ყირგიზული გამოცემა «Вечерный Бишкек»-ი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან
საქართველოში რიჩარდ მაილსთან ინტერვიუს აქვეყნებს. მასალის მიმოხილვას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:
ერთი თვის წინ ყირგიზეთში აშშ-ის დროებით რწმუნებულად რიჩარდ მაილსის დანიშვნამ ადგილობრივ მასმედიაში ფართო გამოხმაურება გამოიწვია, გამოითქვა მოსაზრებები, რომ ბიშკეკში ამერიკელი დიპლომატის მოსვლით მორიგი „ფერადი რევოლუცია“ მზადდებაო.
გაზეთ „ვეჩერნიი ბიშკეკის“ მთავარი რედაქტორი გენადი კუზმინი და პოლიტიკის განყოფილების შეფ-რედაქტორი ნარინ აირიპი, რიჩარდ მაილსს შეხვდნენ და შექმნილი სიტუაციის შესახებ ესაუბრნენ. ამერიკელმა დიპლომატმა გაიხსენა საქართველოში თავისი დიპლომატიური სამსახურიც და საკმაოდ საინტერესო ამბები მოჰყვა.
- როგორ აღიქვით ყირგიზეთის პრესაში გამოქვეყნებული კომენტარები ბიშკეკში თქვენი ჩამოსვლის თაობაზე? რეაქცია საკმაოდ აგრესიული იყო, ზოგიერთი გამოცემა იმასაც კი წერდა, რომ თქვენი მოსვლა კუნძულ ელბადან ნაპოლეონის დაბრუნებას ჰგავდა: „უზურპატორი მარსელში მოვიდა... ბონაპარტი ლიონს უახლოვდება...“ და ასე შემდეგ. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ასეთი რეაგირება?
- ეს ყველაფერი სისულელეა... ნუ გავაზვიადებთ...
- მაშინ გვითხარით, რატომ ჩამოყალიბდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში თქვენდამი ასეთი დამოკიდებულება?
- იმ ადგილებში, რომელსაც მე მომაწერენ, საერთოდ არ ვარ ნამყოფი და იმ მოვლენებში, რომლებსაც ბრალად მიყენებენ, საერთოდ არ მიმიღია მონაწილეობა. ავიღოთ უკრაინა. ცხადია, მე უკრაინაში ელჩად ვიყავი, მაგრამ არა იმ პერიოდში, როდესაც იქ „ნარინჯისფერი რევოლუცია“ მოხდა. მე საერთოდ არ გავრეულვარ იმდროინდელ პროცესებში. როცა სერბეთში სლობოდან მილოშევიჩი დაამხეს, მე მაშინ მეზობელ ბულგარეთში ვმუშაობდი ელჩად... სერბეთში კი 1996-1999 წლებში ვმსახურობდი (ანუ 2000 წლის 24 სექტემბერს ჩატარებულ პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომლის შემდეგ რევოლუცია დაიწყო).
მაგრამ მე ვიყავი საქართველოში იმ დროს, როცა იქ „ვარდების რევოლუცია“ მოხდა. ამაზე საკმაოდ ბევრი დაიწერა როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენაზეც. რის გაკეთებას ვცდილობდით იმ დღეებში? ჩვენ გვსურდა, რომ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს დემოკრატიული არჩევნები ჩაეტარებინა. ეს მოხდა 2003 წელს.
ედუარდ შევარდნაძესთან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ძალიან ბევრი ფული დავხარჯეთ, რომ საქართველოში არჩევნების პატიოსნად ჩატარების მიზნით ტრენინგები ჩაგვეტარებინა, საარჩევნო სისტემა გაგვეუმჯობესებინა და ა.შ.
თბილისში ვაშინგტონიდან სპეციალურად ჩამოვიდა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა. საუბრის დროს განიხილეს არჩევნების თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარების საკითხები. სხვათა შორის, ისინი კარგი მეგობრები იყვნენ. შევარდნაძეც აცნობიერებდა სიტუაციას, მან თვითონ უთხრა ბეიკერს, რომ თბილის-ვაშინგტონის ურთიერთობა ბევრად იქნებოდა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩატარდებოდა საპარლამენტო არჩევნები. ისინი ერთმანეთს კარგად უგებდნენ. ამის მიუხედავად, არჩევნების შედეგები გაყალბდა, რაღაც მანიპულაციები განხორციელდა ხმების დათვლის დროს. დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებმა - მიხეილ სააკაშვილმა (იმ დროს იგი პოლიტიკური ბლოკის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი იყო), პარლამენტის იმდროინდელმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ და ზურაბ ჟვანიამ (პარლამენტის ექს-თავმჯდომარემ და ბლოკ „გაერთიანებული დემოკრატების“ ხელმძღვანელმა) საპროტესტო აქციები დაიწყეს.
