როგორი იყო საქართველო-ისრაელის ურთიერთობები 2015 წლის განმავლობაში, რა სახის
თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება ორ ქვეყანას შორის და რა პოზიცია უჭირავს ისრაელს ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, - ამ თემაზე, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“, საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუვალ ფუქსი ესაუბრება:
-მოდით, ჯერ ურთიერთობის ზოგადი თემით დავიწყოთ. წლის ბოლოა და ერთგვარი შეჯამება გავაკეთოთ როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური კუთხით...
-პირველ რიგში დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ორმხრივი ურთიერთობების საკმაოდ გადატვირთულ პერიოდში. გეცოდინებათ, გასულ კვირას პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტი შედგა ისრაელში, (ინტერვიუ ჩაწერილია 29 ოქტომბერს) რომელსაც საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ჰყავდა. ასევე, დაგეგმილია მომავალი კვირისთვის ისრაელის პარლამენტის - კნესეთის სპიკერის ვიზიტი საქართველში, ასევე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად. ეს არის საკმაოდ მაღალი რანგის ვიზიტი, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა გრძელდება და ორივე მხარეს არის კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ურთიერთობა უნდა იყოს უფრო მყარი, უფრო მჭიდრო და უფრო ძლიერი.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ასეთი ორმხრივი ვიზიტებით და ეს, რასაკვირველია გვახარებს. ახლახანს დავამთავრეთ საკმაოდ დატვირთული და შესანიშნავი სერია მთელი კულტურული აქტივობებისა. მაგალითად, ისრაელმა მიიღო მონაწილეობა ჯაზ-ფესტივალში, 27 ოქტომბერს იყო კონცერტი ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ასევე, ისრაელის დასმა მიიღო მონაწილეობა თეატრალურ ფესტივალში, ისრაელი იყო წარმოდგენილი, როგორც სტუმარი ქვეყანა, განსაკურებული ფოკუსი იყო გაკეთებული ისრაელის დოკუმენტურ ფილმებზე, შედგა წიგნის პრეზენტაცია, იყო გამოფენები, ასევე მუდმივად ვიღებთ მონაწილეობას კლასიკური მუსიკის საღამოებში. მოკლედ, ერთი სიტყვით რომ თქვათ, არის ბევრი სხვადასხვა აქტივობა კულტურულ სფეროში, რომელიც ისრაელია ჩართული.
ასევე აქტიურად, მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის დარგში, სხვადასვხა რეგიონში იმართება ტრენინგები როგორც ისრაელში, ასევე საქართველოში. დარგობრივ ფერმერებს გადაეცათ სათბურები და ა.შ.
აღსანიშნავია ტურიზმის სფეროც. ტურისტების რაოდენობამ ისრაელიდან საქართველოში ყოველგარ მოლოდინს გადააჭარბა. რა თქმა უნდა, გაზრდილია რიცხვი იმ ტურისტებისა, რომლებიც ჩადიან საქრთველოდან ისრაელში და ჩვენ მივესალმებით თუ ეს რიცხვი უფრო გაიზრდება და საქართველოდან ისრაელში უფრო მეტი ადამიანი ჩავა.
-უფრო ჩავუღრმავდები ეკონომიკურ თემას, ანუ მთავრობის პრიორიტეტი არის ინვესტიციების მიმართულება და რამდენადაც მე ვიცი, ისრაელის მხარეს საკმაოდ აქტიურად აქვთ კონსულტაციები და მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან, ქართულ ბიზნესმენებთან და რაიმე თუ არის სიახლე ისეთი, რაც გაზრდის ინვესტიციებს?
-ჩვენ ამ კუთხით საკმაოდ ბევრს ვმუშაობთ, თქვენ იცით, რა სიტუაციაა დღესდეობით ამ სფეროში. ჩვენი დიდი სურვილია შევესწროთ ნახოთ, რომ გაიზარდა ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს შორის. ჩვენ ვცდილობთ, გაიზარდოს ექსპორტი ტექნოლოგიისა და ნოუ ჰაუს კუთხით ისრაელიდან. ისრაელს აქვს ძალიან ბევრი რამ, რისი შეთავაზებაც შეუძლია საქართველოსთვის, ეს იქნება კომუნიკაციის სფერო, ჰაიტეკის სფერო თუ ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ისრაელიდან შეძლოს არა მხოლოდ სამომხმარებლო ნივთების შეძენა, არამედ შეძლოს პროდუქციის გაზრდა ამის ხარჯზე. იგულისხმება ის, რომ ნოუ ჰაუს ტექნოლოგიების შესყიდვით საქართველო უკვე შეძლებს წარმოებული პროდუქციის გაზრდას. ეს არ არის მარტივი პროცესი, ამისთვის დრო არის საჭირო.
მოგეხსენებათ რა სიტუაციაა დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე, მოგეხსენებათ ასევე ლარისა და დოლარის კურსის ცვლილებები. გარდა ამისა, აღსანიშნაია, რომ ჩვენ მივესალმებით თუ საქართველოდან იქნება ისრაელში ექსპორტის ზრდა, ასევე მივესალმებით ინვესტიციებს საქართველოდან ისრაელში, იმიტომ, რომ ისრაელის კომპანიებს აქვთ ინვესტიციები სხვადასხვა დარგში საქართველოში, იქნება ეს სასტუმრო მომსახურება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობის სხვადასხვა სფერო და ა.შ.
-ვერანაირად ვერ ავუქცევთ გვერდს პოლიტიკურ მოვლენებს; გვაინტერესებს ბატონი ელჩის მოსაზრება იგივე ტელეომპანია ,,რუსთავი2“-თან დაკავშირებით, როგორ არის ეს პროცესები აღქმული ბატონი ელჩის, ან ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან და რამდენად ეთანხმება შეხედულებებს, რომ საქართველოში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ დევნას?
-მე აქ სამ წელიწადზე ცოტა მეტი ხანია ვარ და ასევე, საქართველოსთან კავშირი მაქვს 6-7 წელიწადია. მე მინდა აღვნიშნო, რომ ვხედავ პოზიტიურ განვითარებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა. რასაკვირველია, მუდმივ რეჟიმში ვუყურებთ ახალ ამბებს, რასაკვირველია, ვიცით რა ხდება ქვეყანაში და ასევე ვიცით ისიც, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ თუ დაწესებულებამ განაცხადა, რომ მედიის თავისუფლების კუთხით, საქართველომ წინ გადადგა ნაბიჯები. ასევე ვადასტურებ იმასაც, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხმა ჩემამდეც მოვიდა, მაგრამ მოხარული ვიყავი, როცა პრემიერ-მინისტრისგან ოფიციალურად გავიგე, რომ ის ერთგული რჩება მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისა.
-რაც შეეხება უშუალოდ ისრაელში მიმდინარე მოვლენებს, ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა თავდასხმები. ხომ არ არის საფრთხე იმისა, რომ ეს სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს?
-ძალიან დიდი მადლობა რომ ასეთი კითხვა დამისვით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კითხვები იყოს დასმული, რადგან ჩვენ მოგვეცეს საშუალება, რომ ვუპასუხოთ მათ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, კონკრეტულად 1-ლი ოქტრომბრიდან დაწყებული ერთ თვეზე ნაკლები იქნება, ძალიან ბევრი ისრაელელი დაზარალდა ტერორისტული აქტებისგან. 11 ადამიანი არის მოკლული, 126 დაშავებული, ხოლო აქედან 13 ძალიან მძიმედ დაჭრილი. თუმცა ყველა შემთხვევა არ იყო დანით დაჭრა, 49 ადამიანი არის დაჭრილი დანით, 4-ზე ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა ტერორისტული შეტევა, 5 კი თავდასხმა მანქანის დაჯახებით მოხდა.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც დაგმო ტერორიზმი მისი ყველანაირი გამოვლინებით და აქვე მინდა აღვნიშნო ისრაელის პრემირ-მინისტრის ქმედებები იმისათვის, რომ მეჩეთთან გარშემო ატეხილი სიტუაცია დაწყნარდეს. მოცემულ მომენტში გააფთრებულ ტერორიზმს სარჩულად უდევს დიდი ტყუილი, თითქოს ისრაელმა შეცვალა სტატუს-ქვო ალაჰსას მეჩეთთან დაკავშირებით. ეს არ არის სიმართლე, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ არაერთხელ გააკეთა ამის შესახებ განცხადება. მეტიც, მისი ქმედება იყო ის, რომ ისრაელის პარლამენტის წევრებს აეკრძალათ ასვლა ტაძრის მთაზე იმისათვის, რომ უფრო მეტად არ დამძიმდეს სიტუაცია და არ ჰქონდეს ადგილი პროვოკაციას. მან ასევე პირობა მისცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რომ უახლოეს მომავალში ტაძრის მტაზე დამონტაჟდება ვიდეოკამერები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში გადასცემს სიტუაციას და მოვლენებს, რომლებიც მოხდება ტაძრის მთაზე, იმისათვის, რომ მუსლიმი მოსახლეობა, რომლისთვისაც ეს მეჩეთი არის დიდი სიწმინდე, დარწმუნდნენ რომ ისრელი არ ცდილობდა შეეცვალა სტატუს-ქვო ტაძრის მთაზე. ეს სამომავლოდაც ასე გაგრძელდება. ამას გარდა ისრაელი იღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ ისრაელის მოქალაქეები იყვნე დაცული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისრაელი მოუწოდებს პალესტინელ ლიდერებს შეწყვიტონ წაქეზება ტერორიზმისა და ტყუილისა.
