logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი: ავსტრიის ელჩს საქართველოში, სავარაუდოდ 2016 წლის მეორე ნახევარში წარმოგზავნიან
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი: ავსტრიის ელჩს საქართველოში, სავარაუდოდ 2016 წლის მეორე ნახევარში წარმოგზავნიან
15:20 28.07.2015
ინტერვიუ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, - კონსტანტინე ზალდასტანიშვილთან: 

-ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ავსტრიული მხარის გადაწყვეტილება, საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით. რით შეიძლება აიხსნას ეს გადაწყვეტილება, განსაკუთრებით, მთელ რიგ ქვეყნებში, ავსტრიის საელჩოების დახურვის გადაწყვეტილების ფონზე?

-მიმდინარე წლის ივნისში ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა გააჟღერა ავსტრიული მხარის გადაწყვეტილება ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და მალტაზე ავსტრიის საელჩოების დახურვის და მათ სანაცვლოდ, საქართველოში, მოლდოვაში და ბელარუსში ახალი საელჩოების გახსნის შესახებ. ფედერალური მინისტრის განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები არიან და შესაბამისად, მათი უსაფრთხოება ამ ორგანიზაციების მიერ არის უზრუნველყოფილი. ავსტრიის პირველი დიპლომატის თქმით, ავსტრიამ ყურადღება უნდა დაუთმოს იმ ქვეყნებს, სადაც რუსული საფრთხე განსაკუთრებით მაღალია, საქართველოში კი ეს საფრთხე ბევრად დიდია, ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებში. სებასტიან კურცის განცხადებით, ავსტრიის საელჩოების ქსელი უნდა გაძლიერდეს პოლიტიკურად დაძაბულ რეგიონებში, მზარდი ბაზრებისა და ინოვაციური ცენტრების სიახლოვეს.

საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის მიმართ ავსტრიული მხარის განსაკუთრებულ დაინტერესებაზე მეტყველებს. ამ გადაწყვეტილებას, ბოლო წლების განმავლობაში, ავსტრიული მხარესთან ჩატარებული აქტიური მუშაობა უძღოდა წინ. ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა, გასული წლის დეკემბერში, მის ქართველ კოლეგა თამარ ბერუჩაშვილს, ბაზელში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელშიც ავსტრია ახალ დიპლომატიურ წარმომადგენლობას გახსნის. ბატონმა კურცმა პირობა შეასრულა. ავსტრიის ელჩს საქართველოში, სავარაუდოდ, 2016 წლის მეორე ნახევარში წარგზავნიან.

ორ ქვეყანას შორის არსებული მჭოდრო და ინტენსიური ურთიერთობები ნამდვილად იმსახურებს, რომ საქართველოში ავსტრიის საელჩო ფუნქციონირებდეს. ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველო-ავსტრიის ორმხრივ ურთიერთობებს.

-თქვენ საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობებს შეეხეთ, როგორ ვითარდება ეს ურთიერთობები?

-ავსტრიასთან ურთიერთობა, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში, ჩვენი ქვეყნისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ავსტრიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობის დიდი ნაწილი სწორედ ევროკავშირის ამ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.

ავსტრია განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ამჟამად 7 ავსტრიელი დამკვირვებელი ირიცხება.

საქართველო და ავსტრია აქტიურად თანამშრომლობენ როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას ხელს უწყობს ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის მუდმივი სრულყოფა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიების, ინფრასტრუქტურის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ქართულმა და ავსტრიულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს ასევე საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს. შარშან გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებს შორის. მიმდინარე წლის სექტემბერში ხელი მოეწერება კიდევ ერთ ურთიერთგაგების მემორანდუმს - ხელოვნებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის დინამიურობა, როგორც ავსტრიაში, ასევე საქართველოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტებითაც დასტურდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს სტუმრობდა ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი, ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი, ავსტრიის სოფლის და ტყის მეურნეობის, გარემოს დაცვის და წყლის მეურნეობის ფედერალური მინისტრი და ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. ავსტრიაში კი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამი, საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს თავდაცვის მინისტრის და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ვიზიტები განხორციელდა.

აქტიურია თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზეც. გასული წლის დასაწყისში, ავსტრიის ეროვნულ საბჭოში (პარლამენტში) პირველად ჩამოყალიბდა საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი. ანალოგიური ჯგუფი შექმნილია საქართველოს პარლამენტშიც. ავსტრიელი პარლამენტარები გასულ წელს ეწვივნენ საქართველოს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ. მიმდინარე წელს, ვენაში მოეწყო საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრების შეხვედრა ავსტრიაში ვიზიტად მყოფ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შემდგარ დელეგაციასთან.

-თქვენ აღნიშნეთ, რომ ავსტრიის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსს. რაში გამოიხატება ეს მხარდაჭერა?

-საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის ნათელ დასტურს, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) მიერ, სულ ცოტა ხნის წინ, მიმდინარე წლის 8 ივლისს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება წარმოადგენს.

ვინაიდან ასოცირების შეთანხმებას შევეხე, მინდა გავიხსენო გასული წლის 14-18 ივლისს, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, კარლჰაინც კოფვის ვიზიტი საქართველოში. ბატონმა კოფვმა ვიზიტის მსვლელობისას მიიღო გადაწყვეტილება, ვიზიტის ორი დღით გაგრძელების შესახებ, რათა ქუთაისში სიტყვით გამოსულიყო პარლამენტის იმ ისტორიულ სხდომაზე, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ერთხმად მოახდინა. ავსტრიელი პოლიტიკოსის ეს ნაბიჯი საქართველოს ევროპული არჩევანისადმი ავსტრიის და პირადად ბატონი კოფვის დიდ მხარდაჭერაზე მიუთითებს.
საგულისხმოა, რომ ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი საქართველოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტამდე ორი დღით ადრე ეწვია, რითაც საქართველოს ევროპული მისწრაფებების მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა.

ავსტრია მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას. ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ფიშერმა მიმდინარე წლის მაისში საქართველოში მისი ვიზიტის დროს განაცხადა.

ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, ავსტრია პრაქტიკულ დახმარებას უწევს საქართველოს. ავსტრიული ორგანიზაციები საქართველოში ევროკავშირის ე.წ. Twinning-ის 10 პროექტს ახორციელებენ.

-რას გვეტყვით საქართველოს და ავსტრიას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობაზე?

-ორმხრივი ურთიერთობები ავსტრიასა და საქართველოს შორის აქტიურად ვითარდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ვენასა და თბილისში ავსტრია-საქართველოს სამი ბიზნესფორუმი გაიმართა. ბიზნესფორუმების მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: ავსტრიის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ავსტრიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ავსტრიის სოფლის და ტყის მეურნეობის, გარემოს დაცვის და წყლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. ქართული მხარის ინიციატივით, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, გასულ წელს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებს შორის, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ავსტრიასა და საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), რომლის ოფისიც საქართველოში 2013 წლის შემოდგომაზე გაიხსნა.

ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია „ქართულ-ავსტრიული შერეული ეკონომიკური კომისია“, რომლის სხდომებიც ორ წელიწადში ერთხელ მონაცვლეობით, თბილისსა და ვენაში იმართება. ეკონომიკური კომისიის სხდომებზე ორი ქვეყნის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები განიხილავენ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარე საკითხებს.

ავსტრიული ბიზნესი სულ უფრო მეტ დაინტერესებას ავლენს საქართველოს ჰიდროენერგეტიკის, ტურიზმის, სატყეო მეურნეობის და სოფლის მეურნეობის სექტორით.
საქართველოში წარმატებით მუშაობენ ისეთი ავსტრიული კომპანიები, როგორებიცაა: Gebrüder Weiss - ტრანსპორტი და ლოგისტიკა, Schirnhofer - ხორც-პროდუქტების წარმოება, Strabag - სამშენებლო კომპანია, Siemens Austria - ტექნიკური აღჭურვილობა, Austrian-Georgian Joint Venture Energo Aragvi - ენერგეტიკა, Doppelmayer - სამთო ინფრასტრუქტურა, ILAG - ენერგეტიკა, Vienna Insurance Group - დაზღვევა, Swarowski და Frey Wille - სამკაულები, Andritz Hydro - ელექტროტურბინები და სხვა.

დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და მისი განუყოფელი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის რეალიზება, დამატებით ბიძგს მისცემს ავსტრიასთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას და ავსტრიიდან პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვას.

-თქვენ ასევე ბრძანდებით საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. როგორ ვითარდება საქართველოს ურთიერთობები ამ ორგანიზაციებთან?

-პირველ რიგში მოგახსენებთ ეუთო-ს ფარგლებში ჩვენი საქმიანობის შესახებ. ორგანიზაციის სპეციფიკის და საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების გათვალისწინებით, ინტენსიური მუშაობა გვიწევს ეუთო-ს სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვით და ადამიანის უფლებების დაცვის განზომილებებში. ბუნებრივია, ჩვენი ძალისხმევის უდიდესი ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, მისი რეგიონების დეოკუპაციაზე, ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უპირობო, ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებაზე და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზეა ფოკუსირებული. ჩვენს მიერ მაქსიმალურად ხდება ეუთო-ს, როგორც უნიკალური საერთაშორისო ტრიბუნის რეგულარული გამოყენება, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს პოზიციების მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით. დასახული მიზნების მისაღწევად, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ეუთო-ს სამდივნოსთან და მის ინსტიტუტებთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეუთო აქტიურად არის ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ვენაში არსებულ გაერო-ს ოფისთან, კერძოდ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისთან, გაერო-ს მრეწველობის განვითარების ორგანიზაციასა და ბირთვული ცდების საყოველთაო აკრძალვების ხელშეკრულების მოსამზადებელ კომისიასთან.

ვენაში არსებული გაერო-ს ოფისის ფარგლებში აქტიურად ვართ ჩართული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრებში და მის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ კუთხით, აღსანიშნავია, 2016-2030 წლებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოში ჯგუფის წევრი სახელმწიფოების არჩევასთან დაკავშირებით, ჯგუფის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებები.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მონაწილეობას ვიღებთ სააგენტოს მმართველთა საბჭოს სხდომებში, ასევე ირანის ბირთვული ფაილის ირგვლივ დისკუსიებში და სააგენტოს გენერალური კონფერენციის ფარგლებში რეზოლუციების განხილვასა და დამტკიცების პროცესში. 2019 წელს, საქართველო, დიდი ალბათობით, 2 წლის ვადით იქნება არჩეული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭოს წევრად, რაც სააგენტოს ფარგლებში ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალო ჩართულობას გულისხმობს.

გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისთან თანამშრომლობა მოიცავს ამ ორგანიზაციის პროექტებსა და სემინარებში ქართული მხარის მონაწილეობას. ჩვენ სისტემატიურად ვმონაწილეობთ და აქტიურად ვართ ჩართული დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის კომისიის, ასევე ნარკოტიკების კომისიის სხდომებში.

აღსანიშნავია, 2015 წლის 12-19 აპრილს დოჰაში გამართული დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის, გაერო-ს რიგით მეცამეტე კონგრესი. კონგრესის ფარგლებში მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელზეც ვენაში თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. საგულისხმოა, რომ საქართველოს ხელისუფლების შესაბამის სტრყქტურებთან მჭიდრო კოორდინაციით, პირველად მოვახერხეთ „სისხლის სამართლის სისტემებში იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის პრინციპებისა და სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესახებ“ ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი ფორმულირებების დეკლარაციაში ასახვა.

გაერო–ს მრეწველობის განვითარების ორგანიზაცია თანამშრომლობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ასევე ერთობლივ პროექტს ახორციელებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან.

მარიამ ჩუბინიძე



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა