logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
როგორ შეისყიდა „ენერგო-პრო“-მ საქართველოში ობიექტები თვითღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად და რა სქემით გადაიხადა აღნიშნული თანხა სააკაშვილის დროს?
როგორ შეისყიდა „ენერგო-პრო“-მ საქართველოში ობიექტები თვითღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად და რა სქემით გადაიხადა აღნიშნული თანხა სააკაშვილის დროს?
11:23 29.04.2015
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მომხმარებელთა და გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის ეროვნული ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი გოდერძი კიკნაველიძე ესაუბრება:

-2006 წლის 20 ივნისს საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტები, კერძოდ ექვსი ელექტროსადგური - „რიონჰესი“, „ლაჯანურჰესი“, „გუმათჰესი“, „შაორჰესი“, „ძერულაჰესი“ და „აწცჰესი“, ასევე, საქართველოს და აჭარის გაერთიანებული ენერგო კომპანიები, საპრივატიზაციოდ გამოიტანეს. ეს პროცესი არაერთი დარღვევის ფონზე ჩატარდა. მოცემული შედეგების მიხედვით, აღნიშნული ობიექტების საწყისი ღირებულება, ჯამში, 117 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. ჩემი გაანგარიშებით, ამ ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრის გათვალისწინებით, საპრივატიზაციოდ გამოტანისას მათი ღირებულება დაახლოებით, ერთი მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო. საქმე ისაა, რომ საპრივატიზაციოდ გამოტანილი ექვსი ელექტროსადგური წლიურად, საშუალოდ, ერთ მილიარდამდე კვ.სთ ელექტროენერგიას უშვებდა.

-რით აიხსნება ის, რომ მილიარდიანი ქონება მხოლოდ 117 მილიონ დოლარად გამოიტანეს გასაყიდად?

-შესაძლოა, ობიექტების საწყისი ღირებულება სპეციალურად შეამცირეს და ისინი რეალური ღირებულების ნაცვლად ნარჩენი ღირებულებით გამოიტანეს. ამის შესახებ, საბუთები ვერსად მოვიპოვე. ის რაც გამაჩნია - დეტალური ინფორმაცია ჩატარებული ინვენტარიზაციის შესახებ, არალეგალურად მოვიპოვე. ჩატარებული კონკურსისა და შეფასებების დარღვევით წარმართვაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გაერთიანებული ენერგოკომპანია, რომლის ნარჩენი ღირებულება 87 მილიონი იყო, საწყის ღირებულებად - 30 მილიონად გამოიტანეს და 85 მილიონად გაიყიდა. აჭარის ენერგოკომპანიის ნარჩენი ღირებულება კი 23 მილიონი იყო, მათ, საწყის ღირებულებად 5 მილიონად გამოიტანეს და 30 მილიონად გაიყიდა. მეტი სიცხადისთვის, ერთ მაგალითს მოვიყვან: ლაჯანურჰესის, რომელიც საპრივატიზაციოდ იყო გამოტანილი, დადგმული სიმძლავრე 112,5 მეგავატია და გამოშვებული ელექტროენერგიის ღირებულება, 2005 წელში, საშუალოდ, წლიური 158 მილიონს შეადგენდა, ხოლო გამოშვებული ელექტროენერგიის საშუალო რაოდენობა, 2000-2005 წლებში, 125 მილიონ კილოვატს შეადგენდა. შემდეგ, ლაჯანურჰესმა ფუნქციონირება გააგრძელა და 2006 წელს გამოუშვა 274 მილიონი, 2007-ში - ისევ, 274 მილიონი, ხოლო 2008-ში - 340. ეს მეტყველებს, რომ აღნიშნული ელექტროსადგურები სრულყოფილი ენერგოობიექტები იყვნენ და კარგადაც მუშაობდნენ.

-კონკურსის შედეგად, ვის მფლობელობაში გადავიდა აღნიშნული ობიექტები და რა შეიცვალა მას შემდეგ?

