გთავაზობთ ინტერვიუს ესტონეთში საქართველოს ელჩთან, თეა ახვლედიანთან:
-საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება. ყველას დაამახსოვრდა მისი საინტერესო აქცია, როდესაც ექსკლუზიურად შეხვდა ესტონეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს. უფრო მეტი, რომ გვითხრათ აღნიშნული ღონისძიების თაობაზე?
-მნიშვნელობა, რომელსაც ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანიჭებს ახალგაზრდობას და მათ როლს ქვეყნის განვითარების პროცესში, ასევე, ესტონეთის მხრიდან საქართველოს ურყევი და მკაფიო მხარდაჭერა, ორ ქვეყანას და ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობები - ერთიანად გამოიხატა პრეზიდენტის მზადყოფნაში, გამართოს შეხვედრა ესტონეთში მოღვაწე ქართველ სტუდენტებთან. ტოომას ჰენდრიკ ილვესი მართლაც არ იშურებს ძალისხმევას, შესაძლებლობისამებრ, შეხვდეს და გაუზიაროს გამოცდილება ახალგაზრდებს, რომელთაც განათლების მიღების და ცოდნის გაფართოვების სურვილი ამოძრავებთ. შესაბამისად, ესტონეთის რომელიმე უნივერსიტეტში მოღვაწე ცალკეული ქართველი სტუდენტი შესაძლოა დასწრებია მის ლექციას, თუმცა, ხაზგასასმელია, რომ, როდესაც 15 მაისს სტუდენტთა აუდიტორია საქართველოს სახელით გაერთიანდა, დაახლოებით 80 ქართველ სტუდენტს ამ ფორმატით პირველად მიეცათ შესაძლებლობა ესტონეთის სახელმწიფო მეთაურს შეხვედროდნენ.
ესტონეთის მოსახლეობა 1,3 მილიონს შეადგენს. ქვეყნისთვის, რომელმაც პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით, სწრაფად განახორციელა ტრანსფორმაცია საბჭოთა კავშირიდან ევროკავშირამდე და სახელი მოიხვეჭა, როგორც წარმატებულმა რეფორმატორმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დარგში ერთ-ერთმა ლიდერმა, ამჟამად ერთ-ერთი პრიორიტეტია ძალისხმევის მიმართვა ეკონომიკური კეთილდღეობის შემდგომ ზრდასა და ბაზრის გაფართოებაზე. ამ თვალსაზრისით, ესტონეთში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალ ინიციატივას „ელექტრონული მოქალაქეობის“, ე.წ. E-Residency თაობაზე. ამასთან, ქვეყნის წინაშე არსებული მიზნების სათანადოდ განხორციელებისთვის, ესტონეთის ხელისუფლება და საზოგადოება, განათლების მაღალი დონის უზრუნველყოფას აუცილებლად მიიჩნევს. დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე ეტაპზე, ესტონეთმა გაატარა „ვეფხვის ნახტომის“ სახელწოდებით ცნობილი რეფორმა, კომპიუტერული და ქსელური ტექნოლოგიების განვითარებისა და მათი განათლების სისტემაში ფართოდ დანერგვის მიზნით, სწორედ იმისთვის, რომ 20 წლის შემდგომ დღევანდელი შედეგისთვის მიეღწია.
ახალგაზრდა ქართველებისთვის ესტონეთის გამოცდილების, ისევე როგორც პრეზიდენტ ილვესის შემეცნებითი მოსაზრებების გაზიარება მეცნიერების თუ ფილოსოფიის სფეროში, წარმოადგენდა შეხვედრის ძირითად მიზანს, რომელიც გულწრფელ გარემოში წარიმართა. ქართველი სტუდენტების მიმართ ძირითადი გზავნილი იყო - დაეუფლონ ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ლიბერალური დემოკრატიის პრინციპების ფართოდ გავრცელებას, ისევე როგორც ევროინტეგრაციის პროცესს და ერთიანი ევროპული ფასეულობების შემდგომ განმტკიცებას.
-ზოგადად რამდენად დიდია ქართველი ახალგაზრდების მხრიდან ინტერესი მიიღონ ესტონეთში უმაღლესი განათლება და ამ მხრივ რა შესაძლებლობები არსებობს? არის თუ არა რაიმე პროექტები, რომლითაც სარგებლობა შეუძლიათ ქართველ სტუდენტებს?
ესტონეთში სწავლის გაგრძელების მიმართ დაინტერესება მზარდია ქართველი ახალგაზრდების მხრიდან. ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით 150 ქართველი სტუდენტი სწავლობს.