ჩვენ ედუარდ შევარდნაძეს ალტერნატიული გადაწყვეტილება შევთავაზეთ: ან გამოეცხადებინა არჩევნები არშემდგარად და მოგვიანებით ხელახლა ჩაეტარებინა, ანდა გაეუქმებინა არჩევნები იმ ოლქებში, სადაც დარღვევები აშკარა იყო. ედუარდ შევარდნაძემ რატომღაც გადაწყვიტა, რომ მას შეეძლო ეს რიფები გადაეცურა. ამ დროს მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა... და ამ მოწოდებას ამომრჩევლებმა და დემონსტრანტებმა მხარი დაუჭირეს.
ამერიკულ მხარეს მსგავსი არაფერი არ შეუთავაზებია. შევარდნაძის გადადგომის იდეა არ ჰქონია არც ნინო ბურჯანაძეს და არც ზურაბ ჟვანიას, ეს სუფთა მიხეილ სააკაშვილის გამოგონება იყო. ამ იდეამ მომიტინგეთა გონება დაიპყრო, დემონსტრაცია თანდათან ფართოვდებოდა. რა უნდა გამეკეთებინა ამ სიტუაციაში? მე ხან ერთ პოლიტიკოსს ვხვდებოდი, ხან მეორეს - როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ოპოზიციიდან და ყველას ვარწმუნებდი, რომ ცვლილებები ძალისმიერი მეთოდებით არ უნდა მომხდარიყო.
იგივე პრინციპის ერთგულნი დავრჩით მაშინაც, როცა თბილისში რუსეთის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა (იგორ ივანოვმა - რედ.) მოილაპარაკა აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელთან. მხარეთა შესახვედრად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის ოფისი შეირჩა. სხვათა შორის, პატრიარქმა პოზიტიური პოლიტიკური როლი შეასრულა „ვარდების რევოლუციის“ დროს.
უფრო მეტიც - ბატონმა კოლინ პაუელმა ისიც კი თქვა, რომ თუ საჭირო იქნება, ამერიკის საელჩოთიც შეიძლება ისარგებლოთო, მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ მოულოდნელად გადადგომა თვითონ გამოაცხადა. მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ ჩვენ მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ახალი მთავრობის მხარდაჭერა. აი, ასეთია „ვარდების რევოლუციის“ ისტორია, რომლის ავტორი თავიდან ბოლომდე მხოლოდ ქართველი ხალხი იყო.
- 2012 წლის დეკემბერში ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ინტეგრაციის საფარქვეშ რუსეთი საბჭოთა კავშირის აღდგენას ცდილობსო, ამიტომაც ვაშინგტონი შეეცდება კრემლის მიზნების წინააღმდეგ ეფექტური მეთოდები შეიმუშაოს, ამ პროცესის წინააღმდეგ ან მის დასამუხრუჭებლად...
- მე მომწონს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ჩემი მეუღლე მას ხშირად ხვდებოდა, როცა იგი პირველი ლედი იყო - პროგრამებს უმზადებდა მოსკოვში ვიზიტების დროს... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ჰილარის ყოველთვის ვეთანხმები. არ ვფიქრობ, რომ ბატონი ვლადიმირ პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენას ესწრაფვის. უბრალოდ, იგი ცდილობს, რომ გააუმჯობესოს და განამტკიცოს რუსეთის კავშირები მის ირგვლივ მდებარე სახელმწიფოებთან. ჩემი აზრით, მას საქართველოსთან მიმართებაშიც არ ჰქონდა საბჭოთა კავშირის აღორძინების განზრახვა, [რაც მოხდა], ეს მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხი იყო. არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოს რომელიმე სახელმწიფოს, ვთქვათ, ყაზახეთის სუვერენიტეტის შელახვა სურს.
ყოველ სახელმწიფოს, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობა აქვს, კარგად უნდა ესმოდეს, რაში გამოიხატება ამ უდიდესი ქვეყნის ინტერესები. მე, მაგალითად, როცა საქართველოში ვმუშაობდი, არცერთხელ არ ამიხსნია ეს ედუარდ შევარდნაძისათვის. აი, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მას ხშირად ვეუბნებოდი, ვუხსნიდი, ვურჩევდი, მაგრამ მაინც ვერ გაიგო. ჩემთვის მისი მოტივაცია დღემდე უცნობია.