-აღნიშნული ობიექტები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გადაეცა. იგი ჩეხური ორგანიზაციაა და მინდა გითხრათ, რომ მისი საქმიანობის შესახებ, ინტერნეტით მასალები ვერ მოვიპოვე. ფაქტობრივად, რჩება შთაბეჭდილება, რომ 2006 წლამდე, ეს ორგანიზაცია საერთოდ არ ფუნქციონირებდა და არც არაფერს წარმოადგენდა. მათ საკუთარი ვებ-გვერდიც კი არ ჰქონდათ. შემდეგ, ეს კომპანია, ყოველგვარი ქონების გადაცემის გარეშე, გაყიდული ორგანიზაციების მმართველობაში შემოვიდა. ფაქტობრივად, 2006 წლიდან, ელექტროენერგიის ყიდვას, გაყიდვას და მოსახლეობის მომარაგებას თავად აწარმოებდა. 2007 წლის 2 თებერვალს კი პრეზიდენტის #35 ბრძანებულება გამოიცა, სადაც ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული ექვსი ელექტროსადგური, პირდაპირი მიყიდვის წესით, 73,5 მილიონ დოლარად უნდა გაყიდულიყო. კონკურსში მონაწილე „ენერგო პრო ჯორჯია“-ზე იქვე, მითითებული იყო, რომ საქართველოს გაერთიანებული ენერგოკომპანიისა და აჭარის ენერგოკომპანიის გაყიდვის საკითხი, მყიდველსა და გამყიდველს შორის ურთიერთშეთანხმებით უნდა გადაწყვეტილიყო. რბილად რომ ვთქვა, ეს არანორმალურობაა და ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება.

-ღირებულების ანაზღაურება როგორ მოხდა?

-მოგახსენებთ, ღირებულების ანაზღაურება, 2006 წლის 28 ივლისს, ეკონომიკის სამინისტროს შეტყობინებით მოხდა. ეს თანხა, როგორც მმართველ ორგანიზაციას, რომელიც ჩეხეთში არსებობდა, „ენერგო-პრო“ უნდა აენაზღაურებინა. სინამდვილეში, ეს ფული, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“, აბონენტებისგან შეგროვებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებით მიღებული თანხიდან გადაიხადა. ვითომ, მისი კონვერტაცია მოახდინა, რეალურად კი, ვიმეორებ, თანხა, ჩვენი - მოსახლეობის მიერაა გადახდილი. ფაქტობრივად, ეს ობიექტები, ჩვენ შევისყიდეთ. 2006 წლის 1 ივნისს დამტკიცებული ახალი, გაზრდილი ფასები შევიდა ძალაში. მგონია, რომ ესეც სპეციალურად იყო გაკეთებული, რითაც სარეალიზაციო ღირებულებად 14 თეთრი დაწესდა. მანამდე, 1კვ.სთ 7 თუ 9 თეთრი იყო და 14 თეთრი გახდა.

-თქვენ ახსენეთ, რომ „ენერგო-პრო ჯორჯია“ გაყიდული ორგანიზაციების მმართველობაში ქონების გადაცემის გარეშე შემოვიდა. ეს ხომ კანონდარღვევაა, ვის უნდა მოეხდინა ამაზე რეაგირება?