აღსანიშნავია, რომ ესტონური და ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სხვადასხვა ფორმატისა და ხელშეკრულების ფარგლებში თანამშრომლობენ, მათ შორის, აკადემიური და სტუდენტური გაცვლითი პროგრამების საკითხებში. გარდა ამისა, ესტონეთის უნივერსიტეტების, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა შესაბამისი ფონდის ხელშეწყობით, ყოველწლიურად გამოიყოფა რამდენიმე სტიპენდია საქართველოს მოქალაქეებისათვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. მაგალითისათვის, სულ ახლახანს, ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, გამოყო 5 სტიპენდია საქართველოს რამდენიმე კონკრეტული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ტალინის უნივერსიტეტში „ადამიანისა და კომპიუტერის ინტერაქციის“ (Human-Computer Interaction) 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამის სრულ დაფინანსებას. გარდა ამისა, მოქმედებს გაცვლითი პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტარტუს უნივერსიტეტს შორის, რომლის ფარგლებშიც, ყოველწლიურად დაახლოებით 6 სტუდენტი ჩამოდის საქართველოდან. ასევე, 2014 წლიდან ხორციელდება გაცვლითი პროგრამა ევროკოლეჯთან, სადაც სწავლის შესაძლებლობა ყოველწლიურად ეძლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 5 სტუდენტს. გარდა ამისა, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის.
ესტონეთში სწავლის გაგრძელების მიმართ ქართველი სტუდენტების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მათთვის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს სწავლების დაფინანსების მოპოვება, მიმდინარეობს მუშაობა მომავალი წლისათვის სპეციალური ელექტრონული პორტალის შექმნის შესაძლებლობაზე, სადაც იგეგმება ესტონეთში სწავლისა და სტიპენდიის მიღების საშუალებების ერთიანი მონაცემთა ბაზის განთავსება; აღნიშნული სტუდენტებს მისცემს მათთვის სასურველი პროგრამისა და დაფინანსების უფრო მარტივად მოძიების შესაძლებლობას.
აქვე, აღვნიშნავდი, რომ ესტონეთში სწავლის გაგრძელება შესაძლებელია სხვადასხვა ფაკულტეტზე მრავალი მიმართულებით, თუმცა, ესტონეთში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მაღალი დონისა და ქვეყანაში აღნიშნული სფეროს პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით საინტერესოდ მიმაჩნია ესტონეთში უმაღლესი განათლების სწორედ აღნიშნული მიმართულებით მიღება.
-რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ჩანს, რომ საქართველოსა და ესტონეთს შორის საკმაოდ აქტიური ურთიერთობაა, ყოველთვის კეთდება საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები პოლიტიკურ დონეზე, რა განაპირობებს ამ მხარდაჭერას?
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ნამდვილად დინამიური და ღრმაა თანამშრომლობის ყველა მიმართულებით. ჩემთვის პატივია წარმოვადგენდე საქართველოს - მრავალ-საუკუნოვანი ისტორიის მქონე, ევროპულ, პროგრესულ სახელმწიფოს სწორედ ესტონეთში, რომელიც ევროკავშირის და ნატო-ს წევრი სახელმწიფოა; მისი ძალისხმევა და მიღწევები ძლიერი, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნის მშენებლობაში აღსანიშნავია. ერთმანეთის შთაგონებითა და გამხნევებით, ჩვენ ერთად ვიბრძოდით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. სავარაუდოდ, ძირითადად ეს განაპირობებს ჩვენს მჭიდრო მეგობრობას და ესტონეთის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.
ზოგადად, ეს შეკითხვა ხშირად ჟღერდება ესტონელთა შორისაც, რომელთაც, ერთი შეხედვით, ვერ აუხსნიათ გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად არსებული თბილი და მონათესავე დამოკიდებულების წარმომავლობა.
ცნობილია, რომ მე-19 საუკუნის დასასრულს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ესტონელი ემიგრანტები დასახლდნენ, რომლებიც ასწლეულის განმავლობაში ქართულ-ესტონური კულტურის და ტრადიციის შერწყმით ცხოვრობდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. სწორედ ამ საკითხს შეეხება უკვე ფართოდ ცნობილი ფილმი „მანდარინები“.
ასევე, ამ კონტექსტში აღვნიშნავდი ტარტუს უნივერსიტეტის როლსაც, რომლის მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. ამ პერიოდში ქ. ტარტუში, ევროპის ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში, როგორც ჩემთვის ცნობილია, ოთხასამდე ქართველი სტუდენტი ირიცხებოდა. მათ შორის იყვნენ გამოჩენილი ქართველი ხელოვანები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები - ისეთი სახელოვანი ქართველები, ვისი მიღწევებითაც დღევანდელი საქართველო სამართლიანად ამაყობს (ვახტანგ კოტეტიშვილი (ლიტერატურათმცოდნე), კოტე ფოცხვერაშვილი (კომპოზიტორი), გრიგოლ რობაქიძე (მწერალი, საზოგადო მოღვაწე), სეით დევდარიანი (ფილოსოფოსი), პეტრე ჭაბუკიანი (მხარეთმცოდნე, მის სახელს უკავშირდება სათაფლიას ნაკრძალში მღვიმეების აღმოჩენა), კონსტანტინე ერისთავი (ექიმი, მეცნიერი), სიმონ კანდელაკი (მეცნიერი), აკაკი პაპავა (მწერალი, ჟურნალისტი) და სხვა.
ვფიქრობ, ჩამოთვლილმა ფაქტორებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და დადებითი გავლენა მოახდინა, ხალხთა შორის დამოკიდებულებაზე და ორ ქვეყანას შორის ამგვარი მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.
-ერთ წელზე მეტია იმყოფებით საქართველოს ელჩი ესტონეთში, თქვენი გადმოსახედიდან, რა პოტენციალს ხედავთ ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებაში, კონკრეტულად რა მიმართულებებია ყველაზე პრიორიტეტული და სად არის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი?
-ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებაში არსებული პოტენციალი ზოგჯერ ამოუწურავიც მგონია: საქართველო-ესტონეთის ორმხრივი თანამშრომლობა მეტად ინტენსიურია; პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ეს ისეთ სფეროებს შეეხება როგორიცაა - თავდაცვა, ეკონომიკა, განათლება, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი, სამოქალაქო საზოგადოება, საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიები და სხვა. თითოეული ჩამოთვლილი სექტორის მიმართულებით ერთდროულად რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი მუშავდება, რომელთა შემდგომი განვითარებაც სავსებით რეალურია. დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების კუთხით, ამჟამად, ჩვენი პრიორიტეტია, ის წარიმართოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, სათანადო აღსრულების ხელშეწყობის კონტექსტში; გავიზიაროთ ესტონური საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება, რაშიც, ბუნებრივია ესტონეთი დიდი ენთუზიაზმით გვეხმარება. მაღალია ყველა დონეზე (ექსპერტულიდან უმაღლესამდე) ორმხრივი ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკაც, და მეტად ნაყოფიერი ურთერთობები - მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში.
მაინც გამოვყოფდი ორ სფეროს, სადაც ალბათ ყოველთვის იარსებებს თანამშრომლობის განვითარების მეტი შესაძლებლობები და სურვილი - ეს არის ვაჭრობა და ბიზნეს ურთიერთობები, ასევე, თანამშრომლობის გაღრმავება საინფორმაციო და ტექნოლოგიების სფეროში. ორივე მიმართულებით მუშაობა უაღრესად გააქტიურებულია. გასულ იანვარს ესტონეთის პრემიერ მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მასშტაბური ბიზნეს ფორუმი, რომელმაც კონკრეტული შედეგები გამოიღო, რაც დროთა განმავლობაში უფრო თვალსაჩინო უნდა გახდეს. ასევე, ინტენსიური ხდება ფართომასშტაბიანი, კოორდინირებული თანამშრომლობა ელექტრონული მმართველობის მიმართულებით.
-პრეზიდენტის ვიზიტზე რას გვეტყვით?
ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს გულშემატკივარი და მეგობარია. მოგეხსენებათ, ის ერთ-ერთი იყო ხუთი ევროპული ქვეყნის (ესტონეთი, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, უკრაინა) ლიდერს შორის, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოს ეწვია და ჩვენს გვერდით დადგა დიდი მხარდაჭერის ნიშნად, ქართველი ერისთვის უმძიმეს დღეებში. იმ პერიოდში, ესტონეთში მრავლად შეამჩნევდით საქართველოს ხუთჯვრიან დროშებს რიგითი ესტონელების ხელში - ამის შესახებ თავად პრეზიდენტმა მიამბო.
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ბოლოჯერ 2011 წელს ეწვია; 4 წლის შემდეგ, ტოომას ჰენდრიკ ილვესი ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. აღსანიშნავია ამ ვიზიტის დატვირთვა იმ თვალსაზრისითაც, რომ რიგის „აღმოსავლეთ პარტიორობის“ სამიტის შემდეგ ეს საქართველოში განხორციელებული პირველი ვიზიტია სახელმწიფო მეთაურის დონეზე.
თამარ ურუშაძე