რა დაპირისპირება მოხდა სოზარ სუბარსა და სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შორის
13 ივნისს ბეთანია-ახალდაბის ტერიტორიაზე 1420 მეტრი სიმაღლიდან მთის მოწყვეტამ მდინარე ვერეს ხეობის ჩახერგვა გამოიწვია, დაგუბებულმა წყალმა ბარიერი გაარღვია და ახალდაბიდან თბილისამდე თავისუფლად ჩამოაღწია. სტიქიამ განსაკუთრებით სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლები დააზარალა. მერიამ პროექტი შეიმუშავა, თუმცა დღემდე გაურკვეველია როგორ მოხდება ზარალის ანაზღაურება. კერძოდ, ჯერ ისევ უცნობია რომელი ოჯახები მოჰყვნენ წითელ ზოლში, მათ ადგილზე დატოვებენ თუ გაასახლებენ, რას ითვალისწინებს არარსებული მე-8 პუნქტი და ა.შ. მერიამ გადაწყვიტა კონპესაციის სახით, დაზარალებულებს საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად სულადობის მიხედვით, 5-დან 10 ათას ხუთას ლარამდე თანხა გამოუყოს, თუმცა, როგორც ერთ-ერთი დაზარალებული მედეა ელიზბარაშვილი აცხადებს, მას ამ თანხის მხოლოდ მაცივრები ჰქონდა შეძენილი. ქალბატონი მედეა "ნიუსპრესს" შექმნილ პრობლემებზე ესაუბრა:
-დღესდღეობით, ჩვენს ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, დიდი ნაწილი აღდგენას აღარ ექვემდებარება, ბევრი სახლი მთლიანად განადგურებულია. ჩვენ, პარალელურ რეიმში, დაზარალებულთა კომიტეტი დავაარსეთ. მერიის მხრიდან საკმაოდ დადებითი განწყობაა, მზად არიან ის ზარალი აგვინაზღაურონ რაც მოგვადგა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
- ამ ეტაპზე, სპეციალისტებმა თუ დათვალეს რა ზარალი მოადგა თქვენს ოჯახს?
-ზარალის დათვლის პროცესი ჯერაც მიმდინარეობს (ინტერვიუ ჩაწერილია --- ივნისს). ჯერ მაინტერესებს როგორ დამითვალა ზარალი მერიამ. თუ მათ მიერ დათვლილი ზარალი რეალურად მოყენებულის ადეკვატური არ იქნება, მერე, უკვე მოვითხოვ ეს სპეციალისტებმა გააკეთონ. ჩემი სახლი საბედნიეროდ დანგრევას გადაურჩა, მაგრამ ყველა სახის კომუნიკაცია მთლიანადა მოშლილია, სამივე სართული სულ ლამში იყო. ნატანი მასა მოხალისეებმა გაიტანეს. აქვე, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდებმა შესაშური ორგანიზებულობა აჩვენეს, სამუშაოდ დარაზმულები მოდიოდნენ. მათ გაკვეთილი ჩაგვიტარეს. გაწმენდითი სამუშაოები ჩემს სახლში მთლიანად მათ ჩაატარეს, ოფიციალური უწყებები მერე შემოვიდნენ. გვეუბნებიან, რომ ამ ქუჩაზე დასახლება არ უნდა იყოს და იგი მთლიანად წითელ ზოლში უნდა მოექცეს. ამ ყველაფერში დროულად უნდა გავერკვეთ. მართალია ჩვენი სახლი არ დანგრეულა, მაგრამ დღემდე გაუგებარია ჩვენც წითელ ზოლში ვართ და გვასახლებენ თუ ადგილზე გვტოვებენ. მერიის პროექტი ვნახე, თუმცა იქ ამ საკითხებზე ინფორმაცია არ მოიძიება. მერიის თქმით, ეს სარეკრეაციო ზონად უნდა გაკეთდეს და აქ სახლები აღარ უნდა იყოს. პროექტში ბევრი რამ გაურკვეველია. მაგალითად, მე-6 პუნქტში მითითებულია, რომ მე-8 პუნქტით უნდა ვიხელმძღვანელოთ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მერვე პუნქტი, როგორც ასეთი საერთოდ არ არსებობს. წარმოდგენა არ გვაქვს მერვე პუნქტი, რომელიც პროექტში საერთოდ არ არის, კარგს გვიქადის რამეს თუ საშინელებას. არანაკლები პრობლემაა ვადები; გაურკვეველია რა გეგმა აქვს ამ ტერიტორიაზე სახელმწიფოს, რას უპირებენ მდინარე ვერეს. ვთქვათ ახლა იქ ცხოვრება რომ გავაგრძელოთ და სახელმწიფომ რვა თვის მერე დაასკვნას აქ ცხოვრება საშიშიაო, გამოდის, რომ ეს პერიოდი მოსახლეობა რისკის ზონაში უნდა გვაცხოვრონ?! ან ვთქვათ, დაგვატოვებინეს ტერიტორია და მერე აღმოჩნდა, რომ საშიში არ ყოფილა, მერე რა ხდება? ამიტომ, მოვითხოვთ, სასწრაფოდ მოხდეს ამ ადგილის სტატუსის დადგენა და რაც შეიძლება დროულად განისაზღვროს რა ვადებში მოხდება ზარალის, თანხის ანაზღაურება.
-თქვენი ქუჩის მაცხოვრებლები საყვედურს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ ზარალი დღემდე არავის აღუწერია..
- დიახ, არც ჩემთან მოსულან. ავეჯი შლამმა იმდენად დაამძიმა, მისი დაძვრა შეუძლებელი იყო, ამიტომ, ბავშვებს დავაჩეხინე და ისე გამოვიტანეთ. ვვარაუდობდით, რომ ოთახებში არსებულ მდგომარეობას დაათვალიერებდნენ. როგორც აღვნიშნე მოშლილია ყველა კომუნიკაცია: დენი, გათბობა და ა.შ. არადა, გვეუბნებიან ზარალი დათვლილი გვაქვსო. არ ვიცი ახლა რა მეთოდოლოგიით ადგენენ ზარალის ოდენობას კოსმოსიდან თუ სხვა კრიტერიუმებით, ცხადი კი ერთია - ჩვენთან არავინ მოსულა. ერთადერთი, სამხარაულის უწყებამ გადაუღო სურათები დაზიანებულ სახლებს. კონკრეტულად კი, რა გაფუჭდა, რა დაზიანდა და რა ჩამოიყარა, ეს არავის შეუმოწმებია.
- როგორც ამბობენ, არც გაწმენდითი სამუშაოები ტარდება სათანადოდ...
- გაწმენდითი სამუშაოები არ ტარდება იმ სახლებზე, რომელთაც პირდაპირ ლენტები შემოავლეს ანუ სადაც რისკის ზონა იყო და შიგნით შესვლა არ შეიძლებოდა. იმ ავბედით ღამეს, პირველი რაც მახსოვს, დახმარება რაგბისტებმა შემოგვთავაზეს. ვფიქრობდი, ამ შლამს მინიმუმ ერთ წელიწადს ვერ გავიტანთ-მეთქი, მაგრამ მათი დახმარებით შლამი ჩვენს თვალწინ ცოტავდებოდა. იმდენი შლამი იყო კარები არ იღებოდა. შემდეგ უამრავი ადამიანი მოვიდა, მოხალისე ახალგაზრდებით გაივსო მთელი უბანი, უდიდესი დახმარება გაგვიწიეს. საოცრება მოხდა, ამ ბავშვებმა, თუნდაც ორგანიზებულობის, მასტერ-კლასი ჩაგვიტარეს. ამ დროს გავიფიქრე დროზე გაიზარდეთ, რომ ქვეყანა ჩაიბაროთ-მეთქი.
- მთავრობიდან თუ იყო ვინმე მოსული კონკრეტული შემოთავაზებებით?
- სოზარ სუბარი იყო მოსული, თუმცა მის საუბარს შემოთავაზებას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. კარავში დაზარალებულების რეგისტრაცია მიდიოდა და ყველას დაგვირეკეს ამობრძანდითო. ჩემს ოჯახს აღწერდნენ თუ რამდენი წევრი ვართ ოჯახში, როცა გვერდიდან უსიამოვნო საუბარი მომესმა. სოზარ სუბარს თვალი მანამდეც მოვკარი, მაგრამ არ გამოგვლაპარაკებია, ისიც კი არ უთქვამს, რა კარგია რომ გადარჩითო. ბუნებრივია ასეთ რთულ მომენტში ნებისმიერი ადამიანი შოკირებულ მდგომარეობაშია და თანაგრძნობას ელოდება. კამათის ხმა რომ შემომესმა, ახალგაზრდას, ვინც აღწერას ატარებდა, დროებით ამ პროცესის შეჩერება ვსთხოვე, რათა სოზარ სუბარისთვის მომესმინა. სუბარმა გვითხრა რა ქნას სახელმწიფომ, ასეთი შემთხვევების დროს მაღალმთიან რეგიონებს 20 ათას ლარს ვაძლევთ, ან თავად შოულობენ ბინებს ან ჩვენ ვყიდულობთო. ამ საუბარმა იქ მყოფებში აღშფოთება გამოიწვია. ბუნებრივია მეც ჩავერთე. მოგვიანებით დაამატა, რადგან თქვენდამი ასეთი დიდი საზოგადოებრივი აქტიურობაა, მიდგომა ცოტა განსხვავებული იქნებაო. საინტერესოა, 20 ათასი ლარის მერე, ცოტა განსხვავებული რა უნდა იყოს?! ყველას უსიამოვნო მოლოდინი დაგვეუფლა. სოზარ სუბარმა ეს არ იკმარა და საყვედურებით აგვავსო აქ რატომ დასახლდით, ხომ იცოდით ვერეს ხეობა საერთოდ არ უნდა დასახლებულიყო, აქ არ უნდა გეცხოვრათო. ამაზე ვუპასუხე: ბატონო სოზარ, 34 წელია აქ ვცხოვრობ, ჩემი წინაპრები კიდევ ორი ამდენი-მეთქი და მსგავსი არაფერი გვინახავს. ამ დროს საუბარში ჩემი ერთ-ერთი მეზობელიც ჩაერთო და აღნიშნა, რომ არა გოფრირებული გვირაბი, ეს არ დაგვემართებოდაო. თავიდან ამ წყალმა ჩვენთან უბრალოდ გაიარა, მაგრამ მერე რომ ჩაიხერგა, წყალი უკან წამოვიდა და სწორედ ამან დაგვაზარალა. სუბარმა ამაზე გვიპასუხა: გოფრირებული გვირაბი არაფერ შუაშია, თქვენ არ უნდა დასახლებულიყავით აქო. დახმარება იქნება, მაგრამ ვისაც ძვირადღირებული სახლები აქვს, იმას სახელმწიფო ვერ აუნაზღაურებსო. კვლავ შევეკამათე, ვუთხარი: ბატონო სოზარ, მთავრობა რა შუაშია, ყველაფერი ჩემი შრომით კანონიერად მაქვს მოპოვებული, თუკი რამე ავაშენე ამის უფლება, ნებართვა მთავრობამ კი არა სახელმწიფომ მომცა-მეთქი. მან იგივე განაგრძო, თქვენ მაინც უნდა გეფიქრათ, რომ აქ ცხოვრება საშიში იყოო. თუ სახელმწიფო მაძლევს ნებას აქ დავსახლდე, რისკები მე როგორ უნდა გავთვალო, მაშინ ხომ უნდა მითხრას რომ აქ დასახლება არ შეიძლება?! წინა მთავრობამ გოფრირებული გვირაბი რომ ააშენა, ამის გამო პასუხი რატომ უნდა ვაგო, ან იმის წინა მთავრობამ თუ უკანონოდ მომცა მშენებლობის ნებართვა, მე რა შუაში ვარ?! ბატონმა სოზარმა საპასუხოდ გვითხრა, "ნაციონალებთან" ჩემი დამოკიდებულება ყველამ იცის, მაგრამ გოფრირებული გვირაბი თქვენს უბედურებასთან არაფერ შუაში არააო.
არადა ფაქტს რა ვუყოთ, მანამდე ხომ მსგავსი არაფერი ხდებოდა. ყველა სპეციალისტი საუბრობს, რომ ეს კატასტროფა ამ გვირაბის მშენებლობამ გამოიწვია, სუბარი კი გვიმტკიცებს, ეს არაფერ შუაშიაო. ამის შემდეგ მან საოცარი მაგალითი მოიყვანა. საუბარს ესწრებოდა ერთ-ერთი დაზარალებული ოჯახის რძალი, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ამან ორჯერ დაკარგა სახლ-კარი და ჩვენ ხომ არ აგვინაზღაურებია, რაც სოხუმში ჰქონდაო. ბუნებრივია, სახელმწიფო ყველაფერს ვერ აუნაზღაურებსო. ამ საუბრით იმდენად აღვშფოთდით, იქ მყოფმა ექსპერტებმა დაგვიწყეს დაწყნარება, ნუ ნერვიულობთ, ამან რა იცის, ჩვენ უფრო კომპეტენტურები ვართო. სუბარის საუბრის შემდეგ საშინელების მოლოდინში ვიყავით. სუბარმა ისიც გვითხრა, ყველა ოჯახისადმი ერთნაირი მიდგომა იქნებაო. მერიაში კი დაგვამშვიდეს, ანაზღაურება იმის მიხედვით მოხდება, ვის რა ზარალი მიადგაო.
- როგორც საუბრობენ, მეწყერის ჩამოწოლის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია დროულად არ მიაწოდეს....
- დიახ, ყველაფერი დაიტბორა და აქ არავინ იყო. დროულად ვერ გაიგეს, რომ ეს ცხელი წერტილი იყო. გზაც კი არ იყო გადაკეტილი, რათა სარისკო ზონაში არავინ ჩასულიყო. მოხალისეები მოდიოდნენ და ეგონათ ისეთივე სიტუაცია იყო რაც ათი დღის წინ, ამიტომ ქვევით ჩადიოდნენ და ძაღლებს უშვებდნენ. არადა, იქ ჩასვლა უკვე ძალიან საშიში იყო. ამიტომ, გზას ჩვენ თავად ვკეტავდით. გვიან გაიგეს, რომ აქ საშიში ზონა იყო. როგორც ვიცი ქალაქის მერიც სხვა ადგილიდან მოვიდა ჩვენთან.
- ბოლოს ძაღლების თავშესაფარზეც მინდა გკითხოთ, ბატონი თამაზი მათთვის ადგილის გამოყოფას ითხოვდა. რა ვითარებაა ამ კუთხით?
- გადარჩენილი ძაღლები ამჟამად დროებით თავშესაფარში კაიროს ქუჩაზე არიან. ძალიან გვინდა, თუკი ზოოპარკი თბილისის ზღვაზე გადავა, მერიამ იქ ჩვენც გამოგვიყოს ადგილი. ჯერ მთავრობას არაფერი შემოუთავაზებია.
თათული ლორთქიფანიძე