-დიახ, 2006 წლის ივნისიდან 2007 წლის ივლისამდე „ენერგო-პრო ჯორჯია“ ობიექტებს კანონდარღვევით მართავდა იმიტომ, რომ იგი, რეალურად, ქონებას არ ფლობდა, მისი ღირებულება ანაზღაურებული არ ჰქონდა და ამ დროს ყველაფერს თავად განაგებდნენ. არც თანხა იყო გადახდილი და არც ქონების მართვის უფლება ჰქონდათ. ქონების საკუთრების მოწმობა 2007 წლის ივლისში გაიცა, მანამდე უკანონოდ მართავდნენ. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ, ასევე, სხვა მრავალი ძირითადი ობიექტი, დარღვევით გადაეცა. აქვე, უნდა აღინიშნოს, პრეზიდენტის იმავე განკარგულებით, „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ 1000 დოლარად უნდა გადაეცათ სხვა წვრილი ელექტროსადგურები, რომელშიც შედიოდა ზაჰესი, ორთაჭალჰესი, თეთრხევჰესი და სხვა ობიექტები, რომლებიც შემდგომ, 1000 დოლარად, მართლაც გადავიდა მათ განკარგულებაში. აღნიშნულ ჰესებს საკმაოდ დიდი გამომუშავება აქვთ და მაღალი სიმძლავრისანიც არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ დაკავშირებით, ბევრი კითხვა იბადება: საინტერესოა, საერთოდ, თუ არსებობდა იგი 2006 წლამდე და იყო თუ არა სამეურნეო ორგანიზაცია. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს ორგანიზაცია, გარკვეული პირების მიერ, სპეციალურად შეიქმნა ამ ობიექტების შესასყიდად. აღნიშნულის შესახებ, 2006 წელს, ვაცნობე იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, პროკურორს მურთაზ ზოდელავას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს ჯემალ ებანოიძეს, რომელთაც ჩემი წერილი რეაგირების გარეშე დატოვეს. მეტიც, შემოსავლების სამსახურიდან მივიღე წერილობითი შეტყობინება, ეს საკითხი ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო. როგორ - ჩვენი გაყიდული ქონების ღირებულების ამოღება და მისი რეალობის შემოწმება, მათ კომპეტენციაში არ შედის?!

-ბატონო გოდერძი, თქვენ არაერთ დარღვევაზე გაამახვილეთ ყურადღება. თავად ტენდერში სხვა რომელი კომპანიები მონაწილეობდნენ და რით გამოირჩა მათგან „ენერგო-პრო ჯორჯია“?

-ტენდერში სხვა არავის მიუღია მონაწილეობა, მხოლოდ „ენერგო-პრო“იყო.

-ესეც ხომ კანონდარღვევაა?

-თავისთავად ცხადია, რომ დარღვევაა. სხვა კომპანიები მითითებული არ ყოფილა. არადა, როგორ შეიძლება ასეთი არასერიოზული მიდგომა, საქმე კოლმეურნეობის ან მეცხოველეობის ფერმის რეალიზაციას, ან სამეგრელოში, თუნდაც, გურიაში პატარა ჩაის ფაბრიკის გაყიდვას ხომ არ ეხება? ეს ჩამოყალიბებული ენერგეტიკული ობიექტებია, რომლებიც 2006 წლამდეც წარმატებით მუშაობდნენ და მის შემდეგაც.

-თუ მანამდეც წარმატებულად მუშაობდნენ, რატომ გახდა მათი საპრივატიზაციოდ გამოტანა აუცილებელი?

-არ ვიცი, მიზეზი ჩვენთვის უცნობია. ასევე, უცნობია ისიც, რატომ მოხდა არარსებული ორგანიზაციის შერჩევა, რომელსაც ენერგეტიკის საკითხებში არავითარი გამოცდილება არ გააჩნდა. ვინ დგას ამის უკან, ჯერჯერობით დაუდგენელია.

-საუბარში ახსენეთ, ეს დამნაშავე ორგანიზაცია აქეთ გვედავებაო. რას გვედავება?

-როგორც გახსოვთ, ჩეხეთის პარლამენტმა ჩვენი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება შეაჩერა. მიზეზად თავიანთი ორგანიზაციების შევიწროება დაასახელეს. მათი გააქტიურების მიზეზიც ესაა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ იმ საკითხზე, რაზეც ჩვენი ორგანიზაცია დაობს, შემოწმება არ ჩატარებულა. თუმცა, სხვა, საგადასახადო ურთიერთობებთან დაკავშირებით შემოწმება ჩატარდა და მათ გადასახდელად გარკვეული თანხები დაარიცხეს. ამის შემდეგ, გავაქტიურდი. იმედი მაქვს, ეს მთავრობა ყველაფერს მოაგვარებს.

