საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილია, ახლო მომავალში ქვეყნისთვის კიდევ ერთ ეკონომიკურ გამოცდას პროგნოზირებს.
საქმე უკრაინას ეხება, რომლის ეკონომიკური მდგრადობა დღეს საკმაოდ მყიფეა და რომელთანაც საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა მიბმული.
ამ, და ქვეყანაში მიმდინარე სხვა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ თემურ ბასილიას ესაუბრა:
-რამდენიმე დღის წინ თქვენ კიდევ ერთი საგარეო საფრთხის შესახებ გააკეთეთ განცხადება, რომელიც დიდი ალბათობით საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. იგულისხმება უკრაინის პრობლემა. თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად ამ პრობლემის შესახებ...
-ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ახდენს მეზობელ და ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამი საგარეო ფაქტორი იყო რაც სერიოზულ გავლენას ახდენდა და ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე: მკვეთრად დაეცა ნავთობის ფასები საერთაშორისო ბაზარზე, რუსეთში იყო სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, საბერძნეთი კი ჯერ კიდევ არ გამოსულა დეფოლტის საფრთხიდან.
რაც შეეხება უკრაინას, თუ ეს ქვეყანა ივლისის ბოლომდე ვერ შეძლებს უცხოელი კრედიტორებისთვის დავალიანების დაფარვას, იგი დეფოლტის საფრთხის წინაშე დადგება. სამწუხაროდ, უკრაინის ძირითადი კრედიტორები, და ეს გახლავთ ამერიკული საინვესტიციო ბანკები - ეჭვობენ, რომ უკრაინა ამის გაკეთებას ვერ შეძლებს. თუ უკრაინელებმა დარჩენილ დროში მაინც შეძლეს კრედიტორებთან შეთანხმება თანხის გადახდის გადავადების თაობაზე, მათ სექტემბერში გაცილებით მეტი თანხის გადახდის ვადა მოსდით, ხოლო დეკემბერში უკრაინას უწევს რუსეთის 3 მილიარდი დოლარის დავალიანების დაფარვა.
რამდენადაც, უკრაინასა და რუსეთს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა, დიდი ალბათობით, რუსეთი მაქსიმალურად გამოიყენებს ამ კოზირს თავის სასარგებლოდ. უკრაინისთვის დამატებითი პრობლემა იმაშიც არის, რომ თუ ქვეყანა ვერ ახერხებს სახელმწიფო სესხის დაფარვას/მომსახურებას, საერთაშორისო სავალუტო ფონდს არა აქვს უფლება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს ამ ქვეყანას. ანუ, თუ უკრაინა ვერ შეძლებს შეთანხმებას კრედიტორებთან ვალების გადავადების ან რესტრუქტურიზაციის თაობაზე და ვერ მოემსახურება ამ ვალებს, შესაძლოა სავალუტო ფონდიც ვერ დაეხმაროს მას ამ პრობლემების დაძლევაში.
ცხადია, ეს ის სფეროა, სადაც საქართველოს პრაქტიკულად არ შეუძლია რაიმე გავლენის მოხდენა - ეს უკრაინის და მისი პარტნიორების მოსაგვარებელი თემებია. ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: როგორც ჩანს, ძალიან მალე, ალბათ რამდენიმე თვეში, შეიძლება უკვე არსებულ სამ სერიოზულ პრობლემას (ნავთობის ფასები, რუსეთის და საბერძნეთის კრიზისი) დაემატოს მეოთხე, უკრაინის პრობლემაც. აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ჩატარებული ანალიზი რა გავლენას იქონიებს ეს საქართველოს ეკონომიკაზე და აქვს თუ არა შემუშავებული გეგმა, რათა მაქსიმალურად შეამციროს ამ კრიზისით გამოწვეული უარყოფითი გავლენა?
ქვეყანამ შეიძლება გაუძლოს ერთ კრიზისს, მეორე, მესამეს, მაგრამ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება; შესაძლოა სწორედ უკრაინის კრიზისი გახდეს საქართველოსთვის ის კატალიზატორი, რამაც შეიძლება სერიოზული რყევები გამოიწვიოს საქართველოს ეკონომიკაში, და არა მხოლოდ ეკონომიკაში.
-რა პრევენციული ღონისძიებები შეიძლება იქნას გატარებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ ეს საფრთხე თავიდან ავირიდოთ, ან მისი უარყოფითი შედეგები შევამციროთ მაინც?
-შეიძლება ბევრი ფიქრობდეს, რომ ეს სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებია და მას საქართველოზე გავლენა არ ექნება. ეს მოსაზრება არასწორია. თანამედროვე მსოფლიოში იზოლირებული ქვეყნები პრაქტიკულად აღარ არსებობს და ერთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი აისახება ამ ქვეყნის ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკაზე; ექსპორტ-იმპორტზე; ფინანსურ ანგარიშსწორებაზე და ადგილობრივი კომპანიების ეკონომიკურ შედეგებზე: მოგებაზე, სამუშაო ადგილებზე და ა. შ.
რუსეთი და უკრაინა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ჩინეთთან ერთად. ამიტომაც, ამ ქვეყნებში არსებული პრობლემები/კრიზისები გავლენას ახდენს საქართველოზეც.
გარდა ამისა, იმ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური კრიზისების შედეგად შეიძლება შემცირდეს ფინანსური გზავნილები ამ ქვეყნებიდან. მოგეხსენებათ, ეკონომიკური კრიზისების დროს მცირდება სამუშაო ადგილები და პირველ რიგში ეს ხდება ემიგრანტების ხარჯზე. მოგეხსენებათ, რუსეთში, საბერძნეთში და უკრაინაში საკმაოდ დიდი ქართული დიასპორებია, რომლებიც უგზავნიან საქართველოში საკუთარი შემოსავლების ნაწილს თავიანთი ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს. თუ ეს ადამიანები ამ კრიზისების შედეგად დაკარგავენ სამუშაოს, ეს შეამცირებს ამ ქვეყნებიდან საქართველოში თანხების გადმოგზავნის მოცულობას.
საქართველოსთვის ამ თანხების გადმოგზავნას ერთის მხრივ, დიდი სოციალური მნიშვნელობა აქვს, რადგან ბევრი ოჯახი სწორედ ამ გადმორიცხვებით ინახავს თავს; მეორე მხრივ, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის, რადგან იგი საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი წყაროა. ამ წყაროს საგრძნობლად შემცირების შემთხვევაში მოხდება გარღვევა საგადამხდელო ბალანსში. თუ ეს გარღვევა არ დაიფარა სხვა, უცხოეთიდან მოზიდული ფინანსური რესურსებით, მაშინ ქვეყანას მოუწევს ხარჯების შემცირება; გარდა ამისა, ეს ასევე, სერიოზულ გავლენას მოახდენს ლარის გაცვლით კურსზე.
რა თქმა უნდა, საქართველო ვერ აიცილებს თავიდან ასეთი ტიპის უარყოფით გავლენას, მაგრამ თუ ხელისუფლებას ჩაატარებს დეტალურ ანალიზს, მათ ეცოდინებათ რა საფრთხეებს შეიძლება ელოდნენ და გაითვალისწინონ ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის და ბიუჯეტის შედგენის დროს. ასევე, განახორციელონ დამცავი ზომები, რათა მინიმალურად შეამცირონ ასეთი უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.
თუ რა უნდა გაკეთდეს ასეთ კონკრეტულ სიტუაციაში, ინტერვიუს ფორმატში ამის დეტალურად განხილვა შეუძლებელია, თუმცა, მოკლედ შემიძლია გითხრათ, რომ ამ უარყოფითი გავლენის შესამცირებლად მთავრობამ უნდა იზრუნოს იმ იმპორტული პროდუქტების ჩანაცვლების ალტერნატიულ გზებზე; საკუთარი ქვეყნის პროდუქციის ექსპორტის სხვა ბაზრებზე, უცხოური ვალუტის შემოდინების ალტერნატიულ გზებზე და ა.შ.
სამწუხაროდ, მე არ გამიგია, რომ საქართველოს მთავრობას ასეთი ანალიზი ჩაეტარებინოს და ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული კრიზისების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა შეესწავლა, ან რაიმე ზომები მიეღო ამ უარყოფითი გავლენის შესამცირებლად.
-რამდენად საკმარისი იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პრევენცია (თუ ასეთი საერთოდ იყო) საბერძნეთთან დაკავშირებით. როგორც აღნიშნეთ, საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობის მხრივ, საბერძნეთი წლების განმავლობაში სტაბილურად იკავებდა სამეულში ადგილს...
-რუსეთის შემდეგ საბერძნეთიდან შემოდის ყველაზე მეტი ფინანსური გზავნილი. მიმდინარე წლის 6 თვეშიც 82 მილიონ დოლარზე მეტი შემოვიდა. მაისში 15.3 მილიონი დოლარი გადმოირიცხა საბერძნეთიდან საქართველოში, ხოლო ივნისში ეს მოცულობა 1.5 მილიონი დოლარით შემცირდა და 13.8 მილიონი დოლარი შეადგინა. როგორც ჩანს, საბერძნეთის კრიზისი ამ გზავნილების მოცულობაზეც აისახა. იმედია, საბერძნეთი შეძლებს ამ კრიზისული ვითარებიდან გამოსვლას და ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩადგება.
ჩემთვის არ არის ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაიმე ნაბიჯები გადაედგას ამ მიმართულებით; ერთადერთი, დიასპორის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ ვიზიტით საბერძნეთში ვითარების გასაცნობად, რაც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა, არაფერია ცნობილი რა შედეგი მოყვა ამ ვიზიტებს.
-რაც შეეხება ზოგადად პრევენციულ ეკონომიკურ ღონისძიებებს, რამდენად დამაკმაყოფილებელი იყო ხელისუფლების მხრიდან მათი დონე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში რამდენიმე ათეული პროცენტით გაუფასურდა და ეს პროცესი პრაქტიკულად დღესაც გრძელდება?
-ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით ხელისუფლების რეაგირება იყო საკმაოდ სუსტი, ხოლო ეროვნული ბანკის მხრიდან კი, არაადექვატური. ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ნათელი იყო, რომ ლარის დევალვაცია ორი ფაქტორით იყო გამოწვეული. პირველი, საგარეო ფაქტორი - ნავთობპროდუქტებზე ფასების ცვლილება და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, განსაკუთრებით რუსეთში არსებული კრიზისული მდგომარეობა.
მეორე, ეს შიდა ფაქტორები გახლავთ; კერძოდ, ეროვნული ბანკის მონეტარული, ანუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთები, სავალუტო ბაზრის მონაწილეთა ქცევები, სავალუტო სპეკულაციები და ა.შ.
იმისათვის, რომ ეროვნულ ბანკს შეემცირებინა უარყოფითი საგარეო გავლენა ლარის გაცვლით კურსზე, მას შესაბამისად, უნდა შეემცირებინა ფულის მასა მიმოქცევაში. ჩატარებულმა ანალიზმა კი აჩვენა, რომ ეროვნული ბანკი იქცეოდა სრულიად საწინააღმდეგოდ და გასული წლის შემოდგომიდან მეთოდურად ზრდიდა ფულის მასას მიმოქცევაში, რაც ძირითადად ხდებოდა საკრედიტო აუქციონების მეშვეობით.
მე არ ვიცი, ეს შეგნებულად ხდებოდა თუ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას არ ჰქონდა სათანადო პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია. ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანოა და მთავრობას არა აქვს მის საქმიანობაში ჩარევის უფლება; თუმცა, ეროვნული ბანკი არის საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული და ამ შემთხვევაში სწორედ პარლამენტს უნდა შეესრულებინა წამყვანი როლი და უფრო მეტი კონტროლი დაეწესებინა ეროვნული ბანკის საქმიანობაზე.
-თქვენ ხართ პიროვნება, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის უზარმაზარი გამოცდილება გააჩნია. დღეს საქართველოში მათ შესახებ, თუნდაც სავალუტო ფონდის შესახებ, აზრი ორადაა გაყოფილი. უნდა ითანამშრომლოს თუ არა საქართველომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მჭიდროდ?
-საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მთავარი დანიშნულებაა ფინანსური სტაბილურობის მიღწევა, კრიზისში მყოფი ქვეყნების, ასევე განვითარებადი და გარდამავალი ეკონიმიკის ქვეყნებისადმი დახმარება. რამდენად იყენებს ესა თუ ის ქვეყანა ამ ორგანიზაციებს, ეს ამ ქვეყნების გადასაწყვეტია.
ჩემი აზრით, საქართველომ აუცილებლად უნდა გააგრძელოს თანამშრომლობა ამ ორგანიზაციებთან; მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის ბანკი და სხვები, ეს ხომ იაფი ფინანსური რესურსების მოზიდვის კარგი საშუალებაა. მთავარია, ეს მოზიდული რესურსები ეკონომიკის განვითარებაში ჩაიდოს რომ, სწორედ ამის შედეგად გაზრდილი ეკონომიკიდან მიღებული შემოსავლებით მოხდეს ამ ვალების დაფარვა.
რაც შეეხება, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ამ ორგანიზაციასთანაც უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივი, საქმიანი ურთიერთობა; თუმცა, ჩემი შეფასებით, დღეს საქართველოში არ არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის განხორციელების აუცილებლობა. სავალუტო ფონდის პროგრამები ძირითადად მიმართულია ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, საქართველოში კი, მაკროეკონომიკური სტაბილურობა ისედაც უზრუნველყოფილია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა, ეროვნულ ბანკსაც გააჩნია საკმარისი რეზერვები. სავალუტო ფონდის პროგრამის განხორციელების აუცილებლობა შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის, საბერძნეთისა და უკრაინის კრიზისები საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას.
-და ბოლოს, შეიძლება ტრაფარეტული კითხვაა, მაგრამ რაში ხედავთ გამოსავალს, რომ ქვეყნის ეკონომიკას ჯერ საძირკველი გაუმაგრდეს, ხოლო შემდეგ განვითარების გზით წავიდეს?
-ეს პარალელური პროცესია ... ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, უკვე ნიშნავს ეკონომიკის საფუძვლის განმტიცებას და პირიქით ... ყველაზე მთვარია, რომ ქვეყანამ, ხელისუფლებამ შეიმუშაოს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, სადაც განსაზღვრული იქნება ძირითადი პრიორიტეტები და ნაჩვენები იქნება თუ საით მიდის ქვეყანა და რას შეიძლება ველოდოთ მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში.
ალეკო ჩუბინიძე