ჩვენს ვებ-გვერდზე ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია დევს, სადაც არის სრული ნუსხა იმ ტერორისტული აქტებისა, რომელიც ოქტომბრის პირველი რიცხვიდან დაწყებული მოხდა.
-ბატონმა ელჩმა ჩვეთან წინა ინტერვიუს დროს განაცხადა რომ ირანის თემაზე შეეძლო დაუსრულებლად ელაპარაკა, დღეს ირანთან დაკავშირებით დასავლეთის მიმართულება იცვლება, ანუ სანქციების შერბილებასა და ზოგ შემთხვევაში გაუქმებასთან დაკავშირებით მაქვს საუბარი. როგორია ისრაელის პოზიცია ამასთან დაკავშირებით და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ირანი როგორც მოთამაშე, კიდევ უფრო გაძლიერდება რეგიონში?
-ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია ირანზე, კვლავინდებურად მიმაჩნია, რომ ირანი არის უდიდესი საფრთხე მთელი რეგიონისთვის და არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. პირველ რიგში მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სანქციები არ არის მოხსნილი, სანქცია ჯერ კიდევ ძალაშია. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც გითხარით ახლახანს იმყოფებოდა ისრაელში, მან მოისმინა ერთსულოვანი პოზიცია ისრაელის პრეზიდენტისა და ასევე ოპოზიციის ლიდერისა ამასთან დაკავშირებით. პოზიცია იყო ასეთი, რომ ირანი არის საფრთხე რეგიონისთვისაც და მის საზღვრებს მიღმაც.
მოგეხსენებათ, ახლახანს მოეწერა ხელი ხელშეკრულებას ირანთან და ყველა ინსტრუქცია, რომელიც არის მითითებული, უნდა იყოს მკაცრად გაკონტროლებული და მას მკაცრად უნდა მისდიოს და შეასრულოს ირანმა. ამ ხელშეკრულების ძალიან ბევრი ასპექტით ისრაელი არაა კმაყოფილი, რადგან ის არ ფარავს ყველაფერს, რასაც ირანი ,,აშავებს“. მაგალითად, ხელშეკრულებაში არაა მოხსენიებული, რომ ის ეხმარება და მხარს უჭერს ტერორისტულ დაჯგუფებებს, იქ არაა ნახსენები რომ ირანი ყველა ძალას ხმაროს, რომ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია რეგიონში. ჰკითხეთ საკმაოდ მშვიდი პოლიტიკური სიტუაციის ქვეყნებს, მაგალითად როგორიცაა ეგვიპტე და საუდის არაბეთი, თუ რას ფიქრობენ ისინი ირანზე. ჰკითხეთ და მათგან ამომწურავ პასუხს მიიღებთ. ამას გარდა, ხელშეკრულება იმ ფაქტსაც არ მოიცავს, რომ ირანი ტესტავს საშუალო დისანციაზე მოქმედ ჭურვებს, რომელიც მას საერთაშორისო საზოგადოებისგან ეკრძალება, თუმცა ამას მაინც აკეთებს. მე აღარაფერს ვამბობ ადამიანის უფლებების დარღვევაზე უშუალოდ ქვეყანაში. ახლახანს გამოქვეყნდა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც ერთ სულ მოსახლეზე ირანში სიკვდილით დასჯა აღემატება პროცენტულად ყველა ქვეყნის მაჩვენებელს. მოკლედ, ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. როგორ უნდა გავუმკლავდეთ ირანს? ამისთვის არის 2 გზა: ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ყველანი ჩავიდეთ ირანში და მოვიქცეთ ისე, თითქოს ყველაფერი დამთავრებულია და ირანი არის მშვიდობიანი ქვეყანა და მეორე გზაა, დეტალურად და ფრთხილად ვუყუროთ ირანის ქმედებებს, გავაანალიზოთ და გავითვალისწინოთ ის, რომ ირანი კვლავინდებურად აფინანსებს ტერორისტულ დაჯგუფებებს, ირანი იწვევს რეგიონში დესტაბილიზაციას და ასეთი ყურადღებით და სიფრთხილით მოვეკიდოთ ამ ქვეყანას. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო არის იმ ქვეყანათა რიგში, რომელიც სწორედ ამ მეორე გზას ირჩევს.
უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ახლო აღმოსავლეთი საკმაოდ რთული დინამიური რეგიონია და ძალიან ახლოსაა საქართველოსთან. სწორედ ამიტომ, ასეთ გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყნებს საკმაოდ ფრთხილი და ღრმა შესწავლა სჭირდებათ სიტუაციისა, სანამ პოლიტიკაში რაიმე ცვლილებებს შეიტანენ.
-ჩვენ ვისაუბრეთ საქართველო-ისრაელის სამომავლო ურთიერთობებზე მხოლოდ ახლო პერსპექტივაში, ეს არის ქნესეთის სპიკერის ვიზიტი. ცოტა შორეულ პერსპექტივაზე რას გვეტყვით?
-რაც შეეხება კულტურის სფეროს, ჩვენ ახლავე შეგვიძლია გითხრათ, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას კულტურულ სფეროში. ამ წელს, მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლოა, რამდენიმე ღონისძიებაში ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, იქნება თანამედროვე კლასიკური მუსიკის კონცერტი, რომელიც იქნება თანამშრომლობის შედეგი ქართველი და ისრაელელი მუსიკოსებისა. ჩვენ სიხარულით მივიღებთ მონაწილეობას თბილისი კინოფესტივალში. გვაქვს გეგმები მომავალი წლისთვისაც, იქნება გამოფენები, ფესტივალები და ა.შ. მხოლოდ ჰორიზონტი არის ზღვარი ჩვენთვის. კულტურაში ნებისმიერი პროექტი შეიძლება იყოს განხორციელებული.
როგორც გითხარით, უახლოეს მომავალში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი რამდენიმე წელიწადია არ ყოფილა საქართველში ისრაელიდან და ეს, როგორც გითხარით, არის პირდაპირი მაჩვენებელი ჩვენი მეგობრობისა და თანამშრომლობისა. ვისაუბრებთ და განვიხილავთ პრაქტიკული თანამშრომლობის სხვადასხვა შესაძლებლობებს მომავალში. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვადასხვა სამინისტროს შორის არის კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში სამუშაო დონეზე. ეს არის სამუშაო შეხვედრები, სამუშაო კონსულტაციები, მაგალითად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ხვდება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, ანალოგოური შეხვედრები იმართება სოფლის მეურნეობის, შს სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან და ა.შ. მე მინდა ვთქვა,რომ ასეთი კონსულტაციები არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე მაღალი რანგის ვიზიტები და ასეთი კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში ხდება. ჩვენ უნდა გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმაც კი ხანდახან, იმიტომ, რომ მართლაც არაჩვეულებრივია ის, რომ 26 საუკუნის განმავლობაში ებრაელ და ქართველ ხალხს აქვს მეგობრობა, ეს არის სრულიად შთამბეჭდავი, მაგრამ ასევე უნდა გავიხედოთ მომავალში და მომავალში ჩვენი ურთიერთობები დაემყარება იმ სტუდენტებს და ახალგაზრდებს, რომლებიც არიან საქართველოში და ისრაელში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლებშიც სწორედ ახალგაზრდები არიან ჩართულები. ჩვენს საიტზე გამოვაქვეყნებთ განცხადებას სტიპენდიებთან დაკავშირებით, რომლებსაც გასცემს ისრაელის სახელმწიფო სტუდენტებისთვის. როდესაც ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, ქართველი სტუდენტი იმყოფება ისრაელში, რომელმაც ერთწლიან სწავლებაზე ისრაელის უმაღლეს სასწავლებელში სტიპენდია მიიღო.
ასევე, სხვადასხვა მეწარმეები ჩამოდიან აქ და მიდიან ისრაელში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობისთვის, ასეთი გაცვლა-გამოცვლა იქნება მომავალშიც, იმიტომ რომ სწორედ ამას ემყარება ნებისმიერი ორი ქვეყნის ურთიერთობა.
მარიამ ჩუბინიძე