-რაც შეეხება, ფასების არასწორად დაწესებას, ამის შესახებ თუ მიმართეთ ვინმეს?

-დიახ, როგორც მოგახსენეთ, ელექტროენერგიის ფასები არასწორად დააწესეს. ჩემი გაანგარიშებით, ფასები, რომელიც ელექტროენერგიაზე 2006 წლის 1 ივნისს დამტკიცდა, დაახლოებით, 3-4 თეთრითაა გაზრდილი. ამის შესახებ, 2007 წელს გენერალურ პროკურატურას და „სემეკს“ წერილი მივწერე, თან ჩემი გაანგარიშებაც დავურთე. ფასების გაზრდაზე „სემეკში“ განაცხადი გააკეთა „თელასმა“. მაშინვე საჩივარი შევიტანე, ვითხოვდი ეს საკითხი ჩვენთან ერთად განეხილათ, რათა აღნიშნული ფასების დაწესება მართებულად არ მიმაჩნდა. არაკანონიერებაზე მეტყველებს შემდეგი ფაქტი: „თელასის“ წერილი „სემეკში“ 2006 წლის 1 აპრილს შევიდა და იმავე დღესვე თავმჯდომარესთან მოხვდა, იქედან, შემსრულებელთან. (პრაქტიკაში, ასეთი რამ არ ხდება).

„სემეკის“ გაანგარიშებას კანონით, თანდართული უნდა ჰქონდეს აუდიტორული დასკვნა, რაც მას არ ჰქონდა. ფასების მომატების მიზეზად, განხორციელებული ინვესტიციების ამოღება დასახელდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ინვესტიციის განხორციელების სამი გზა არსებობს: ერთი - ინვესტორმა თანხა ჩამორიცხოს, ანუ ჩვენთან დააბანდოს, მეორე, მანქანა-დანადგარები, მოწყობილობა შემოიტანოს და ინვესტიცია ასე განახორციელოს და მესამე, ორგანიზაციამ, შეიძლება თავისი სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიღებული მოგებიდან ნაწილი ინვესტიციის განსახორციელებლად გამოყოს. ამ სამიდან არცერთი მომხდარა, რის შესახებაც „თელასს“ მივწერე, რაზედაც არავიტარი რეაგირება არ მომხდარა.

-თუ ინვესტიციის განხორციელების სამი გზიდან, არცერთი გამოუყენებიათ, აბა, რა მოხდა რეალურად?

-არაფერიც არ მოხდა, ფასი სპეციალურად გაზარდეს, რათა მოსახლეობისთვის გადასახადები გაეზარდათ. მერე, „თელასის“ დამტკიცებული ფასები „ენერგო-პრო ჯორჯიაზე“ გაავრცელეს და მთელ რესპუბლიკაში გავრცელდა. ეს არის უკანონობა, ყველას მივმართე, „სემეკთან“ დავა მქონდა, მაგრამ უშედეგოდ, არაფერი გამომივიდა. ახალი მთავრობის მოსვლისთანავე პროკურორ კბილაშვილს მივმართე და ვთხოვე საქმე განეხილა, დღემდე არავითარი პასუხი არაა. დამნაშავეს პასუხი ხომ უნდა მოეთხოვოს?

-მთავარ დამნაშავედ ვინ მიგაჩნიათ?

-ვინც ეს ფასი არასწორად დაამტკიცა. მე, შეიძლება, თქვენთან თხოვნა წარმოვადგინო, რომ 1000 ლარი მომცეთ, მაგრამ ხომ შეგიძლიათ მითხრათ, მაგდენი არ გეკუთნისო და 700 ლარი მომცეთ. მთხოვნელი ყოველთვის მეტს თხოულობს, მაგრამ უნდა დაუსაბუთო, რომ მისი მოთხოვნა არასწორია. წეღანაც ვთქვი - არც აუდიტორული დასკვნა იყო, არც ინვესტიციები განხორციელებულა, რევოლუციური არაფერი მომხდარა, საგადასახადო კოდექსშიც არაფერი შეცვლილა. ამიტომ, ფასები უნდა შეემცირებინათ. დამტკიცდა საფეხურებრივი ტარიფები 14, 16 და 18 თეთრი იმის მიხედით თუ რამდენ კილოვატ ელექტროენერგიას მოიხმარდა მომხმარებელი. საშუალო, 16 თეთრი გამოვიდა, სინამდვილეში კი, 10-11 თეთრი უნდა იყოს. არსებობს ეჭვი, რომ მთავრობამ გაზრდილი ფასები წინასწარ არასწორად დაამტკიცა, მერე ჩალის ფასად გაყიდა უზარმაზარი სახელმწიფო ქონება და ზარალი მოგვაყენა. სამწუხაროდ, ამ საკითხს, არც ახალი მთავრობა აქცევს ყურადღებას, ხალხის მდგომარეობა არავის აწუხებს. „სემეკში“ ისევ ძველი კადრებია ჩაბუდებული და სასიკეთოს არაფერს აკეთებენ.

ამ თემას არ ეხება, მაგრამ აქვე, ერთ საკითხზეც მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. გაზის ღირებულების გადახდისას, ბანკში, საკომისიოს სახით, 40 თეთრს ხომ იხდით? რატომ უნდა ვიხდიდეთ საკომისიოს? ეს თანხა, რეალურად, „თბილგაზმა“ უნდა გადაიხადოს მათი ბანკთან შეთანხმების საფუძველზე. ჩვენ რა შუაში ვართ? ასეთი ანდაზა არსებობს: ყვავს ბახალა მოუკვდა და ბუს მიუტანა, იტირე, შენ დიდი თავი გაქვსო. ამის თაობაზე „სემეკს“ სამჯერ მივწერე ნუ ახდევინებენ ხალხს ამ თანხას, გააუქმებინეთ „თბილგაზს“ აღნიშნული ოპერაცია-მეთქი, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს. შესაბამისმა ორგანოებმა „სემეკის“ ხელმძღვანელობა უნდა დაიბაროს, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით, მთავრობის წარდგინებითაა დანიშნული და აუწიონ ყურები. თუ საამისოდ დოკუმენტები სჭირდებათ, მასალების მეტი რა მაქვს, პირადად მივაწვდი.

ბოლოს, მინდა ისევ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თემით დავასრულო, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. მათ 73 მილიონი კი არა, არამედ 1 მილიარდი დოლარი, თანაც, საკუთარი ფული უნდა გადაიხადონ. რაში გვჭირდება ინვესტორი? - თანხა და მატერიალური ტექნიკური რესურსები რომ შემოიტანოს ხომ? იგი, როგორც ინვესტორი ისე შემოვიდა და არაფერი გაუკეთებია. თუ არაფერი გააკეთე, რა მოგებას თხოულობ? სადღაც გამოქვეყნდა, „ენერგო-პრო ჯორჯია“ წარმატებული კომპანიააო. დიახ, წარმატებულია ჩვენს ხარჯზე, საკუთარი კაპიკიც არ დაუხარჯიათ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მივწერე რა ინვესტიციები განახორციელეთ-მეთქი, მიპასუხეს, ეს კომერციული საიდუმლოებააო. რა არის კომერციული საიდუმლოება - ჩემი ფულის ხარჯვა? „სემეკი“ და „ენერგო-პროჯორჯია“ ერთი „ჩაშკა-ლოჟკაა“, რომლებიც ჩვენს ხარჯზე ამდიდრებენ მავანს.

p.s. საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“, მზადყოფნას გამოთქვამს, მათი სურვილის შემთხვევაში, დააფიქსიროს როგორც „ენერგო პრო ჯორჯია“-ს, ასევე სემეკის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

თათული ლორთქიფანიძე

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა