არსებობს გამჭვირვალე და ობიექტური მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავენ მსგავსი მოსამართლეების სისტემაში უვადოდ დანიშვნას. სასამართლოს და პროკურატურის სისტემური ხარვეზები გამომჟღავნდა ყოფილი თანამდებობის პირების სასამართლოს პროცესების დროს. იყო შემთხვევები, როდესაც პროკურატურას უჭირდა ბრალის დამტკიცება ამ პირებისთვის, პროკურატურის თანამშრომლები აშკარად მოუმზადებლები იყვნენ. სასამართლომ კი ბრალის დამტკიცების გარეშე 9 თვეზე მეტ ხანს დატოვა წინასწარ პატიმრობაში პირი, რაც ჩვენს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. თუმცა, რაც შეეხება რიგითი მოქალაქეების უფლებების დაცვას სასამართლოში, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. მოქალაქეებმა სახელმწიფოს წინააღმდეგ პროცესების მოგება დაიწყეს და ეს ცალსახად პროგრესია.
სამწუხაროა, რომ ხარვეზებით ჩატარდა პროკურატურის რეფორმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა. მართალი გითხრათ, ძნელია ამ პროცესს რეფორმა დავარქვათ. ერთი შემთხვევაში საუბარია მხოლოდ მთავარი პროკურორის დანიშვნის წესის შეცვლაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში კი ერთი უწყების ორად გაყოფაზე. სამწუხაროა, რომ მთავრობას არ ეყო გამბედაობა მოსმენების სისტემის სრულყოფილი რეფორმირება განეხორციელებინა. ამიტომ, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩანაწერები ვრცელდება, საზოგადოება მათკენ იშვერს ხელს, რადგანაც მოქალაქეებიც არ ენდობიან სისტემას.
თუმცა, მეორე მხრივ, იკლო სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებმა. მაგრამ პრობლემად რჩება ის, რომ თუკი ასეთი ფაქტი ხდება, თითქმის არ მიმდინარეობს მათი ეფექტურად გამოძიება.
პრობლემატურია მაღალი თანამდებობის პირების და სხვადასხვა საჯარო მოხელეების დანამატების და პრემიების თემა, რომელიც ვერაფრით ვერ მოგვარდა. რაც, თავის მხრივ, ბიუჯეტის არაეფექტურ განკარგვას უკავშირდება. ცუდია, რომ ტენდერები არაეფექტურად მიმდინარეობს, ბევრია ჩავარდნილი ტენდერიც. ხშირია, როდესაც ტენდერებს ახლადდაარსებული კომპანიები იგებენ და ვერ ახერხებენ ტენდერის პირობების შესრულებას. განსაკუთრებით ეს მუნიციპალიტეტებში ხდება. იყო შემთხვევები, როდესაც ახალი კომპანიები მუნიციპალიტეტების მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებთან იყო დაკავშირებული. აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ ტენდერები და განსაკუთრებით კი გამარტივებული ფორმით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები აქტიურ მონიტორინგს საჭიროებს.
-თქვენ საკმაოდ ბევრ უცხოურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობთ. როგორია მათი განწყობა საქართველოს მიმართ, რამდენად შეიცვალა ის და რას ურჩევდით ხელისუფლებას საერთაშორისო მიმართულებით პოზიციების გასამყარებლად?
-ვინც კი ჩამოდის საქართველოში, ყველა ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარი ხდება. აი, მაგალითად ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ყველა ეს ადამიანი (ელჩები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა) ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ მიღებულიყო გადაწყვეტილება. ისინი, რა თქმა უნდა, ხედავენ იმ მიღწევებს, რომლებიც გვაქვს და ასევე იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ამიტომ კრიტიკა მათი მხრიდან მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - საქართველოში უფრო მყარი დემოკრატიული სისტემა ჩამოყალიბდეს. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, არ არიან საქართველოს რომელიმე კონკრეტული მთავრობის გულშემატკივრები, არამედ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დამცველებად გვევლინებიან.
რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ საერთაშორისო ასპარეზზე, ალბათ უფრო ეფექტური კომუნიკაცია უნდა ჰქოდეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოში მიმდინარე პროგრესულ რეფორმებთან დაკავშირებით და არ ჩადგნენ ნაწყენების პოზიციაში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორებისგან კრიტიკას ისმენენ. ამ სახელმწიფოებს დემოკრატიის უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვთ და ზუსტად იციან რა არის დემოკრატიისთვის საფრთხე. ამიტომ, როცა ისინი ამბობდნენ წინა ხელისუფლების დროს და ახლაც, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, რომ სასამართლო პოლიტიკური ზეგავლენისგან სრულად უნდა გათავისუფლდეს ან სახელმწიფომ სიღარიბის დაძლევისთვის უფრო ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას, ეს არავის უნდა ეწყინოს. ასევე, როდესაც ჩვენი პარტნიორები საუბრობენ, რომ მთავრობამ უნდა ითანამშრომლოს სამოქალაქო სექტორთან გამოწვევებთან მაქსიმალურად ეფექტურად გასამკლავებლად და არ შეეცადოს მტრის ხატის შექმნას სამოქალაქო სექტორისგან, ესეც ალბათ მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა. მითუმეტეს, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აფინანსებენ როგორც საქართველოს მთავობას სხვადასხვა რეფორმებში, ასევე სამოქალაქო სექტორსაც. საქართველოს მთავრობის რეფომების დაფინანსება და ამ რეფომების მხარდაჭერაზე მიდის საერთაშორისო დონორების თანხების უდიდესი ნაწილი.
-რა არის თქვენი მოლოდინი 2016 წლის არჩევნებისთვის. რას აპირებთ, დააკვირდებით თუ არა?
-დავაკვირდებით, ისევე როგორც ვაკვირდებოდით წინა არჩევნებს. ასევე დავაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს და პარტიების დაფინანსების საკითხებს. რადგან ვთვლით, რომ შესაძლოა ქართულ პოლიტიკაში რუსული ფული მეტად გამოჩნდეს, მნიშვნელოვანია ამ საკითხების მონიტორინგი განსაკუთრებით ეფექტურად განვახორციელოთ.
-თქვენი პროგნოზით, მიიღებს თუ არა ხალხი არჩევნებში მონაწილეობას?
-მინდა მჯეროდეს, რომ არჩევნებზე ბევრი მოქალაქე მივა, თუმცა მესმის იმ მოქალაქეებისაც, რომლებსაც არც ერთი პოლიტიკური ძალის აღარ სჯერათ. მაგრამ მაინც მგონია, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი ვალის გაცნობიერება და ეს პათეტიკური სიტყვები არ არის - ყველა ჩვენგანის არჩევანი განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ეს პასუხისმგებლობა მოქალაქეებმა უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე. ამიტომ ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მოწოდებაა მოქალაქეების მიმართ იყვნენ აქტიური და მოქალაქეები მაქსიმალურად ჩაერთონ სამოქალაქო ცხოვრებაში. დემოკრატიულ ქვეყნებში კი მოქალაქის ჩართულობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი სწორედ არჩევნებში მონაწილეობაა.
-რატომ არ ენდობა ხალხი დღეს პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს?
-საქართველოს დემოკრატია ძალიან ახალგაზრდაა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო პირველი პრეცედენტი ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში, როცა ხელისუფლების ცვლილება მოხდა არჩევნების გზით. პოლიტიკურ პარტიებსაც, როგორც ყველა სხვა ინსტიტუტს, საზოგადოებაში ნდობის და პატივისცემის მოსაპოვებლად სჭირდებათ ტრადიცია - პოლიტიკური ცხოვრების, ბრძოლის, მარცხის და გამარჯვების. ლოგიკურია, რომ საქართველოში ხშირად არჩევნებს იგებენ თითქმის აბსოლუტური ნდობით და პოლიტიკაში მოღვაწეობას ასრულებენ ხალხის ნდობის დაკარგვით.
მოქალაქეების ასეთი იმედგაცრუება პოლიტიკოსებით, ჩემი აზრით, პოლიტიკოსებისადმი ემოციური დამოკიდებულებითაც არის ხშირად გამოწვეული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები არჩევნებზე გადაწყვეტილებას იღებდნენ რაციონალურად - აქტიურად იყვნენ პროცესებში ჩართული, გაეცნონ პოლიტიკოსების და პარტიების პროგრამებს და ეცადონ მაქსიმალურად ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. თუმცა თვალი არ უნდა დავხუჭოთ ობიექტურ მიზეზებზეც - ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ პასუხობს დღეს საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნებს….
-რაც შეეხება თქვენი ორგანიზაციის სამომავლო გეგმებს, რა პრიორიტეტებს ისახავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მომავალ წელს?
-მომავალი წელი საარჩევნო წელია, საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და არა მარტო, - რეგიონის სტაბილურობისთვისაც. ამიტომ ჩვენი ორგანიზაციაც, ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, და რა თქმა უნდა თითოეული აქტიური მოქალაქის ჩართულობით, ვეცდებით შევქმნათ ქვეყანაში მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
ჩვენ აქტიურად დავაკვირდებით საარჩევნო რეფორმას, მომავალ წელსაც ახალ პარლამენტს მოვთხოვთ საარჩევნო სისტემის შეცვლას თუ წელს სისტემა არ შეიცვლება. საფუძვლიანად შევისწავლით მედია გარემოს წინასაარჩევნო პერიოდში. დავიცავთ ჟურნალისტებს ზეწოლისგან თუ ასეთ შემთხვევებს ადგილი ექნება, ვითანამშრომლებთ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა მათ ადეკვატური წარმოდგენა ჰქონდეთ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. მნიშვნელოვანია, მათ შეძლონ არსებული პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება მოქალაქეებისთვის. გავაგრძელებთ პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის მოთხოვნას და ამ მიმართულებებით ჩვენი რეკომენდაციების შეთავაზებას. მომავალშიც დავაკვირდებით სასამართლოს სისტემას.
მომავალი წლისთვის ასევე ჩვენი პრიორიტეტია, მეტად მოვიცვათ საქართველოს რეგიონები, ვაპირებთ მე-6 ოფისის გახსნას თელავში. გარდა ამისა, გვინდა ჩავიდეთ იქ, სადაც არ გვაქვს ჯერ წარმომადგენლობები და ადგილზე გავეცნოთ მოსახლეობის პრობლემებს, რათა შემდეგ შევძლოთ მათი დახმარება და ამ პრობლემებზე საზოგადოების, პოლიტიკოსების და მედიის ყურადღების მობილიზება. გვინდა ჩავრთოთ მეტი ახალგაზრდა და სტუდენტი ჩვენ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ ეს გამოგვივა.
ესაუბრა ალეკო ჩუბინიძე